† ნეტარი ავგუსტინე

აღსარებანი

წიგნი I წიგნი II წიგნი III წიგნი IV წიგნი V წიგნი VI წიგნი VII
წიგნი VIII წიგნი IX წიგნი X წიგნი XI წიგნი XII წიგნი XIII  

 

წიგნი მეექვსე

I

1. ო, ჩემი სიჭაბუკის სასოებავ [1], სად იყავი და სად წახვედი? განა შენ არ შემქმენი, შენვე არ განმასხვავე ოთხფეხთაგან და ცის ფრინველებზე მეტი გონიერებაც არ მიბოძე? მე კი წყვდიადში დავბორიალობდი მოლიპული გზით [2], და ვერ ვპოულობდი ჩემი გულის ღმერთს [3]; ასე მივაღწიე „ზღვის უფსკრულს“ [4]; რწმენადაკარგულს აღარ მქონდა იმის იმედი, რომ ოდესმე ვეზიარებოდი ჭეშმარიტებას.

მედიოლანუმს ჩამოვიდა დედაჩემი [5], ვისი რწმენაც ურყევი იყო. ათასნაირ საფრთხესა და განსაცდელში შენს მოწყალებას მონდობილი კვალდაკვალ მომყვა ხმელსა და ზღვაზე. როცა ტალღები წალეკვას უქადდნენ ხომალდს, თვითონვე ანუგეშებდა ზღვაოსნებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, იქით ამხნევებენ და აიმედებენ გამოუცდელ მგზავრებს, როცა მათ შიში აიტანს ხოლმე. დედაჩემი კი ზღვაოსნებს ანუგეშებდა, ნუ გეშინიათ, საღსალამათნი მიაღწევთ ნავსადგურსაო, რადგანაც უცნაური ხილვის მხილველს სწორედ შენ აღუთქვი ეს.

მისი ჩამოსვლისას საშინელი განსაცდელი მემუქრებოდა: იმედი აღარა მქონდა, რომ ჭეშმარიტებას მივაკვლევდი. როცა გაიგო, რომ მანიქეველი აღარ ვიყავი, თუმცა არც მართლმორწმუნე ქრისტიანი მეთქმოდა, სიხარულს არ აუტაცნია, თითქოს ამას არც მოელოდაო. თუმცა ჩემი უბედურების შემყურე შეიძლებოდა ერთის მხრივ მაინც მშვიდად ყოფილიყო: რადგანაც გამუდმებით დამტიროდა, როგორც მკვდარს, მაგრამ როგორც იმნაირ მკვდარს, რომელიც შენ უნდა აღგედგინა; მის წარმოსახვაში მე ვგავდი ქვრივის იმ უსულოდ მდებარე ვაჟს, რომელსაც შენ უთხარი: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!“ [6] ისიც გაცოცხლდა, „ალაპარაკდა და მიეც იგი დედამისს“ [7]. ამიტომაც არ აჩქროლებულა მისი გული უჩვეულო სიხარულით, როცა შეიტყო, რომ ნაწილობრივ მაინც აღსრულდა ის, რასაც დღემუდამ ცრემლების ფრქვევით გევედრებოდა; მართალია, ჭეშმარიტებას ჯერ კიდევ ვერ მივაკვლიე, მაგრამ სიცრუეს ხომ დავაღწიე თავი. დარწმუნებული იყო, რაკიღა აღუთქვი, რომ მთლიანად აუსრულებდი თხოვნას, - ბოლომდე მიიყვანდი დაწყებულ საქმეს; ამიტომაც ძალიან მშვიდად და რწმენით აღსავსე გულით გამანდო, ვიდრე ამ ქვეყნიდან გავალ, ჭეშმარიტ ქრისტიანად გიხილავ, ქრისტეა ამის თავმდებიო.

მხოლოდ ეს მითხრა; შენს მიმართ კი, გულმოწყალების უშრეტო წყაროვ, უფრო უხშირა ლოცვას და ცრემლების ფრქვევით გევედრებოდა, რაც შეიძლება სწრაფად მომშველებოდი და „სინათლედ გექცია ჩემი წყვდიადი“ [8]. უფრო გულმოდგინედ დაიარებოდა ეკლესიაში და სულგანაბული უსმენდა ამბროსის, „საუკუნო სიცოცხლისაკენ მიმდინარე წლის წყაროს“ [9], რადგანაც უყვარდა ეს კაცი, როგორც „ანგელოსი ღვთისა“ [10], რაკიღა გაიგო, რომ სწორედ მან აღმიძრა ეჭვი და იქამდე მიმივყანა, სადაც მე ვიყავი ამჟამად. ამიტომ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ სნეულებისაგან განვიკურნებოდი და ამდენ განსაცდელგამოვლილი გავუძლებდი ამ საშინელ გამოცდასაც, ექიმები კრიზისს რომ ეძახიან.

_________________________________

[1] - შდრ. ფსალმ. 70, 5.

[2] - შდრ. ფსალმ. 34, 6.

[3] - შდრ. ფსალმ. 72, 26.

[4] - ფსალმ. 67, 23.

[5] - მონიკა მილანში (მედიოლანუმში) ჩავიდა 385 წლის გაზაფხულზე.

[6] - ლუკა, VII, 12.

[7] - ლუკა, VII, 15.

[8] - ფსალმ. 17, 29.

[9] - იოანე IV, 14.

[10] - გალ. IV, 14.

 

II

2. ერთხელ, აფრიკელთა ჩვეულებრისამებრ, დედაჩემმა წმიდანთა სასაფლაოზე ფაფა, პური და ზედაშე მიიტანა [11], კარისკაცმა კი არ მიიღო მისი ძღვენი. როცა გაიგო, ეს ეპისკოპოსმა აკრძალაო, ისე თვინიერად დაემორჩილა მის განკარგულებას, რომ მე თვითონ გამიკვირდა, რა ადვილად უარყო თავისი ძველი ჩვეულება, აკრძალვის თაობაზე კი კრინტიც არ დაუძრავს. მეტისმეტობა არაფერში სჩვეოდა და ღვინის სიყვარული ჭეშმარიტებას ვერ შეაძულებდა, ბევრი სხვა ქალისა თუ კაცის მსგავსად, რომლებსაც ფხიზელთა საგალობლები ისევე ურევენ გულს, როგორც ლოთებს - წყლის დანახვა. როცა კალათით მიჰქონდა ხოლმე საკურთხი, რომლისთვისაც ჯერ თვითონ უნდა გაესინჯა გემო, შემდეგ კი უპოვართათვის ჩამოერიგებინა, თავისთვის მხოლოდ პატარა თასით იტოვებდა ღვინოს, და ისიც - წყლით გაზავებულს, როგორ კარნახობდა მისი ზომიერება. ორიოდე ყლუპს თუ მოწრუპავდა, რათა კუთვნილი მიეგო ჩვეულებისათვის. ხოლო როცა მრავალი მიცვალებულის სული უნდა მოეხსენიებინა, იმავე თასით ჩამოუვლიდა მათ საფლავებს და წვეთ-წვეთობით უნაწილებდა სასაფლაოზე მყოფთ არა მარტო წყლით გაზავებულ, არამედ შემთბარ ღვინოსაც, და ასე ასრულებდა დადგენილ წესს, რადგანაც ღვთისმოსაობას ემსახურებოდა და არა საკუთარ სიამოვნებას.

ამრიგად, როცა გაიგო, რომ ამ დიდებულ მოქადაგესა და ღვთისმოსაობის ბურჯს [12] აეკრძალა ეს ჩვეულება, თვით იმათთვისაც კი, ვინც განუხრელად იცავდა ზომიერებას, რათა ლოთებს იმისი საშუალება არ მისცემოდათ, რომ გამტყვრალიყვნენ, რის შედეგადაც ეს ქრისტიანული დღესასწაული წარმართულ ღრეობას [13] ემგვანებოდა - დედაჩემმა უყოყმანოდ უარყო იგი; სულ მალე მიეჩვია იმას, რომ მიწის ნაყოფით სავსე კალაი კი არ მიეტანა მოწამეთა საფლავზე, არამედ წმიდა აღთქმებით აღსავსე გული, და შეძლებისდაგვარად გაეკითხა გლახაკნი; ასე ხდებოდა ზიარება უფლის სხეულთან, რადგანაც მარტვილნი ქრისტეს ვნებების მიბაძვით ემსხვერპლნენ რწმენას და მოწამობრივი გვირგვინი დაიდგეს თავზე [14].

მაგრამ მე მგონია, უფალო ღმერთო ჩემო, - და სწორედ ამას მოწმობს შენს წინაშე ჩემი გული, - რომ დედაჩემი ასე ადვილად არ აიღებდა ხელს ამ ჩვეულებაზე, ის რომ სხვა ვინმეს აეკრძალა, ვინც უფრო ნაკლებ ეყვარებოდა, ვიდრე ამბროსი, რომელიც თავს ერჩია, რადგანაც სწორედ ის მიაჩნდა ჩემს მხსნელად. თავის მხრივ, ამბროსისაც უყვარდა დედაჩემი მისი ღვთისმოსაობისა და „სულის მდუღარების“ [15] გამო, რითაც აღბეჭდილი იყო მისი კეთილი საქმეები და გამუდმებული ლოცვები, დღენიადაგ რომ აღავლენდა ეკლესიაში. ვინ მოსთვლის, ჩემთან შეხვედრისას რამდენჯერ უქია იგი; მილოცავდა და მეუბნებოდა, შენნაირ დედას ბევრი ვერ დაიკვეხნისო. რა იცოდა, რანაირი შვილი ვყავდი დედაჩემს; შვილი, რომელსაც ყველაფერი აეჭვებდა, რადგანაც მიაჩნდა, რომ შეუძლებელი იყო ეპოვა „სიცოცხლის გზა“ [16].

_________________________________

[11] - ეს იყო აფრიკაში, და არა მარტო აფრიკაში ფართოდ გავრცელებული ჩვეულება (რასაც ზოგიერთი მკვლევარი წარმართობის გადმონაშთად თვლის): სასაფლაოებზე მიცვალებულთა სულის მოსახსენებლად მიჰქონდათ პურ-მარილი, რაც თავაწყვეტილ ღრეობად იქცეოდა ხოლმე. „ავგუსტინემ, რომელმაც პირადი გამოცდილებით იცოდა, რომ ეს ჩვეულება, ეკლესიის გავლენით, უკვე ქრებოდა იტალიაში, მღვდლად კურთხევისთანავე გადაწყვიტა დაუნდობლად ებრძოლა მის წინააღმდეგ. მაგრამ გრძნობდა, რომ მხარდაჭერა სჭირდებოდა და ჯერ კიდევ 392 წელს ამ საქმის გამო წერილობით მიმართა აფრიკელ ღვთისმსახურთა წინამძღვარს ავრელიუს კართაგენელს, რომელსაც სთხოვდა „განეკურნა ეკლესია ურიცხვი წყლულისა თუ სნეულებისაგან, რომლითაც მრავალნი ხდებიან ავად, მაგრამ რომელსაც ცოტანი თუ დასტირიან“... „ლოთობა და ღორმუცელობა - წერდა იგი, - ამ შემთხვევაში იმდენად დასაშვებადაა მიჩნეული, რომ ასეთნაირად მიაგებენ პატივს წმიდა მოწამეთა ხსოვნას არა მარტო დღესასწაულებზე, არამედ სადაგ დღეებშიც“... (იხ. ვ.გერიე, დასახ. ნაშრ. გვ. 206-207; ამ მავნე ჩვეულების წინააღმდეგ ნეტარი ავგუსტინეს ბრძოლის ცალკეული პერიპეტიების შესახებ იხ. იქვე, გვ.207-210).

[12] - იგულისხმება ამბროსი მედიოლანელი.

[13] - დედანში: „parentalia“ - მშობლების სულის მოსახსენიებელი სამგლოვიარო დღესასწაული (იხ. ოვიდიუსი, „ფასტები“, II, 533 და შმდ.), რომელიც 13 თებერვალს იწყებოდა და მთელი ერთი კვირა გრძელდებოდა.

