† ნეტარი ავგუსტინე

აღსარებანი

წიგნი I წიგნი II წიგნი III წიგნი IV წიგნი V წიგნი VI წიგნი VII
წიგნი VIII წიგნი IX წიგნი X წიგნი XI წიგნი XII წიგნი XIII  

 

წიგნი მეშვიდე

I

1. უკვე მიიცვალა ჩემი სიჭაბუკე [1], ცოდვილი და უკეთური: მოწიფულობის ასაკს ვუახლოვდებოდი. რაც უფრო მემატებოდა წლები, მით უფრო ფუჭი ხდებოდ ჩემი ოცნებები. მე არ შემეძლო წარმომედგინა სხვა არსი, გარდა იმისა, რომლის ჭვრეტასაც ჩვეულნი იყვნენ, აი, ეს ჩემი თვალები. ვერასდიდებით ვერ ვახერხებდი ადამიანის სახით წარმომედგინე, უფალო ჩემო: მას აქეთ, რაც სიბრძნის ხმას ვათხოვე ყური, ყოველთვის თავს ვარიდებდი ამნაირ წარმოდგენებს, და სიხარულით ცას ვეწიე, როცა იგივე რწმენა ვპოვე ჩვენი სულიერი დედის - შენი კათოლიკე ეკლესიის წიაღში. თუმცა აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა სხვა სახითაც წარმომედგინე. მე - კაცი, და მერე რა კაცი, ვცდილობდი წარმოსახვით მოგწვდომოდი უზენაესს, ერთადერთსა და ჭეშმარიტ ღმერთს! [2] მთელი ჩემი არსებით მწამდა, რომ უხრწნელი ხარ, ურღვევი და მარად უცვლელი. არ ვიცი, როგორ და რისი წყალობით, მაგრამ მკაფიოდ ვხედავდი და დაბეჯითებით ვიცოდი, რომ ხრწნადი უხრწნელზე უდარესია, რღვევადი - ურღვევზე, ხოლო ცვლადი - უცვლელზე უმდაბლესი.

ჩემი გული გაშმაგებით ეწინააღმდეგებოდა ყველა ჩემს გამონაგონს. მე ვცდილობდი ერთი დარტყმით მომეცილებინა თავიდან ფუჭი ფანტასმების ეს უწმინდური ხროვა, გამუდმებით რომ რიალებდა ჩემი გონების თვალწინ; მაგრამ საკმარისი იყო წამით გამეფანტა, რომ თვალის დახამხამებაში [3] ხელახლა იყრიდა თავს, მტვრის ბუქივით კვლავ ჩემს ირგვლივ იწყებდა ტრიალს და მზის შუქს მიბნელებდა; ასე რომ, იძულებული ვიყავი, ადამიანის სახით თუ არა, ერთგვარ სხეულებრივ არსად მაინც წარმომედგინე, რომელიც სამყაროშია გათქვეფილი, ან უსასრულოდ განიფინება სამყაროს მიღმა. და მაინც, ჩემი წარმოდგენით, ეს იყო რაღაც უხრწნელი, ურღვევი, მარად უცვლელი და, მაშასადამე, ყოველივე იმაზე უზენაესიც, რაც ხრწნილებას, რღვევასა და ცვალებადობას ექვემდებარება. მაგრამ ის, რაც არანაირ სივრცეში არ თავსდებოდა, არარაობად, სრულ არარაობად მესახებოდა, და არა, ვთქვათ, სიცარიელედ, გადაადგილებული სხეულის ნაცვლად რომ რჩება სივრცეში, - ყოველგვარი სხეულისაგან თავისუფალ სიცარიელედ, მიწის, წყლის, ჰაერისა თუ ცის გარეშე. რა არის ეს, თუ არა პირწმინდად ცარიელი ადგილი, ერთგვარი ვრცეული არარაობა? [4]

2. ისე გამქისდა ჩემი გული, თვითონაც ვერ ვამჩნევდი საკუთარ თავს, და სრულ არარაობად მიმაჩნდა ყველაფერი, რაც სივრცის ამა თუ იმ მონაკვეთზე არ იყო განფენილი, გადაჭიმული, შეგრაგნილი თუ გაწელილი [6], და რასაც არ შეეძლო ესა თუ ის ფორმა მიეღო, ან მისი მიღების საშუალება არ ჰქონდა. რანაირ ფორმათა შორისაც მჩვეოდა თვალის ცეცება, იმნაირ ხატებათა შორის დაბორიალობდა ჩემი გულიც; ვერ ვხედავდი, რომ სულის ის უნარი, რომლის მეშვეობითაც ვქმნიდი თვით ამ ხატებებს, მათივე მსგავსი როდი იყო: ის ვერ შესძლებდა შეექმნა ისინი, რაღაც დიადი რომ არ ყოფილიყო [7].

და თვით შენც, ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო, მე წარმომედგინე უდიადეს არსად, კიდით-კიდემდე რომ განწონის სამყაროს უსასრულო სივრცეს და მის მიღმაც განიფინება, უსაზღვროდ და უკიდეგანოდ: შენა ხარ დედამიწაზე, შენა ხარ ცაში, შენა ხარ ყველგან, შენა ხარ ყველაფრის ზღვარი, შენთვის კი სრულად უცხოა ყოველგვარი ზღვარიც და დასასრულიც. როგორც ჰაერის სისქე, გარს რომ აკრავს მთელ დედამიწას, ხელს ვერ უშლის მზის შუქს, დაუბრკოლებლივ მოაღწიოს ჩვენამდე, ისე, რომ არსად გაფლითოს და გახიოს ჰაერი; შუქს, რომელიც მთლიანად ავსებს და განწონის მას, - მე მეგონა, შენც ასევე დაუბრკოლებლივ განწონიდი არა მარტო ცას, ჰაერს თუ ზღვას, არამედ დედამიწასაც, ისევე, როგორც სამყაროს ყველა ნაწილს, დიდსა თუ მცირეს, რომლებიც ცდილობდნენ მოეხელთებინათ შენი არსება, რათა, ამრიგად, შეგრწყმოდნენ და შეგნივთებოდნენ; ხოლო შენ, როგორც შიგნით, ისე გარეთაც, შენი იდუმალი სუნთქვით მართავდი და წარმართავდი შენსავ ქმნილებებს. ასე მეგონა, რადგან სხვა რამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო; მაგრამ ეს იყო შეცდომა, ვინაიდან მაშინ დედამიწის უდიდესი ნაწილი შენს უდიდეს ნაწილს მიირქმევდა, უმცირესი კი - უმცირესს; შენ იქნებოდი ყოვლის აღმვსები, მაგრამ სპილოში მეტი იქნებოდი, ვიდრე ბეღურაში, იმდენად მეტი, რამდენადაც სპილო აღემატება ბეღურას და უფრო დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე ამ პატარა ჩიტს. ამრიგად, სამყაროს სხვადასხვა ნაწილს შენ ნაკუწ-ნაკუწ უწილადებდი საკუთარ თავს: უფრო დიდს შენი არსების უმეტეს ნაწილს არგუნებდი, უფრო მცირეს კი - უკნინესს. არა, სინამდვილეში ასე როდია საქმე, მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ გაგენათებინა ჩემი წყვდიადი.

_________________________________

[1] - „ყოველივე ცვალებადში სიკვდილი სხვა არა არის რა, თუ არა ცვლილება, რადგანაც მასში სპობს იმას, რაც იყო“ („მანიქეველთა წინააღმდეგ“, 2, 12, 2).

[2] - შდრ. იოანე XVIII, 3.

[3] - შდრ. I კორ. XV, 52.

[4] - მანიქეველთა მატერიალისტური წარმოდგენებისაგან განთავისუფლებლი ავგუსტინე ჯერ კიდევ განიცდის მათ ერთგვარ გავლენას: მას ვერ წარმოუდგენია ღმერთი, როგორც პირწმინდად სულიერი რეალობა: „სულიერებას“ ის ერთგვარ „მათემატიკურ“, ანუ იმნაირ სივრცესთან აიგივებს, რაც მისი ამვსები სხეულებისაგან დამოუკიდებლად მოიაზრება.

[5] - შდრ. მათე XIII, 15; მოციქ. საქმენი XXVIII, 27.

[6] - შდრ. აქვე, შენ. 4.

[7] - იგულისხმება ის სპირიტუალური ენერგია, რომელიც ტრანსცენდენტურია ყველა სახისა თუ ხატების მიმართ.

[8] - შდრ. ფსალმ. 17, 29.

 

II

3. ჩემთვის სავსებით საკმარისი იყო, უფალო, ამ ცთუნებულ მაცთურთა, ამ მუნჯ ებედთა [9] საპირისპიროდ, - რადგანაც მათი პირით როდი ღაღადებდა შენი სიტყვა, - დიახ, ჩემთვის სავსებით საკმარისი იყო ის კითხვა, რომელსაც დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ კართაგენში გვთავაზობდა ნებრიდიუსი და რომელმაც ასე გაგვაოგნა მისი მსმენელნი: არ ვიცი, რას დაგაკლებდნენ, უფალო, ბნელეთის ეს მოციქულნი, რომელთაც, ჩვეულებრივ, გიპირისპირებდნენ მანიქეველები, როგორც მტრულ ძალას, თუკი არ ისურვებდი შებმოდი მათ? თუ გვიპასუხებდნენ, რომ ამ ძალას შეიძლებოდა რაიმე ევნო შენთვის, მაშინ უნდა გვეღიარებინა, რომ არც უძლეველი ხარ და არც უხრწნელი. ხოლო თუ პასუხად გვეტყოდნენ, რომ ის ვერაფერს გავნებდა, მაშინ რაღა აზრი ექნებოდა მასთან ბრძოლას, ესე იგი, იმნაირ ბრძოლას, სადაც შენი ერთი ნაწილი, შენივე არსის ნაშიერი [10], შეიძლებოდა მტრულ ძალას, ანუ იმ ბუნებას შერეოდა, რომელიც შენ არ შეგიქმნია, და იმდენად შერყვნილ-შებღალულიყო, რომ ნეტარების ნაცვლად ტანჯვა ხვდომოდა წილად, ასე რომ, შემწეობა დასჭირდებოდა განწმენდისა და განთავისუფლების მოსურნეს [11]. სწორედ ეს ნაწილია სული, რომელსაც მწედ ევლინება შენი სიტყვა: მონას - თავისუფალი, შერყვნილს - უხრწნელი, ბიწიერს - წმიდა, თუმცა ხრწნილება, ამ შემთხვევაში, არც მისთვის იქნებოდა უცხო, რაკიღა იმავე საწყისისგან იღებს დასაბამს [12]. ამრიგად, თუ იტყოდნენ, რომ ის, რაცა ხარ, ანუ თვით შენი არსი, უხრწნელია, მთელი მათი მტკიცება მცდარი და ამაზრზენი იქნებოდა, ხოლო თუ იმავე არსს ხრწნილებას მიაწერდნენ, ეს იქნებოდა სიყალბე, რომლისთვისაც იმთავითვე ზიზღით უნდა გვექცია ზურგი.

მარტოოდენ ეს საბუთიც იკმარებდა ამ უკეთურთა უკუსაგდებად, რათა მათი კირთებისაგან დაგვეხსნა გული; რადგან ასე რომ მსჯელობენ და ფიქრობენ შენზე, ისინი თავს ვერ დააღწევენ ამ შინაგან წინააღმდეგობას საზარელი მკრეხელობის გარეშე: ესაა ღვთის გმობა ენისა თუ გულის მიერ.

_________________________________

[9] - იგულისხმებიან მანიქეველები... შდრ. II ტიმ. III, 13.

[10] - ე.ი. სინათლის ის ნაწილაკები, რომლებსაც სინათლისა და სიბნელის ურთერთჭიდილში, მანიქეველთა მოძღვრების თანახმად, მიიტაცებს ხოლმე ბნელეთი (იხ. მესამე წიგნის შენ. 25).

[11] - ეს კი ღვთაებრივი არსის ყოვლისშემძლეობისა და უხრწნელების უარყოფას ნიშნავს. ნებრიდიუსის ზემოხსენებული არგუმენტით ისარგებლა ნეტარმა ავგუსტინემ მანიქეველთა ერთ-ერთ „რჩეულთან“ - ვინმე ფელიქსთან პაექრობისას. როცა დარწმუნდა, რომ მანიქეველთა მოძღვრებიდან ლოგიკური აუცილებლობის გზით გამომდინარეობდა დასკვნა, რომლის თანახმადაც ღმერთს შეიძლება ავნოს ან ზიანი მიაყენოს რამემ, ფელიქსი საბოლოოდ გაემიჯნა მანიქეიზმს („აქტები ფელიქსის წინააღმდეგ“, 2,32).

[12] - მანიქეველთა ქრისტოლოგია ბუნდოვანია და შინაგანი წინააღმდეგობებით სავსე (შდრ. მესამე წიგნის შენ. 25): ქრისტე ხან ღვთის სიტყვად გვევლინება, რომელიც მოევლინა ადამიანებს, რათა სინათლის საუფლოში დააბრუნოს ისინი, ხან კი - სინათლის ამ ნაწილაკთა პერსონიფიკაციად, რომელთაც ადამიანის სულში აქვთ სავანე.

 

III

4. მე კი, მართალია, ვამტკიცებდი და დაბეჯითებით მწამდა, რომ უმწიკვლო ხარ, წარუვალი და უცვლელი, უფალო ჩვენო [13], ჭეშმარტო ღმერთო ჩვენო, რომელმაც შეჰქმენი არა მარტო ჩვენი სული, არამედ სხეულიც, და არა მარტო ჩვენი სული და სხეული, არამედ ყველა და ყველაფერიც, მაგრამ ჯერ კიდევ არა მქონდა ნათელი და მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა იყო ბოროტების მიზეზი [14]. როგორიც უნდა ყოფილიყო ბოროტების დასაბამი, მე მხოლოდ ერთ რამეს ვხედავდი: ისე უნდა წარმემართა ჩემი ძიება, რომ იძულებული არ გავმხდარიყავი ცვალებადად მეღიარებინა უცვლელი ღმერთი [15]; თორემ იმასვე დავემგვანებოდი, რასაც ვეძებდი. ამრიგად, მე მშვიდად მივყავი ხელი ძიებას, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მანიქეველთა მსჯელობაში სიმართლეს ვერ ჰპოვებდა კაცი. მთელი არსებით ვშორდებოდი მათ, რაკიღა ვხედავდი, რომ ბოროტების მიზეზის ძიებისას თვითონაც ბოროტდებიან და ამიტომაც ფიქრობენ, რომ უმალ შენ დაითმენ ბოროტებას, უფალო, ვიდრე ისინი ჩაიდენენ მას.

5. მე ვცდილობდი გამეგო, რასაც მეუბნებოდნენ ჩვენი თავისუფალი ნების თაობაზე: სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ბოროტებას ჩავდივართ და სამართლიანად ვიტეხთ თავზე უფლის მსჯავრსაო [16]. - მაგრამ ნათლად კი ვერ ვწვდებოდი ამ მიზეზის არსს. მინდოდა უფსკრულიდან ამომეზიდა ჩემი გონება, მაგრამ უფრო ღრმად ვინთქმებოდი შიგ; რაც უფრო მეტს ვწვალობდი, მით უფრო ფუჭი ხდებოდა ჩემი მცდელობა [17].

აი, რა მიზიდავდა შენი ნათლისაკენ: არანაკლებ ღრმად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ნება მაქვს, ვიდრე იმაში, რომ ვცოცხლობ. ასე მაგალითად, როცა რაიმე მსურდა ან არ მსურდა, ვიცოდი, რომ სხვას კი არა, სწორედ მე მსურდა ან არ მსურდა, და ამრიგად, ჩემთვის თანდათან ცხადი ხდებოდა, სად იყო ჩემი ცოდვის მიზეზი. რაც შეეხება ჩემს უნებურ ქცევას, ეს, უმალ, ვნებითი საწყისის გამოვლენად მიმაჩნდა, ვიდრე ქმედითისა, ასე რომ, დანაშაულად კი არა, სასჯელად აღვიქვამდი მას; ხოლო რაკი შემს სამართლიანობაში ეჭვი არ მეპარებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სავსებით სამართლიანად ვიმსახურებდი ამ სასჯელს.

მაგრამ მაშინვე თავს იჩენდა სასტიკი კითხვა: „ვინ შექმნა? ვინ, თუ არა ღმერთმა ჩემმა, რომელიც არა მარტო კეთილია, არამედ თვითონვეა სიკეთე? მაშ, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ცუდი მსურს და არა კარგი? ნუთუ ის, რომ სამართლიანად დამსაჯოს ღმერთმა? ვინ ჩამინერგა, ვინ ჩათესა ჩემში სიმწრის ეს ნერგი [18], თუკი მთელი ჩემი არსება ჩემმა ტკბილმა უფალმა შექმნა? ხოლო თუ ჩემი შემოქმედი ეშმაკია [19], საიდან იღებს დასაბამს თვითონ ეშმაკი? თუ ის ოდესღაც კეთილი ანგელოსი იყო, მაგრამ თავისი გამრუდებული და გაუკუღმართებული ნების წყალობით ეშმაკად იქცა, მაშინ რა ძალამ შვა მასში ეს უკეთური ნება, თუკი ის, სრულმქნილი ანგელოსი, კეთილმა შემოქმედმა შექმნა?“ კვლავინდებურად თავს მეხვეოდნენ და სულს მიხუთავდნენ ეს შავბნელი ფიქრები, მაგრამ ცთომილების იმ უფსკრულში კი არ ვინთქმებოდი, სადაც არავინ გეუბნება აღსარებას, რადგანაც ხალხს ჰგონია, რომ უმალ შენ დაითმენ ბოროტებას, ვიდრე კაცი ჩაიდენს რაიმე ბოროტს.

_________________________________

[13] - „თვით ღმერთზე ნეტარი ავგუსტინე გადმოგვცემს, რომ უფლის უცვლელობის იდეა ყოველთვის თვითცხადიიყო მისთვის. ერთის მხრივ, მას ნათლად ჰქონდა შეგნებული, რომ ღმერთი ის არსებაა, რომელზე უზენაესის წარმოდგენაც შეუძლებელია გონებისათვის, მეორეს მხრივ კი, მისთვის ისიც უეჭველი იყო, რომ უხრწნელი და უცვლელი ხრწნადსა და ცვალებადზე უმაღლესია. ამ იდეების ურთიერთშერწყმამ მას შთაუნერგა ღვთაებრივი სუბსტანციის უცვლელობის ურყევი რწმენა“. - პროფ. ი.ვ.პოპოვი, დასახ. ნაშრ. ნაწ. II, გვ.580-581.

[14] - ნეტარი ავგუსტინე დიდხანს განიცდიდა მანიქეველთა დუალისტური მოძღვრების გავლენას, რომლის თანახმადაც, ბოროტება სუბსტანციური ბუნებისაა, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა ღმერთის, როგორც უზენაესი სიკეთის ცნებას. თუ ღმერთი მართლაც უზენაესი სიკეთეა და, იმავდროულად, ყოვლის შემოქმედიც, ის შეუძლებელია ბოროტების მიზეზი იყოს. ყველაფერი, რაც კი არსებობს, ღმერთის შექმნილია. ღმერთისაგან არ იღებს დასაბამს მხოლოდ ის, რაც არ არსებობს. არარსებული კი, ნეოპლატონისტთა კონცეფციით, რასაც შემდეგ მთლიანად გაიზიარებს ნეტარი ავგუსტინე, მატერიაა (იხ. მესამე წიგნის შენ. 39). მაგრამ ამ „არარსებუს“, ამ „არარას“, რომელსაც სუბსტანციური არსებობა არ გააჩნია, გარკვეული აზრით, თავისებური წილი უდევს გრძნობადი სამყაროს არსებობაში. უფრო გვიან, ელინისტურ ეპოქაში, ბიბლიური ტრადიცია ეჭვშეუვალად გვიდასტურებს, რომ ღმერთმა სწორედ „არარსებულისგან“, „არარასგან“, „არაფრისგან“ შექმნა სამყარო: „გემუდარები, შვილო ჩემო, შეხედე ცასა და მიწას, იხილე ყოველივე ზეციური და მიწიერი, და შეიცან, რომ ყველაფერი არაფრისაგან შექმნა ღმერთმა, და რომ ასევე წარმოიშვა კაცთა მოდგმაც“ (II მაკაბ. VII, 28). შესაძლოა, ტერმინოლოგიური მსგავსების გამო ქრისტიანულმა თეოლოგიურმა აზრმა გარკვეულწილად ერთმანეთთან გააიგივა ნეოპლატონისტთა „არარსებული“ და ბიბლიური „არაფერი“, „არარა“. „ნეტარ ავგუსტინეს - შენიშნავს პროფ. ი.ვ.პოპოვი, - „არარა“ წარმოუდგენია ერთგვარ ურჩ საწყისად, რომელიც მას შემდეგ, რაც შემოქმედებითმა აქტმა გამოიხმო მისთვის ბუნებრივი არარსებობის მდგომარეობიდან, გამუდმებით მიელტვის იმას, რომ კვლავ მისთვის ნიშნეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს“ (დასახ. გამოც. ნაწ. II, გვ.536).

[15] - „მანიქეველთა მოძღვრების თანახმად, დემონური არსებები ძალით მიიტაცებენ ნათელი ღვთაებრივი სუბსტანციის ნაწილს, რომელსაც მატერიაში გამოამწყვდევენ და ათასგვარი ძალადობის საგნად აქცევენ. მაცხოვრის ადამიანური ბუნება კი არა, ღვთაებრივი სუბსტანციის დაქუცმაცებული და ქვებში, მცენარეებსა თუ ცხოველებში დატყვევებული ნაწილაკები, - აი, რა არის ვნებული ქრისტე. ღმერთის ბუნების შეურაცხმყოფელმა და მისი ღირსების შემბღალავმა ამ წარმოდგენად აიძულა ნეტარი ავგუსტინე მკვეთრად დაპირისპირებოდა მანიქეველებს და განსაკუთრებული დაჟინებით წამოეყენებინა ღმერთის უცვლელობის იდეა“. - პროფ. ი.ვ.პოპოვი, დასახ. ნაშრ. ნაწ.II, გვ.580-581.

[16] - ზოგიერთი კომენტატორის აზრით, აქ შეიძლება იგულისხმებოდეს წმ. ამბროსი მედიოლანელის ქადაგებები, რომელთა მიხედვითაც, ბოროტების მიზეზი თავისუფალი ნებაა. უფრო გვიან ნეტარი აგვუსტინე იტყვის: „ბოროტებად იწოდება ისიც, რასაც სჩადის და ისიც, რასაც ითმენს ადამიანი. პირველი ცოდვაა, მეორე კი სასჯელი. ადამიანი სჩადის ბოროტებას, რომელიც სურს, და ითმენს ბოროტებას, რომელიც არ სურს“ („მანიქეველთა წინააღმდეგ“, 26). მაგრამ საკითხავია, რამდენად ეთანხმება ცოდვის ეს დეფინიცია პავლე მოციქულის სიტყვებს: „რადგანაც ვიცით, რომ სჯული სულიერია, ხოლო მე ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული, ვინაიდან არ მესმის რას ჩავდივარ: იმიტომ, რომ იმას კი არ ჩავდივარ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. ხოლო თუ იმას ჩავდივარ, რაც არ მსურს, მაშასადამე, ვეთანხმები სჯულს, როგორც კეთილს. და აწ უკვე მე კი არ ჩავდივარ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. რადგანაც ვიცი, რომ არ მკვიდრობს ჩემში, ესე იგი, ჩემს ხორცში, კეთილი; ვინაიდან არის ჩემში კეთილის ნდომა, მაგრამ არ ვიცი, როგორც აღვასრულო იგი. რადგან კეთილს კი არ ჩავდივარ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ჩავდივარ, რაც არა მსურს, მე კი არ ჩავდივარ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში“ (რომ. VII, 14-20). თუ ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, ბოროტების მიზეზი თავისუფალი ნებაა, პავლეს თანახმად, იმავე ბოროტების მიზეზად პირველი ცოდვა გვევლინება, რომელმაც შებღალა ადამიანის ბუნება და მემკვიდრეობით გადაეცა კაცთა მთელ მოდგმას. თუმცა, ბიბლიის მიხედვით, სწორედ თავისუფალი ნება იყო პირველი ცოდვის მიზეზი. მაგრამ მაშინ იბადება ახალი კითხვა: მხოლოდ ჩვენს ბიბლიურ წინაპრებს ჰქონდათ თავისუფალი ნება, ანუ სიკეთესა და ბოროტებას შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, კაცთა მთელი მოდგმა კი ამ პირველ ცოდვის მარადიული ტყვეა და მისი ქცევაც სწორედ ამ ცოდვითაა დეტერმინირებული?

[17] - ეს ხელმოცარულობა, უწინარეს ყოვლისა, განპირობებული იყო იმით, რომ ნეტარი ავგუსტინეს მსოფლმხედველობაზე კვლავინდებურად გარკვეულ ზემოქმედებას ახდენდა მანიქეველთა მოძღვრება, რომლის თანახმადაც ბოროტება სუბსტანციონალური ბუნებისაა. პრობლემის თავისებურ გადაჭრას გვთავაზობს ნეტარი ავგუსტინეს ორი თხზულება: „თავისუფალი ნებისათვის“, 3,17,47 და „დონიტისტთა წინააღმდეგ“, 12,7-8.

[18] - შდრ. ებრ. XII, 15.

[19] - მანიქეველთა მოძღვრების გამოძახილი, მოძღვრებისა, რომლის თანახმადაც ადამი და ევა სატანის ნაშიერნი არიან (იხ. მესამე წიგნის შენ. 25).

 

IV

6. მე ვცდილობდი, ისევე ჩავწვდომოდი სხვა ჭეშმარიტებათა აზრსაც, როგორც იმას ჩავწვდი, რომ უხრწნელი ხრწნადზე უმჯობესია. ამიტომ, ვინც უნდა ყოფილიყავი, უხრწნელად გსახავდი, უფალო, ვინაიდან ვერცერთი სული ვერასოდეს ვერ შესძლებდა შენზე უკეთესი არსი წარმოედგინა, რადგნააც შენა ხარ უზენაესი და უსრულქმნილესი სიკეთე. რაკიღა სამართლიანობა და სიზუსტე მოითხოვს, უხრწნელი გერჩიოს ხრწნადს, - ხოლო ეს არჩევანი მე უკვე მოვახდინე, - შეიძლებოდა იმედი მაინც მქონოდა, რომ აზრით მივწვდებოდი შენზე უმჯობესს, უხრწნელი რომ არ ყოფილიყავი. დიახ, მე ვხედავდი, რომ უხრწნელი ხრწნადზე უმჯობესია, და ამიტომაც უხრწნელთა შორის უნდა მეძებნე, რათა გამეგო, საიდან იღებს დასაბამს ბოროტება, ანუ სადაა თვითონ ხრწნილების სათავე, რასაც ხელი არა აქვს შენს წმინდა არსთან, რადგანაც ყოველგვარი ხრწნილება უცხოა ჩვენი ღმერთისთვის: ვერავითარი ნებელობა, ვერავითარი აუცილებლობა, ვერავითარი გაუთვალისწინებელი შემთხვევითობა ოდნავადაც ვერ შებღალავს მას, რამდენადაც ის არის ღმერთი: ყველაფერი, რაც თავისი თავისთვის სურს, სიკეთეა, და თვითონვე არის სიკეთე. შეუძლებელია შენდა უნებურად ჩაიდინო რამე, უფალო, რადგანაც შენი ნება უფრო დიდი როდია, ვიდრე შენი ძალმოსილება. ის რომ უფრო დიდი ყოფილიყო, მაშინ შენ თვითონ უნდა ყოფილიყავი შენსავე თავზე უფრო დიდი, მაგრამ ღმერთის ნებაცა და ძალმოსილებაც თვითონ ღმერთია [20]. ან რა უნდა იყოს გაუთვალისწინებელი შენთვის, რომელმაც იცი ყოველი? ნებისმიერი ქმნილება მხოლოდ იმის წყალობით არსებობს, რომ შენ იცი იგი. მაგრამ რა საჭიროა ამდენი მიეთ-მოეთი იმის დასტურად, რომ ღვთაებრივი არსი უხრწნელია? რადგანაც ხრწნადი რომ იყოს, ღმერთიც ხომ აღარ იქნებოდა ღმერთი.

_________________________________

[20] - იხ. მეოთხე წიგნის შენ. 92.

 

V

7. მე ვეძებდი ბოროტების სათავეს, მაგრამ ცუდად ვეძებდი, და ვერ ვხედავდი ბოროტებას თვით ჩემს ძიებაში. ვცდილობდი აზრით წარმომედგინა ყოველივე შექმნილი: ისიც, რაც შეიძლება თვალით ვიხილოთ, - დედამიწა, ზღვა, ჰაერი, ვარსკვლავები, ხეები, მოკვდავი არსებები, და ისიც, რაც უხილავია, - უზენაესი ცამყარი [21], ანგელოსები თუ სულები. ჩემი წარმოსახვა ისე ანაწევრებდა თვით ამ სულიერ არსებებს, რათა თვითოეულისათვის ცალ-ცალკე მიეჩინა ადგილი, თითქოს სხეულებრივი არსნი ყოფილიყვნენ. მთელი შენი ქმნილებიდან მე ერთ უზარმაზარსა და განუყოფელ სამყაროს ვქმნიდი, სადაც ერთმანეთის გვერდით ვათავსებდი ყველა არსებას: როგორც სხეულებრივ, ისე სულიერ არსთაც, რომელნიც ჩემს წარმოსახვაში ხორცს ისხამდნენ და სხეულით მოსილნი ხდებოდნენ. დიახ, მე ის მესახებოდა ერთ უზარმაზარ სამყაროდ, მაგრამ ეს მისი ნამდვილი სიდიადე კი არ იყო, რაზედაც წარმოდგენაც არ მქონდა, არამედ ჩემი თვალით დანახული და ყოველმხრივ შემოსაზღვრული. შენ კი უფალო, არა მარტო გარს ეტყმოდი, კიდევაც განწონიდი მას, თუმცა ყოველი მიმართულებით მაინც უსასრულო რჩებოდი. ასე მაგალითად, ეს რომ მხოლოდ ზღვა ყოფილიყო, ყოველ მხარეს უსასრულოდ გადაჭიმული, შიგ მოტივტივე ერთადერთი, ნებისმიერი, მაგრამ სასრული სიდიდის მქონე ღრუბლის ნაჭრითურთ, ეს უკანასკნელიც ყოველმხრივ განწონილი და გაჟღენთილი იქნებოდა უსასრულო ზღვით [22].

მე მეგონა, შენს სასრულ ქმნილებასაც ასევე ავსებდი შენი უსასრულო არსით, და გულში ვამბობდი: „აჰა, ღმერთი და არა, ისიც, რაც შექმნა ღმერთმა; ღმერთი კეთილია და განუზომლად აღემატება თავის ქმნილებას; კეთილმა კეთილი შექმნა, და, აი, როგორ მოიცავს და კიდევაც ავსებს მას; მაშ, სადღაა ბოროტების სათავე, ან საიდან შემოგვეპარა იგი? სადაა მისი ფესვი და თესლი? ან, იქნებ, სულაც არ არსებობს? კი მაგრამ, მაშინ რატომღა ვუფრთხით, ან რას გავურბივართ არარსებულს? ხოლო თუ უსაფუძვლოდ ვუფრთხით და გვეშინია, მაშინ თვთ ეს შიშია ბოროტება, რაკიღა ამაოდ გვაწამებს და გვიხეთქავს გულს, - მით უფრო დიდი ბოროტება, რომ საშიში არაფერია, ჩვენ კი მაინც შიშითა ვძრწით. მაშასადამე, ან არსებობს ბოროტება, რომელიც შიშის ზარსა გვცემს, ან თვით ეს შიშია ბოროტება.

