იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო..!

შენი სიზმარი ნათლად მოწმობს, პირველ რიგში, იმას, რომ ჩვენი ცხონების მტრები ჩვენს სულში შემოჭრას ცდილობენ, რათა განძარცვონ, დააბინძურონ, ღვთისთვის უსარგებლო გახადონ იგი. მეორეც იმას, რომ მათგან თავის დაღწევა მხოლოდ სახლსა თუ ტაძაში ლოცვითა და მცნებათა აღსრულებით შეიძლება; მესამეც იმას, რომ უფალს ყველა ადამიანი ებრალება და ყველას ცხოვნება ნებავს. რაოდენ დიდი სიყვარული უნდა ჰქონოდა სამყაროს შემოქმედს ცოდვილთა მიმართ, რომ თავად სამყაროს შემოქმედი განკაცებულიყო და მათი ცხონებისთვის დაეთმინა ფურთხება, ცემა, დამცირება და ჯვარცმა!

თუ ღმერთს ჩვენდამი სიყვარულის სანაცვლოდ ვუპასუხებთ გულგრილობით ურწმუნოებით, ცოდვებთან ბრძოლის სურვილის უქონლობით, ღვთის მცნებათა შეგნებული დარღვევით, ცრემლიანი სინანულის ნაცვლად - თავის მართლებით, მაშინ რაღა გველის? - მაშინ ჩვენ ღვთის პირისაგან განდგება გველის. რა საწყაულითაც მიუზღავთ, თქვენც ისევე მოგეზღვევათ, - ამბობს უფალი. თუკი ჩვენ ღვთის ჩვენდამი სიყვარულს საქმით უარვყოფთ, მაშინ ღმერთიც უარგვყოფს ჩვენ. „არა გიცნით თქვენ, წარვედით ჩემგან ცეცხლსა მას საუკუნესა“ - აი, ღვთის მსჯავრი, რომელიც აქვეა. წარმოთქმული იმ გამოუსწოებელ ცოდვილთა მიმართ, ღვთის სიტყვა რომ სძულთ და თავიანთი ცოდვების გასამართლებლად სახარებას ამახინჯებენ. ვაი მათ! მარადიული ტანჯვა, ტირილი და კბილთა ღრჭენა ელით მათ, ვინც უგულვებელყოფს ღვთის სიყვარულს, ვინც ქრისტიანის ღირსებას წუთისოფლის ბილწ სიამეებზე ცვლის, ვინც ეშმაკის ნების აღსრულებას ანიჭებს უპირატესობას. ვის ნებასაც აქ, დედამიწაზე, აღასრულებს ადამიანი, სიკვდილის შემდეგაც მასთან იქნება. ის, ვინც წუთისოფელში ეშმაკის მონა იყო, სიკვდილის შემდეგაც მის მონად დარჩება და ეშმაკთა სამყოფლეში აღმოჩნდება.

შენ ყველა პირობა გაქვს სინანულისა და ცხოვნებისათვის, გარეგანიც და შინაგანიც, რაც ჩვენს დროში იშვიათად თუ ვინმეს გააჩნია. თუკი ამით არ ისარგებლებ და ცხონების საქმეს გადადებ, ძალზე მოტყუებული დარჩები. დარწმუნებული არა ვართ, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი იქნება. უფალი ყველას გვაფრთხილებს: ყოველ წუთს მზად იყავით, თქვენ არ იცით, რომელ დღეს, რომელ წუთს მოვლენ თქვენი სულისათვის.

მთელი გულით გირჩევ: არანაირი ცოდვის გამო თავი არ იმართლო, რა უმნიშვნელოდაც არ უნდა მიგაჩნდეს იგი. ყველანაირი ცოდვა ღვთის ნების დარღვევაა, იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთი არ გვიყვარს და პირიქით. „მე ვუყვარვარ მას, - ამბობს უფალი, - ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებს“. ამიტომ ყოველი ჩადენილი ცოდვისაგან აღსარებით უნდა განვიწმინდოთ.

იზრუნე ცხონებისათვის. ეცადე, თავი დააღწიო ამ წუთისოფელს, რომელიც ყოელთვის იყო და კვლავ იქნება ყოველგვარი სულიერებისა და თავად ღვთის მტერი.

„თქვენ სძულხართ წუთისოფელს“ - თქვა უფალმა. ვინ იგულისხმება სიტყვაში „თქვენ“? - ყველა, ვინც უფალ იესო ქრისტეს იწამებს და მის წმინდა მცნებათა მიხედვით ცხოვრებას ეცდება.

ილოცე ჩემთვის. 

 

წინა

შემდეგი