[14] - ეკლესიის მიერ დადგენილი იყო წმიდა მოწამეთა ხსოვნის დღეს აღესრულებინათ ლიტურგია და ეზიარებინათ მორწმუნენი სწორედ იმ სასაფლაოზე, სადაც განისვენებდა ამ მოწამეთა ნეშტი.

[15] - რომ. XII, 11.

[16] - ფსალმ. 15, 11; იგავნი სოლომ. VI, 23; მოციქ. საქმენი II, 28.

 

III

3. მე ჯერ კიდევ არ ვდრტვინავდი ლოცვისას, და არ გევედრებოდი, შემეწიე-მეთქი, მაგრამ მშფოთვარე სულითა და მოუსვენარი განსჯით გეძებდი. თვით ამბროსი, საერო თვალსაზრისით, ბედნიერ კაცად მიმაჩნდა, იმ პატივის გამო, რასაც მას მიაგებდნენ ძლიერნი ამა სოფლისანი; ძნელი ასატანი მეჩვენებოდა მხოლოდ მისი ცელიბატობა [17]. მაგრამ რანაირ იმედებს შეჰხაროდა, როგორ ებრძოდა თვით მისი სიდიადისაგან განუყრელ საცთურს, რითი ინუგეშებდა თავს უბედობაში, ან რა სიტკბოებას განიცდიდა მისი გული, როცა იდუმალ ცოხნიდა [18] შენს პურს, ამას კი ვეღარ ვხვდებოდი ჩემი გამოუცდელობის გამო.

მან კი არ იცოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა ჩემს გულში და ვერც იმ უფსკრულს ხედავდა, რომელშიაც შეიძლებოდა თავდაყირა გადავშვებულიყავი. არ შემეძლო მისთვის მეკითხა, რაც მსურდა და როგორცა მსურდა, რადგანაც ჩვენს შორის ყოველთვის იდგა მთხოვნელთა ბრბო, რომელთაც იგი გასაჭირში შველოდა, ხოლო როცა მთხოვნელები არ აწუხებდნენ, დროის ამ მოკლე მონაკვეთს იმითვის იყენებდა, რომ აუცილებელი საზრდოთი აღედგინა ხორციელი ძალა, სულიერი კი - კითხვით.

კითხვისას მისი მზერა სწრაფად დასრიალებდა წიგნის ფურცლებზე, სული ცდილობდა ჩასწვდომოდა წაკითხულის აზრს, ენა კი დუმდა. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ შევსულვარ მასთან (ხოლო შესვლა ყველას შეეძლო: ჩვევად არ ჰქონდა მოეხსენებინათ, ესა და ეს გეახლათო) და ყოველთვის წიგნში თავჩარგული მხვდებოდა. ერთხანს უხმოდ ვიჯექი (ვინ გაბედავდა მყუდროება დაერღვია ესოდენ ღრმა ფიქრში დანთქმულისათვის?), შემდეგ კი ფეხაკრებით გამოვდიოდი, რადგანაც ვხვდებოდი, რომ არ უნდოდა სხვა საქმისათვის შეეწირა ის ორიოდე წამი, რომელსაც რის ვაივაგლახით მოიხელთებდა ხოლმე, რათა მთხოვნელთა ფუსფუსსა და ყურთასმენის წამღებ გნიასს გასცლოდა. იქნებ იმიტომაც, კითხულობდა ჩუმად [19], რომ ეშინოდა, მისი სმენით მოხიბლულ რომელიმე მსმენელს ამა თუ იმ ბუნდოვანი ადგილის განმარტება, ან ზოგიერთი საჭოჭმანო საკითხის გარჩევა არ ეთხოვა, და, ამრიგად, უფრო ნაკლები დრო არ დარჩენოდა საკითხავად, ვიდრე თვითონა სურდა. ეგეც არ იყოს, ხმამაღლა კითხვას იმიტომაც არიდებდა თავს, რომ ხმას უფრთხილდებოდა, რომელიც ხშირად ეხრინწებოდა. ასე თუ ისე, ერთი რამ მაინც შეიძლება დაბეჯითებით ითქვას: მისი განზრახვა ყოველთვის სასიკეთო იყო.

4. მე, რა თქმა უნდა, არ მომეცა იმის საშუალება, რომ დაწვრილებით გამომეკითხა მისთვის, რაც მსურდა, რათა გამეგო, რას ფიქრობდა ამის თაობაზე ის თავის გულში, ამ შენს წმინდა სამისნოში. მხოლოდ მცირე ხნით თუ შეეძლო ყურადღება დაეთმო ჩემთვის. ჩემი მღელვარების დაცხრომას ხანგრძლივი საუბარი სჭირდებოდა მოცლილობის ჟამს, ამბროსი კი არასოდეს არ იყო მოცლილი. ყოველ კვირა ხალხში ჩამდგარი ვუსმენდი მას, „ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნოდ მქადაგებელს“ [20], და სულ უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ შეიძლებოდა გაგვეხსნა ცილისწამების ყველა ხლართი, მაცთურთა მზაკვრულ ჩანაფიქრს რომ ჩაეხლართა საღმრთო წერილის წინააღმდეგ.

როდესაც მივხვდი, რომ შენი სულიერი ძენი, შენივე მადლით ხელახლა შობილნი კათოლიკე ეკლესიის წიაღში, „ადამიანის შექმნას შენს ხატად“ [21] იმ აზრით როდი აღიქვამდნენ, თითქოს ადამიანური სხეულის ფორმით მოგეზღუდოს თავი (თუმცა მაშინ არავითარი, თვით ზერელე და ზედაპირული წარმოდგენაც კი არ მქონდა სულიერი სუბსტანციაზე [22]), - სირცხვილით დავიწვი და, იმავდროულად, ცას ვეწიე სიხარულით, რადგანაც ჩემთვის ცხადი შეიქნა, რომ ამდენი წლის მანძილზე თურმე კათოლიკე სარწმუნოებას კი არ ვუყეფდი [23], არამედ ხორციელი წარმოსახვით შექმნილ აჩრდილებს. მე თავხედი და მკრეხელი ვგმობდი და ბრალს ვდებდი იმას, რაც უნდა მეკვლია და მესწავლა.

შენთვის კი, ყველაზე შორეულო და ყველაზე ახლობელო, უიდუმალესო და უცხადესო, ვისი არცერთი ასო არ არის მეორეზე უფრო დიდი, ვინც ყველგანა ხარ მთლიანად, - რა თქმა უნდა, უცხოა ყოველგვარი სხეულებრივი ფორმა, და მაინც, „შენს ხატად შეჰქმენი ადამიანი“ [24], რომელიც თხემით ტერფამდე გარემოცულია სივრცით.

_________________________________

[17] - უქორწინებლობა, უცოლობა.

[18] - დედანში ზუსტად ასეა: „ruminaret“. იმ ხალხს, ვინც გამუდმებით ჩაჰკირკიტებდა საღმრთო წერილს და ხშირ-ხშირად უბრუნდებოდა ერთსა და იმავე პასაჟს, ნეტარი ავგუსტინე მცოხნავ ცხოველებს ადარებდა.

[19] - ჩუმად კითხვა, ცოტა არ იყოს, უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რადგანაც ძველი რომაელები, ჩვეულებრივ, ხმამაღლა კითხულობდნენ.

[20] - II ტიმ. II, 15.

[21] - დაბად. IX, 6.

[22] - ამ მცდარი წარმოდგენის სათავე მანიქეველთა მოძღვრება იყო. იხ. მეხუთე წიგნის შენ. 62.

[23] - დედანში ზუსტად ასეა: „latrasse“.

[24] - დაბად. I, 27.

 

IV

5. რაკიღა არ ვიცოდი, რანაირად შეიძლებოდა ადამიანი შენი ხატება ყოფილიყო, კარზე უნდა მეკაკუნებინა და გამომეკითხა, რა უნდა გვეფიქრა ამის თაობაზე, ნაცვლად იმისა, რომ თავხედურად მემტკიცებინა, თითქოს სწორედ ის სწამდათ, რასაც გადაჭრით უპირისპირდებოდა ჩემი რწმენა. მძაფრი სურვილი, როგორმე მომეხელთებინა რაღაც სარწმუნო, მით უფრო გაშმაგებით მიღრღნიდა სულს, რაც უფრო მეტად მრცხვენოდა იმისა, რომ ამდენხანს მაბიაბრუებდნენ და სარწმუნო ცოდნის მაცთური აღთქმით მიყოლიებდნენ, მე კი ბავშვური ნდობითა და მიამიტობით ვცდილობდი სარწმუნოდ მიმეჩნია ამდენი არასარწმუნო რამ. მხოლოდ უფრო გვიან მივხვდი, რაოდენ ყალბი იყო ყოველივე ეს. თუმცა ჩემთვის უკვე აშკარა იყო, რომ არასარწმუნო გახლდათ ის, რაც უწინ სარწმუნოდ მიმაჩნდა, როცა უმეცრებით თვალდავსილი ვუტევდი კათოლიკე სარწმუნოებას და ბრალს ვდებდი მას: მართალია, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ჭეშმარიტებას გვასწავლიდა თუარა, მაგრამ უკვე ვხედავდი, რომ იმას როდი გვიქადაგებდა, რისთვისაც ასე განუსჯელად ვადანაშაულებდი. ამრიგად, მე, შემცბარი და მოსქცევად გამზადებული, ვხარობდი, ღმერთო ჩემო, რომ ერთიანი ეკლესია, შენი მხოლოდშობილი ძის სხეული [25], რომლის წიაღშიაც სიყრმიდანვე მეუწყა ქრისტეს სახელი, ბავშვური თამაშით როდი იქცევდა თავს და, თავისი ჭეშმარიტი მოძღვრების თანახმად, არც სივრცით, თუნდაც უკიდეგანო სივრცით გზღუდავდა ყოვლის შემოქმედს, სივრცით რომელიც ყოველი მხრიდან მაინც ადამიანური სხეულის ფორმით იყო ზღვარდებული.

6. ისიც მიხაროდა, რომ სხვა თვალით უნდა წამეკითხა ძველი აღთქმა და წინასწარმეტყველნი, რომელნიც უწინ ესოდენ უაზრონი მეჩვენებოდნენ [26]. ამიტომაც იყო, რომ ევედრებით ვავსებდი შენს წმიდანთ, იმ აზრების გამო, რაც სინამდვილეში კი არ გამოუთქვამთ, არამედ მხოლოდ მე მივაწერდი მათ. სიამოვნებით ვუსმენდი ამბროსის, თავისი ქადაგებებით ხშირად რომ უმეორებდა და დაბეჯითებით ურჩევდა ხლხს: „ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებსო“ [27]. როცა იდუმალების საბურველს ხსნიდა და სპირიტუალური აზრით განმარტავდა იმ ადგილებს, რომელნიც, სიტყვა-სიტყვით გაგებულნი, გარყვნილების ნიმუშად მეჩვენებოდეს, მისი სიტყვები არავითარ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ ჩემს სულს, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რამდენად მართებულნი იყვნენ ისინი. ნებას არ ვრთავდი ჩემს გულს, თანხმობა განმეცხადებინა რისთვისაც გნებავთ, რადგანაც უფსკრულში დანთქმისა მეშინოდა; მაგრამ ეს ორჭოფობა კიდევ უფრო მიწამლავდა ყოფას და ბოლოს მიღებდა. მინდოდა ისევე ურყევად მერწმუნა ყოველივე უხილავი, როგორც მჯეროდა, რომ შვიდი და სამი ათია. არც ისე დამთხვეული ვიყავი, რომ მეფიქრა, თითქოს ეს მტკიცება საკმაოდ ცხადი არ იყო, მაგრამ მინდოდა ასევე უეჭველი ყოფილიყო ჩემთვის ყველაფერი, სულერთია, იქნებოდა ეს რაღაც სხეულებრივი, მაგრამ ჩემი გრძნობებისგან დაშორებული, თუ სულიერი, რომლის წარმოდგენაც არასდიდებით არ შემეძლო სხეულებრივი გარსის გარეშე [28].

