ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია (ფრანგ. photographie, ძვ. ბერძნ. φως / φωτος (ფოს) — სინათლე და ძვ. ბერძნ. γραφω (გრაფის) — სტილუსი, ფუნჯი ან ძვ. ბერძნ. γραφή (გრაფე) — გამოსახვა ხაზების მეშვეობით ან ხაზვა; სინათლით ხატვის ტექნიკა) — ფოტოკამერაში გამოსახულების მიღება შუქმგრძნობიარე ნივთიერებაზე ან შუქმგრძნობიარე მატრიცაზე.

მოქმედების პრინციპი

ფოტოგრაფიის პროდუქტს ფოტონეგატივი ან ფოტო წარმოადგენს, რომელიც მიიღება ექსპოზიციის პერიოდში საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლის სხივის ზემოქმედებით შუქმგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორზე, როგორც წესი ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით.

ნებისმიერი ფოტოგადაღება დაკავშირებულია სინათლის სხივთან, იქნება ეს ფოტოგრაფილული ლინზის გამოყენებით მიღებული თუ ლინზის გარეშე. ფოტოგრაფია დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა აღმოაჩინა, რომ დახურულ სივრცეში ორ საპირისპირო ზედაპირს შორის თუ ერთერთზე გაიხსნებოდა სარქველი, მაშინ გარედან შემოსული სინათლე, საპირისპირო ზედაპირზე გამოსახავდა გარედან შემოსული გამოსახულების ამოტრიალებულ მაგრამ ზუსტად იგივე გამოსახულებას. შემდგომ, ადამიანმა ისწავლა ამ ტექნიკის მოთოკვა და დაიწყო მისი გამოყენება ჯერ დიდ ოთახებში ხოლო შემდგომ მოახდინა მისი მცირე ყუთამდე დაყვანა. ასე გაჩნდა პირველი ფოტოკამერა რომელსაც კამერა ობსკურა დაერქვა. ფოტოგრაფიული ლინზის გარეშე ფოტოგადაღებას მოყვარული ფოტოგაფები დღესაც მისდევენ და ის პინჰოლის (Pinhole) სახელითაა ცნობილი.

ზემოთ ჩამოთვლილი ფოტოკამერების გარდა აბსოლუტურად ყველა აპარატი დღესდღეობით სინათლის სხივის გარდასატეხად ფოტოგრაფიულ ობიექტივს იყენებს. ფოტოგრაფიული ობიექტივი წარმოადგენს რამდენიმე ლინზის ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც აღმოფხვრილია ლინზის ოპტიკური ხარვეზები და შუქმგრძნობიარე ზედაპირზე სუფთა გამოსახულების დაიტანება.

ფოტოპროცესები სხვადასხვაა ქიმიურზედაპირიან და სენსორულზედაპირიან კამერებში. მართალია ორივე ზედაპირს სინათლის სხივი ამუშავებს, მაგრამ ხარისხის სხვაობა მდგომარეობს იმაში რომ ქიმიური პროცესების დროს, სინათლის სხივის უმცირესი ნაწილი ფოტონი ახდენს ზემოქმედებას ქიმიურად დამუშავებული ზედაპირის თითოეულ შუქმგრძნობიარე ატომზე, ხოლო ციფრულ ფოტოკამერებში კი სინათლის სხივი ააქტიურებს ელექტრონულ სენსორზე სპეციალურად განლაგებულ უმცირეს ფოტოელემენტებს, რომლებიც სათითაოდ დაკავშირებულია ციფრული ფოტოკამერის პროცესორთან. შესაბამისად ხარისხიც განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია ერთი მხრივ – ქიმიური პროცესების შემთხვევაში ობიექტივის ხარისხზე და მეორე მხრივ – ციფრული ფოტოკამერის შემთხვევაში, სენსორის ზედაპირზე ფოტოელემენტების რაოდენობაზე.

დამატებითი ფოტოაღჭურვილობა
საშუალებები შემდგომი დამუშავებისათვის
ისტორია

XIX საუკინის ორმოციანი წლებიდან მოყოლებული რუსეთის დიდ ქალაქებში, ბევრი გამოჩენილი მხატვარი და ბევრიც მხატვრობით დაინტერესებული, გატაცებით შეუდგა ფოტოგრაფიის შესწავლას.