საიდან იღებს დასაბამს ბოროტება, თუკი ყველაფერი შექმნა კეთილმა ღმერთმა და კეთილია მისი ქმნილება? უფრო დიდმა და უზენაესმა სიკეთემ უფრო მცირე სიკეთე შექმნა, მაგრამ კეთილია შემოქმედიც და შექმნილიც. მაშ, სადაა ბოროტების სათავე? იქნებ ბოროტი იყო მატერია, რომლისგანაც ღმერთმა შეჰქმნა სამყარო? მაგრამ ფორმა რომ მიანიჭა და მოაწესრიგა მატერია, იქნებ რაღაცა დაუტოვა მას, რაც სიკეთედ არ გარდაუქმნია? კი მაგრამ, რატომ? ნუთუ ყოვლისმძლეს არ შეეძლო მთლიანად გარდაექმნა და შეეცვალა იგი, რათა საერთოდ არ დარჩენილიყო რამე ბოროტი? [23] და ბოლოს, რატომ ინება მატერიისაგან შეექმნა სამყარო, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ყოვლისმძლეობის წყალობით მთლიანად მოესპო და არარაობად ექცია იგი? განა მატერიას შეეძლო ღვთის ნების საპირისპიროდ ეარსება? ხოლო თუ მატერია მარადიული იყო, რად დართო ნება, უსასრულო დროის მანძილზე ამ სახით ეარსება და მხოლოდ შემდეგ ინება რაღაცა შეექმნა მისგან [24]. ანდა, თუ ანაზდეულად აღეძრა მოქმედების სურვილი, განა ყოვლისმძლეს არ ერჩია ისე ემოქმედა, რომ მატერია საბოლოოდ გამქრალიყო და მხოლოდ თვითონ დარჩენილიყო, მთლიანი ჭეშმარიტება, უსასრულო და უზენაესი სიკეთე? ხოლო თუ კეთილს უკადრისად მიაჩნდა არსებობა მიენიჭებინა რაღაც უკეთურისათვის, ნუთუ არ შეეძლო სამუდამოდ მოესპო ბოროტი მატერია [25], რათა მის ნაცვლად დაემკვიდრებინა კეთილი, და ამ უკანასკნელისაგან შეექმნა ყველაფერი? რადგანაც ყოვლისმძლე არ იქნებოდა, თუკი მატერიის გარეშე ვერ შექმნიდა რაიმე კეთილს, მატერიისა, როემლიც მას არ შეუქმნია“ [26].

აი, რანაირი აზრები მიმღვრევდნენ გულს, შეძრწუნებულს სიკვდილის შიშითა და იმის შეგნებით, რომ ჭეშმარიტება მიუკვლეველი დამრჩა. და მაინც, ჩემს საბრალო გულში ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს [27] რწმენას, როგორც მას აღიარებს კათოლიკე ეკლესია. მართალია, ჩემს რწმენას ჯერ კიდევ აკლდა დოგმატთა მტკიცე საყრდენი, მაგრამ ის მაინც არ ტოვებდა ჩემს სულს; პირიქით, სულ უფრო და უფრო ურყევად მკვიდრობდა მასში.

_________________________________

[21] - იგულისხმება ჩვენს ხილულ ცაზე უზენაესი „ზეცათა ზეცა“ (იხ. „აღსარებათა“ XII წიგნი).

[22] - პლოტინი ამბობდა, რომ მთელი სამყარო დანთქმულია „სამყაროულ სულში, როგორც ბადე - წყალში, და როგორც ბადეს მთლიანად განწონის წყალი, ისე სამყაროს ყველა ნაწილიც განწონილია სულით“ („ენნ.“ IV,III,9).

[23] - ამ მარადიულ კითხვას რვა საუკუნის შემდეგ თითქმის სიტყვასიტყვით გაიმეორებს ჩვენი უდიდესი ნაციონალური პოეტი: „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“

[24] - დროის პრობლემის შესახებ იხ. „აღსარებანი“, წიგნი მეთერთმეტე, 12-16.

[25] - იხ. მესამე წიგნის შენ. 39.

[26] - იხ. აქვე, შენ. 14.

[27] - II პეტრე, II, 20.

 

VI

8. მე უკვე უკუვაგდე ასტროლოგთა ცრუ წინასწარმეტყველებანი და მკრეხელური ბოდგანი [28]. დაე, ჩემი გულის სიღრმიდან ვაღიარო, უფალო, შენი გულმოწყალება ჩემდამი! ვის შეუძლია გაგვარიდოს ათასგვარ ცთომილებისეულ სიკვდილს, თუ არა მარადიულ სიცოცხლეს, რომელმაც არ იცის, რა არის სიკვდილი; თუ არა სიბრძნეს, თავისი შუქით რომ ანათებს სულებს, რომლებსაც სინათლე სჭირდებათ, თვითონ კი არა სჭირდება არავითარი ნათელი, - და, იმავდროულად, მართავს მთელ სამყაროსაც, თვით იმ ყვითელი ფოთლების ჩათვლით, ხეებზე რომ აშრიალებს შემოდგომის ქარი? შენ, მხოლოდ შენ განმკურნე, უფალო, იმ სიკერპისგან, რომლითაც ვუპირისპირდებოდი ვინდიციანუსს [29], გონებაგამჭრიახ ბერიკაცს, და ნებრიდიუსს [30], დიდსულოვანსა და კეთილშობილ ჭაბუკს. პირველი დაბეჯითებით მიმტკიცებდა, მეორე კი, მართალია, ერთგვარი ყოყმანით, მაგრამ მაინც ხშირად მიმეორებდა, რომ არ არსებობს მომავლის წინასწარმეტყველების ხელოვნება; ხოლო რაც შეეხება ადამიანთ ვარაუდს, ის არცთუ იშვიათად ემთხვევა შემთხვევითობას: რა იციან წინასწარმეყველებმა, რა მოხდება მომავალში, მაგრამ იმდენს კი ლაყბობენ, რომ ზოგი რამ მაინც ახდება... და, აი, შენ მომივლინე მეგობარი, რომელიც გამუდმებით ეთათბირებოდა ასტროლოგებს. მართალია, მათი წიგნებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობით აღძრული, როგორც უკვე მოგახსენეთ, გატაცებით უსმენდა მათ. მამამისისაგან ერთი ამბავი სმენოდა, რომელსაც შეეძლო ძირი გამოეთხარა მთელი ასტროლოგიისათვის, თუმცა თვითონ აზრადაც არ მოსვლია ეს.

ამ კაცს ფირმინიუსი [31] ერქვა; საერო განათლება მიეღო და საფუძვლიანად გაეწაფა თავი მჭევრმეტყველების ხელოვნებაში. ძალიან დამიახლოვდა და ერთ დღეს რჩევა მკითხა რაღაც საქმის გამო, რაზედაც დიდ იმედს ამყარებდა, და თანაც მთხოვა, თუ ღმერთი გწამს, მითხარი, რა აზრისა ხარ „ჩემს თანავარსკვლავედზეო“ [32]. იმხანად მე უკვე ნაწილობრივ მიზიარებდი ნიბრიდიუსის თვალსაზრისს; ამიტომ, მართალია, უარი არ მითქვამს, ჩემი ფრთხილი ვარაუდი გამენდო მისთვის, მაგრამ ისიც დავძინე, რომ მთელი ეს მისნობა თუ მკითხაობა ფუჭად და სასაცილოდ მიმაჩნდა.

მაშინ ფირმინიუსმა მიამბო, რა უჩვეულო ინტერესს იჩენდა მამამისი ასტროლოგიური წიგნების მიმართ. მას ჰყოლია ერთი მეგობარი, რომელსაც თურმე არანაკლებ იზიდავდა ასტროლოგია. ერთნაირი გულმოდგინება და ერთობლივი კვლევა-ძიება კიდევ უფრო ამძაფრებდა მათ ცნობისწადილს. საგულდაგულოდ ინიშნავდნენ დროს, როცა შინაურ ცხოველებს უნდა მოეგოთ, და, იმისდა კვალად, - მნათობთა მდებარეობასაც ცის თაღზე: ასე იძებდნენ გამოცდილებას და თავის იწაფავდნენ თავიანთ ცრუ ხელოვნებაში.

ფირმინიუსს კარგად ახსოვდა მამის ნაამბობი: როდესაც დედაშენი ფეხმძიმედ იყო შენზე, მაშინ ჩემი მეგობრის ერთი მოახლეც დაორსულდაო. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია მის ბატონს, რომელიც ზუსტად ინიშნავდა თვით იმ დროსაც კი, როცა მისი ძაღლები ლეკვებსა ჰყრიდნენ. ორივე მეგობარი ცდილობდა შეუმცდარად გამოეთვალა მშობიარობის დღე, საათი და წუთი: ერთი მეუღლის მოლოგინებას ელოდა, მეორე - მოახლისას. ორივენი იძულებულნი იყვნენ ორი, ზედმიწევნით ერთმანეთის მსგავსი, ჰოროსკოპი შეედგინათ, რომელთაგანაც ერთი მემკვიდრისა იყო, ხოლო მეორე - მონისა. მშობიარობა რომ დაიწყო, მეგობრებმა ერთმანეთს შეატყობინეს ეს ამბავი; ორივეს მზად ჰყავდა მსახურები, რათა ერთმანეთთან ეფრინათ და, ამრიგად, დროზე გაეგოთ, როდის დაიბადნენ ბავშვები. რაკი თავ-თავიანთი სახლეულის ნამდვილი ბატონ-პატრონნი და ბრძანებელნი იყვნენ, არცერთს არ გასჭირვებია, დროულად ეცნობებინა მეორისათვის მშობიარობის ამბავი. და, აი, მათი შიკრიკები შუა გზაზე შეხვდნენ ერთმანეთს, ზუსტად იმ ადგილას, რომელიც თანაბარი მანძილით იყო დაშორებული როგორც ერთი, ისე მეორე სახლიდან. მეგობრებმა ყველაფერი ზუსტად გამოთვალეს და დარწმუნდნენ, რომ დაბადების დროცა და მნათობთა მდებარეობაც ცის თაღზე ზედმიწევნით ერთხვეოდა ერთმანეთს [33]. მიუხედავად ამისა, ფირმინიუსი, წარჩინებული მშობლების შვილი, წარმატებით მიიწევდა წინ ამქვეყნიური ცხოვრების ფართო სარბიელზე: ერთდროულად იზრდებოდა მისი სიმდიდრეც და გავლენაც; მონას კი კვლავ მონობის უღელი ედგა ქედზე და მისი სიმძიმით წელში მოკაკვული ემსახურებოდა თავის ბატონებს, როგორც მიამბობდა ფირმინიუსი, რომელიც კარგად იცნობდა მას.

9. ეს სარწმუნო ამბავი რომ მოვისმინე, - ფირმინუსი სავსებით იმსახურებდა ნდობას, - მთელ ჩემს სიკერპეს საფუძველი გამოეცალა, ამიტომაც გადავწყვიტე, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ფირმინუსი განმეკურნა მისი ფუჭი ცნობისმოყვარეობისაგან. ვუთხარი, ჩემი დაკვირვება „შენს თანავარსკვლავედზე“ სწორი იქნებოდა, თუკი თვალნათლივ დავინახავდი შენს მშობლებს, ესოდენ საპატიო ადგილი რომ ეჭირათ თანამოქალაქეთა შორის, დიდებულ ოჯახს, შენს კეთილშობილურ წარმომავლობას და საუცხოო აღზრდა-განათლებას-მეთქი. მაგრამ მის თანამოასაკე მონას რომ ეთხოვა, ჩემი თანავარსკვლავედის მიხედვით მიმკითხავეო, - ხოლო ის და ფირმინუსი ერთ ვარსკვლავზე იყვნენ დაბადებულნი, - მაშინ, ჩემი დაკვირვება ამ შემთხვევაშიც სწორი რომ ყოფილიყო, იქვე უნდა დამენახა გაჭირვებული და გასაცოდავებული ოჯახი, მონური ყოფა და, საერთოდ, ყოვლად უბადრუკი ცხოვრება, ძირფესვიანად განსხვავებული ფირმინუსის ცხოვრებისაგან. ასე რომ, ერთი და იმავე დაკვირვებიდან, თუკი გულწრფელი ვიქნებოდი, ორი ურთიერთსაპირისპირო დასკვნა უნდა გამომეტანა, რადგან თუ ორივე დასკვნა ერთნაირი იქნებოდა, უთუოდ უნდა მეცრუა. აქედან გარდუვალად გამომდინარეობს შემდეგი: როდესაც ვარკვლავებზე დაკვირვების მეშვეობით შეუმცდარად წინასწარმეტყველებენ მერმისს, ამას ვარსკვლავთმრიცხველობის მეცნიერული მეთოდი კი არ განაპირობებს, არამედ შემთხვევითობა, ხოლო როდესაც  წინასწარმეტყველება არ მართლდება, ეს მეთოდის მცდარობის შედეგი კი არ არის, არამედ შემთხვევითობის გონებამიუწვდომელი თვითნებობისა.

10. ამ ამბავმა საბოლოოდ ამიხილა თვალი და გამიხსნა გზა; ერთავად იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ დავსხმოდი თავს, მიწასთან გამესწორებინა და ქვეყნის სასაცილოდ მექცია ეს დამთხვეულნი, სიყალბითა და სიცრუით რომ შოულობდნენ ლუკმა-პურს; მაგრამ, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, ვაითუ ფირმინუსმა სიმართლე არ მითხრა, ხოლო მას, თავის მხრივ, მამამისი ეცრუა-მეთქი. ამიტომაც გულმოდგინედ ვაკვირდებოდი ტყუპებს, რომლებიც უმეტესწილად ერთიმეორის მიყოლებით იბადებიან, და მათ დაბადებათა შორის დროის ისეთი მოკლე შუალედი ძევს, რომ ასტროლოგია დაჟინებული მცდელობის მიუხედავად, გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭონ ამ ერთ უბადრუკ წამს, ჩვენ მის აღქმასაც ვერ ვასწრებთ, არამცთუ ჩაწერას და ჩანიშვნას, რის გარეშეც ვერცერთი ასტროლოგი ვერ შესძლებს ზუსტად იწინასწარმეტყველოს მერმისი [34]. მაგრამ ეს სიზუსტე პირწმინდად მოჩვენებითია, რადაგნაც, თავისი ჩანაწერის მიხედვით, ნებისმიერ ასტროლოგს ერთნაირი მომავალი უნდა ეწინასწარმეტყველებინა ესავისა და იაკობისთვის [35], თუმცაღა მათი ბედ-იღბალი ასე ძლიერ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაშასადამე, ასტროლოგს უნდა ეცრუა, ხოლო თუ სიმართლეს იტყოდა, მაშინ ერთი და იმავე დაკვირვებიდან ორი სხვადასხვა დასკვნა უნდა გამოეტანა. ამრიგად, სიმართლე მეცნიერულ მეთოდზე კი არ იქნებოდა დამოკიდებული, არამედ შემთხვევითობაზე.

შენ კი, უფალო, შენი უსასრულო სიმართლით რომ მართავ სამყაროს [36], იდუმალების გონებამიუწვდომელი გზით ჩააგონებ ყველას - მრჩეველსაც და რჩევს მთხოვნელსაც - იმნაირ პასუხს, რისი ღირსიცაა მთხოვნელის სულის ფარული ღირსება თუ დამსახურება; პასუხს, რომელიც შენი მართალი მსჯავრის უსასრულო უფსკრულიდან იღებს დასაბამს. დაე, ნუ იტყვის კაცი: „რა არის ეს?“ ან „რატომაა ეს?“ დაე, ნუ იტყვის, რადგანაც ის სხვა არა არის რა, თუ არა კაცი.

_________________________________

[28] - იხ. წიგნი მეოთხე, 3-5.

[29] - იხ. მეოთხე წიგნის შენ. 29.

[30] - იხ. მეექვსე წიგნის შენ. 38.

[31] - ჩვენთვის უცნობი პირი.

[32] - იგულისხმება მისნობა ვარსკვლავების მიხედვით.

[33] - ეს გამოთვლები საჭირო იყო ახალშობილთა ჰოროსკოპების შესადგენად.

[34] - ე.წ. „ტყუპების არგუმენტი“ ასტროლოგიური წინასწარმეტყველების წინააღმდეგ ნეტარ ავგუსტინეზე ექვსი საუკუნით ადრე გამოიყენა ცნობილმა ბერძენმა ფილოსოფოსმა, „ახალი აკადემიის“ სქოლარმა კარნეადემ (214-129 ძვ.წ.ა). - იხ. Словарь Антонический. пер. с немецкого, М., 1989, стр.58.

[35] - იხ. დაბად. XXV, 20-34.

[36] - შდრ. ფსალმ. 35, 7.

