იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო..! მშვიდობა შენდა!

გმადლობ წერილისათვის. უკვე ძალზე ვწუხდი შენს გამო. სამწუხაროდ, წარსული ძალიან გაბრკოლებს. მიხარის, რომ ეს შეგნებული მაინც გაქვს. ამისათვის არ განგიკითხავ. ადამიანი ისე სუსტია, ცოდვა ისე ძლიერ მოქმედებს სულსა და სხეულზე, ეშმაკები ისე გაბოროტებულნი არიან მათ მიმართ, ვინც ხელიდან უსხლტებათ, რომ დაცემა და ზოგჯერ ძველი ცოდვილი ცხოვრებისკენ შემობრუნება გარდაუვალია. შენ ამან არ შეგაცბუნოს და გული არ გაიტეხო. უცებ ვერაფერს მიაღწევ. ღვთის სასუფეველში ყველა მრავალი განსაცდელის, ბრძოლის, ძალისხმევის შედეგად შედის. სახარებაში წაგიკითხავს, რომ ცათა სასუფეველი ჰგავს საფუარს, რომელსაც ცომში ჩაურთავენ, ვიდრე მას ბოლომდე არ აღაფუვებს. ადამიანის სულიც უცებ ვერ გაფუვდება სახარებისეული საფუარით. ზოგჯერ გაფუების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ზოგჯერ ნელდება. გესმის, რასაც ვამბობ. ამიტომ არ შეცბუნდე, როცა შენში ვერანაირ უკეთესობას ვერ დაინახავ. მხოლოდ ერთია საჭირო: ესწრაფე სახარების მცნებათა მიხედვით ცხოვრებას, იბრძოლე, შეეწინააღმდეგე ყოველგვარ ცოდვას, საქმითს, სიტყვითს თუ გულისხმისყოფითს, თავისუფლად არ დანებდე ცუდ მისწრაფებებს. თუ დანებდები, უფლის წინაშე შეინანე, შენდობა სთხოვე მას. კვლავ იბრძოლე, და ასე სიკვდილამდე.

გახსოვდეს, რომ საკუთარი ძალებით ვერაფერს მიაღწევ, ამიტომ ყოველგვარი დაბრკოლების ჟამს უფალ იესო ქრისტს მოუხმე შეწევნისათვის. მაშინ შენს კეთილ ნებას შეეწევა ღვთის ძალა, რომელიც ყოველგვარ ცოდვას, ეშმაკის ყოველგვარ ზემოქმედებას ამარცხებს. თუ რომელიმე ცოდვილ მისწრაფებას დაძლევ, შენს თავს, შენს ძალებს კი არ მიაწერო, არამედ უფალს, მისი მადლობელი იყავი, რომ ცოდვის დაძლევაში შეგეწია. ხოლო, თუ შენს თავს დაუმადლებ, მაშინ კვლავ იმავე ცოდვებში ჩავარდები.

ხშირად მოუხმე უფალს. შენ რამდენადმე შეიცანი ბოროტება და სიკეთე. უფალი ახლა გელოდება, რომ მას მიენდო, ცხოვრებაში მისი წმინდა მცნებებით იხელმძღვანელო და არა ეშმაკთა და ცოდვებით მოწამლული შენი დაცემული ბუნების შთაგონებით. არჩევანი შენს ხელთაა. უფალი გიყურებს, საით გადაიხრება შენ ნება. ამქვეყნიური ცხოვრება ადამიანს ხომ იმისთვის მიეცა, რომ თავისუფლად აირჩიიოს ან ღმერთი, ან ეშმაკი. მომავალი ცხოვრება იმიტომაც არის აქაურზე დამოკიდებული, რომ ის, ვინც მთელი ცხოვრება ცოდვებსა და ეშმაკებს ემსახურა, სიკვდილის შემდეგაც საუკუნოდ მათთან იქნება. ხოლო ის, ვინც მთელი ცხოვრება ღვთისაკენ ისწრაფვოდა, თუმცა კი დროდადრო ეცემოდა, სიკვდილის შემდეგ უფალთან იქნება მარადიულ ნეტარებაში.

უფალმა ავადმყოფობა არც ტყილად გამოგიგზავნა, იმდენად არც ძველი ცოდვის გამო დასასჯელად ( თუმცა, წესით, ცოდვილი ყველა ცოდვის გამო უნდა მწუხარებდეს), რამდენადაც შენდამი სიყვარულის გამო, რათა ცოდვილი ცხოვრებიდან მოგწყვიტოს და ცხონების გზაზე დაგაყენოს. მადლობა შესწირე ამისათვის უფალს, რომელიც შენზე ზრუნავს, კი ნუ შეურაცხყოფ მას შენი ნებით ჩადენილი ცოდვებით, არამედ ებრძოლე ყოველგვარ ცოდვას. სხვაგვარად ადრინდელზე მეტად დაიტანჯები.

შემინდე, თუ რაიმე გაწყენინე. მოკითხვა და ღვთის წყალობა...

 

წინა

შემდეგი