მხოლოდ რწმენას შეეძლო ჩემი განკურნება, მხოლოდ რწმენას შეეძლო გაეწმინდა და შენი უცვლელი და წარუვალი ჭეშმარიტების მიმართ მიექცია ჩემი გონების თვალი [29]. მაგრამ, მოგეხსენებათ, უხეირო მკურნალის ხელში გამოვლილი და დაშინებული ავადმყოფი იმასაც კი ვერ ბედავს, რომ ნამდვილ ექიმს მიანდოს თავისი ბედი [30]; ასევე კრთოდა ჩემი სნეული სულიც, რომელსაც მხოლოდ რწმენა თუ განკურნავდა, ის კი თავს არიდებდა მკურნალობას, რადგანაც ეშინოდა, ვაითუ კვლავაც სიცრუის მსხვერპლი გავხდეო. ის ეურჩებოდა შენს მოწყალე ხელს, რწმენის წამალი რომ გაემზადებინა მისთვის, წამალი, როემლიც უწყალობე ამ ქვეყნის ყველა სნეულს, რათა შენი სასწაულთმოქმედი ძალით განგემტკიცებინა ისინი.

_________________________________

[25] - შდრ. კოლ. I, 18; 24.

[26] - ამასაც მანიქეველთა გავლენა განაპირობებდა. იხ. მესამე წიგნის შენ. 25.

[27] - II კორ. III, 6.

[28] - „ნეტარი ავგუსტინეს თვალში მათემატიკა ცოდნის ნიმუშად და იდეალად გვევლინება. მისი აზრით, ჭეშმარიტად შეცნობილი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც ისეთივე ეჭვშეუვალი სიცხადით წარმოუდგება გონებას, რანაირი სიცხადეც ახასიათებს მტკიცებას, რომლის თანახმადაც ერთის, ორის, სამისა და ოთხის ჯამი ათია („მონოლ.“, I, 9). „ჩვენ რომ შეგვეძლოს ისევე ცხადად შევიცნოთ ღმერთი, როგორც გეომეტრიული ხაზისა თუ სფეროს თვისებებს შევიცნობთ, უკეთესს ვერას ვინატრებდით“ („აკად. წინააღმდეგ“, 2, 9). - პროფ. ი.ვ.პოპოვი, დასახ. ნაშრ. ნაწ. II, გვ.445.

[29] - ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით, რწმენა არის ამა თუ იმ აზრის აღიარება თანაგრძნობით ანდა თანხმობით („სახელმძღვ.“ 9). რწმენასა და ცოდნას შორის ის განსხვავებაა, რომ ეს უკანასკნელი მყარ რაციონალურ საფუძველს ემყარება, რწმენას კი ამნაირი საფუძველი არ გააჩნია. ცოდნას ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ გონებას, რწმენას კი - ავტორიტეტს. რწმენა, რომელიც ჭეშმარიტებად აღიარებს ამა თუ იმ დებულებას, მაგრამ გრძნობს, რომ საამისოდ მყარო რაციონალური საფუძველი არ გააჩნია, თავის თავში შეიცავს მომავალი განვითარების ტენდენციას, რადგანაც იმას მიელტვის, რომ ცოდნად იქცეს. ამ თვალსაზრისით, ცოდნა მიზანია, რწმენა კი მისი მიღწევის საშუალება. რაკი მიზანი საშუალებაზე უზენაესია, ხოლო საშუალება წინ უსწრებს მიზნის მიღწევას, ამიტომ ღირებულების მიხედვით პირველობა ცოდნას ეკუთვნის, დროის მიხედვით კი - რწმენას („ჭეშმარიტი რწმენისათვის“, 45). მაგრამ რწმენა შეიძლება ნაჩქარევი იყოს, დაუსაბუთებელი და ამიტომ - მცდარიც. მაშასადამე, გონება, გარკვეული აზრით, რწმენაზე უწინარესია, რადგანაც შეაგონებს მას, რაოდენ აუცილებელია ყველა პიროების გულდასმით აწონ-დაწონა და რწმენის საფუძველთა კვლევა. ასე რომ, ერთის მხრივ, რწმენაა გონებაზე უწინარესი, მეორეს მხრივ კი გონება წინ უსწრებს რწმენას. არის ზოგი რამ, რასაც ვერ ირწმუნებ, თუკი არ გესმის, და პირიქით, რასაც ვერ გაიგებ, თუკი თავდაპირველად არ ირწმუნე. ნეტარი ავგუსტინეს დევიზია: Credo ut intelligam (მწამს, რათა მესმოდეს) და intelligo ut credam (მესმის, რათა მწამდეს). „თუ ვერ გაიგე, ირწმუნე, რადგანაც გაგება რწმენის ჯილდოა“ („იოანეს სახარებისათვის“, 29, 6). - დაწვრილებით იხ. პროფ. ი.ვ.პოპოვის დასახ. ნაშრ. ნაწ. II, გვ.470-484.

[30] - „უხეირო მკურნალიო“, რომ ამბობს, ნეტარი ავგუსტინე მანიქეველთა ერეტიკულ სექტას გულისხმობს.

 

V

7. და მაინც, ამ დროიდან მოყოლებული, მე უკვე ვამჯობინებდი კათოლიკე მოძღვრებას, რადგანაც მივხვდი, რომ მისი ბრძანება, გწამდეთ ის, რისი დამტკიცებაც შეუძლებელიაო (თუმცა მტკიცება, შესაძლოა, კიდეც არსებობს, მაგრამ არა ყველასათვის, ან, შესაძლოა, საერთოდ არ არსებობს), უფრო მოკრძალებული და გულწრფელი იყო, ვიდრე მიმნდობი ადამიანების თავხედური დაცინვა, ადამიანებისა, რომლებსაც განუსჯელად ჰპირდებოდნენ ცოდნას, შემდეგ კი უბრძანებდნენ ერწმუნათ ყოვლად უაზრო და ბრიყვული არაკები, რომელთა დამტკიცებაც არავითარ ძალას არ შეეძლო.

ეგეც არ იყოს, შენი მოწყალე და მოალერსე ხელით თანდათანობით დაიურვე ჩემი მბორგავი გული, უფალო. მე დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რამდენი ისეთი რამ მწამდა, რაც არასოდეს მინახავს და არც მათი მომსწრე ვყოფილვარ: რამდენი ისტორიული მოვლენა; რამდენი ქალაქი თუ ქვეყანა, რომლებსაც არასოდეს ვწვევივარ; რამდენი შემთხვევა მახსოვს, როცა უყოყმანოდ ვნდობივარ მეგობრებს, ექიმებს, მავანს და მავანს, - ამ ნდობის გარეშე ჩვენ საერთოდ ვერ შევძლებდით გვეცოცხალა და გვემოქმედა. და ბოლოს, მე ხომ ურყევად მწამდა, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები, მაგრამ ასევე ურყევი იქნებოდა თუ არა ჩემი რწმენა, ხალხისთვის რომ არ დამეჯერებინა? შენ დამარწმუნე, რომ იმათ კი არ უნდა ვგმობდეთ, ვისაც სწამს საღმრთო წერილი, რომლის მნიშვნელობაც ესოდენ მტკიცედ დაამკვიდრე თითქმის ყველა ხალხში, არამედ იმათ, ვისაც არა სწამს იგი, და რომ ყურს უნდა ვუგდებდე იმ ხალხს, ვისაც შეუძლია მითხრას: „კი მაგრამ, რა იცი, რომ ეს წიგნები მართლაც ღვთის სულმა, უმართლესმა და უჭეშმარიტესმა, უბოძა კაცთა მოდგმასო?“ სწორედ ეს უნდა მერწმუნა ურყევად და უყოყმანოდ, რადგან ვერც ცილისმწამებლური კითხვების კორიანტელმა, ვერც ურთიერთმოქიშპე ფილოსოფოსთა დავამ, რომელთა მრავალი წიგნიც წამეკიტხა [31], ვერ შესძლეს თუნდაც წამით წაეშალათ ჩემს გულში რწმენა იმისა, რომ შენ არსებობ და შენვე ხარ ჩვენი გამრიგეც [32]. არ ვიცოდი მხოლოდ, ვინ ხარ და რა ხარ.

8. ჩემი რწმენა ხან უფრო მტკიცე იყო, ხან კი მერყევი, მაგრამ ყოველთვის მწამდა, რომ შენ ხარ და ჩვენზედაც ზრუნავ, თუმცა ის კი არ ვიცოდი, რა მეფიქრა შენი სუბსტანციის შესახებ, ან რომელი გზა მოგვიძღვის, რომელ გზას მოვყავართ შენსკენ.

მას შემდეგ, რაც საღმრთო წერილის არა ერთი და ორი ადგილის სარწმუნო ახსნა-განმარტება მოვისმინე [33], მივხვდი, რომ ის მოჩვენებითი უაზრობა, რაც ასე ხშირად შეურაცხმყოფდა მათი კითხვისას, სინამდვილეში ღრმა და საიდუმლო აზრის შემცველი იყო. საღმრთო წერილის ავტორიტეტი ამიერიდან მით უფრო მეტი თაყვანისცემისა და ეჭვშეუვალი რწმენის ღირსი მეჩვენებოდა, რომ ყველასათვის მისაწვდომი ჩანდა და, ამასთანავე, უცვლელად ინარჩუნებდა თავისი იდუმალების უღრმესსა და უშინაგანეს აზრს. თავისი სიტყვიერი სისადავითა და ყველასათვის გასაგები ენით ის ჭეშმარიტად სახალხო წიგნი იყო და, იმავდროულად აიძულებდა გამალებით ემუშავა ყველა იმ კაცის აზრს, ვინც მალემრწმენი როდია გულით. ის თავის გულს უხსნიდა და მკერდში იკრავდა ყველას, შენამდე კი, ვიწრო ბჭით [34], მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულთ უშვებდა, თუმცა მთელი თავიანთი სიმცირის მიუხედავად, ისინი მაინც მეტნი იყვნენ, ვიდრე იქნებოდნენ იმ შემთხვევაში, საღმრთო წერილს ესოდენ მაღლა რომ არ აეზიდა თავისი ავტორიტეტი და თავის წმიდათა-წმიდა წიაღში არ მიეღო ამდენი ხალხი.

ასე ვფიქრობდი და შენ ჩემს გვერდით იყავი; ვოხრავდი და მისმენდა; ტალღები მათამაშებდნენ და შენ თან მახლდი; ფართო საერო გზით მივდიოდი და მეგზურად შენ მყავდი.

_________________________________

[31] - ვინ არიან ეს ფილოსოფოსები? პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, სენეკა, პლოტინი, სკეპტიკოსები, სტოიკოსები? მკვლევართა ვერცერთი ვარაუდი, რა თქმა უნდა, ვერ სცილდება ჰიპოთეტიკურ ფარგლებს.

[32] - არისტოტელესა და ეპიკურეს აზრით, ღმერთებისათვის უცხო იყო ადამიანზე ზრუნვა. სტოელები ფიქრობდნენ, რომ „ღმერთები არსებითზე ზრუნავენ და უგულებელყოფენ მცირეს“ („ღმერთების ბუნებისათვის“, 2,66). ავგუსტინე უარყოფდა ამ „უგულებელმყოფელ განგებას“ („ბუნებისათვის, I,1).

[33] - იგულისხმება საღმრთო წერილის წმიდა ამბორის მედიოლანელისეული განმარტება. - იხ. მეხუთე წიგნის შენ. 77).

[34] - მათე VII, 13.