 

VII

11. ასე გამათავისუფლე, მწევ და მეოხო ჩემო, ამ ხუნდებისგან, მაგრამ მე კვლავ ვეძებდი, სად იყო ბოროტების სათავე, გამოსავალი კი არ ჩანდა. ნებას არ რთავდა ჩემი აზრების შმაგ დინებას შორს წარვეტაცე ჩემი რწმენისგან, რომლის თანახმადაც შენ არსებობ და შენი არსი უცვლელია. შენ ზრუნავ ჩვენზე და შენი ძის, უფლის ჩვენის - იესო ქრისტესა და საღმრთო წერილის მეშევობით განგვიკითხავ, საღმრთო წერილისა, რომლის ავტორიტეტსაც ურყევად ამკვიდრებს შენი კათოლიკე ეკლესია [37]; შენვე გვიჩვენებ გზას, საუკუნო სიცოცხლისაკენ რომ მიგვიძღვის, რომელიც იწყება სიკვდილის შემდეგ.

ეს ჭეშმარიტება თანდათან იზრდებოდა და ურყევად მკვიდრდებოდა ჩემს სულში, მაგრამ მაინც ვერ ვპოულობდი მოსვნებას და გამუდმებით ვეკითხებოდი ჩემსავე თავს, სადაა ბოროტების სათავე-მეთქი? ღმერთო ჩემო, როგორ იტანჯებოდა ჩემი გული, როგორ გმინავდა! შენ ყურს უგდებდი მის გმინვას, მაგრამ მე არ ვიცოდი ეს. უხმოდ გეძებდი, თავგანწირული ძალისხმევით, მაგრამ ჩემი გულის ძახილი სიმწრის ყვირილად აღწევდა, მოწყალეო, სასმენელს შენსას. შენ იცოდი, რა საშინლად ვიტანჯებოდი, ადამიანებმა კი არ იცოდნენ. ჩემი ენა დუმდა და თვით გულითად მეგობრებსაც კი არ უმჟღავნებდა ჩემს ხვაშიადს. განა მათ ესმოდათ ჩემი სულის ბორგვა და ტანჯვა-წამება, რომლის გადმოსაცემადაც არც დრო მეყოფოდა და ვერც საჭირო სიტყვებს ვპოულობდი? მაგრამ ყველაფერი შენსკენ მოისწრაფოდა; „ვღმუოდი ჩემი გულის გმინვით, და შენს წინაშე იყო ჩემი გულისთქმა, და ნათელი ჩემი თვალისა არ იყო ჩემთან“ [38], რადგანაც ის შიგნით იყო, მე კი - გარეთ, სადაც ვერსად ვხედავდი ამ ნათელს [39], რაკიღა ჩემს ყურადღებას იპყრობდა მხოლოდ ის, რაც სივრცეშია, სივრცეში კი ვერსაც ვპოულობდი ადგილს, სადაც შეიძლებოდა მომესვენა, და არც იმის ნებასა მრთავდა, რომ კვლავ დავბრუნებულიყავი იქ, სადაც „საკმაოდ კარგად“ ვიქნებოდი.

მე ამ სამყაროზე მაღლა ვიდექი, მაგრამ შენზე დაბლა ვიყავი, ჩემო ჭეშმარიტო სიხარულო, და შენ დამიმორჩილებდი ჩემზე დაბლა მდგომ ყველა ქმნილებას, შენი მორჩილი რომ ვყოფილიყავი. ასეთი იყო ნამდვილი თანაფარდობა [40], და ხსნის გზა სადღაც შუაში გადიოდა: შენს მონა-მორჩილსა და ჩემი სხეულის მბრძანებელს „შენი ხატისთვის“ [41] უნდა მეერთგულა. მაგრამ როცა ქედმაღლურად აღვიძვროდი უფლის წინააღმდეგ, „ჩემი სქელი ფარით აღჭურვილი“ [42], ქვენა სამყარო ყალყზე დგებოდა და თავს მემხობოდა: აღარსად იყო დანდობა და არც სულის მოთქმის საშუალება. საითაც უნდა გამეხედა, ჩემს თვალწინ იკვეთებოდნენ შენს მიერ შექმნილი საგნები, ერთმანეთში ალუფხულნი და აზავთებულნი. ჩემს აზრს გასაქანს არ აძლევდნენ და გზას უღობავდნენ მათი ხატებანი, რომელნიც თითქოს მეუბნებოდნენ: „საით გაგიწევია, უღირსო და უწმინდურო?“ და ყოველივე ეს იზრდებოდა ჩემი ჭრილობიდან, რადგანაც „დაამხე მზვაობარი, როგორც დაჭრილი“ [43]: ჩემმა ქედმაღლობამ განმაშორა შენგან და ჩემს გაბღენძილ სახეზე დაიშრიტა თვალის ჩინი.

_________________________________

[37] - ტერმინს „კათოლიკური ეკლესია“ ნეტარი ავგუსტინეს დროს დღევანდელისაგან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა და „საყოველთაო (მსოფლიო, უნივერსალური) ეკლესიის“ აღსანიშნავად იხმარებოდა.

[38] - ფსალმ. 37, 9-11.

[39] - პლოტინი ურჩევდა სრულქმნილების მიღწევის ყველა მსურველს, მოეკვეთა ყოველივე გარეგანი და მიქცეულიყო თავისი შინაგანი არსისა თუ რაობის ჭვრეტად („ენნ.“ VI, 9,7).

[40] - „დაე, სული, თავის თავზე ფიქრისას მიელტვოდეს მისი ბუნების შესატყვის წესრიგს. იყოს იმაზე დაბლა, რისი მორჩილებაც მართებს, და იმაზე მაღლა, რაზე მაღლადაც დაუდგენიათ; იმაზე დაბლა, ვინც უნდა მართავდეს მას, და იმაზე მაღლა, ვისაც უნდა მართავდეს თვითონ“ („სამებისთვის“, 10,57).

[41] - ე.ი. სულისათვის.

[42] - იობი, XV, 26.

[43] - ფსალმ. 88, 11.

 

VIII

12. ხოლო შენ, უფალო, „მარადის ხარ“ [44], მაგრამ „მარად როდი მრისხანებ ჩვენზე“ [45], რადგანაც შეიწყალე მტვერი და ფერფლი და „შენი მზერის წინაშე“ [46] სახე უცვალე ჩემს სიმახინჯეს, რათა მოსვენება არა მქონოდა, ვიდრე არ გირწმუნებდი ჩემი შინაგანი ხედვით. გაბღენძილ ზვაობას მიცხრობდი შენი იდუმალი კურნებით და ჩემი სულის ამღვრეულსა და დაბინდულ მზერას თანდათანობით აღმიდგენდი ჩემი მხსნელი ტანჯვა-წამების მწველი სალბუნით.

_________________________________

[44] - შდრ. ფსალმ. 32, 11.

[45] - ფსალმ. 84, 6; 102, 9.

[46] - ფსალმ. 68, 21.

 

IX

13. უწინარეს ყოვლისა, შენ ინებე გეჩვენებინა ჩემთვის, რომ „მზვაობართა წინააღმდგომი ხარ, ხოლო თვინიერთ მადლს ანიჭებ“ [47]. და რაოდენ დიდია შენი გულმოწყალება, რაკიღა ხალხს უჩვენე თვინიერების გზა, რადგანაც „სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის“ [48]. სწორედ შენ მაშოვნინე, ქედმაღლობისაგან უჩვეულოდ გაბღენძილი ერთი ნაცნობი კაცის წყალობით, ნეოპლატონიკოსთა ზოგიერთი თხზულება, ბერძნულიდან ლათინურ ენაზე თარგმნილი [49].

ამ თხზულებებში მე ამოვიკითხე, მართალია, არა იმავე სიტყვებით გადმოცემული, მაგრამ, არსებითად, იგივე აზრი, მრავალ სხვადასხვა საბუთზე დაყრდნობით რომ გვიმტკიცებს შემდეგს [50]: „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან, ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. და ნათელი ბნელში ნათობს, და ბნელმა იგი ვერ მოიცვა“ [51]. ხოლო ადამიანის სული, მართალია, ნათელს გვიმოწმებს [52], მაგრამ თვითონ როდია ნათელი [53]; არა, სიტყვა, ღმერთი, - აი, „ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად“ [54]; იგი „ამ ქვეყნად იყო, და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ იგი ვერ იცნო“ [55]. მაგრამ ის, რომ „თავისიანებთან მოვიდა, და თავისიანებმა იგი არ შეიწყნარეს; ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას ვისაც სწამს მისი სახელი“ [56], - ნამდვილად აღარ ამომიკითხავს ამ თხზულებაში.

14. იქვე წავიკითხე, რომ სიტყვა, ღმერთი „არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვა“ [57], მაგრამ ის კი ვეღარ წავიკითხე, რომ „სიტყვა ხორცად იქცა, და დაემკვიდრა ჩვენს შორის“ [58].

ისიც ამოვიკითხე, რომ ამ წიგნებში სხვადასხვა კილოთი და სხვადასხვა სახითაა ნათქვამი: ძეს, როგორც „მამის ხატს, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღმრთის სწორად ყოფნა“ [59], რადგან ბუნებით იგივეა, რაც ღმერთი [60], მაგრამ იმას კი ვეღარსად მივაკვლიე, რომ მან „დაიმცრო თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა და კაცის მსგავსად იქცა; თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა ვიდრე სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე: ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა, და მისცა სახელი უზენაეს ყოვლისა სახელისა, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისანი, ქვეყანისანი და ქვესკნელისანი, და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღმრთისა და მამისა“ [61].

რომ უწინარეს ყოველი დროისა და ჟამთა უზენაეს უცვლელად სუფევს შენი მხოლოდშობილი ძე, შენსავით დაუსაბამო; რომ „მისი სავსებისაგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ“ [62], და რომ „მისივე სავსებისაგან“ იღებენ სულები ნეტარებას და ეზიარებიან მასშივე დამკვიდრებულ სიბრძნეს, რისი წყალობითაც განახლდებიან და განიბრძნობიან, - ამას კი იპოვით იმ წიგნებში [63], მაგრამ იმის თაობაზე, რომ ის „ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ [64], და რომ შენ „ არ დაინდე შენივე ძე, არამედ ყველა ჩვენგანისათვის გასწირე იგი“ [65], - იქ არაფერია ნათქვამი. „ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს“ [66], რათა მივიდნენ მასთან „მაშვრალნი და ტვირთმძიმენი“ [67] და მან მოუფონოს შეჭირვებულთ, რადგანაც „მშვიდია და გულით მდაბალი“ [68], და „წარუძღვება თავმდაბალთ სიმართლისაკენ და თავის გზას ასწავლის მორჩილთ“ [69], ვინაიდან „იხილავს ჩვენს სიმდაბლეს და ტანჯვას, და მოგვიტევებს ჩვენს ცოდვებს“ [70]. მათ კი, თითქოს უფრო მაღალი მეცნიერების კოთურნებზე [71] შემდგართ, არ ესმით უფლის სიტყვა: „დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვაინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს“ [72]. თუმცა კი იციან ღმერთი, „მაგრამ არ ადიდებენ როგორც ღმერთს, და არც მადლს სწირავენ მას, არამედ ამაონი ხდებიან ზრახვით და ბნელდება მათი უგონო გული; ბრძენკაცებად მოაქვთ თავი და შლეგებად კი იქცევიან“ [73].

15. ამიტომაც ამოვიკითხე ამ წიგნებში, როგორ მიაწერეს კერპებსა და ათასნაირ გამოსახულებებს „უხრწნელი ღმერთის დიდება“ და „ხრწნადი კაცის, ფრინველთა თუ ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს იგი“ [74]. სწორედ ესაა ეგვიპტური საზრდო [75], რისთვისაც ესავმა დაკარგა თავისი პირმშოება, რადგანაც შენი რჩეული ერი „ეგვიპტისკენ მიიქცა გულით“, შენს ნაცვლად თაყვანი სცა ოთხფეხს და „თივის მცოხნელი მოზვრის“ ხატების წინაშე დაიდრიკა სული თვისი - შენი ხატება. ეს საზრდო ვპოვე ამ წიგნებში, მაგრამ მის ცოხნას არ მოვყოლივარ. თვითონვე ინებე, უფალო, არ დაგემდაბლებინა იაკობი, რათა „უხუცესი უმრწემესის მსახური“ ყოფილიყო, და შენს სამკვიდრებელში მოუხმე წარმართთ [76]. მეც წარმართთაგან მოვედი შენთან, და იმ ოქროსკენ ვისწრაფოდი, შენმა ერმა რომ წაიტანა ეგვიპტიდან [77], რადგან სადაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც შენი იქნებოდა. შენი მოციქულის პირით უთხარი ათენელებს, რომ „შენით ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვართ“ [78], როგორც უთქვამს ზოგიერთ მათ თანამემამულესაც [79]. ასეა თუ ისე, ეგვიპტური იყო ეს წიგნებიც. მაგრამ ეგვიპტურმა კერპებმა ვერ მიმიზიდეს, რომლებსაც შენივე ოქროთი ემსახურებოდნენ, რადგანაც „სიცრუეზე გაცვალეს ჭეშმარიტება ღმრთისა, და მსახურებდნენ შექმნილსა და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე“ [80].

_________________________________

[47] - იაკ. IV, 6; I პეტრე, V, 5.

[48] - იოანე, I, 14.

[49] - „ნეოპლატონიკოსთა შორის საყოველთაოდ ცნობილი არიან ბერძნები: პლოტინი, იამბლიქოსი, პორფირიოსი; ორსავ ენაზე, ე.ი. ბერძნულად და ლათინურად წერდა აპულეიუს აფრიკელი“ („ღვთის ქალაქისათვის“, 8,12). ავგუსტინე საფუძვლიანად იცნობდა პლოტინსა და პორფირიუსს, აიმბლიქოსს კი არსად არ იმოწმებს. პლოტინი ლათინურ ენაზე თარგმნა სახელგანთქმულმა რიტორმა ვიქტორინუსმა, ვის შესახებაც ავგუსტინე მოგვითხრობს „აღსარებათა“ მომდევნო (მერვე) წიგნში. ვიქტორინუსის ამ თარგმანს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ვინ აშოვნინა ნეტარ აგვუსტინეს ნეოპლატონიკოსთა თხზულებები, ესეც უცნობია ჩვენთვის.

[50] - „ქრისტიანობის კავშირი ნეოპლატონიზმთან ბოლომდე არაა შესწავლილი. ცნობილია, რომ პლოტინი იცნობდა ქრისტიანებს; მისი მასწავლებელი ამონიოს საკასი, თავისი ცხოვრების ერთ პერიოდში მაინც, ქრისტიანი იყო; პლოტინის უშუალო მოწაფეები იცნობდნენ ახალ აღთქმას; ამელიოსი, პლოტინის მოწაფე, პარალელს ავლებდა იოანეს ლოგოსსა და ჰერაკლიტეს ლოგოსს შორის; სიმპლიციანუსისათვის, ამბროსის სულიერი მოძღვრისათვის, ცნობილი იყო ეს სიახლოვე. ავგუსტინეს მისგან გაუგონია, როგორ გამოთქვა ერთმა ნეოპლატონიკოსმა სურვილი, რომ იოანეს სახარების საწყისი ლექსები ოქროს ასოებით ამოეკვეთათ ეკლესიებში და მოედნებზე („დონატისტთა წინააღმდეგ“, 10,29). ამ საუბრებმა და საკუთარმა მედიტაციებმა აღუძრეს ნეტარ ავგუსტინეს იმის სურვილი, რომ პარალელი გაევლო სახარებასა და ნეოპლატონიზმს შორის“. - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ.244).

[51] - იოანე I, 1-5.

[52] - პლოტინის მიხედვით, „სამყაროს სული“, რომლის ნაშიერადაც გვევლინება ადამიანის სული, საკუთარი სინათლით კი არა ნათობს, არამედ „გონებისგან“ („ნუს“) სესხულობს ნათელს, როგორც მთვარე - მზისგან (იხ. „ენნ.“ V,6,4).

[53] - პლოტინი ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ნათელი, ანუ „გონება“ („ნუს“) ყოველთვის როდი ცოცხლობს ჩვენს სულში („ენნ.“ V,3,3).

[54] - იოანე, I, 9.

[55] - იოანე, I, 10.

[56] - იოანე, I, 11-12.

[57] - იოანე, I, 13.

[58] - იოანე, I, 14.

[59] - ფილიპ. II, 6.