ზოგიერთმა უმაღლესი ცოდნით აღჭურვილმა პირმა მიატოვა თავისი სპეციალობა და დაიწყო ფოტოგრაფობა. რუსეთის ფოტოგრაფიის მამამთავარი ს. ლ. ლევიცკი განათლებით იურისტი იყო. ფოტოგრაფიის შესწავლის შემდეგ ის წავიდა საზღვარგარეთ და ექვსი წელიწადი მოანდომა თავისი ცოდნის გაღრმავებას ფოტოგრაფიის დარგში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მთელი თავისი სიცოცხლე ფოტოგრაფიას შესწირა. პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში კურსდამთავრებული ა. ი. დენიერი და მხატვარი ოჟე, თავიანთ პროფესიად თვლიდნენ ფოტოგრაფობას. პირველ ხანებში ფერწერაში მომუშავე ა. ი. დენიერმა გარს შემოიკრიბა სხვა მხატვრებიც. მასთან მუშაობდნენ ისეთი მხატვრები, როგორებიც იყვნენ: ი. ნ. კრამსკოი, რადლოვი, სოკოლოვი, გრინფი, რუსი აკადემიკოსი მხატვრები.

განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენდა რუს ფოტოგრაფებზე „პერედვიჟნიკების“ გამოფენები. ისინი დიდი ინტერესით იღებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებას. ხალხის სიხარული დამწუხარება, გლეხობის მწარე ბედი იყო ასახული ა. ო. კარელინის, მ. პ. დიმიტრიევის, ს. ა. ლობოვიკოვის და სხვათა ფოტოსურათებში.

ფოტოგრაფმა მ. პ. დიმიტრიევმა გააკეთა ხელით სატარებელი ურემი, ზედ დააწყო ფოტოაპარატის მოწყობილობა, თვითონ შიგ შეება და დაჰყვა ვოლგის სანაპიროებს რიბინსკიდან ასტრახანამდე. მან გადაიღო მრავალი ტიპი, ისტორიული ძეგლი, ხალხური ზნე-ჩვეულება, ლამაზი პეიზაჟები, მონასტრები და მშრომელი ხალხი სხვადასხვა სამუშაოების შესრულების დროს. ამ ფოტოსურათებმა მ. პ. დიმიტრიევს მსოფლიოში სახელი მოუხვეჭა.

მ. პ. დიმიტრიევის აღმზრდელი ა. ო. კარელინიც საინტერესო პიროვნება იყო. მან დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. მხატვარი კარელინი გაიტაცა ფოტოგრაფიამ და საფუძვლიანად შეისწავლა იგი. პეტერბურგიდან კარელინი გადავიდა ნიჟნი-ნოვგოროდში და იქ 1869 წელს გახსნა თავისი ფოტოსახელოსნო. მან თავი მოუყარა მრავალ ნივთს, შეიძინა დიდძალი ძველი საოჯახო ნივთი, ქსოვილი, ტანისამოსი, ჭურჭლეულობა, სურათები და სხვა. ის სწავლობდა უკვე დავიწყებულ ხალხურ ზნეჩვეულებებს, ყოფაცხოვრებას, ისტორიული სინამდვილით და სიზუსტით აღადგენდა მას და იღებდა ფოტოსურათებს. თავის ფოტოგრაფიასთან მას ჰქონდა გახსნილი სამხატვრო სკოლა, სადაც უფასოდ ასწავლიდა ნიჭიერ ღარიბ მოსწავლეებს. მან აღზარდა მთელი რიგი გამოჩენილი ფოტოგრაფი, მისი მდიდარი კოლექცია ანდერძის თანახმად დარჩა ერმიტაჟს.

ფოტოგრაფიას მისი გამოჩენის დღიდანვე დიდი ადგილი დაეთმო მეცნიერულ კვლევა-ძიებაში. ხელნაწერების აღდგენა, ისტორიული ძეგლების გადაღება, არქეოლოგიური ნაშთების გამომზეურება, ყოველივე ეს მოითხოვდა კვალიფიციური ფოტოგრაფის ყოლის აუცილებლობას.

თვით მეცნიერებიც დიდად იყვნენ დაინტერესებულნი ფოტოგრაფიით. დიდ მეცნიერს კ. ა. ტიმირიაზევს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის რუსული ფოტოხელოვნების განვითარებაში. ტიმირიაზევი არამ არტო თეორიულად იცნობდა ფოტოგრაფიას, თვითონაც კარგი ფოტოგრაფი იყო. მხატვრულად შესრულებულ ფოტოსურათებისათვის მას ხშირად მიუღია ჯილდო ფოტოგამოფენაზე. მან სპეციალური შრომა მიუძღვნა ფოტოგრაფიას. კითხულობდა ლექციებს ფოტოგრაფიის სამეცნიერო მიზნით გამოყენების შესახებ.

ასევე გატაცებული იყო ფოტოგრაფიით ქიმიკოსი დ. ი. მენდელეევი. მას დიდი სურვილი ჰქონდა დაეარსებინა ფოტოგრაფიული საზოგადოება, რომლის მიზანი იქნებოდა მასობრივად გაევრცელებინა საუკეთესო მხატვრული სურათები.