 

VI

9. ხარბად მიველტვოდი პატივს, სარგებელს, ქორწინებას, შენ კი იცინოდი. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ ჩავუგდივარ შავ დღეში ამ ჩემს უკეთურ ვნებებს. შენ მით უფრო მოწყალე იყავი ჩემს მიმართ, რაც უფრო ნაკლებ მაძლევდი იმის საშუალებას, რომ სიტკბოება მეპოვა იქ, სადაც არ იყავი შენ.

ჩახედე ჩემს გულს, უფალო: აკი შენ თვითონ ინებე, ყოველივე ეს გამეხსენებინა და აღსარება მეთქვა შენთვის. დაე, მოგეწებოს აწ ჩემი სული, როემლიც იხსენი სიკვდილის ბლანტი წებოსაგან. რა უბედური იყო საბრალო! ყველაზე მტკივნეულ ადგიალს მოწყალი იგი, რათა მიეტოვებინა ყველაფერი და შენსკენ მოქცეულიყო განსაკურნებლად, შენსკენ, რომელიც ხარ უზენაესი [35] და რომლის გარეშეც არაფერი არ იქნებოდა. რა უბადრუკი ვიყავი და როგორ შემეწიე, რათა უკეთ მეგრძნო ჩემი უბადრუკება იმ დღეს, როცა სიტყვას ვთხზავდი იმპერატორის სადიდებლად [36]. სიტყვა სიცრუით იყო სავსე, და მაინც, ის ალბათ კეთილად განაწყობდა ჩემს მიმართ იმ ხალხს, ვისაც მშვენივრად ესმოდა, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე. სულს მიხუთავდა ამდენი საზრუნავი და გონების დამაბნელებელი აზრების კორიანტელი. და, აი, მედიოლანუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალმა თვალი მოვკარი მათხოვარს: ეტყობოდა, უვკე მოესწრო გადახუხვა და მშვენიერ გუნებაზე იყო. ამოვიოხრე და ჩემს გვერდით მომავალ მეგობრებს გადავულაპარაკე, რა ძვირი გვიჯდება ჩვენი საკუთარი სიშლეგე-მეთქი. და მართლაც, სურვილებით გაწამებულნი რომ მოვათრევთ ესოდენ მძიმე ტვირთს, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენი მტანჯველი ძალისხმევა, ჩემი იმდღევანდელი ძალისხმევისა არ იყოს, ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს ვესწრაფვით: აუმღვრეველ ბედნიერებას. მაგრამ ამ მათხოვარმა ყველას გაგვასწრო, ჩვენ კი, შესაძლოა, ვერასოდეს ვეწიოთ მიზანს. ორიოდე ნამათხოვრევი მონეტით მან სულ ადვილად მიაღწია იმას, რის მიღწევასაც მე ირიბი და მიხვეულ-მოხვეული გზებით ვცდილობდი: მსწრაფლწარმავალი ბედნიერებით ტკბობას. მართალია, მათხოვრის სიხარულს ნამდვილი სიხარული არ ეთქმოდა, მაგრამ ის, რასაც ჩემი პატივმოყვარეობა მიელტვოდა, გაცილებით უფრო ყალბი იყო. ყოველ შემთხვევაში, ის ილხენდა, მე კი ვწუხდი; ის მშვიდად იყო, მე კი ვშფოთავდი. ვინმეს რომ ეკითხა, რა გირჩევნია, სიხარული თუ მწუხარებაო, მე უყოყმანოდ ვარჩევდი პირველს; მაგრამ კითხვა რომ შეებრუნებინათ: რას ამჯობინებ, ამ მათხოვრისნაირი იყო, თუ ის, რაც ამ წუთას ხარო, მე მაინც ჩემს თავს ვარჩევდი, ზრუნვით გაწამებულსა და შიშით გათანგულს. მაგრამ ეს იქნებოდა გარყვნილების არჩევანი, და არა ჭეშმარიტებისა. რად უნდა მერჩია ჩემი თავი მათხოვარს? მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ვიცოდი? მაგრამ ცოდნა არავითარ სიხარულს არ მანიჭებდა, რადგანაც მისი მეშვეობით მე ვცდილობდი მეამებინა ხალხისათვის: კი არ განმესწავლა, არამედ მხოლოდ მეამებინა. ამიტომაც იყო, რომ შენი ცოდნის კვერთხით „შემუსრე ჩემი ძვლები“ [37].

10. შორს ჩემგან ყველა, ვინც ეტყვის ჩემს სულს: „გააჩნია, ვინ რას შეჰხარის; მათხოვარს სიმთვრალე უხარია, შენი სიხარული კი დიდების წყურვილი იყო“. რომელი დიდებისა, უფალო? არა იმისა, რომელიც არის შენში. ყალბი იყო მათხოვრის სიხარული და ყალბი იყო ჩემი დიდებაც; ის მხოლოდ უფრო მეტად მახვევდა თავბრუს. მათხოვარი დაიძინებდა და ფხიზელი გაიღვიძებდა; მე კი ვიძინებდი და კვლავ ჩემი პატივმოყვარეობით მთვრალი ვიღვიძებდი; მთვრალს უნდა დამეძინა და მთვრალსვე გამეღვიძა; მაგრამ როდემდის, უფალო? ვიცი, რომ სხვადასხვაა სიხარულის მიზეზი: სხვაა წმიდათა-წმიდა სასოების სიხარული და სხვაა ფუჭი ბედნიერება. რა თქმა უნდა, მათხოვარი უფრო ბედნიერი იყო, არა მარტო იმიტომ, რომ მის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, მე კი ათასი საზრუნავი მიღრღნიდა გულს, არამედ იმიტომაც, რმო გამვლელ-გამომვლელს ლოცავდა და ასე იშოვა ღვინო, მე კი ვცდილობდი სიცრუით დამეცხრო ჩემი პატივმოყვარეობა.

ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამ ვუთხარი იმ დღეს ჩემს ძვირფას მეგობრებს, თუმცა ამ მხრივ სხვა დროსაც დავფიქრებივარ ჩემს უნუგეშო ყოფას; ვგრძნობდი, რომ შავ დღეში ვიყავი, ვწუხდი და ამით მხოლოდ ვიორკეცებდი ტანჯვას. ხოლო თუ ოდესმე მაინც გამიღიმებდა ბედნიერება, მხნეობა არ მყოფნიდა მის მისახელთებლად, ასე რომ, უფრო მალე მიფრინავდა, ვიდრე მის მონადირებას მოვასწრებდი.

_________________________________

[35] - შდრ. რომ. IX, 5.

[36] - იგულისხმება იმპერატორი ფლავიუს ვალენტინიანუს II (375-392 წ.). იმპერატორის სადიდებელი სიტყვის - პანეგირიკის წარმოთქმა - მისი კორონაციის ათი წლის თავზე (385 წლის 22 ნოემბერს) - სწორედ ავგუსტინეს ევალებოდა, როგორც რიტორთა სკოლის მოძღვარს.

[37] - შდრ. ფსალმ. 41, 11.

 

VII

11. ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად ვოხრავდი ამის გამო; განსაკუთრებით გულახდილი ვიყავი ალიპიუსისა და ნებრიდიუსის [38] მიმართ. ჩემი თანამოქალაქე ალიპიუსი, დიდგვაროვანი მშობლების შვილი, ჩემზე უმცროსი იყო. ჯერ კიდევ მაშინ დამემოწაფა, როცა ჩვენს ქალაქში პირველად დავიწყე მასწავლებლობა, შემდეგ კი კართაგენშიც ჩამომყვა. ძალიან ვუყვარდი, რადგანაც კეთილი და ღრმად განსწავლული კაცი ვეგონე. მეც მიყვარდა, სიქველისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების გამო, რაც მიყვარდა, სიქველისადმი თანდაყოლილი მიდრეკილების გამო, რაც სიყმაწვილიდანვე თვალნათლივ ვლინდებოდა მასში. მაგრამ კართაგენული უზნეობის ორომტრიალმა [39] და უაზრო სანახაობებით საყოველთაო გატაცებამ თავის მორევში ჩაითრია და საცირკო წარმოდგენების ტრფიალად აქცია იგი. ის რომ რეტდასხმულივით ტრიალებდა ამ შმაგ მორევში, მე იმხანად რიტორიკას ვსწავლობდი საქალაქო სასწავლებელში, მაგრამ ალიპიუსი ერთხანს თავს არიდებდა ჩემს გაკვეთილებს, მამამისსა და ჩემს შორის ჩამოვარდნლი უთანხმოების გამო. როცა შევიტყვე, რომ საცირკო სანახაობების [40] საბედისწერო ტრფიალს შეეპყრო, ძალზე შევწუხდი: რამხელა იმედებს ვამყარებდი მასზე, ის კი თავს იღუპავდა, თუ უკვე არ დაეღუპა. მაგრამ არავითარი საშუალება არა მქონდა თვალი ამეხილა თვალდავსილისთვის და კვლავ სწორ გზაზე დამეყენებინა: ვერც მეგობრულ კეთილმოსრუნეობას მოვიშველიებდი და ვერც მასწავლებლის უფლებას, რადგან მეგონა, რომ ჩემს მიმართ ისიც მამამისივით იყო განწყობილი. თურმე ვცდებოდი. სულ მალე მივხვდი, რომ ანგარიშს არ უწევდა მამის ნება-სურვილს: კიდევაც მესალმებოდა და გაკვეთილებზეც მესწრებოდა. უსიტყვოდ შემოვიდოდა, ყურადღებით მისმენდა, და ბოლოს, უსიტყვოდვე ტოვებდა კლასს.

12. დამავიწყდა, მოვლაპარაკებოდი და მერჩია, ფუჭი თავშექცევის საბედისწრო ტრფიალს ნუ უმსხვერპლებ ღვთისგან ბოძებულ ნიჭსა და უნარს-მეთქი. მაგრამ შენ, უფალო, ყოველივე იმის მესაჭევ და მესვეურო, რაც შენ თვითონვე შეჰქმენი, არ დაგვიწყნია შენი მომავალი მსახური [41]. მისი განკურნება უცილობლად შენ უნდა მოგეწერეოს, მაგრამ ეს ჩემი მეშვეობით მოხდა, ისე, რომ არაფერი გიკითხავს ჩემთვის.

ერთხელ, როცა ჩემს ჩვეულ ადგილას ვიჯექი და წინ მოწაფეები მესხდნენ, ალიპიუსი ჩემოვიდა, უხმოდ მოგვესალმა, დაჯდა და ჩვენს მეცადინეობაში ჩაერთო. მოხდა ისე, რომ სწორედ ამ დროს ხელთ მქონდა ტექსტი, რომელიც ჩემი მსმენელებისათვის უნდა განმემარტა და რატომღაც მომეჩვენა, რომ ურიგო არ იქნებოდა ამ მიზნით სწორედ საცირკო სანახაობიდან აღებული მაგალითი მომეხმო; ჩემი აზრი რომ უფრო გასაგები და სისიამოვნო გამეხადა, მწარედ გავკენწლე ამ დამთხვეულობის ტრფიალნი. შენ ხომ იცი, უფალო, რომ იმ წუთას აზრადაც არ მომსვლია ამ წყეული სენისაგან განმეკურნა ალიპიუსი. მან კი რატომღაც თავის თავზე მიიღო ჩემი სიტყვები და გადაწყვიტა, რომ სწორედ მას ვგულისხმობდი. სხვა მის ადგილას გაცოფდებოდა და ჩემზე იყრიდა ჯავრს, მაგრამ ამ ღირსეულმა ჭაბუკმა საკუთარ თავზე გადაიტანა თავისი რისხვა და უფრო მეტად დამიახლოვდა.

შენ ხომ ოდესღაც თქვი და შენს წმინდა წერილშიც ჩართე ეს სიტყვები: „ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს“ [42]. მე კი არც მიმხელია, მაგრამ შენ, რომელიც შენთვის ცნობილი მიზნით იყენებ ყველას (ხოლო ეს მიზანი ყვოელთვის სამართლიანია), მიუხედავად იმისა, იციან თუ არა ეს, - ჩემი სიტყვები და აზრები მღვივან ნაკვერცხლებად აქციე, რათა ყოველგვარი ხრწნილება ამოეშანთათ სულში, რომელიც ესოდენ დიდ იმედებს იძლეოდა, და ამრიგად განეკურნათ იგი. დაე, ნუ გაქებს და გადიდებს, ვინც ვერ ხედავს შენს გულმოწყალებას, რომელსაც ვაღიარებ და აღსარებას ვეუბნები გულის სიღრმეში.