[60] - პლოტინის ტრიადა, ანუ სამება სამ წევრს შეიცავს: აბსოლუტური ერთი („ტო ჰენ“), კოსმიური გონება („ნუს“) და სამყაროს სული („ფსიქე“). აბსოლუტური ერთი - ესაა ყოველგვარი თვისებრივი განსაზღვრულობისაგან განძარცული, არსსა და აზრზე მაღლა მდგომი, მეტანოეტური და მეტაონტოლოგიური პირველსაწყისი, ანუ ღმერთი. მას ვერ მივაწერთ ვერავითარ პრედიკატს, იმასაც კი ვერ ვიტყვით, რომ ის აზროვნებს, ანდა არსებობს. ესაა პირველი რგოლი, რომელზედაც ჰკიდია სამყაროული არსებობის, კოსმიური სიცოცხლის ყველა ჯაჭვი. ამ თვალსაზრისით, აბსოლუტური ერთი (პლოტინის „სიკეთე“) მთელი სინამდვილის პირველმიზეზი და ნეოპლატონისტთა ფილოსოფიური სისტემის გვირგვინია; იგია ჭეშმარიტებაც, სამართლიანობაც, მშვენიერებაც და მათზე უმეტესიც, მათზე უპირატესიც; იგია იდეალური სამყაროს დასაბამი, მისი სულიერი მზე, მისი ცენტრი. დროისა და სივრცის გარეშე არსებულ ამ პირველსაწყისს პლოტინი ზუსტად იმ სიტყვებით ახასიათებს, სამყაროს გონებამიუწვდომელ იდუმალებაში დაფარული ღმერთის ატრიბუტად რომ იყენებს ჩვენი უდიდესი ეროვნული პოეტი: „უცნაური და უთქმელი“ („arreton kai agnoston“, - „ენნ.“ V,3,10,42). არსისა და აზრის მიღმიურ ამ პირველსაწყისში აბსოლუტურად დაუნაწევრებელი სახით მოქცეულია კოსმოსის მთელი სიცოცხლე, მისი შინაგანი კანონზომიერებებიც, მისი აწმყოც, მისი მომავალიც, მისი წარსულიც; ესაა აზრის აბსოლუტური ნათელი, რომელიც არ შეიცავს არავითარ განსხვავებას და ამიტომ აბსოლუტური სიბნელის იდენტურია; როგორც უცვლელი, წარუვალი, თვითკმარი, მთლიანი და განუწილველი, აბსოლუტური ერთი არსის ზღვრული სისავსეა და სისრულე, არსებობის მინიმუმიც და მაქსიმუმიც, თუმცა, სწორედ ამ ზღვრული სისავსის გამო, ის თითქოს ვერ თავსდება თავის თავში და თავის თავს გასცემს, თავისი თავიდან გადმოედინება, მაგრამ ისე კი, რომ მის სავსებას არა აკლდება რა ამით. ასე მზე ღვრის სამყაროში სითბოს და სინათლეს, ასე ყვავილი აფრქვევს სურნელებას. აქედან - ემანაციურობის პლოტინისეული თეორია. ერთის პირველ ემანაციად პლოტინი სახავს გონებას, რომელშიაც იმთავითვე მოცემულია „დასაბამიერი ორადობის“ პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ „ყოველი აზრი, თვითშემეცნების ჩათვლით, თავისთავად გულისხმობს სუბიექტისა და ობიექტის, შემმეცნებლისა და შესამეცნებლის დაპირისპირებულობას“ (ვინდელბანდი). ერთს რომ იაზრებს, ერთს რომ იმეცნებს, გონება წარმოიდგენს მას როგორც „თვითობას“ (პეტრიწისეული ტერმინია), ხოლო თავის თავს - როგორც მის Alter Ego-ს (მეორე მე-ს). გონების ქმედითობით ერთის განუყოფელი სისრულე აქ უკვე იდეათა სიმრავლედაა განწილული; ეს იდეები ქმნიან ინტელიგიბილურ (გონით საწვდომ) სამყაროს. ამრიგად, გონების ქმედითობა იდეალური სიმრავლის წყაროა და საწყისი. ემანაციის მომდევნო საფეხურზე დგას სული, რომელიც ისე მიემართება გონებას, როგორც ეს უკანასკნელი - ერთს. სულისათვის ერთი უშუალო წვდომის ობიექტი კი არაა (როგორც გონებისათვის), არამედ სიყვარულისა და სურვიელი ლტოლვის საგანი. სულიც გონებასავით მრჩობლი ბუნებისაა, მაგრამ მისი ორადობა მეორეული ორადობაა. პლოტინი განასხვავებს „უმაღლესსა“ და „უდაბლეს“ სულს. სწორედ უმაღლესი სული მიდრკება და მიისწრაფვის ერთისაკენ, მაშინ როდესაც უდაბლესი, ანუ „ბუნება“ მატერიისკენაა მიქცეული. თუ გონება იდეების, იდეალური სიმრავლის წყაროა და საწყისი, სამყაროს სული, თავის მხრივ, ინდივიდუალურ სულთა სიმრავლედაა განწილული. უმაღლესი სული ქმნის ღმერთებსა და უსხულმყოფელ ასტრალურ სულებს, ხოლო უდაბლესი - დემონიურ, ადამიანურ, ცხოველურ და მცენარეულ სულთა სიმრავლეს.

ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ პლოტინისეული ტრიადის წევრები, ქრისტიანული სამებისა არ იყოს, ერთმანეთის სწორნი არიან; მაგრამ ეს შეცდომაა: კოსმიური გონება აბსოლუტური ერთის ემანაციაა და, ამრიგად, მასზე უდარესია; იგივე ითქმის სამყაროს სულისა და კოსმიური გონების თანაფარდობის მიმართაც („ენნ.“ V,1,6).

[61] - ფილიპ. II, 7-11.

[62] - იოანე, I, 16.

[63] - ნეოპლატონიკოსთა მიხედვით, ადამიანის, როგორც მიკროკოსმოსის, გონება კოსმიური გონების („ნუს“) - პლოტინისეული ტრიადის მეორე წევრის გამოვლენაა გრძნობად-კონკრეტულ სინამდვილეში. როცა ჩვენ ამ კოსმიური გონების თანახმად ვცხოვრობთ, მაშინ „თითქოს ვივსებით მისით“ („ენნ.“ V,3,3-4).

[64] - რომ. IV, 6.

[65] - რომ. IV, 8.

[66] - მათე, XI, 25.

[67] - მათე, XI, 28.

[68] - მათე, XI, 29.

[69] - ფსალმ. 24, 9.

[70] - ფსალმ. 24, 18.

[71] - კოთურნები (ბერძნ. კოთორნოს) - სქელლანჩიანი ფეხსაცმელები, რომლებსაც სცენაზე გამოსვლისას იცვამდნენ მსახიობები, რათა უფრო ტანმაღალნი გამოჩენილიყვნენ. ლანჩების სისქე თანდათანობით იზრდებოდა და, ბოლოს, თითქმის წყრთას მიაღწია, ასე, რომ კოთურნები ნამდვილ ოჩოფეხებად იქცნენ.

[72] - მათე, XI, 29.

[73] - რომ. I, 21-22.

[74] - რომ. I, 23.

[75] - „პორფირიოსმა და მისმა მიმდევრებმა სცადეს, ქრისტიანობის მზარდი გავლენის საპირისპიროდ, ფილოსოფიური დასაბუთება მოეძებნათ წარმართული კულტისათვის. „ეგვიპტური საზრდოს“ პირდაპირი მოსხსნიება უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ავგუსტინე გულისხმობდა პორფირიუსის თხზულებას „ხორცის ჭამისაგან თავშეკავებისათვის“ (4,9), სადაც ის იწონებს ცხოველთა თაყვანისცემას ეგვიპტეში: „მათ იცოდნენ, რომ ღმერთი მარტოოდენ ადამიანს როდი შეეხო, და სულიც დედამიწაზე მარტოოდენ ადამიანში როდი ჩასახლდა: ის ყველა ცოცხალ არსებაშია. ამიტომაც ისინი ღვთაებრივ პატივს მიაგებედნენ ყველა ცხოველს, ერთარსად აერთიანებდნენ ცხოველსა და ადამიანს, ფრინველისა და ადამიანის სხეულებს“. - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ.245.

[76] - „მთელი ეს მოკლე აბზაცი მეტაფორათა წყებად გვევლინება: „ეგვიპტური საზრდო“ ნეოპლატონიკოსთა ფილოსოფიაა. ესავმა, ისააკის უფროსმა ძემ, ოსპის შეჭამანდზე გაცვალა თავისი პირმშოობა („ოსპი ეგვიპტელთა საზრდოა. ეგვიპტეში უხვადაა იგი. ალექსანდრიულ ოსპს დიდად აქებენ და ჩვენშიაც კი შემოაქვთ“, „ფსალმუნებისათვის“, 46,6). ავგუსტინემ არ ისურვა „ეცოხნა ეგვიპტური საზრდო“ („თვისი მცოხნელი მოზვერი“ - იხ. ფსალმ. 105,20 - ბ.ბ.). როგორც ებრაელებმა მოითხოვეს ოდესღაც, რომ მათთვის ჩამოესხათ ოქროს მოზვერი, რომელსაც იაჰვეს ნაცვლად სცემდნენ თაყვანს, ასევე ნეოპლატონიკოსებიც იწონებდნენ ცხოველთა კულტს (იხ. შენ. 75). „უმრწემესი“ იაკობი სიმბოლურად განასახიერებს წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს: ისინი „უხუცეს“ ებრაელებზე წინ არიან“. - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ.245).

[77] - იხ. გამოსვლა, XII, 35-36: „მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაიტელები, ინათხოვრეს ეგვიპტელებისაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი. მადლი აპოვნინა უფალმა ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც ათხოვეს. ასე გაძარცვეს მთელი ეგვიპტე“... ნეტარი ავგუსტინე ეგვიპტურ ოქრო-ვერცხლს ადარებს პლატონისა და ნეოპლატონიკოსთა ფილოსოფიას, რომელიც ქრისტიანიზმის სამსახურში უნდა ჩააყენონ ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა. თავის თხზულებაში „ქრისტიანული სარწმუნოებისათვის“ (2,40,61), იმათ შორისაც, ვინც „ოქრო-ვერცხლითა და სამოსით დატვირთული გამოვიდა ეგვიპტიდან, ე.ი. წარმართობიდან მოიქცა ქრისტეს სჯულზე და ამ უკანასკნელის განსამტკიცებლად გამოიყენა თავისი ცოდნა, წარმართულ სკოლებში რომ შეიძინა. ნეტარი ავგუსტინე ასახელებს კართაგენის ეპისკოპოსს კიპრიანეს (იხ. მეხუთე წიგნის შენ. 44), სახელგანთქმულ რიტორს და მწერალს ლაციუს ცელიუს ფირმიანუს ლაქტანციუსს (გარდ. დაახლ. 317 წ.), ცნობილ რიტორს და სწავლულს ვიქტორინუსს (დაიბ. დაახლ. 300 წ.), მილევის (ნუმიდია) ეპისკოპოსს ოპტატუსს (დაახლ. 315 - დაახლ. 386 წ.), პუატიეს ეპისკოპოსს ჰილარიუსს (გარდ. დაახლ. 367 წ.). სხვათა შორის, ამ უკანასკნელის გარდა, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მოღვაწე, ისევე, როგორც ნეტარი ავგუსტინე, წარმოშობით აფრიკელი იყო... აღსანიშნავია, რომ ამავე მეტაფორას იყენებს დიდი ალექსანდრიელი ღვთისმეტყველი ორიგენეც (დაახლ. 185-254 წ.), რომელიც მოუწოდებს თავის მოწაფეს გრიგოლ სასწაულთმოქმედს, ქრისტიანული დოგმების დასაფუძნებლად გამოიყენოს მთელი თავისი ცოდნა, რადგანაც წმიდათა-წმიდის ჭურჭელი დამზადებულია იმ ნადავლისაგან, ეგვიპტიდან რომ წაიღო ისრაელმა“ (გრიგოლ სასწაულთმოქმედი, წერილები,2).

[78] - ესაა პავლე მოციქულის სიტყვები ათენელთა მიმართ. იხ. მოციქ. საქმენი, XVII, 28.

[79] - აქ, უწინარეს ყოვლისა, პლატონი იგულისხმება.

[80] - რომ. I, 25.

 

X

16. ამ წიგნებით გონს მოგებული საკუთარ თავს მივუბრუნდი და შენი წინამძღოლობით ჩემივე გულის სიღრმეში განვმარტოვდი: ეს თუ შევძელი, მხოლოდ იმიტომ, რომ „მწედ და მეოხად მომევლინე“ [81]. ჩემსავე თავში ჩაღრმავებულმა სულიერი თვალით ვიხილე უშრეტი ნათელი, თვით ამ ჩემს სულიერ თვალსა და ჩემს გონებას რომ მოჰფენოდა; არა, ეს არ იყო ჩვეულებრივი ნათელი, რომელსაც ხორციელი თვალით აღვიქვამთ, და არც იმისი მსგავსი, არამედ უფრო ძალუმი, უფრო მეტად მოკაშკაშე და მოელვარე, თავისი ბრწყინვალებით ყოვლის წამლეკი [82]. ისე როდი ადგა ჩემს გონებას, როგორც ზეთი - წყალს, ან ზეცა - მიწას: არა, უზენაესი იყო, რადგანაც მან შემქმნა, მე კი მასზე დაბლა ვიდექი, რადგანაც მის მიერ ვიყავ შექმნილი. ვინც შეიცნო ჭეშმარიტება, მანვე შეიცნო ეს ნათელიც, ხოლო ვინც შეიცნო ნათელი, მანვე შეიცნო მარადისობაც [83].

ო, მარადიულო ჭეშმარიტებავ, ჭეშმარიტო სიყვარულო, საყვარელო მარადისობავ! [84] შენა ხარ ჩემი ღმერთი, შენთვის ვჭმუნავ დღისით და ღამით [85]. შეგიცანი თუ არა, მაშინვე აღმიტაცე, რათა მეხილა ის, რისი ხილვაც ასე მეწადა, თუმცა ჯერ კიდევ არ შემეძლო მეხილა იგი. შენი სხივებით დაშრიტე ჩემი უმწეო თვალის ჩინი, და მე ვერხვის ფოთოლივით ავცახცახდი სიყვარულისა და შიშის გამო. მე დავრწმუნდი, რარიგ შორს ვიყავი შენგან ამ ქვეყნად, სადაც არაფერი არ გგავდა შენ [86], და თითქოს ზეცით ჩამომესმა შენი ხმა: „მე ვარ მოწიფულთა საზრდო; იზარდე და მიგემებ მე. შენ კი ვერ გარდამქმნი შენში, როგორც ხორციელ საზრდოს, არამედ შენ თვითონ გარდაიქმნები ჩემში“.

და მე მივხვდი, რომ „უსამართლობის სამხილებლად ასწავლი კაცს და აბლაბუდასავით დაადნობ მის სულს“ [87]; ამიტომაც ვთქვი: „ნუთუ ჭეშმარიტება არარაა, რაკიღა არც სასრულ სივრცეშია განფენილი და არც უსასრულოში?“ და შორიდან მომესმა შენი ხმა: „ჭეშმარიტად, მე ვარ, რომელიც ვარ“ [88]. ვისმინე ეს, როგორც ისმენენ გულით, და არავითარი საბაბი აღარ დამრჩა ეჭვისა და ორჭოფობისათვის, რადგანაც უმალ ჩემი არსებობა დამაეჭვებდა, ვიდრე ის, რომ არსებობს ჭეშმარიტება, რომელსაც შექმნილი სამყაროს მეშვეობით აღიქვამს გონი [89].

_________________________________

[81] - იხ. ფსალმ. 29, 11.

[82] - საკუთარ თავში ჩაღრმავების, თვითშემეცნებისა და სულიერი მზერის მეოხებით ზებუნებრივი, ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტა პლოტინის მიერ დასახული გზაა: „...რას ჭვრეტს ეს სულიერი მზერა, რას ჭვრეტს ეს შინაგანი თვალი? მას არ ძალუძს გაღვიძებისთანავე აღიქვას ჭეშმარიტ არსთა თვალშეუდგამი ბრწყინვალება. ამიტომ სული, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიეჩვიოს მშვენიერ საქმეთა თუ ქმნილებათა ჭვრეტას; მე ვგულისხმობ არა ხელოვნებისეულ ქმნილებებს, არამედ კეთილ კაცთა ნაქმარსა და ნამოქმედარს. ამის შემდეგ მას მართებს შეიცნოს ქველის საქმეთა მოქმედი სულის მშვენიერებაც. მაგრამ როგორ შეიცნობ შენ კეთილი სულის მშვენიერებას? მიიქეც შენად და შეიცან შენივე თავი. ხოლო თუ შენში ვერ იხილავ მშვენიერებას, მოიქეც როგორც მოქანდაკე: ხან ჭრის, ხან ფხეკს, ალაგ აგლუვებს, ალაგ კიდევ წმენდს, სანამ არ გამოავლენს ნატიფ ნაკვთებს ქანდაკებისას. ასე ჰყავ შენაც: ამოიკვეთე ზედმეტი, წრფელჰყავი მრუდი, წარიხოცე ბნელი, შემოსე ნათელი და აქანდაკე საკუთარი არსება მანამ, სანამ არ იფეთქებს შენში ღვთაებრივი სათნოების შუქი, სანამ არ იხილავ სიბრძნეს, თავის წმიდათა-წმიდა ტახტზე მჯდომს. თუ ჰყავ ასე და იხილე ეს, თუ წმიდა ხარ საკუთარ თავთან, თუ არაფერი გირღვევს კავშირთ უშინაგანეს ერთიანობას, არც რამ გიმღვრევს სულის სიწმინდეს, თუ შეიმოსე თვით ჭეშმარიტი ნათელი, არა სასრული, არა გარეშემოწერილი, ან კლებადი თუ მატებადი, არამედ უსასრულო და განუზომელი, ყოველგვარ განზომილებასა თუ გარეშეწერილობაზე უზენაესი, თუ მისწვდი და მიაღწიე ყველაფერ ამას, მაშინ თვით ჭვრეტად ქცეულხარ შენ, ჭეშმარიტ ჭვრეტად. მაშ, ენდე თავს და გწამდეს შენი, რადგან აქვე ეზიარე თვით უზენაესს. შენ უკვე აღარ გჭირდება მოძღვარი. დაძაბე მზერა სულისა და უმზირე ასე; რადგანაც ესაა ერთადერთი თვალი, რომელიც უზენაეს მშვენიერებას უმზერს“ („ენნ.“ I,6,9).

[83] - „ღმერთია სინათლე, არა ის სინათლე, რომელსაც თვალითა ხედავ, არამედ ის, რომელსაც ხედავს ჩვენი გული, როდესაც გესმის: „იგია ჭეშმარიტება“ („სამებისათვის“, 8,2,3).

[84] - „ღვთაებრივ არსებაში არაფერი არ იცვლება... მასშია მარადიული ჭეშმარიტება, მარადიული სიყვარული, ჭეშმარიტი მარადისობა; მასშია საყვარელი მარადისობა, საყვარელი ჭეშმარიტება“ („სამებისათვის“).

[85] - შდრ. ფსალმ. 1,2.

[86] - შდრ. პლოტინი: „მაგრამ თუ ჭეშმარიტ არსთა ჭვრეტად მიიქცა უძლური ან ბიწით შესვრილი სული, ის მათ ბრწყინვალებას კი არა, თვით ხილულსაც ვერ იხილავს, შემთხვევით რომ დაუდონ წინ. რადგან ის, რაც ჭვრეტს, ჯერ ჭვრეტის საგანს უნდა ემსგავსოს და მხოლოდ შემდეგ მიიქცეს მის ჭვრეტად. განა ჩვენი თვალი ოდესმე იხილავდა მზეს, მზეს რომ დამსგავსებოდა თავად? ვერც სული იხილავდა მშვენიერს, მშვენიერება რომ არ შეემოსა მასაც. დაე, თავდაპირველად ღმერთს ემსგავსოს, დაე, თავდაპირველად მშვენიერი გახდეს ყველა, ვისაც სურს იხილოს ღვთაებრივი და მშვენიერი“ („ენნ.“ I,6,9).

[87] - შდრ. ფსალმ. 38, 12.

[88] - გამოსვლა, III, 14.

[89] - უფრო გვიან იოანე სკოტ ერიუგენა ნეტარი ავგუსტინეს კვალდაკვალ იტყვის, რომ მართალია, ღმერთი ყოველგვარ არსებობაზე უზენაესია, მაგრამ ის აბსოლუტურად დაფარული როდია ჩვენთვის. ღმერთი თეოფანიით, ანუ ღვთიგამოვლენით ეცხადება ჩვენს ცნობიერებას. სწორედ ესაა ღმერთის შემეცნების საშუალება. თეოფანია, ერთის მხრივ, სხვა არა არის რა, თუ არა შექმნილი სამყაროს მოვლენები, რომლებსაც გრძნობებით აღვიქვამთ, მეორეს მხრივ კი შინაგანი ნათელფენა ღვთიური მადლის წყალობით (იხ. ალბერტ შტეკლი, შუა საუკ. ფულოს. ისტორია, იოანე სკოტ ერიუგენა, 2,3). იმავე აზრისა იყვნენ - პეტრე აბელიარიც (იხ. იქვე, 1,8). ჰუგო სენ-ვიქტორიელიც (იქვე, 2,3), რიშარ სენ-ვიქტორიელიც (იქვე, 3,3), ალბერტ დიდიც, ვისი მტკიცებითაც, ჩვენი ბუნებრივი ღვთისშემეცნება შუალობითი ხასიათით გამოირჩევა: ის გაშუალედებულია შექმნილი საგნებით, რომელთა ერთობლიობაც, როგორც შემოქმედებითი მიზეზის შედეგი, ამ მიზეზზე მიგვანიშნებს და მისი შეცნობის საშუალებას გვაძლევს (იქვე, 2,1), თოამ აქვინელიც, რომელიც, ამ მხრივ, პავლე მოციქულის სიტყვებს ემყარება („ყოველივე ის, რაც უხილავია ღმერთში, მისი ქმნილებების მიხედვით გონების მიერ ხილული ხდება“; იქვე, 4,1) და სხვანი და სხვანი.

 

XI

17. გულდასმით გამოვიკვლიე ყველაფერი, რაც შენზე დაბლა დგას, უფალო, და მივხვდი, რომ მასზე ვერც იმას იტყვი, არსებობდაო, და ვერც იმას, არ არსებობდაო: ის არსებობს, რადგანაც შენმიერია, და არ არსებობს, რადგანაც ის არ არის, რაცა ხარ შენ. ჭეშმარიტად არსებობს მხოლოდ ის, რაც უცვლელია [90]. „ხოლო ჩემი სიკეთე ისაა, რომ მივეახლო ღმერთს“ [91], რადგან თუ მასში არ ვეგები, მაშინ ვერც ჩემში ვიარსებებ. ის კი „თავის თავშია დავანებული და განაახლებს ყოველს“. „შენა ხარ ჩემი უფალი, რადგანაც არა გჭირდება რა ჩემი“.

_________________________________

[90] - ესაა რადიკალური სხვაობა შემოქმედსა და მის ქმნილებას შორის. შემოქმედი უცვლელია, ქმნილება კი ცვალებადი. ამიტომ პირველის არსებობა აუცილებელია, მეორისა კი არა.

[91] - ფსალმ. 72, 28.

[92] - ფსალმ. 15, 2.

 

XII

18. ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ მხოლოდ სიკეთეს თუ შეიძლება შეეპაროს ხრწნილება [93]. ეს რომ უზენაესი სიკეთე იყოს, ან სულაც არ იყოს სიკეთე, ხრწნილება უცხო იქნებოდა მისთვის. უზენაესი სიკეთე უხრწნელია [94], ხოლო იმაში, რაშიაც არავითარი წილი არ უდევს სიკეთეს, რას უნდა მოედოს ხრწნილება? [95] ის, რაც იხრწნება, ზიანდება; ხრწნილება რომ სიკეთეს არ ამცრობდეს, არც ზიანს მიაყენებდა რასმე. ამრიგად, ორში ერთია: ან ხრწნილება არაფერს აყენებს ზიანს, რაც შეუძლებელია, ანდა იმას, რაც ხრწნილებას განიცდის, სიკეთე აკლდება, რაც ცხადზე უცხადესია. ის, რასაც სიკეთის ნასახიც აღარა რჩება, საეროდ წყვეტს არსებობას. მაგრამ თუ კვლავაც იარსებებს და მიუწვდომელი იქნება ხრწნილებისათვის, უთუოდ უკეთესი გახდება, რადგანაც მთელი თავისი არსებობის მანძილზე შეინარჩუნებს უხრწნელებას. მაგრამ რა შეიძლება იყოს იმის მტკიცებაზე უფრო უცნაური, თითქოს შეიძლება უკეთესი გახდეს ის, რასაც სიკეთის ნატამალიც აღარა რჩება? მაშასადამე, რაც მთლიანად განძარცვულია სიკეთისაგან, საერთოდ ვერ იარსებებს; ესე იგი, ვიდრე არსებობს, კეთილია, ასე რომ, ყოველივე არსებული კეთილად უნდა მიგვაჩნდეს, ხოლო ბოროტებას, რომლის სათავესაც ვეძებდი, სუბსტანციური არსებობა არ გააჩნია, რადგანაც სუბსტანცია რომ ყოფილიყო, კეთილი იქნებოდა, ან იმნაირი სუბსტანცია, რასთანაც ხელი არა აქვს ხრწნილებას, ესე იგი, ნამდვილი სიკეთე, ან კიდევ - სუბსტანცია, რომელიც ხრწნილებას ექვემდებარება, რაც შეუძლებელი იქნებოდა, სიკეთეს რომ წილი არ ედოს მასში.

ამრიგად, მე მივხვდი და ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ ყველაფერი, რაც შენ შექმენი, კეთილია, და არ არსებობს სუბსტანცია, შენს მიერ შექმნილი რომ არ იყოს. ხოლო რაკი ყველაფერი ერთმანეთს არ გაუთანაბრე, ყოველივე არსებული, ცალ-ცალკე, კარგია, ყველა ერთად კი - ძალიან კარგი, რადგანაც ჩვენმა ღმერთმა ყველაფერი კეთილად შექმნა [96], და როცა შექმნა, იხილა, რომ „ძალიან კარგი იყო“ [97].

_________________________________

[93] - იგულისხმება სიკეთე, რომელიც ღმერთის მიერ დვრიტადაა ჩადებული ყველა ქმნილებაში, მთელს ბუნებაში, ვინაიდან სიკეთე, ნეტარი ავგუსტინეს აზრით, ესაა არსებობა, არსება, ფორმა, რაც მხოლოდ ღმერთისგან თუ შეიძლება იღებდეს დასაბამს, რამდენადაც მარტოოდენ ღმერთია უზენაესი არსებობა, უზენაესი არსება, სრულქმნილი ფორმა.

[94] - უზენაესი სიკეთე უხრწნელია, იმიტომ, რომ მისთვის უცხოა ყოველგვარი ცვალებადობა („სიკეთის ბუნებისათვის“, 1). უზენაესი სიკეთე და აბსოლუტური უცვლელობა სინონიმური ცნებებია. უზენაესი სიკეთე ვერც უკეთესი გახდება და ვერც უარესი; ის არც მატებას ექვემდებარება და არც კლებას, არამედ ყოველთვის თვითიგივეობრივია, თვითიდენტური.

[95] - მეორეს მხრივ, იგივე ითქმის მატერიის მიმართაც, რომელსაც სუბსტანციური არსებობა არ გააჩნია. და მართლაც, რანაირად შეიძლება განიცდიდეს ხრწნილებას ის, რასაც არავითარი წილი არ უდევს არსებობაში, ესე იგი, პირწმინდად განძარცულია ყოველგვარი სიკეთისაგან?

[96] - „უთვალავი ფერით“ მოცემული სამყაროს საგანთა სიმრავლეს და მშვენიერებას, მათ ურთიერთდაქვემდებარებას, ამქვეყნიური ჰარმონიის წყაროს - სიკეთისა და სილამაზის გრადაციას ანალოგიურად განიცდიდა ვაჟა-ფშაველა:

„წყალი სჩქეფს, ხევი ჩასტირის,
განა ერთი და ორია,
აქაც, იქ, იმას იქითაც,
საცა ფერცხალა გორია,
ლამაზი მთების ასულთა
ხმა ხმისთვის შაუწონია.
მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,
უფალო, დაუმონია;
ამაზე ტურფა და კარგი
მე სხვა აღარა მგონია“...            („ღამე მთაში“)

[97] - დაბად. I, 31.

 

XIII

19. ხოლო შენთვის, უფალო, სულაც არ არსებობს ბოროტება, და არა მარტო შენთვის, არამედ მთელი შენი ქმნილებისთვისაც, რადგანაც ამ ქმნილების მიღმა არ არის არაფერი, რაც შეიძლებოდა მის წიაში შემოჭრილიყო და დაერღვია შენს მიერ დადგენილი წესრიგი. ბოროტებად ითვლება ის, რაც ცალკე აღებული არ ეთანხმება და ესადაგება რაღაცას, მაგრამ სხვა რამეს კი შეიძლება ეთანხმებოდეს, და არა მარტო ამდენად, არამედ თავისთავადაც კეთილი იყოს. ყოველივე ის, რაც არ ეთანხმება ერთმანეთს, შეიძლება ამ ქვენა სამყაროს ეთანხმებოდეს, რომელსაც დედამიწას ვუწოდებთ ჩვენ, ღრუბლებით დაფარულსა და ქარების სათარეშოდ ქცეულ სამყაროს. ღმერთმა ნუ მათქმევინოს ეს სიტყვები: „უმჯობესი იქნებოდა, ეს ქვეყანა სულაც არ არსებულიყო!“ მის მეტი რომ არაფერი მცოდნოდა, შეიძლებოდა უკეთესი მენატრა, თუმცა მარტოოდენ მისი გულისთვისაც ქვება-დიდებით უნდა ამევსე [98], რადგანაც დიდების ღირსი რომ ხარ, ერთხმად მოწმობენ „ქვეყნით-ვეშაპნი და ყველა უფსკრული, ცეცხლი და სეტყვა, თოვლი, ყინვა და ქარბუქი, შენი სიტყვის მონა-მორჩილნი, მთანი და ყოველი ბორცვი, ყველა კედარი, ყოველი მხეცი და პირუტყვი, ქვეწარმავალნი და ფრთოსანნი, მეფენი ქვეყანისანი და ყოველი ერი, მთავარნი და ქვეყნის ყოველი მსაჯული, ჭაბუკნი და ქალწულნი, მხცოვანნი და ყრმანი, რომელნიც ადიდებენ შენს სახელს“. და კვლავაც „გადიდებდნენ ზეცითაც, გადიდებდნენ „მაღალთა შინა“, ყოველი ანგელოსი შენი, ყოველი ძალი შენი, გადიდებდნენ მზე და მთვარე, ყოველი შუქურვარსკვლავი, ცანი ცათანი და წყალნი, ზესკენლზე უზენაესნი, დაე, ადიდებდნენ შენს სახელს“ [99]. და როცა ყოველივე ეს გონის თვალით წარმოვიდგინე, უკვე აღარა მსურდა უკეთესი. უზენაესი, რა თქმა უნდა, უმდაბლესზე უმჯობესია, მაგრამ როცა საღი განსჯით გავზომე და ავწონ-დავწონე ყველაფერი, იმ დასკვნამდე მივედი, რომ მთელი ქმნილება ერთად უკეთესია, ვიდრე ცალკე აღებული ზენა სამყარო [100].

_________________________________

[98] - ამ მხრივ, ნეტარი ავგუსტინე მთლიანად ეთანხმება პლატონს, ვისი აზრითაც, მატერიალური, გრძნობად-კონკრეტული სამყარო მხოლოდ უფრო დაბალი რანგის რეალობაა ინტელიგიბილურ სინამდვილესთან შედარებით, და ამდენად, მშვენიერიცაა და კეთილიც.

[99] - ფსალმ. 148, 7-13.

[100] - ნეტარი ავგუსტინე ფიქრობს, რომ ინტელიგიბილური, ზედროული და ზესივრცული სინამდვილე და მისი მატერიალური გამოვლენა - გრძნობად-კონკრეტული სამყარო, ერთად აღებული, უმჯობესია, ვიდრე მარტოოდენ ზენა (ე.ი. ინტელიგიბილური) სამყარო.

