არქიტექტურა
არქიტექტურა (ბერძნ. αρχή — დაწყება, τέχνη — ხელოსნობა; „ვიწყებ ხელოსნობას“) — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.
ურბანული დიზაინი (იგივე ქალაქმშენებლობა) მჭიდროდ უკავშირდება ურბანულ დაგეგმარებას, თუმცა ყურადღებას უფრო ადგილის ფიზიკურ დიზაინზე ამახვილებს. უბრანული დიზიანის კომპლექსური ხასიათი მოითხოვს მრავალ სფეროთა, როგორებიცაა არქიტექტურა, ინჟინერინგი, ეკოლოგია, ადგილობრივი ისტორია და ტრანსპორტის დაგეგმარება, შორის ბალანსსა და წარმომადგენლობითობას.
ურბანული დიზიანი მოითხოვს სერიოზულ ერთიან ყურადღებას სამ-განზომილებიან სივრცეზე, ისევე როგორც საზოგადოებრივი ადგილების გათვალისწინებას შენობებს შორის, მათ ქვეშ და თავად შენობებში. ეს თავის მხრივ მოიცავს მიკროკლიმატის შესწავლას; ესთეტიკას, გარემოს მახასიათებლებსა და მასალათა გამძლეობას, ლენდსკეიპინგის პოზიტიურ მხარეებს, ქალაქის ბუნებასა და გამწვანებას; სოციალურ ფუნქციებსა და ურბანულ არეებს შორის შესაძლო ინტერაქციას; ასევე ადგილმდებარეობის შესაძლო სამომავლო გეგმებს.
ქალაქგეგმარება, ასევე ურბანული დაგეგმარება — აგლომერაციის, ქალაქისა თუ თემის სივრცითი მოწყობის (გეგმარების) დისციპლინაა, რომელიც ურბანული რეგიონების, მუნიციპალიტეტების და საქალაქო უბნების ფიზიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნავს. განვითარების უფრო მცირე მასშტაბებზე სხვა პროფესიები არის კომპეტენტური, როგორიცაა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი. ამის საპირისპიროდ, რეგიონალური დაგეგმარება იხილავს უფრო ვრცელ გარემოს ნაკლებად დეტალურ დონეზე.
ქალაქგეგმარება გზის გამკვალავია ქალაქთმშენებლობის საწარმოებლად, რამეთუ პრიორიტეტების ჩამოყალიბება სწორედ ამ ეტაპზე ხდება. აქვე წარმოებს ქვეყნის ამა თუ იმ თემის განვითარების ლოკალური პოლიტიკის დასახვა და მისი კომპლექსური შეჯერება მეცნიერების სხვა დარგებთან. ამას მოყვება ქალაქების, თემების, ანაც მათი ნაწილების მდგრადი განვითარების ჩარჩო პირობების შექმნა და განტკიცება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი ფაქტორები. გარემოს დაცვის საკითხებს უკანასკნელი წლების განმავლობაში სულაც წამყვანი როლი უკავიათ, რადგან წარმოუდგენელია მოქალაქეებს შორის მიწის სამართლიანი განაწილება, თუ თავად გასანაწილებელი ობიექტის ხარისხი მათ კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს.
განვითარებულ ქვეყნებში ბოლო დროს დიდი კრიტიკა ხვდება გარემოს გადაჭარბებულ დახუნძვლას სხვადასხვა ნიშნებით, აბრებითა და ფირნიშებით. დებატების საგანია ასევე ბალანსი (ან უბალანსობა) პერიფერიულ განაშენიანებას, დასახლების სიმჭიდროვის ზრდასა და ახალი დასახლებების დაგეგმვას შორის. ასევე გაუთავებელია კამათი მიწის შერეული დანიშნულებით გამოყენების სიკარგეზე ან კიდევ გეოგრაფიული ზონების სხვადასხვა დანიშნულებით განცალკევების უპირატესობაზე.
წარმატებული ქალაქგეგმარება ყურადღებას ამახვილებს "შინაურ" ხასიათზე და "ადგილის შეგრძნებაზე", ბუნებრივი, ხელოვნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემაზე, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სხვა საშუალებების ორგანულ შერწყმაზე, და მისთ.
ზოგიერთი ურბანისტის აზრით შუასაუკუნეების მოედანი და არკადა წარმატებული ურბანული დიზაინის ყველაზე მომხიბვლელი ელემენტებია, რასაც ამტკიცებს იტალიური ქალაქების სიენასა და ბოლონიის გარემო.
თუმცა ქალაქების თავიდან დაგეგმვის შანსი იშვიათია, ქალაქმგეგმარება მნიშვნელოვანია ქალაქების ზრდის მართვისთვის, ისეთი ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა ზონირება, მიწის გამოყენების მართვა, ასევე ზრდის მართვის ტექნიკა განვითარების ტემპების მართვისთვის. ისტორიული ანალიზი ცხადყოფს, რომ ამჟამად ყველაზე ლამაზად მიჩნეული ქალაქები ხანგრძლივი, ინტენსიური აკრძალვების სისტემის შედეგია შენობების ზომების, გამოყენებისა და მახასიათებლების მხრივ. ეს აკრძალვები საკმარის თავისუფლებას იძლეოდა, თუმცა აიძულებდა მშენებლებს გარკვეული სტილი, უსაფრთხოების ზომები და მასალა გამოეყენებინათ. მრავალი ისტორიული დაგეგმვის ტექნიკა ამჟამად ახლებურად იაზრება და თანამედროვე ფორმით გამოიყენება, მას "გააზრებულ ზრდას" (smart growth) უწოდებენ.