მას შემდეგ, რაც ჩემი სიტყვები მოისმინა, ალიპიუსმა თავი დააღწია იმ ღრმა ხაროს, რომელშიაც თავისი ნებით ჩაძვრა და ტკბებოდა კიდეც თავისი გამაოგნებელი სიბრმავით. ვაჟკაცური სიმტკიცით შეარყია ავისი სული და ცირკის მთელი ჭუჭყი და სიბინძურე ჩამოიბერტყა. ეს იყო და ეს, ცირკში ფეხი აღარ დაუდგამს. მერე მამამისის წინააღმდეგობაც დასძლია, რომელსაც არ უნდოდა, რომ მე ვყოფილიყავი მისი შვილის მასწავლებელი. მამამ უკან დაიხია და ძის ნებას დაჰყვა. ხელახლა რომ დამემოწაფა, ალიპიუსი ჩემთან ერთად გაება მანიქეველთა ცრურწმენის მახეში: მოსწონდა მათი მოჩვენებითი თავდაჭერილობა, რომელიც ნამდვილი და ჭეშმარიტი ეგონა [43]. ის კი მზაკვრული და რჩეულ სულთა მაცთური იყო, რომელნიც ჯერ კიდევ არ ზიარებოდნენ ჭეშმარიტი სიქველის მწვერვალს და ამიტომაც ადვილად ტყუვდებოდნენ თვალთმაქცური სიქველის ყალბი ციმციმით.

_________________________________

[38] - 394 თუ 395 წელს ალიპიუსი თავისი მშობლიური ქალაქის - თაგასტის ეპისკოპოსი გახდა, რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ნეტარი ავგუსტინე ჰიპონის საეპისკოპოსო კათედრას დაიკავებდა. მისი გარდაცვალების წელი უცნობია, მაგრამ 428-429 წ. ის ცოცხალი იყო და ნუმიდიის არქიეპისკოპოსის თანამდებობა ეჭირა. ალიპიუსი ყოველთვის მხარში ედგა ნეტარ ავგუსტინეს და მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეეწეოდა, როგორც მოწაფე, მეგობარი და თანამოაზრე... რაც შეეხება ნებრიდიუსს, დღმდე შემოგვრჩა ნეტარი ავგუსტინეს ერთი წერილი მისდამი.

[39] - „აფრიკელთა უზნეობა ანდაზადაც კი იქცა: „განა ვინმესთვის საიდუმლოა, რომ ყველა აფრიკელი უტიფარია, იმათ გარდა, ვინც ღვთის მიმართ მიიქცა?“ (სალვიანე, „ღვთის მმართველობისათვის“, 7,16). ამ მხრივ ის განსაკუთრებით გამოჰყოფს კართაგენს: „ამ ქალაქში ერთ უბანსაც ვერ შეხვდებით, სიბილწით რომ არ იყოს სავსე. ვერსად იპოვით ვერც მოედანს და ვერც ქუჩაბანდს, საროსკიპოდ რომ არ გვევლინებოდეს“ (იქვე, 17; სალვიანე მასილიის - მარსელის - მღვდელი იყო V ს. შუა წლებში)“. - რუს. თარგმანის შენ. იხ. დასახ. გამოც. გვ. 242.

[40] - ცირკში უპირატესად ცხენოსანთა ასპარეზობები იმართებოდა. საცირკო სანახაობათა შესახებ იხ. მ.სერგეენკო, დასახ. ნაშრ. გვ.245-253.

[41] - იხ. ზემოთ, შენ. 38.

[42] - იგავნი სოლომ. IX, 8.

[43] - მანიქეველთა ეთიკა „სამ ბეჭედს“ უწესებდა თავისი სექტის წევრებს: „პირის ბეჭედი“, რომელიც კრძალავდა სიცრუეს, მკრეხელობას, განდგომილებას, ფიცს; „ხელის ბეჭედი“, რომლითაც იკრძალებოდა კაცის კვლა, ცხოველის მოკვლა, მცენარეების განადგურება; ხოლო „წიაღის ბეჭედი“ სქესობრივი კავშირისაგან თავშეკავებას მოითხოვდა. თუმცა მანიქეველები, როგორც ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებიდან ჩანს, არც ისე მკაცრად იცავდნენ ამ აკრძალვებს.

 

VIII

13. ალიპიუსს, რა თქმა უნდა, არ მიუტოვებია მიწიერი გზა, რომელზედაც ამდენს ეჩიჩინებოდნენ მშობლები; ამიტომაც ჩემზე უმალ ჩავიდა რომს სამართლის შესასწავლად; და იქ გამაოგნებელი სიმძაფრით დარია ხელი შმაგმა სურვილმა - გამუდმებით ეცქირა გლადიატორთა ბრძოლებისათვის [44].

თუმცა თავდაპირველად ჭირის დღესავით სძულდა და ეზიზღებოდა ეს საზარელი სანახაობა. მაგრამ ერთხელ ქუჩაში თავის მეგობრებსა და თანაკლასელებს შეხვდა, სადილობიდან რომ ბრუნდებოდნენ; მეგობრებმა, მისი ცივი უარისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალისძალად შეათრიეს ამფითეატრში, სადაც სწორედ იმ დღეებში ეს სასტიკი და სისხლიანი სანახაობანი იმართებოდა. „თქვენ შეგიძლიათ წაათრიოთ ჩემი სხეული და ამფითეატრში წამოჭიმოთ, - ეუბნებოდა იგი მათ, - მაგრამ ნუთუ გგონიათ, რომ ჩემს სულსა და თვალებსაც აიძულებთ ამ სისხლიან სპექტაკლს უყურონ? მე იქ ვიქნები და არც ვიქნები, ასე რომ, გამარჯვებას ვიზეიმებ მასზედაც და თქვენზედაც“. არაფერმა არ გაჭრა, მეგობრებმა მაინც თავისი გაიტანეს; იქნებ მისი გამოცდა სურდათ: ვნახოთ, შესძლებს თუ არა შეასრულოს თავისი სიტყვაო.

ამფითეატრში შესულებმა რის ვაივაგლახით მოძებნეს ადგილები. ბრბო უკვე მთვრალი იყო მძვინვარე ტკბობის მოლოდინით. ალიპიუსმა თვალები დახუჭა და სულს აუკრძალა ბოროტების ამ უფსკრულში დანთქმა. ოჰ, ნეტა ყურებიც დაეცო! ბრძოლის რაღაც მომენტში გაშმაგებულმა ბრბომ ისე საზარლად იღუმვლა, რომ ალიპიუსს ელდა ეცა, ცნობისმოყვარეობამ სძლია და თვალები გაახილა, თუმცა გადაწყვეტილი ჰქონდა გულთან ახლოს არ მიეტანა არანაირი სანახაობა. მაგრამ თვალის გახელაც იყო და მისი სული უფრო საშინელმა წყლულებამ მოსწყლა, ვიდრე იმ გლადიატორის სხეული, რომელსაც ხარბად ეძებდა მზერით. უბედური უფრო მძიმედ დაეცა, ვიდრე ის, ვისმა დაცემამაც ესოდენ საზარელი ღრიალი აღმოატევებინა ბრბოს, ღრიალი, რომელმაც ლამის დააყრუა და თვალები გაახელინა. ასე დაემხო ეს სული, უფრო თავხედი, ვიდრე ძლიერი, და მით უფრო უმწეო, რომ თავისი თავის იმედად იყო იქ, სადაც მხოლოდ შენი იმედი უნდა ჰქონოდა. როგორც კი სისხლი დაინახა, იმ წამსვე შეისრუტა ბრბოს მთელი მძვინვარება, და ნაცვლად იმისა, რომ პირი ებრუნა, თვალი ვეღარ მოსწყვიტა ამ საზარელ სანახაობას. ის ბობოქრობდა ისე, რომ თვითონაც ვერ ამჩნევდა ამას, ტკბებოდა ამ დანაშაულებრივი ბრძოლითა და თვრებოდა სისხლიანი ექსტაზით. ალიპიუსი უკვე აღარ იყო ის კაცი, რომელიც თავისდა უნებურად მოვიდა აქ, არამედ - ბრბოს ღვიძლი შვილი, ბრბოისა, რომელსაც შეუერთდა, და იმათი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი, ვინც ძალით მოიყვანა [45]. მეტი რაღა ვთქვა? უყურებდა, ყვიროდა, ღრიალებდა, ბორგავდა, ბობოქრობდა და თან წაიტანა შლეგური სურვილი, უკანვე რომ ექაჩებოდა. ახლა ის ძალით კი არ მოჰყავდათ სხვებს, პირიქით, თვითონ მოათრევდა მათ.

მაგრამ შენმა მძლეთა-მძლე და მოწყალ ხელმა ამ უფსკრულიდანაც ამოიყვანა იგი; შენვე ასწავლე, რომ თავისი თავის იმედი კი არ უნდა ჰქონოდა, არამედ მხოლოდ შენი; მაგრამ ეს გაცილებით უფრო გვიან მოხდა.

_________________________________

[44] - გლადიატორთა ბრძოლების შეასხებ დაწვრილებით იხ. მ.სერგეენკო, დასახ. ნაშრ. გვ.226-244.

[45] - ავგუსტინეს ყოველთვის აინტერესებდა ბრბოს ფსიქოლოგია. ისევე, როგორც ზემოთ (იხ. წიგნი მეორე, III,8 - IV,9), აქაც ძალზე ზუსტადაა გადმოცემული ბრბოს ზემოქმედება ადამიანზე. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ბრბოს ფსიქოლოგიის ცოდნას ნეტარი ავგუსტინე წარმატებით იყენებდა თავის საეპისკოპოსო მოღვაწეობაში. იხ. თუნდაც ვ.გარიე, დასახ. ნაშრ. გვ.206-210.

 

IX

14. მეხსიერებაში ჩამრჩა ეს შეთხვევა, როგორც სამერმისო წამალი. იგივე ითქმის მეორე შემთხვევაზედაც.

მაშინ ის ჩემი მოწაფე იყო კართაგენში. ერთხელ, შუადღისას, ფორუმზე სეირნობდა და თან იმ სიტყვაზე ფიქრობდა, რომელიც საჯაროდ უნდა წარმოეთქვა [46], - ეს იყო ჩვეულებრივი სასკოლო სავარჯიშო, - და შენ ინებე, უფალო, რომ ქურდივით შეეპყროთ ფორუმის მცველებს. მე მგონია, უფალო, მხოლოდ იმიტომ ინებე ასე, რომ ეს კაცი, რომელსაც ესოდენ დიდი როლი უნდა ეთამაშა შემდგომ, იმთავითვე მიმხვდარიყო, რომ არ შეიძლება მიამიტურად მიმნდობი იყო საქმის გარჩევისას და არც არავის მიეტევება განუსჯელად განიკითხოს ადამიანი.

დიახ, ის მარტო სეირნობდა სამსჯავროს წინ, თავის პატარა დაფებითა და სტილუსით [47], როცა ერთი ჭაბუკი შეგირდი, ნამდვილი ქურდი, ნაჯახით ხელში მიეპარა ტყვიის მოაჯირს, ოქრომჭედელთა ქუჩას რომ გასდევს ზემოდან, და ტყვიის ჩამოთლას შეუდგა. ალიპიუსს არც შეუნიშნავს, მაგრამ ოქრომჭედლები, ქვევით რომ იდგნენ, ნაჯახის ხმის გაგონებისას აჩოჩქოლდნენ და მცველები გაგზავნეს დამნაშავის შესაპყრობად. ხალხის გნიასმა დააფრთხო ქურდი, სწრაფად მოისროლა ნაჯახი, რომ თავისი იარაღითურთ არ შეეპყროთ, და თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა. ალიპიუსს შემოსული არ დაუნახავს, მაგრამ გაქცეულს კი მოჰკრა თვალი; ნეტა რა ამბავიაო, გაიფიქრა, მოაჯირს მიუახლოვდა და განცვიფრებით დააშტერდა მიწაზე დაგდებულ ნაჯახს. ამასობაში მცველებიც მოვარდნენ და ალიპიუსს დაადგნენ თავზე, რომელსაც ნაჯახი უკვე ხელში ეჭირა, ისინი კი სწორედ ნაჯახის კაკუნმა მოიყვანა აქ; ხელი სტაცეს, წაათრიეს და თან, გარსშემოჯარულ ახლომახლო მცხოვრებთა გასაგონად, ხმამაღლა იკვეხნიდნენ, რომ დანაშაულის ადგილზევე შეიპყრეს ქურდი; ასე გაკოჭილს მიათრევდნენ, რომ მსაჯულებისათვის მიეგვარათ.

15. ამით დამთავრდა გამოცდა. რადგან მაშინვე მოევლინე მწედ ალალმართალს, რომლის ერთადერთი მოწმეც შენ იყავი, უფალო. დილეგში ჩასაგდებად თუ საწამებლად რომ მიათრევდნენ, გზად ერთი ხუროთმოძღვარი შემოხვდათ, საზოგადოებრივ ნაგებობათა მთავარი ზედამხედველი. მცველებს ძალიან გაუხარდათ მისი დანახვა, რადგან ყოველთვის, როცა ფორუმზე რაიმე ზიანდებოდა, ხუროთმოძრვარი მათ სდებდა ბრალს: ახლა ხომ მაინც მიხვდება ვინ არის ნამდვილი დამნაშავეო.

მაგრამ ხუროთმოძღვარს არაერთხელ ენახა ალიპიუსი ერთი სენტორის სახლში, სადაც საკმაოდ ხშირი სტუმარი იყო; მაშინვე იცნო ალიპიუსი, ხელი ჩასჭიდა, ბრბოდან გამოიყვანა და ჰკითხა, ეს რა ამბავია შენს თავსაო? როდესაც გაიგო, რაც მოხდა, აღშფოთებულსა და აბობოქრებულ ბრბოს უბრძანა, უკან მომყევითო. ერთად მიადგნენ ქურდის სახლს. ჭიშკართან პატარა მონა იდგა, ისეთი პატარა, რომ აზრადაც არ მოსვლია, რა საფრთხეში აგდებდა თავის ბატონს, რომელსაც თან ახლდა ფორუმზე და ამიტომ ყველაფერი იცოდა. ალიპიუსმა იცნო იგი და ყველაფერი უამბო ხუროთმოძღვარს, რომელმაც ნაჯახი უჩვენა მონას და ჰკითხა, ეს ვისიაო? - ჩვენიო, - თვალის დაუხამხამებლად მიუგო ბიჭმა. მაშინ გამოკითხვა დაუწყეს და ყველაფერი ნათელი გახდა.

ასე მიაგნეს ნამდვილ ქურდს შეცბუნებული ბრბოს თანდასწრებით, რომელიც ის იყო აპირებდა საკადრისი მიეგო ალიპიუსისათვის. შენი სიტყვის მომავალი მქადაგებელი და საეკლესიო მსაჯული [48] სწრაფად გაეცალა იქაურობას, ესოდენ ძვირად შეძენილი ცოდნითა და გამოცდილებით გამდიდრებული.

_________________________________

[46] - იგულისხმება ე.წ. „დეკლამაცია“, - იხ. მ.სერგეენკო, დასახ. ნაშრ. გვ.187-188.

[47] - ძველი რომაელები წვერწამახული წკირით („სტილუს“) წერდნენ ცვილის თხელი ფენით დაფარულ დაფაზე.

[48] - ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ეპისკოპოსთა ყოველდღიურ მოვალეობად იქცა საჩივართა და ცილობათა გარჩევა, რადგანაც მორწმუნეებს არ უნდოდათ წარმარტული სამსჯავროებისათვის მიემართათ. იხ. ვ.გერიე, დასახ. ნაშრ. გვ.183.

 

X

16. ამრიგად, ის რომში დამხვდა, სადაც ისე დამიახლოვდა, რომ მედიოლანუმშიც წამომყვა, რათა არ გამოშორებოდა და პრაქტიკულადაც გამოეყენებინა მის მიერ შეძენილი იურიდიული ცოდნა, თუმცა სამართლის შესწავლა იმდენად თვითონ როდი უნდოდა, რამდენადაც მის მშობლებს. უკვე სამჯერ იყო არჩეული მსაჯულად და ყველას აცვიფრებდა თავისი უანგარობით. მისი ხასიათის სიმტკიცე არაერთხელ დაუყენებია გამოცდის წინაშე არა მარტო სიხარბის საცთურს, არამედ შიშის ნესტარსაც.

რომში თანაშემწე გახლდათ მსაჯულისა [49], იტალიის ფინანსებს რომ განაგებდა. იმ დროს იქ იყო ერთი დიდად გავლენიანი სენატორი; ბევრი დაემონებინა თავისი მოწყალებით, ბევრი კი შიშით დაეთრგუნა. ერთ მშვენიერი დღეს მან მოისურვა თავისი გავლენით ესარგებლა და რაღაც ისეთ მოემოქმედა, რასაც კანონი კრძალავდა. ალიპიუსი გადაჭრით აღუდგა წინ. ჯილდოს შეჰპირდნენ, - სასაცილოდაც არ ეყო; დაემუქრნენ, - წარბიც არ შეიხარა. ყველას უკვირდა სულის ეს უჩვეულო სიმტკიცე, გადაჭრით რომ უარყოფთა იმ ყოვლისმძლე კაცის მფარველობას, რომელსაც უთვალავი საშუალება ჰქონდა საიმისოდ, რომ წყალობით აევსო მორჩილნი და კისერი მოეგრიხა ურჩთათვის, - და არც მის მტრობას უფრთხოდა. მართალია, ამ საქმის წინააღმდეგი გახლდათ თვითონ მსაჯულიც, ვისი მრჩეველიც იყო ალიპიუსი, მაგრამ ვერ ბედავდა უარი ეთქვა სენატორისთვის და ყველაფერს ალიპიუსს აბრალებდა: თანხმობის ნებას არ მრთავსო. და მართლაც, რომ დათანხმებოდა, ალიპიუსი მაშინვე თავს დაანებებდა სამსახურს.

მხოლოდ ერთხელ მეცნიერების სიყვარულმა კინაღამ აცთუნა იგი: შეეძლო სახელმწიფოს ხარჯზე შეეძინა ხელნაწერები; მაგრამ გულდასხმით რომ აწონ-დაწონა ყველაფერი, თავისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღო, რაკიღა მიიჩნია, რომ უმჯობესი იყო სამართლიანობა, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას უკრძალავდა, ვიდრე ძალაუფლება, რომელიც ნებას რთავდა ბოროტად ესარგებლა იმავე თანამდებობით. თითქოს წვრილმანია, მაგრამ „მცირედში სანდო დიდშიც სანდოა“ [50]. არ შეიძლება ფუჭი იყოს შენში ჭეშმარიტების სიტყვები: „თუ ცრუ და უსარგებლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ? და თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ თქვენ?“ [51]

ასეთი იყო ჩემი განუყრელი მეგობარი; ერთ ტაფაში ვიწვოდით, ერთნაირად დაეჭვებულნი, და ერთადვე ვიმტვრევდით თავს, რა გზა აგვერჩია ამ ცხოვრებაში.

17. რაც შეეხება ნებრიდიუსს, მან მიატოვა მამული, კართაგენის მახლობლად რომ მდებარეობდა, მიატოვა თვით კართაგენიც, სადაც უმეტესწილად ცხოვრობდა, მიატოვა მშობლიური მამაპაპეული სოფელიც, სახლიც და დედაც, რომელიც თან არ გამოჰყოლია, და მედიოლანუმში ჩამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ გვერდიდან არ მომშორებოდა, ჭეშმარიტებისა და სიბრძნის წვდომის დაუოკებელი სურვილით გულანთებული. ბედნიერების ეს გულმხურვალე მაძიებელი და ურთულეს პრობლემათა უგამჭრიახესი მკვლევარი აქ ჩემთან ერთად ოხრავდა, ჩემთან ერთად ბორგავდა და წრიალებდა. ერთად ვიყავით სამი მშიერი, ჭეშმარიტი არსობის პურს დანატრებულნი და იმის მოსურნენი, რომ „დროულად მოგეცა საზრდო“ [52]. მწარე იმედგაცრუებისას, რაც, შენი გულმოწყალებით, განუყრელად თან ახლდა ყველა ჩვენს საერო საქმეს, გაწამებულნი ვეკითხებოდით ერთმანეთს, რა აზრი ჰქონდა ჩვენს ტანჯვას, მაგრამ გარსშემოწოლილ წყვდიადში ვერავითარ პასუხს ვერ ვპოულობდით. სასოწარკვეთილნი უკუვიქცეოდით და მწარედ ვგმინავდით: „როდემდის, უფალო, როდემდის?!“ ხშირ-ხშირად ვიმეორებდით ამას და მაინც ძველებურად ვცხოვრობდით, რადგანაც ვერაფერს ვხედავდით სანდოსა და საიმედოს, რასაც შეიძლებოდა თავის გადასარჩენად ჩავჭიდებოდით.

_________________________________

[49] - დედანში: „comes“ („კომიტი“) - ეს იყო მაღალი რანგის მოხელე, პროკონსულის (იმპერატორის ნაცვლის, პროვინციის გამაგებლის) თანაშემწე.

[50] - ლუკა XVI, 10.

[51] - ლუკა XVI, 11-12.

[52] - ფსალმ. 144, 15.

 

XI

18. მე კი ყველაზე მეტად მიკვირდა და ჭმუნვით აღვსილი ვიგონებდი, რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ცხრამეტი წლისა ვიყავი, როცა ჩემს გულში პირველად იჩინა თავი სიბრძნის სიყვარულმა. მე მეგონა, თუკი ამ სიბრძნეს ვეზიარებოდი, სამუდამოდ ხელს ავიღებდი ყველა ამაო სურვილსა თუ ფუჭ იმედზე და გასაქანს აღარ მივცემდი ცრუ გატაცებებს. მაგრამ უკვე ოცდამეათე წელში გადავდექი და კვლავ იმავე ტლაპოში ვიყავ დაფლული; ამაოდ ვცდილობდი დავმტკბარიყავი აწმყოთი, რომელიც ხელიდან მისხლტებოდა და თან მიჰქონდა გულის ნაწილი. მე კი დაჟინებით ვიმეორებდი: ხვალ მაინც მოვიხელთებ; ჭეშმარიტება მთელი სიცხადით წარმომიჩნდება და ვეღარსად წამივა; აი, ჩამოვა ფაუსტუსი და ყველაფერს ამიხსნის-მეთქი. ო, აკადემიის ბრძენმოძღვარნო! მაშ, სულ ტყუილად ვეცდებით იმის გაგებას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ? მოდით, უფრო გულმოდგინედ დავიწყოთ ძებნა და ნუ წარვიკვეთთ სასოს. აკი ის, რაც უაზრობად მეჩვენებოდა საეკლესიო წიგნებში, თურმე სულაც არ ყოფილა უაზრობა, რაკიღა შეიძლება სულ სხვაგვარად და მართებულად განვმარტოთ ბევრი ადგილი. მეც ავდგები და იმ საფეხურზე დავმკიდრდები, სადაც ბავშვობისას დამაყენეს ჩემმა მშობლებმა, ვიდრე არ ვიპოვი თვითცხად ჭეშმარიტებას. მაგრამ სად დავუწყო ძებნა, ან როდის ვეძიო? ამბროსის არა სცალია; არც მე მცალია საიმისოდ, რომ წიგნებს ჩავუჯდე. სად ვეძიო თვითონ წიგნები? სად გამოვჩხრიკო, ან ვისა ვკითხო?