 

XIV

20. სულის სისაღე აკლია იმას [101], ვისაც რაღაცა არ მოსწონს შენს ქმნილებათა შორის, როგორც მე მაკლდა, როცა ამდენი რამ არ მომწონდა შენს ქმნილებებში. და რაკი ჩემი სული ვერ ბედავდა ეღიარებინა, ჩემი უფალი არ მომწონსო, ამიტომ არ სურდა შენეულად მიეჩნია ის, რაც არ მოსწონდა [102]. სწორედ ამან მიიყვანა იმ აზრამდე, რომ არსებობს ორი სუბსტანცია [103], მაგრამ მაინც ვერ პოულობდა სიმშვიდეს და სხვისი ენით მეტყველებდა. ამ მცდარი წარმოდგენიდანვე გამომდინარემ შექმნა თავისთვის ისეთი ღმერთი, ყოველ მხარეს უკიდეგანოდ რომ განფენილა სამყაროს უსასრულო სივრცეში, შენ დაგსახა ამ ღმერთად, უფალო, თავის თავში დაუდო ბინა და ტაძრად ექცა საკუთარ კერპს, რაც ეგზომ საძულველია შენთვის. ხოლო როცა ჩემდა შეუცნობლად განკურნე ჩემი სნეული თავი და „დამიხუჭე თვალი, რათა არ ეხილა ამაოება“ [104], ცოტა არ იყოს, მოვისვენე ჩემივე თავისაგან და მიიძინა ჩემმა სიშლეგემ. მერე შენში გავიღვიძე და ვიხილე, რომ სულ სხვანაირად ხარ უსასრულო, მაგრამ ხორციელი თვალით როდი ვიხილე ეს.

_________________________________

[101] - შდრ. ფსალმ. 37, 4.

[102] - ნეტარი ავგუსტინე მხოლოდ უფრო გვიან მივა პლოტინის მსოფლშეგრძნებამდე: „თავდაპირველად უნდა შევიგნოთ: სიკეთე, რომელსაც ამ ქვეყნად ვეძებთ, ბოროტებასთან შერეულია; მაშ, ნუ მოვითხოვთ, რომ ეს სიკეთე ისეთივე დიდი იყოს, როგორც შეურევნელ არსში; ნუ ვეძებთ ინტელიგიბილურ არსთა სიკეთეს გრძნობად არსთა შორის. რაკიღა სამყაროს სხეული აქვს, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სხეული რაღაცას ანიჭებს მას; და გონებაც მხოლოდ იმდენად მოვთხოვოთ ნარევს თუ ნაზავს, რამდენადაც ნაწილს შეუძლია მისი მიღება... დავუკვირდეთ ყველაზე მომხიბლავ გრძნობად კაცს; მის სილამაზეს მაინც ვერ შევადარებთ ინტელიგიბილური კაცის მშვენებას. მაგრამ მადლიერნი ვიყოთ მისი შემოქმედისა, თუკი ხორცის, ძვლებისა და ძარღვებისაგან შექმნილ ამ არსებაში მაინც მბრძანებლობს გონება, რომელსაც შეუძლია მშვენიერებით შეამკოს იგი და განწონოს მატერია“... („ენნ.“, III,2,7).

[103] - იგულისხმება ღმერთი და მატერია, რომელსაც ნეტარი ავგუსტინე თავდაპირველად, მანიქეველთა მოძღვრების გავლენით, სუბსტანციურ არსებობას მიაწერდა.

[104] - ფსალმ. 118, 37.

 

XV

21. თვალი მოვავლე დანარჩენ საგნებსაც, და მივხვდი, რომ შენ უნდა გიმადლოდნენ არსებობას და შენშივე არიან დამკვიდრებულნი, მაგრამ ისე კი არა, როგორც სივრცეში, არამედ სულ სხვანაირად: ყოვლისმპყრობელს ისე გიპყრია ისინი შენმიერ ჭეშმარიტებაში, როგორც ხელში, რადგანაც ყოველი არსებული ჭეშმარიტია, რამდენადაც ის არსებობს, და არა არის რა მოჩვენებითი, გარდა იმისა, რაც არსებულად მიგვაჩნია, თუმცა სინამდვილეში არ არსებობს.

იმასაც მივხვდი, რომ ყველაფერი არა მარტო თავის ადგილს შეესაბამება, არამედ დროსაც, და შენ, ერთადერთი მარადიული არსი, იმას როდი დალოდებიხარ, რომ საუკუნეთა უსასრულო წყებას გაევლო, რათა ქმედებად აღძრულიყო, რადგანაც ეს გარდასული თუ მომავალი საუკუნენი არც გავიდოდნენ და არც მოვიდოდნენ, შენ რომ არ მოქმედებდე და არ ეგო უკუნითი უკუნისამდე [105].

_________________________________

[105] - ეს თემა დაწვრილებითაა განვითარებული „აღსარებათა“ მეთერთმეტე წიგნში.

 

XVI

22. როგორც ჩემმა გამოცდილებამ დამარწმუნა, საკვირველი არა არის რა იმაში, რომ პურს, რომელსაც მადიანად შეექცევა ჯანმრთელი კაცი, რის ვაივაგლახით ღეჭავს სასამტკივანი; ნათელი, ესოდენ საამო საღი თვალისთვის, აუტანელია სნეულისათვის. არც შენი სიმართლე მოსწონთ ცოდვილთ, მით უმეტეს, ქვეწარმავალნი და ჭიაღუანი, რომელნიც შენ კეთილად შეჰქმენ, ქმნილებათა დაბალი საფეხურის შესაბამისად; ამ საფეხურსვე უახლოვდებიან თვითონ ცოდვილნიც, რადგანაც დაჰკარგეს შენი მსგავსება, და მხოლოდ მაშინ მიაღწევენ უფრო მაღალ საფეხურს, როცა ამ დაკარგულ მსგავსებას დაიბრუნებენ. მე ვცდილობდი გამეგო, რა იყო ცოდვილობა, და ვერ მივადექი სუბსტანციას: არა, ესაა გაუკუღმართებული ნება, რომელმაც ზურგი აქცია უზენაეს სუბსტანციას, ანუ შენ, ღმერთო, რათა უმდაბლესის მიმართ მიქცეულიყო, თავისი შინაგანი რაობის უარმყოფელი და გარე სამყაროში გათქვეფილი.

 

XVII

23. მიკვრიდა, უფალო, რომ უკვე მიყვარდი; დიახ, სწორედ შენ მიყვარდი და არა შენი ლანდი. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დავმკვიდრებულიყავი შენში და მთელი არსებით ვერ გამეხარა: უჩეულო ძალით მიზიდავდა შენი მშვენება, მაგრამ შენგანვე განმიზიდავდა ჩემი ტვირთი, და მე გმინვით ვემხობოდი ძირს. ეს ტვირთი ხორცის ჩვეულებაა. თუმცა ყოველთვის მახსოვდი და ეჭვიც აღარ მეპარებოდა იმაში, რომ არსებობს ის, ვისაც უნდა დავწაფებოდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ შემწევდა ამისი ძალი, რადგანაც „ეს ხრწნადი სხეული ამძიმებდა სულს, და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწვა ფიქრით სავსე გონებას“ [106]. მე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ის, „რაც უხილავია შენში, - მარადიული ძალა და ღვთაებრიობა შენი, - სამყაროს შექმნიდან შენსავე ქმნილებებში ცნაურდება“ [107]. და როცა იმაზე ვფიქრობდი, თუ ვინ მომცა იმის უნარი, რომ შემეფასებინა ციურ თუ მიწიერ სხეულთა მშვენიერება, საღად და სწრაფად მემსჯელა ცვალებად საგანთა შესახებ და მეთქვა: ეს ასე უნდა იყოს და არა ისეო, - დიახ, როცა იმაზე ვფიქრობდი, თუ ვინ მომცა ამნაირი განსჯის უნარი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემს ცვალებად აზრზე მაღლა დგას უცვლელი, ნამდვილი და მარადიული ჭეშმარიტება.

ასე თანდათანობით გადავდიოდი სხეულიდან სულზე, რომელიც სხეულის მეშვეობით გრძნობს, სულიდან - იმ შინაგან ძალაზე, გრძნობებით რომ აღიქვამს გარე სამყაროს (ესაა ცხოველური ცნობიერების ზღვარი) [108], იქიდან კი - განსჯის უნარზე, რომელიც აყალიბებს მსჯელობას იმის შესახებ, რასაც ხორციელი გრძნობებით აღვიქვამთ. მაგრამ როცა ეს უნარი შეიცნობს თავის ცვალებადობას, ის თვითშემეცნებამდე მაღლდება, ყოველივე ჩვეულს განარიდებს აზრს, ერთმანეთში ალუფხული ურთიერთსაპირისპირო ფანტასმებისაგან თავისუფლდება და ცდილობს გაიგოს, მაინც რა ნათელი მოეფინა. ხოლო როცა ღრმად დარწმუნებული წამოიძახებს, რომ უცვლელი უნდა გვერჩიოს ცვალებადს, რომლის მეშვეობითაც ჩასწვდა თვით ამ უცვლელს (რაღაცნაირად რომ არ ჩასწვდომოდა, ვერასდიდებით ვერ შესძლებდა ცვლადზე მაღლა დაეყენებინა უცვლელი), - მაშინ ანაზდეული ნათელფენა [109] უშუალოდ მიიყვანს მასთან, ვინც არის [110], და ვისაც მხოლოდ წამითა ჭვრეტს მოცახცახე მზერა.

სწორედ აქ ავიქვი „შენი უხილავი არსი, ხილულ ქმნილებათა მეოხებით რომ ცნაურდება“ [111], მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შევძელი თვალი გამესწორებინა მისთვის. ჩემი უმწეობის გამო უკუგდებული კვლავ ჩემს ძველ ყოფას მივუბრუნდი, ხოლო წამით ხილულისაგან აღარაფერი შემრჩა, გარდა სანუკვარი მოგონებისა; რაღა ამნაირი მოგონება და რაღა სანუკვარი კერძის სურნელი, კერძისა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ ვერ შევძელი გემო გამესინჯა.

_________________________________

[106] - სირბძნე სოლომ. IX, 15.

[107] - რომ. I, 20.

[108] - ესაა ე.წ. „შინაგანი გრძნობა“, რომელიც, ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, ერთმანეთს უთანხმებს გარეგან გრძნობათა (მზერა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება) ქმედითობის შედეგად გამოწვეულ შთაბეჭდილებებს და, იმავდროულად, გარკვეულ თანაფარდობას ამყარებს აღქმულსა და აღმქმელს შორის (იხ. პროფ. ი.ვ.პოპოვი, დასახ. ნაშრ. ტ.I, ნაწ.II, გვ.24-26).

[109] - იგულისხმება ნეოპლატონიკოსთა „მისსტიკური ინტუიცია“.

[110] - იგულისხმება ღმერთი.

[111] - რომ. I, 20.

 

XVIII

24. მე ვეძებდი გზას, რომელიც ძალას მომაკრებინებდა, რათა შენით დავმტკბარიყავი, მაგრამ ვერსად ვიპოვე იგი, ვიდრე არ ჩავეჭიდე „შუამდგომელს ღმერთსა და კაცთა შორის, კაცს იესო ქრისტეს“ [112], რომელიც არის „ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე“ [113], ვინც გვიხმობს და გვეუბნება: „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ [114]; ის საზრდოც, რომლის საგემებლადაც ძალა არ მეყო, და რომელიც ხორცს შეურია უფალმა, რადგანაც „სიტყვა ხორცად იქცა“ [115], რათა შენი სიბრძნე, რომლითაც შეჰქმენ ყოველი, ჩვენი სიყრმის რძედ ქცეულიყო.

მე, თვითონ თვინიერებისგან განძარცვულს, არ შემეძლო მეღიარებინა თვინიერი იესო, უფალი ჩემი, და არ მესმოდა, რას გვასწავლის მისი თვინიერება. რადგანაც შენი სიტყვა, მარადიული ჭეშმარიტება, უზენაესი შენს უკეთეს ქმნილებათა შორის, თავის უზანაეს არსამდე აამაღლებს მორჩილთა და თვინიერთ [116], მაშინ როდესაც ქმნილების უმდაბლეს საფეხურზე ჩვენი ტალახისაგან აიგო თავისი მდაბალი სადგომი, რათა საკუთარი თავისაგან განეშორებინა ისინი, ვინც უნდა დაემორჩილებინა და თავისკენ გადაებირებინა იმ მიზნით, რომ ქედმაღლობისაგან განეკურნა და სიყვარული შთაენერგა მათთვის. მას სურდა მზვაობართათვის ხელი შეეშალა იმაში, რომ უფრო შორს შეეტოპათ თავიანთი თვითრწმენით, რათა უკეთ ეგრძნოთ საკუთარი უმწეობა, როცა თავიანთ ფერხთით იხილავდნენ ღვთაებას, დაუძლურებულს იმის შედეგად, რომ შეიმოსა ჩვენი ხორციელი გარსი, - და დაღლილ-დაქანცულნი მის წინაშე დამხობილიყვნენ, რათა თავისი აღდგომით აღედგინა ისინი.

_________________________________

[112] - I ტიმ. II, 5.

[113] - რომ. IX, 5.

[114] - იოანე, XIV, 6.

[115] - იოანე, I, 14.

[116] - შდრ. მათე V, 5: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას“.

 

XIX

25. მე კი სხვანაირად ვფიქრობდი და ქრისტე, ჩემი უფალი, მხოლოდ უჩვეულო ბრძენკაცად მიმაჩნდა, რომელსაც ვერავინ შეედრებოდა, მით უმეტეს, რომ სასწაულებრივად იშვა ქალწულისაგან, რათა ნიმუში ყოფილიყო იმისა, თუ როგორ შეიძლება უგულებელყო წარმავალი სიკეთე უკვდავების გულისთვის. მე მეგონა, რომ ჩვენს მიმართ სწორედ ამ ღვთაებრივი ზრუნვის წყალობით შეიძინა მისმა მოძღვრებამ ესოდენ დიდი მნიშვნელობა. მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა იმაზე, თუ რა საიდუმლოს იმარხავენ სიტყვები: „და სიტყვა ხორცად იქცა“ [117]. იმ წიგნებიდან, რომლებშიაც მისი ცხოვრება იყო აღწერილი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ქრისტე ჩვენსავით ჭამდა, სვამდა, ეძინა, დადიოდა, ხარობდა, წუხდა, საუბრობდა; ვიცოდი ისიც, რომ ეს სხეული ვერ შეერწყმოდა შენს სიტყვას ადამიანური სულისა და გონების გარეშე. ეს იცოდა ყველამ, ვისთვისაც ცნობილი იყო შენი სიტყვის უცვლელობა, და, შეძლებისდაგვარად, ვიცოდი მეც; ამ მხრივ, არავითარი ეჭვი არ მეპარებოდა. და მართლაც, საკუთარი ნება-სურვილით ამოძავებდე სხეულის ასოებს, ან სულაც არ ამოძრავებდე მათ, განიცდიდე ან არ განიცდიდე რაიმეს, სიტყვებით გადმოსცემდე გონივრულ აზრს ან მდუმარედ იყო, - ყოველივე ეს ცვალებადი სულისა და გონების ნიშან-თვისებებია. თუკი ამ თვისებებს ზემოაღნიშნული წიგნები მცდარად მიაწერენ მას, მაშინ ყველა დანარჩენ წიგნსაც ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ, ასე რომ, მათში აღარ დარჩება აღარაფერი, რასაც შეეძლო რწმენით ეხსნა და გადაერჩინა კაცთა მოდგმა. მაგრამ რაკი ის, რაც მასზე დაწერილა, სრული სიმართლეა, მეც სრულ კაცად მიმაჩნდა ქრისტე, რომელსაც არა მარტო კაცის სხეული ჰქონდა, ანდა სხეულთან ერთად - სულიც, გონების გარეშე, არამედ ნამდვილაც კაცად, და არა ხორცშესხმულ ჭეშმარიტებად. ამიტომაც, ჩემის აზრით, ის უნდა დაგვეყენებინა ყველა ადამიანზე მაღლა, რადგანაც მისი კაცური ბუნება განუზომლად აღემატებოდა ყოველი კაცის ბუნებას, და სიბრძნესაც ყველაზე სრულად იყო ნაზიარები [118].