არქიტექტურული ორდერი, არქიტექტურული ორდენი (ფრანგ. ordre, იტალ. ordine - წესი, რიგი) — დგარულ-კოჭოვანი სისტემის სტრუქტურა და მხატვრული დამუშავება. ფართო გაგებით ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტის, ბაბილონურ-ასურულ და ძვ. სპარსულ ხუროთმოძღვრებაში, კლასიკურ სისტემად კი მხოლოდ ძვ. ბერძნულ არქიტექტურაში ჩამოყალიბდა (ძვ. წ. V ს.). კლასიკური ბეძნული არქიტექტურული ორდერების დორიული, იონური და კორინთული (იმ ოლქებისა და ტომების სახელწოდების მიხედვით, სადაც ეს ორდერები შეიქმნა). ძვ. რომში ჩამოყალიბდა ტოსკანური ორდერი და კომპოზიტური ანუ რთული ორდერი. ორდერების მზიდი ნაწილებია სვეტი, კაპიტელთა (სვეტისთავი) და ბაზისითურთ, რომლებზედაც დაყრდნობილია ანტაბლემენტი. დორიულ ორდერს (კლასიკური ნიმუშებია პართეონი და პროპოლეონი ათენის აკროპოლისზე) ბაზისი არ აქვს. სვეტი ზევით თანდათან ვიწროვდება და შვეული კანელურებით არის დაღარული, შუა ნაწილი კი გამსხვილებულია (ენტაზისი). სვეტს კაპიტელი ეყრდნობა, მას მოსდევს ქვის კოჭი - არქიტრავი, ტრიგლიფებითა და მეტოპებით დანაწევრებული ფრიზი და შემდეგ კარნიზი.
იონიურ ორდერს (კლასიკური ნიმუშია ერექთეონი ათენის აკროპოლისზე) აქვს ბაზისი, ზევით შევიწროებული კანელურებიანი სვეტი და ვოლუტებიანი კაპიტელი. არქიტრავი სამი ჰორიზონტალური ზოლისაგან შედგება. ფრიზი დანაწევრებულია და ზოგჯერ რელიეფით შემკული. კორინთული ორდერი ყველაზე დეკორაციულია ბერძნულ ორდერთა შორის. პირველად გამოყენებულია აპოლონის ტაძარში (ძვ. წ. 430). კაპიტელი შემკულია აკანთოს სტილიზებული ფოთლებითა და ხვიებით (ვოლუტებით). ტოსკანური ორდერი დორიულის სახესხვაობაა, ხოლო კომპოზიტური - კორინთუკუსა და იონიურისა.
არქიტექტურული ორდერის აგების წესები მოცემულია ვიტრუვიუსის ტრაქტატში, ორდერის სიმაღლისა და პროპორციების საზომად მიჩნეულია მოდული - სვეტის ფუძის დიამეტრის ნახევარი.
ანტაბლემენტი (ფრანგ. entablement წინდ. en, table - მაგიდა, ფიცარი), კლასიკური არქიტექტურული ორდერის სვეტებზე დაყრდნობილი ჰორიზონტალური ნაწილი. შედგება (ქვევიდან ზევით) მზიდავი ნაწილის - არქიტრავის, მასზე დაყრდნობილი ფრიზისა და დამაგვირგვინებელი ნაწილის - კარნიზისაგან. სხვადასხვა არქიტექტურულ ორდერში ანტაბლემენტის პროპორციები და პლასტიკურრი დამუშავება სხვადასხვანაირია. ანტაბლემენტი წარმოიშვა ხის კოჭოვანი გადახურვის საფუძველზე და შენარჩუნებული აქვს მისი სტრუქტურა.
ფრიზი (ფრანგ. frise) — დეკორატიული კომპოზიცია ჰორიზონტალური ზოლის ან ლენტის სახით, რომელიც აგვირგვინებს ან გარს აკრავს არქიტექტურული ნაგებობის ამა თუ იმ ნაწილს.
არქიტექტურულ ორდერში არტაბლემენტის შუა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია არქიტრავსა და კარნიზს შორის. დორეულ ორდერში ფრიზი დანაწევრებულია მეტოპებად და ტრიგლიფებად; იონურსა და კორინთულში შევსებულია რელიეფებით ან სადაა.
სკულპტურული, ფერწერული და სხვა გამოსახულებებით შექმნილი ერთიანი დეკორატიული ზოლი (ხშირად ორნამენტული ხასიათისა), რომელიც გარს არტყია კედლების ზედა ნაწილებს.
არქიტრავი (ბერძნ. arche - საწყისი, მთავარი და ლათ. trabs - კოჭი) — ანტაბლემენტის ქვედა ჰორიზონტალური ნაწილი, ერთ-ერთი ძირითადი კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც უშუალოდ სვეტისთავებს ეყრდნობა. დორეულ და ტოსკანურ ორდერებში ფართო, სადა ქვის კოჭია, იონურსა და კორინთულში - დანაწევრებულია ჰორიზონტალური შვერელებით.
იონიური ორდერი, სამი მთავარი ბერძნული არქიტექტურული ორდერიდან ერთ-ერთი. იონიური ორდერის ძირითადი, მცირეაზიური, ვარიანტი ჩამოყალიბდა ძვ. საბერძნეთის იონიური პროვინციების ქვის ხუროთმოძღვრებაში ძვ. წ. 560-500 (არტემიდას ტაძარი ეფესოში, დაიწყო ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში, არქიტექტორი ქერსიფრონე და მეტაგენე). დორიული ორდერისაგან განსხვავებით, იონიური ორდერის პროპორციები უფრო მსუბუქია და მისი ყველა ნაწილის დეკორიც უფრო მდიდრული. სხვა არქიტექტურულ ორდერთაგან განსხვავებით, მისი სვეტისთავი შემკულია ვოლუტებით. იონიური ორდერის რამდენიმე ვარიანტი განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ელინიზმის ეპოქაში.