არა, უფრო ზუსტად უნდა გავანაწილო საათები, როგორმე გამოვნახო დრო სულის სახსნელად. უკვე გულში ჩამესახა დიდი იმედი: კათოლიკე სარწმუნოება იამს როდი გვასწავლის, რაც მე მეგონა და რაშიაც ბრალს ვდებდი მას: ამ სარწმუნოების აღმსარებელნი მკრეხელობად მიიჩნევენ იმის მტკიცებას, თითქოს ღმერთი ადამიანის სხეულის ფორმით იყოს შემოსაზღვრული. მე კი ვყოყმანობ, მეშინია დავაკაკუნო [53], რათა ყოველივე დანარჩენიც ცხადი შეიქნეს ჩემთვის. მთელი დილა მოწაფეებთან მეცადინეობას მიაქვს; კი მაგრამ, რისთვისღა ვიყენებ დარჩენილ დროს? რატომ არ მივყო ხელი ამ საკითხთა კვლევას? მაგრამ როდისღა მოვინახულო ჩემი გავლენიანი მეგობრები, რომელთა მხარდაჭერაც ასე მჭირდება? როდისღა მოვამზადო ის, რასაც ყიდულობენ მოწაფეები [54]? როდისღა გავერიდო დროებით მაინც ამდენ საზრუნავს, რათა დავისვენო და კვლავ მოვიკრიბო ძალა?

19. შორს ჩვენგან ყოველივე ეს; თავი ვანებოთ წვრილმანებს; მოვიქცეთ მხოლოდ ჭეშმარიტების ძებნად. სიცოცხლე უბადრუკია; არ ვიცით, როდის მოვკვდებით. თუ სიკვდილი ანაზდეულად წამომეპარა, რანაირად წავალ აქედან? სად ვისწავლი იმას, რაც აქ არაფრად მიმაჩნდა? შეჩვენება ხომ არ მომელის ამ დაუდევრობის სანაცვლოდ? კი მაგრამ, თუ სიკვდილი ბოლოს უღებს აზრის წრიალსა და გრძნობათა ბორგვას? ოო, ესეც უნდა ვიკვლიოთ [55].

არა, შორს ჩემგან ამნაირი ვარაუდი. განა ამაოდ გავრცელდა ქრისტიანული სარწმუნოება მთელი დედამიწის ზურგზე თავისი უზენაესი ავტორიტეტის ძალით? განა უფლის გულმოწყალება გვაღირსებდა ამდენ სიდიადესა და მშვენიერებას, სხეულის სიკვდილი სულის სიკვდილსაც რომ მოასწავებდეს? [56] მაშ, რად ვაყოვნებთ? დავუტევოთ ამქვეყნიური იმედები და მთელის არსებით მივიქცეთ ღმერთისა და საუკუნო სიცოცხლის ძებნად.

მოიცა: საწუთროც სანუკვარია, ჯადოქრული ხიბლითა და სიტკბოებით სავსე. ძნელია თავი დააღწიო მისკენ სწრაფვას, მაგრამ თუ მაინც დააღწევ, სამარცხვინოა კვლავ დაუბრუნდე. რაღა დამრჩა საპატიო წოდების მოპოვებამდე? განა ცოტა მყავს გავლენიანი მეგობარი? თუ მეტისმეტს არ მოვინდომებ, თავისუფლად შემიძლია პროვინციის მმართველი [57] მაინც გავხდე. ცოლსაც მოვიყვან, კაი გვარიანი მზითევი რომ მოჰყვეს: შემოსავალი უნდა სჭარბობდეს გასავალს. აი, ყველა ჩემი სურვილის ზღვარი. ვინ მოსთვლის, რამდენი სახელოვანი და მოყვასთათვის მისაბაძი კაცი ეწაფებოდა ცოლთან ერთად სიბრძნეს.

20. ასე ვესიტყვებოდი საკუთარ თავს, ხოლო ამასობაში ოთხივ მხრიდან მქროლი ქარები თავიანთ ნებაზე ათამაშებდნენ ჩემს გულს. დრო გადიოდა, მე კი ვაყოვნებდი ღმერთის მიმართ მიქცევას, ყოველდღე იმის ცდაში ვიყავი, რომ სახვალიოდ გადამედო შენში დავანება, შენში სიცოცხლე, უფალო, მაგრამ ყოველდღე კი ვკვდებოდი ჩემსავე თავში. თავდავიწყებით მიყვარდა ბედნიერება, მაგრამ მეშინოდა იქ მეძებნა, სადაც ის იყო; ხარბად მიველტვოდი და, იმავდროულად, გავურბოდი კიდეც. ასე მეგონა, უბედურზე უბედური ვიქნებოდი ქალის ალერსისა და ხვევნა-კოცნის გარეშე: იმედი არა მქონდა, რომ შენი გულმოწყალება მიხსნიდა ამ უბედურებისაგან, რადგანაც არასოდეს განმეცადა იგი. მე მწამდა, რმო თავშეკავება ჩვენს საკუთარ ძალაზეა დამოკიდებული, ჩემს თავში კი ვერ ვგრძნობდი მას. რა ვიცოდი მე სულელმა, რომ დაწერილია: „ვერავინ იქნება თავდაჭერილი, თუკი ღმერთი არ მისცემს ამის უნარს“ [58]. შენ კი დიახაც მომცემდი და მიწყალობებდი, გულიდან ამომსკდარ გმინვას რომ მოეღწია შენს ყურამდე და ურყევი რწმენით აღვსილს შენთვის გადმომებარებინა ჩემი საზრუნავი.

21. ალიპიუსი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ცოლი მეთხოვა და გამუდმებით მიმეორებდა, თუ ამ ნაბიჯს გადადგამ, ჩვენს მეგობრობასაც უნდა დავემშვიდობოთ და სიბრძნისკენ ერთად სწრაფვასაც, თანახმად ჩვენი სანუკვარი სურვილისაო. ამ მხრივ ის ჯერ კიდევ მაშინ განსაცვიფრებელ სიწმინდეს ინარჩუნებდა; სიჭაბუკის ზღურბლზე შეეცნო ხორციელი სიყვარული და მალე ხელიც აეღო მასზე: ზიზღისა და ტკივილის მეტი არა დარჩენოდა რა სახსოვრად, და მას აქეთ მკაცრი თავდაჭერილობა ექცია ცხოვრების წესად.

მე კი ვედავებოდაი და იმ ხალხს ვუსახავდი ნიმუშად, ვინც სიბრძნესაც ემსახურებოდა, მადლიც ეპოვნა უფლის წინაშე და მეგობრების მიმართაც შესაშურ ერთგულებას იჩენდა. თუმცა სად მე და სად მათი სულიერი სიდიადე? ხორციელი ციებ-ცხელების, ტკბილი და სასიკვდილო ციებ-ცხელების მონად ქცეული სიამოვნებით დავათრევდი ბორკილებს და ისე ვუფრთხოდი კეთილ რჩევასა თუ ჩემს სახსნელად მოვლენილ ხალხს, როგორც ღია ჭრილობაზე შეხებას. მეტიც, ჩემი მეშვეობით თვით გველი ელარაპაკებოდა ალიპიუსს [59] და ჩემივე სიტყვებით ქსოვა ვერაგულად დაგებულ მახეს, რათა შიგ გაება ეს თავისუფალი და პატიოსანი ყმაწვილი კაცი.

22. ალიპიუსს უკვირდა, რა ღრმად დავფლულიყავი მე, მისი სათაყვანებელი კერპი, ხორციელ გულისთქმათა მწვირეში, რადგანაც ყოველთვის, როცა ამ საკითხზე ვლაპარაკობდით, დაჟინებით ვიმეორებდი, უცოლოდ ვერ გავძლებ-მეთქი. მისი განცვიფრების შემყურე ვუმტკიცებდი, რომ ის წამიერი და მსწრაფლწარმავალი სიამოვნება, მალულად რომ განეცადა და თითქმის აღარც კი ახსოვდა, რის გამოც ასე ხელაღებით ჰგმობდა და ზიზღით იხსენიებდა მას, ძირფესვიანად განსხვავდებოდა ჩემს მიერ განცდილი და, თავისი ხანგრძლივობის წყალობით, სანეტარო ჩვეულებად ქცეული სასიყვარულო კავშირისაგან. ხოლო თუ ამ კავშირს ცოლქმრობის ღირსეული სახელიც დაერქმევა, - დავსძენდი მე, - რაღაც გიკვირს, რომ არ შემიძლია შენსავით მეზიზღებოდეს ამნაირი ცხოვრება-მეთქი? როგორც ჩანს, იმდენი ვეჩიჩინე, რომ, ბოლოს და ბოლოს, ალიპიუსმა თვითონაც მოინდომა ცოლის შერთვა, თუმცა არა ტკბობის სურვილით, არამედ ცნობისმოყვარეობით ძლეულმა. მეუბნებოდა, რომ ძალიან უნდოდა გაეგო, რა იყო ის, რის გარეშეც ჩემი ცხოვრება, როემლიც ასე მოსწონდა, ცხოვრებად კი არა, ნამდვილ სატანჯველად მიმაჩნდა. ამნაირ კავშირს უჩვევ სულს აცვიფრებდა ჩემი მონობა, და სწორედ ამ განცვიფრების გამო ცდილობდა თვითონაც განეცადა იგივე ვნება; მას სურდა შეეძინა იგივე გამოცდილება, რომელიც სწორედ იმნაირ მონობაში ჩააგდებდა, ასე ძლიერ რომ აცვიფრებდა. დიახ, ის ცდილობდა „დაწინდულიყო სიკვდილზე“, ხოლო „ვინც განსაცდელს მიელტვის, განსაცდელშივე ვარდება“ [60].

არც მე და არც მას არ გვიზიდავდა ის, რაც ამკობს და ამშვენებს ცოლქმრულ ცხოვრებას: ოჯახის რიგიანად გაძღოლა და ბავშვების აღზრდა. ხორციელი განცხრომის უძღები სურვილი, - აი, რა მატყვევებდა და კიდეც მტანჯავდა. მისი ტყვეობის მიზეზი კი ცნობისმოყვარეობა გახლდათ. აი, რანი ვიყავით, ვიდრე შენ, უზენაესო, რომელიც არ სტოვებ ჩვენს დედამიწას, არ შეგვიწყალე საწყალობელნი და იდუმალი და გონებამიუწვდომელი გზებით არ მოგვეახლე მწედ და მეოხად.

_________________________________

[53] - რემინისცენცია მათეს სახარების სიტყვებისა: დააკაკუნეთ და გაგიღებენ“ (VII, 7).

[54] - იგულისხმება რიტორიკული ხელოვნების გაკვეთილები.

[55] - იგულისხმება ეპიკურეს მოძღვრება, რომლის თანახმადაც სიკვდილი სულისა და სხეულის სრულ იავარყოფას მოასწავებს.

[56] - ეპიკურეიზმის ანტითეზა.

[57] - დედანში: „praesses“ (praesidis). იმპერატორ დიოკლიტიანეს (284-305 წ.) ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად რომის იმპერია 12 დიოცეზად იქნა დაყოფილი, ხოლო დიოცეზები, თავის მხრივ, პროვინციებად იყოფოდნენ. კონსტანტინე დიდმა (306-337 წ.) ოთხ პრეფექტურად გააერთიანა დიოცეზები: აღმოსავლეთი, ილირია, იტალია, გალია. პრეფექტურებს პრეტორიის პრეფექტები განაგებდნენ, რომლებსაც ემორჩილებოდნენ დიოცეზების ვიკარები, ამ უკანასკნელთ კი - პროვინციების პრეზიდები.

[58] - შდრ. სიბრძნე სოლომ. VIII, 21.