ალიპიუსი კი ფიქრობდა, რომ კათოლიკე სარწმუნოების თანახმად, ღმერთმა თვითონ შეისხა ხორცი, ასე რომ, ქრისტე სხვა არა არის რა, თუ არა ღმერთი და ხორცი, რომელსაც კაცის სული უდგას და გონებას ვერ მივაწერთ. რაკიღა ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ქრისტეს საქმენი, რომელთა ხსოვნაც შემოგვინახა საღმრთო წერილმა, შეიძლებოდა აღესრულებინა მხოლოდ სიცოცხლითა და გონიერებით მოსილ ქმნილებას, ამიტომ ზანტად და ზოზინით უახლოვდებოდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. მაგრამ შემდეგ, როცა შეიცნო მთელი ცთომილება აპოლინარიუსის მიმდევართა ამ მწვალებლობისა [119], ეკლესიის წიაღს შეუერთდა და სიხარულით აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება.

მე კი, მართალი გითხრათ, ცოტა უფრო გვიან მივხვდი, თუ როგორ ემიჯნება კათოლიკე ჭეშმარიტება სიტყვებით - „და სიტყვა ხორცად იქცა“ [120], - ფოტინუსის სიცრუეს [121]. მწვალებელთა გმობა და უარყოფა კიდევ უფრო მეტ ნათელს ჰფენს შენი ეკლესიის ჭეშმარიტ აზრსა და მისი წმინდა მოძღვრების მთელ შინაარსს, „რადგან მწვალებლობაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ“ [122] უძლურთა შორის.

_________________________________

[117] - იოანე, I, 14.

[118] - ნათლისღებამდე ნეტარ ავგუსტინეს მხოლოდ ბრძენკაცად თუ „სრულ კაცად“, ე.ი. სხეულის, სულისა და გონების მქომედ მიაჩნდა იესო ქრისტე.

[119] - იგულისხმება ლაოდიკიის ეპისკოპოსის აპოლინარიუსისა (გარდ. 382 წ.) და მისი მიმდევრების - „აპოლინარისტების“ ერეტიკული მოძღვრება, რომლის თანახმადაც, განკაცებისას (ინკარნაცია) ღვთაებრივი სიტყვა (ლოგოსი) ადამიანის სულს კი არ შერწყმია, არამედ - უშუალოდ მის სხეულს; ხოლო ეს სხეული, აპოლინარისტთა მტკიცებით, პირწმინდად ციური და ზეგარდამო ჩამოსული იყო, ასე რომ, ჯვარცმისას ქრისტე მხოლოდ მოჩვენებითად ევნო. აპოლინარიუსის მწვალებლობა თითქოს არიანიზმის ერთგვარ ანტითეზას წარმოადგენდა, რადგანაც ეს უკანასკნელი ზღუდავდა ქრისტეს ღვთაებრიობას, პირველი კი - მის ადამიანურ ბუნებას. აპოლინარიუსის ერესი დაგმობილი იქნა კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე (381 წ.).

[120] - იოანე, I, 14.

[121] - იგულისხმება სირმიუზის (პანონია) ეპისკოპოსის (დაახლ. 340 წ.) ფოტინიუსის ერეტიკული მოძღვრება, რომლის თანახმადაც, ქრისტე მხოლოდ ადამიანი იყო, დანარჩენ მოკვდავთაგან მარტოოდენ თავისი სასწაულებრივი დაბადებით, მასზე გადმოსული მადლის სავსებითა და ზნეობრივი სრულქმნილებით გამორჩეული. ფოტინუსის მოძღვრება დაგმობილ იქნა ანტიოქიის (345 წ.), მილანის (346 წ.) და ბოლოს, სირმიუმის (351 წ.) საეკლესიო კრებებზე, ხოლო თვით ფოტინუს მეტსახელად „სკოტინუსი“ („ბნელი“) შეარქვეს.

[122] - I კორ. XI, 19.

 

XX

26. პლატონიკოსთა თხზულებების კითხვამ აღმიძრა აზრი უსხეულმყოფელი ჭეშმარიტება მეძია: მე თვალი ვკიდე „უხილავს შენსას, ქმნილის მეოხებით რომ ცნაურდება“ [123], და ამ უხილავისაგან უკუგდებულმა ვიგრძენი, რომ ჩემი სულიერი სიბნელის გამო არ შემეძლო მისი ჭვრეტა. დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ არსებობ და უსასრულო ხარ, მაგრამ სასრულ ან უსასრულო სამყაროში როდი ხარ განფენილი; რომ ჭეშმარიტად ისა ხარ, ვინც მარად ერთი და იგივეა, ყოვლად უცვლელი, ვისი შეცვლაც არაფერს ძალუძს. ყველაფერი შენგან იღებს დასაბამს, რისი ერთადერთი და სარწმუნო საბუთიც ისაა, რომ ყველაფერი არსებობს. დარწმუნებული ვიყავი ამაში, მაგრამ საიმისო ძალა კი არ შემწევდა, რომ შენით მეცოცხლა.

ისე ვყბედობდი, თითქოს დიდი მცოდნე ვყოფილიყავი, მაგრამ „ქრისტეში, ჩვენს მაცხოვარში“ [124] რომ არ მეძია გზა ხსნისა, მცოდნე კი არა დასაღუპად განწირული ვიქნებოდი. დიდი სურვილი მქონდა, ნამდვილი ბრძენი ვგონებოდი ხალხს, - ეს იყო ჩემი შეჩვენების მთელი სისრულე, - და კი არ დავტიროდი ჩემს შეცდომებს, არამედ თავიც კი მომქონდა ცოდნით. სად იყო ის სიყვარული, სიმდაბლის საძირკველს რომ ეფუძნება [125], ესე იგი, იესო ქრისტეს? [216] მასწავლეს კია ეს სიყვარული ჩემს მიერ წაკითხულმა წიგნებმა? მე მწამს, რომ სწორედ შენ ინებე, უმალ ისინი ჩამვარდნოდნენ ხელში, ვიდრე შენს წმინდა წერილს გავეცნობოდი, რათა ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილიყო მათგან მიღებული შთაბეჭდილება, ხოლო შემდეგ, როცა შენი წმინდა წიგნები მოინადირებდნენ ჩემს გულს და შენი მოწყალე თითებით განკურნავდი ჩემს წყლულებს, თვალნათლივ დამენახა, რა დიდი ზღვარი ძევს თვითგანდიდებასა და თვინიერებას შორის, ან რა განასხვავებს ერთმანეთისაგან იმას, ვინც ხედავს ჭეშმარიტ გზას და მის ვემხედველს; გზას, რომელსაც ჩვენს კურთხეულ სამშობლოში მივყავართ, რათა არა მარტო ვიცილოთ, დავიმკვიდროთ კიდევაც იგი.

ჩემს აღზრდას იმთავითვე შენი საღმრთო წერილი რომ სდებოდა საფუძვლად, იმთავითვე რომ შემეტკბე მისი მეშვეობით, და მხოლოდ შემდეგ გადავყროდი პლატონიკოსთა თხზულებებს, იქნებ მათ კიდეც შეერყიათ ჩემი ღვთისმოსაობის მყარი საფუძველი, ანდა, თუ შევძლებდი შემენარჩუნებინა სულის ის ნათელი განწყობილება, რომლის კეთილისმყოფელ გავლენასაც მთელი ჩემი არსება მოეცვა, ვინ იცის, იქნებ ისიც მეფიქრა, რომ ამ წიგნებს შეიძლებოდა არანაკლები სარგებლობა მოეტანა ჩემთვის, მათ გარდა არაფერიც რომ არ გვესწავლა [127].

_________________________________

[123] - რომ. I, 20.

[124] - ტიტ. I, 4.

[125] - შდრ. I კორ. VIII, 1.

[126] - შდრ. I კორ. III, 11.

[127] - „ავგუსტინე ასახელებს ორ საფრთხეს, რომელიც ემუქრებოდა, მარტოოდენ ნეოპლატონიკოსთა თხზულებების კითხვით რომ შემოფარგლულიყო: 1) შეიძლებოდა განდგომოდა ქრისტიანულ სარწმუნოებას; 2) ერწმუნა, რომ ფილოსოფიას შეეძლო იგივე მიეცა სულისათვის, რასაც მას საღმრთო წერილი აძლევს“. - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ.246.

 

XXI

27. ამრიგად, მე ხარბად დავეწაფე ამ სათაყვანებელ წიგნებს, რომლებიც შენი სულითაა ნაკარნახევი, უწინარეს ყოვლისა კი - პავლე მოციქულის ეპისტოლეებს. და გაქრა ყველა გაუგებრობა [128], რაც მაცბუნებდა მათი კითხვისას, როცა მეგონა, თითქოს მოციქული თავის თავს ეწინააღმდეგებოდა და არც სჯულსა და წინასწარმეტყველთ ეთანხმებოდა თავისი ქადაგებით: ჩემთვის ნათელი შეიქნა ამ წმიდა გამონათქვამთა ერთობა და ისიც ვისწავლე, თუ როგორ უნდა „ვმსახურებდეთ უფალს შიშით და ვუგალობდეთ ძრწოლით“ [129]. მე დავიწყე კითხვა და დავრწმუნდი, რომ ყოველივე ჭეშმარიტი, რაც ფილოსოფოსთა წიგნებში ამომეკითხა, შენს წმინდა წერილშიცაა ნათქვამი შენივე მადლის მეოხებით [130], რათა არავინ იქადოდეს, თითქოს შენგან არ მიეღოს არა მარტო ის, რასაც ხედავს, არამედ თვით ხედვის უნარიც (თუმცა რა აქვს კაცს ისეთი, რაც შენგან არ მიუღია?) [131] და შეიგნოს, რომ არა მარტო გიხილავს შენ, რომელიც მარად ერთი და იგივე ხარ, არამედ კიდეც განიკურნება, რათა შენგან განუყრელი იყოს. ხოლო ვისაც შორიდან შენი ხილვა არ შეუძლია, დაე, ისიც შენსკენ მომავალ გზას დაადგეს, რათა მოგეახლოს, გიხილოს და სამუდამოდ შენთან დარჩეს. რადგან თუ ვინმე „შინაგანი კაცისამებრ, მხოლოდ ღმრთის სჯულით ტკბება“ [132], მაშინ რაღას უზამს სხვა სჯულს, „რომელიც ეურჩება მისი გონების სჯულს, და იმ ცოდვილი სჯულის ტყვედ აქცევს, რომელიც არის მის ასოებში“ [133]. რადგან „მართალი ხარ“ [134], უფალო, ჩვენ კი „ვცოდეთ და უსამართლობას ვიქმოდით“ [135], უკეთური იყო ჩვენი გზა და „დამძიმდა შენი ხელი ჩვენზე“ [136]; სამართლიანად ჩაგვყარე ძველი ცოდვილის, სიკვდილის მთავრის [137] ხელში, რადგანაც მან დაარწმუნა ჩვენი ნება მის ნებას დამსგავსებოდა, რომელიც „ვერ დამკვიდრდა ჭეშმარიტებაში“ [138]. რა უნდა ქნას „ბედკრულმა კაცმა? ვინ დაიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან“ [139], თუ არა შენი მადლი, იესო ქრისტეს, უფლის ჩვენის მეოხებით, რომელიც დაჰბადე „უწინარეს ყოველი საუკუნისა“ და „შენი ყოველი გზის დასაბამიდან“? [140] და რომელშიაც „ამა ქვეყნის მთავარმა“ [141] ვერა ჰპოვა რა სიკვდილის ღირსი [142], თუმცაღა მაინც მოაკვდინა იგი; და, ამრიგად, „წარხოცა ჩვენს გამო შეთხზული ხელწერილი, რომელიც იყო ჩვენს წინააღმდეგ“ [143].

აი, ეს არ იყო ფილოსოფოსთა წიგნებში; ვერსად ნახავდით მათ ფურცლებზე ამ ღვთისმოსაობის სახეს, ცრემლებს აღსარებისას, „შენდამი შემოწირულ მსხვერპლს - სულს შემუსვრილს, გულს შემუსვრილს და დამდაბლებულს“ [144]. ერთი სიტყვითაც არ იყო ნახსენები ხალხის ხსნა, არც „ქალაქი სასძლოსავით შემკული“ [145], არც „წინდი სული წმიდისა“ [146], არც ჩვენი გამომხსნელი და გამომსყიდველი სასმისი. არავინ უგალობს იქ უფალს: „მხოლოდ ღვთისადმია მდუმარება ჩემი სულისა, მხოლოდ მისგანაა ჩემი ხსნა, რადგანაც იგია ჩემი ღმერთი და მაცხოვარი, საყრდენი ჩემი: აღარ შევირყევი ამიერიდან“ [147]. არავინ უსმენს იქ მხმობელს: „მოდით ჩემთან მაშვრალნი და ტვირთმძიმენი“ [148]. ისინი ზიზღით აქცევენ ზურგს მის სწავლას, ვინც „მშვიდია და გულით მდაბალი“ [149], რადგანაც „ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს“ [150].

ერთია - ტყით დაბურული მთის თხემიდან ხედავდე მშვიდობის სამკვიდრებელს, მაგრამ ვერ პოულობდე მისკენ მიმავალ გზას და ამაოდ ცდილობდე, უგზო-უკვლოდ მოხეტიალე, თავი დააღწიო ათასნაირ საფრთხეს თუ მახეს, ლტოლვილ მოღალატეებს რომ დაუგიათ ლომისა და დრაკონის წინამძღოლობით [151]; და სულ სხვაა - მისკენ მიმავალ გზას ადგე, ზეციური მთავრის ზრუნვითა და მფარველობი გარემოსილი; იქ, სადაც არ ავაზაკობენ ზეციური მხედრობის მოღალატენი; რომელნიც ისე გაურბიან ამ ციურ ლაშქარს, როგორც საშინელ ტანჯვა-წამებას.

ეს აზრები სასწაულებრივად იდგამდნენ ფესვს ჩემში, როცა ვკითხულობდი „უმცირესს შენს მოციქულთა შორის“ [152]; შენს ნამოქმედარს ვჭვრეტთი და შევძრწუნდი.

_________________________________

[128] - „პავლე მოციქულის გავლენის შესახებ ჰარნაკი წერდა: „მარკიოსი მოციქულთა სწორ მამათა შემდეგ; ირინეოსი, კლიმენტი და ორიგენე აპოლოგეტთა შემდეგ; ავგუსტინე ბერძენ მამათა შემდეგ; შუა საუკუნეების დიდი რეფორმატორები შუასაუკუნეობრივი ეკლესიის წიაღში აგობარდიდან ვესელამდე; ლუთერი სქოლასტიკოსთა შემდეგ; იანხენიზმი ტრიდენტის საეკლესიო კრების შემდეგ - ყველა მათგანში მოქმედებდა და რეფორმაციისკენ წარმართავდა პავლე“ („დოგმატთა ისტორია“, I, 136). - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ.246.

[129] - ფსალმ. 2, 11.

[130] - პასკალი (ზოგჯერ) უფრო რადიკალი იყო: „იმას, რისი შეცნობაც მხოლოდ ყველაზე დიდმა ხალხმა - მეცნიერების ყველა უშრეტმა ლამპარმა შესძლო, ჩვენი სარწმუნოება თავის ბავშვებს ასწავლის“ (ბლეზ პასკალი, აზრები, თბ. 1981, გვ.291).

[131] - შდრ. I კორ. IV, 7.

[132] - რომ. VII, 22.

[133] - რომ. VII, 23.

[134] - დას. III, 27.

[135] - დას. III, 29.

[136] - ფსალმ. 31,4.

[137] - იგულისხმება ეშმაკი. ებრ. II, 14.

[138] - იოანე, VIII, 44.

[139] - რომ. VII, 44.

[140] - იგავნი სოლომ. VIII, 22.

[141] - იოანე, XIV, 30.

[142] - იხ. ლუკა, XXIII, 4; 14-15.

[143] - კოლ. II, 14.

[144] - ფსალმ. 50, 19.

[145] - აპოკ. XXI, 2.

[146] - II კორ. V, 5.

[147] - ფსალმ. 61, 2-3.

[148] - მათე, XI, 28.

[149] - მათე, XI, 29.

[150] - მათე, XI, 25.

[151] - იხ. ფსალმ. 90, 13.

[152] - I კორ. XV, 9.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