იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

მშვიდობა შენდა, ძვირფასო..!

...შინაგან ღვაწლთან დაკავშირებით გეტყვი: არავითარი დიდი ამოცანები არ დაისახო, არ დაადგინო არავითარი ვადები, არამედ ყველგან და ყველაფერში მოერიდე ბოროტებას, მცნებათა შინაგან თუ გარეგან დარღვევას, აიძულე შენს თავს სიკეთის ქმნა, ე.ი. თუნდაც დიდი ძალისხმევითა და ბრძოლით, ეცადე, მოიქცე არა ისე, როგორც შენ გსურს, არამედ ისე, როგორც უფალი გვასწავლის თავისი წმინდა მცნებებით. ტყუილად როდი უთქვამთ: „ ცათა სასუფევლი იიძულების“. ამას ემატება კიდევ ერთი ღვაწლი: „განსაცდელთა და ავადმყოფობათა დათმენა“. შენზე გარდამოვიდა დიდი წყალობა ღვთისა, რომელსაც არ ნებავს ცოდვილის წარწყმედა. შენ სულიერად იღუპებოდი, სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთის უფსკრული გელოდა, სიტყვებს არ იჯერებდი და არც შეგეძლო დაგეჯერებინა. საჭირო იყო ძლიერი საშუალება, რომელიც წარწყმედის გზას აგაცდენდა. უფალი იძულებული გახდა, შენთვის ასეთი საშუალება გამოეგზავნა ავადმყოფობის სახით. ამიტომ არ აყვედრო უფალს, გული არ გაიტეხო, არამედ მადლობა შესწირე მას, რომ გწყალობს და ზრუნავს შენი ცხონებისათვის. წმიდა წერილში ნათქვამია: „რომელი უყუარს უფალსა, ჰსწავლის და ჰსტანჯის; ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“. ამრიგად, შენ ღმერთს უყვარხარ, ნუ შეურაცხყოფ მას უმადურობით, მის წმინდა მცნებათა დარღვევით.

იმისათვის, რომ გაფანტულობის გარეშე ლოცვა შეძლო, უნდა დამდაბლდე ღვთისა და კაცთა წინაშე, ამასთაავე, ბევრი უნდა ივარჯიშო. სიმდაბლის გარეშე ადამიანი ყოველთვის გონებაგაფანტული იქნება. მაგრამ გული არ გაიტეხო და სასო არ წარიკვეთო, არამედ მოითმინე, ელოდე, შენი თავი ყოველგვარი მადლის უღირსად ჩათვალე. ჭეშმარიტად არა ვართ ჩვენ არამარტო განსაკუთრებული წყალობის ღირსნი, არამედ იმის ღირსნიც კი არა ვართ, რომ უფლის სახელი წარმოვთქვათ...

ილოცეთ ჩემთვის, მეც მოგისხენიებთ. იშრომე, გული არ გაიტეხო, ყოველივე დაითმინე, უფლის მადლობელი იყავი ყველაფრისათვის.

 

წინა

შემდეგი