[59] - შდრ. დაბად. III, 1.

[60] - სიბრძნე ზირაქ. III, 25.

 

XIII

23. სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, ცოლი შემერთო. მე უკვე ხელი ვთხოვე ჩემს სატრფოს და თანხმობაც მივიღე მისგან. ამ საქმეში განსაკუთრებულ გულმოდგინებას იჩენდა დედაჩემი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ საქორწინოდ მაინც განვიბანებოდი ნათლისღების წმიდა და მაცოცხლებელი წყლით. სიხარულით ფეხზე აღარ იდგა, რადგანაც ხედავდა, რომ დღითი-დღე სულ უფრო და უფრო მეტად მეუფლებოდა მონათვლის სურვილი, რაც თავისი ლოცვისა და შენი აღთქმის აღსრულებად მიაჩნდა.

ჩემი თხოვნითა და თავისი საკუთარი სურვილით ყოველდღე გიხმობდა და გულმხურვალე ღაღადისით გევედრებოდა, მოწყალება მოგეღო, ხილვა მოგევლინა და რაღაც მაინც გენიშნებინა მისთვის ჩემი მომავალი ქორწინების გამო; მაგრამ შენ დუმდი. რამდენჯერმე ნახა ფუჭი და უაზრო სიზმარი, რასაც სულში მომავლის მტანჯველი მოლოდინი იწვევს. დაწვრილებით მიამბობდა მათ, მაგრამ არა უწინდელი რწმენით და სასოებით, რაც ასე ნათლად ვლინდებოდა მის სიტყვებში, როცა თავისი სიზმარეული ჩვენებების მიზეზად შენ გსახავდა, არამედ ერთგვარი გულაცრუებით და, ცოტა არ იყოს, აგდებულადაც. ის ამბობდა, რომ რაღაც უცნაური ელფერის წყალობით, რისი ახსნაც მას არ შეეძლო, თავისუფლად ასხვავებდა ერთმანეთისგან შენეულ გამოცხადებას და თავის საკუთარ ზმანებას.

და მაინც, დაჟინებით მირჩევდა ცოლი შემერთო. ყმაწვილი ქალი, რომელსაც ხელი ვთხოვე, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გახდებოდა საქორწინო ასაკისა [61], და რაკი მომწონდა, გადავწყვიტე მომეცადა.

_________________________________

[61] - ქალისათვის საქორწინო ასაკად ითვლებოდა 12 წელი (იუსტ. „ინსტიტ.“ 1,10,22).

 

XIV

24. მე და ჩემი მეგობრები რა ხანია ვაწყობდით გეგმებს, როგორ გავცლოდით კაცთა მშფოთვარე ცხოვრების უკუღმართობას; რაც უფრო მეტს ვფიქრობდით და ვსაუბრობდით ამის თაობაზე, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდით, რაოდენ სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება.

აი, როგორ უნდა მოგვეწესრიგებინა ეს უშფოთველი და აუმღვრეველი ყოფა: მთელი ჩვენი ავლადიდება საერთო საკუთრებად უნდა გვექცია, ესე იგი, გაგვეერთიანებინა ყველაფერი, რაც კი გვებადა; ამ საერთო საკუთრების მფლობელი უნდა ყოფილიყო თვითეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად, რათა გულწრფელი მეგობრობით შეკრულთა შორის საერთოდ აღარ დარჩენილიყო ცნებები - „ჩემი“ და „შენი“. დაახლოებით ათნი უნდა ვყოფილიყავით, და ჩვენს შორის ძალიან მდიდრებიც იყვნენ, როგორც მაგალითად, ჩემი თანამემამულე და ჩემი სიყრმის მეგობარი რომანიანე [62], რომელიც ძალზე გართულებული საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვიდა მედიოლანუმს და ერთავად სასახლის კარზე ტრიალებდა. ჩვენს წამოწყებას ყველაზე გულმხურვალედ სწორედ რომანიანე უჭერდა მხარს, და მის სიტყვას დიდი გასავალი ჰქონდა, რადგანაც გაცილებით უფრო დიდი სიმდიდრის პატრონი იყო, ვიდრე რომელიც გნებავთ ჩვენგანი.

დავადგინეთ, რომ ყოველწლიურად ორ კაცს ავირჩევდით, როგორც სახაზინო მოხელეს, რომლებიც მიხედავდნენ ყოველივე აუცილებელს, დანარჩენები კი თავისუფლები იქნებოდნენ ამ საქმისაგან. მაგრამ ამ ანაზდეულად შავბნელმა აზრმა გაგვიელვა თავში: დაეთანხმებოდნენ თუ არა ჩვენი ძვირფასი ცოლები ამნაირ გადაწყვეტილებას? (ზოგი უკვე ცოლიანი იყო, მე კი მალე ვაპირებდი ცოლის მოყვანას). ესეც იყო და ეს ჩვენი მშვენიერი გეგმა თვალსა და ხელს შუა გაგვიქრა და, რასაკვირველია, ერთხმად უარყოფილ იქნა.

კვლავ განვაახლეთ ვაი-ვიში და მოთქმა-გოდება, კვლავ დავადექით ამა სოფლის ფართო და გათელილ გზას, რადგანაც „მრავალი ზრახვა ტრიალებდა ჩვენს გულში“ [63], მაგრამ „მხოლოდ უფლის შთანაფიქრია მარადისი“ [64]. ასე, შენი შთანაფიქრის თანახმად, დასცინოდი ჩვენს გეგმებს და სანაცვლოდ ამზადებდი შენსას, რათა „დროულად მოგეცა ჩვენთვის საზრდო, გაგეხსნა ხელი და კურთხევით აგევსო ჩვენი სული“ [65].

_________________________________

[62] - შდრ. მეოთხე წიგნის შენ. 43.

[63] - იგავნი სოლომ. XIX, 21.

[64] - ფსალმ. 32,11.

[65] - შდრ. ფსალმ. 144, 15-16.

 

XV

25. ამასობაში კი ჩემს ცოდვებს ცოდვები ემატებოდა [66]. მკერდიდან მომწყვიტეს საყვარელი არსება, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა ჩემი ქორწინებისათვის, და რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იზიარებდა ჩემს სარეცელს. სასიკვდილოდ მომიწყლეს გული, რომელიც უიმისოდ ვერ ძლებდა, და წყლულიდან დიდხანს მდიოდა სისხლი. ჩემი საყვარელი აფრიკაში დაბრუნდა; წასვლის წინ აღთქმა დადო, რომ სხვა მამაკაცს გვერდით აღარ გაიკარებდა, და დამიტოვა ჩემი უკანონოდ შობილი ვაჟი, რომელიც მისგან შემეძინა. მე უბედურს კი იმდენიც არ შემეძლო, რომ ამ უმწეო ქალისთვის მიმებაძა: რაკი ქორწინებამდე ორი წელი უნდა მეცადა, სულმოკლეობის გამო თავი ვეღარ შევიკავე, რადგანაც, ეტყობა, იმდენად ცოლქმრულ ცხოვრებას როდი ვესწრაფოდი, რადმენადაც ავხორცული ვნების დაცხრომას, დიახ, თავი ვეღარ შევიკავე და სხვა ქალს დავუახლოვდი, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ ცოლად შემერთო, არამედ რათა გამეხანგრძლივებინა ჩემი სულიერი სნეულება, რომელიც ჩემს არსებაში ღრმად ფესვგადგმული ჩვეულების ძალით სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა და, როგორც ჩანს, თვით ქორწინებამდე გაგრძელდებოდა. თუმცა ჩემს პირველ სიყვარულთან განშორებით გულს დაჩნეულმა იარამ არ იქნა და არ შეიკრა პირი: მართალია, ცნობის მიმხდელი ტკივილი ცოტათი გამინელდა, მაგრამ წყლული დაჩირქდა და კვლავ მტკიოდა, ყრუდ და უიმედოდ [67].

_________________________________

[66] - შდრ. სიბრძნე ზირაქ. XXIII, 3.

[67] - ამ კავშირის შესახებ დაწვრილებით იხ. პროფ. ი.ვ.პოპოვი, დასახ. ნაშრ. გვ.66-70.

 

XVI

26. დიდება შენდა, უფალო, გულმოწყალების უშრეტო წყაროვ. რაც უფრო იზრდებოდა ჩემი უბედურება, მით უფრო მიახლოვდებოდი. ჩემს ზემოთ უკვე გამოისახა შენი მარჯვენა, რომელიც მზად იყო ამ მწვირედან ამოვეყვანე [68] და განვებანე, მე კი არ ვიცოდი ეს. თუ უფრო ღრმად არ ვინთქმებოდი ხორციელ გულისთქმათა უფსკრულში, მხოლოდ იმიტომ, რომ სიკვდილისა მეშინოდა და ვძრწოდი განკითხვის დღის წინაშე; ჩემი გრძნობების გამუდმებული მონაცვლეობის მიუხედავად, ამ შიშს არასოდეს მიუტოვებია ჩემი გული.

ჩემს მეგობრებთან - ალიპიუსსა და ნებრიდიუსთან ერთად ვმსჯელობდი სიკეთისა და ბროოტების ზღვრის თაობაზე. სულის სიღრმეში პირველობას მივანიჭებდი ეპიკურეს, თუ დარწმუნებული არ ვყოფილიყავი, რომ სული სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას, და იმას მოიმკის, რაც ამქვეყნად დაუთესია; ეპიკურეს კი ეს არ სწამდა; მე ვეკითხებოდი ჩემსავე თავს: „ჩვენ რომ უკვდავნი ვიყოთ და მთელი სიცოცხლის მანძილზე ხორციელ განცხრომაში დანთქმულნი, არც იმის შიში გვქონდეს, რომ ადრე თუ გვიან იძულებულნი ვიქნებით ხელი ავიღოთ ამ განცხრომაზე, ვითომ რატომ არ ვიქნებოდით ბედნიერნი, ან რაღა უნდა გვენატრა?“ რა ვიცოდი, რომ სწორედ ეს მოწმობდა უდიდეს უბედურებას: დაცემულსა და თვალდავსილს არ შემეძლო აღმექვა სიქველის წმინდა ნათელი და უხრწნელი მშვენიერება, რომელსაც ხორციელი თვალით კი არა, მხოლოდ შინაგანი - გონების თვალით თუ იხილავს კაცი. ისიც კი არ მესმოდა მე უბედურს, რომელი წყაროდან იღებდა დასაბამს თვით ამ სიბილწეზე საუბრის სიტკბოება, ან რატომ არ შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი მეგობრების გარეშე, თუმცა არანაირი ხორციელი განცხრომა არ მაკლდა. უანგაროდ მიყვარდა ჩემი მეგობრები და მწამდა, რომ ასევე უანგაროდ ვუყვარდი მათაც.

ო, ცთომილების კლაკნილო გზებო! ვაი თავხედსა და თავგასულ სულს [69], რომელსაც ეგონა, თუ შენ გაგეცლებოდა, უკეთესს იპოვიდა რასმე. ამაოდ წრიალებდა სასომიხდილი, ხან ერთ გვერდზე გადატრიალდებოდა, ხან მეორეზე, პირქვე დამხობილი რომ ვერ ძლებდა, გულაღმა არჩევდა წოლას, მაგრამ ყველაფერი მქისე და ხორკლიანი ეჩვენებოდა, რადგანაც შენს გარდა ვერსად ჰპოვებდა მოსვენებას.

და, აი, შენც არა ხარ, ჩვენი უბადრუკი ცთომილებისაგან გვათავისუფლებ და შენს წრფელ გზაზე გვაყენებ, გვანუგეშებ და შეგვაგონებ: „გაიქეცით, მე შეგეწევით; მე წაგიყვანთ და დაგიხსნით“ [70].

_________________________________

[68] - შდრ. ფსალმ. 39, 3.

[69] - შდრ. ესაია III, 11.

[70] - შდრ. ესაია, XLVI, 4.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