ფოტოგრაფიული ხელოვნების განვითარებას დიდად უწყობდა ხელს აგრეთვე სხვადასხვა ქალაქებში გამოფენების მოწყობა და ფოტოილუსტრირებული ჟურნალების გამოცემა, განსაკუთრებით პორტრეტულ ჟანრში, შექმნილია ფოტოგრაფიის საშუალებით.

ბეჭდვით სამეში ლითოგრაფიის, ცინკოგრაფიის, ფოტოტიპიის გამოყენებამ კიდევ უფრო განავითარა ფოტოხელოვნება.
შავ-თეთრი ფოტოგრაფია

ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1873 წელს გერმანელი მეცნიერის ჰ. ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას. ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი. პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ ერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა (ათი შუქ-ჩრდილის გაზრდა, აბსერვაციის შემცირება და ა.შ.) და ფოტოაპარატის სრულყოფა (მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება). მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. პროფესიონალთა და მოყვარულთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზებული აპარატების (სარეპროდუქციო, აეროფოტოაპარატი, ასტროგრაფი და სხვა.) კონსტრუირება. ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი. შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ. უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.

ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.

თითქმის ლ.დაგერთან ერთდროულად ინგლისელმა მეცნიერმა უ.ტალბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი, რომელსაც კალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპისგან განსხვავებით, ამ ხერხით იღებენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლებოდა ნებისმიერი რაოდენობის ოპზიტივების დამზადება. გარდა ამისა, გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც (როგორც თანამედროვე ფოტოგრაფიაში).

კალოტიპიას დღესდღეობით მისდევენ განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც ჩამოყალიბდა ფოტოკამერის სპეციფიური სახეობა სახელწოდებით - "ავღანური კამერა".

დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიის განვითარებაში ინგლისელი მეცნიერის ფ.სკოტ-არჩერის მიერ 1851 ე.წ. სველკოლოიდური პროცესის გამოგონებამ. ამ პროცესის სერიოზული ნაკლოვანი მხარეების გამო (დაბალი შუქმგრძნობიარობარობა, ნეგატივის გაშრობამდე ფოტოგადაღების მოსწრება და ა.შ.) XIX საუკუნის 60-იან წლებში მრავალგზის სცადეს კოლოდიუმის შეცვლა სხვა ნივთიერებით, კერძოდ ჟელატინით.

ამბროტიპია თავისი კლასიკური გაგებით ნიშნავს მინის გამჭვირვალე ზედაპირზე გამოსახულების გადატანას, რომლის დროსაც გამოსახულება ნეგატივის სახით წარმოდგება, ხოლო თუ ჩვენ მას შავი ფერის ფონს ამოვუდებთ დავინახავთ პოზიტიურ გამოსახულებას. ასე წარმოიქმნა ამბროტიპიის შემდეგი მიმართულება რომელსაც ტინტაიპი დაარქვეს. ტინტაიპი/ფეროტაიპი/ალუმინტაიპი ეს არის შავ ზედაპირიან მყარ მასალაზე შექმნილი გამოსახულება სველკოლოდიური მეთოდით, რომლის დროსაც გამოსახულება პირდაპირ პოზიტივად წარმოგვიდგება. მას არ გააჩნია ნეგატივის წარმოდგენის საშუალება და ჩვეულებრივი ამბროტიპისაგან განსხვავებით სურათის დასრულებულ ფორმას წარმოადგენს, რომელზეც გამოსახულება აისახება შებრუნებულად.

1871 ინგლისელმა რ.მედოქსმა დაამუშავა ბრომვერცხლის ჟელატინიანი ემულსიის დამზადების პირველი პრაქტიკული ხერხი. იქიდან გამომდინარე რომ ჟელატინიანი ემულსიით დაფარული მასალა არ საჭიროებდა წინასწარ სხვადასხვა სითხეებით დამუშავებას, მას ზედმეტ სახელად "მშრალი ფოტოგრაფია" შეარქვეს. ყველაზე ფართოდ გავრცელდა მშრალი ჟელატინის შრეები, რომლებშიც შედიოდა ვერცხლის ჰალოგენიდების მიკროკრისტალები. თავდაპირველად მათ ამზადებდნენ მინის ფუძეშრეზე (ფოტოფირფიტა), შემდგომ კი – ქაღალდისა და აფსკის ფუძეშრეზე (ფოტოქარალდი, ფოტოფირი (1887)).

ფერადი ფოტოგრაფია

თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად.