იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო..!

დროა უკვე, იცოდე, რომ არსებობენ სატანა და ეშმაკები, რომელთაც თავიანთი უკიდურესი ბოროტების გამო, ყველა ადამიანის დაღუპვა სურთ. როგორ აკეთებენ ისინი ამას? აი, როგორ: ისინი ცდილობენ ადამიანის ვნებებზე ზემოქმედებას და მათი ისეთი ძალით გაღვივებას, რომ წარწყმიდონ ადამიანი.

მაგალითად, ვისაც დალევა უყვარს, მათ ბოროტი სულები აიძულებენ, რაც შეიძლება ბევრი და ბევრი დალიონ და მიჰყავთ ასეთი ადამიანები ჩხუბამდე, მკვლელობამდე და თვითმკვლელობამდე. ეს კი სამარადისო წარწყმედაა. ზოგიერთს ბოროტი სულები აჩვევენ ქურდობას, ზოგიერთი ძალზე ფრთხილად მიჰყავთ ქედმაღლობამდე, პატივმოყვარეობამდე, ამპარტავნებამდე და ბოლოს სულიერ ხიბლამდე და ასე ღუპავენ მათ. მრავალი სხვა გზითაც ცდილობენ ისინი ადამიანის საუკუნო წარწყმედას.

როცა მშვიდად იქნები, იფიქრე: როგორ სულიერ სიბრმავემდე უნდა მიხვიდე, რომ, მცირედი განსაცდელის გამო, მარადიული, უსაშინლესი ტანჯვა დაიმკვიდრო. რამდენადაც არ უნდა გაგვიჭირდეს ამქვეყნად, მილიონი წელიც რომ ვიცოცხლოთ უმძიმესი ტანჯვით, მას მაინც ექნება დასასრული. ხოლო ჯოჯოხეთის ტანჯვას არა აქვს დასასრული. წარმოიდგინე თუნდაც ასეთი სურათი: ყველაზე საშინელმა ყაჩაღთა ჯგუფმა, ასამდე კაცმა, ტყეში გაგიტაცა და მთელი დღის მანძილზე აბუჩად აგიგდო, როგორ იგრძნობდი თავს ამ დროს? ყოველივე ამას სიკვდილით მაინც დააღწევდი თავს. თვითმკვლელი კი ხვდება ეშმაკეულის ხელში, რომლებიც ყველა ბოროტმოქმედზე უარესი, უბოროტესი, უსაზიზღრესი ბოროტმოქმედნი არიან, რასაც ემატება მათი სრული თავისუფლება აბუჩად აგდებისას და კიდევ - ცეცხლი დაუცხრომელი და ჩაუქრობელი, მატლი დაუძინებელი. და ამ წამებას არ ექნება დასასრული. რა საშინელებაა! და ამ მდგომარეობამდე უნდა მიხვიდე არაფრის გულისთვის, იმის გამო, რომ... სულელმა და ბოროტმა..., რომ მან როგორღაც გაწყენინა. თუკი ასეთი უმნიშვნელო წვრილმანს ვერ ითმენ, მაშინ რატომ არ გეშინია ჯოჯოხეთის ტანჯვისა?

შენ იტყვი, რომ ამ დროს არაფერზე ფიქრობ, ყულფში თავის გასაყოფადაც კი მზად ხარ. მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ არაფერზე ფიქრობ, ივიწყებ ღმერთს, მომავალ საუკუნო ტანჯვას. ეს არის ეშმაკის ვერაგობისა და ადამიანის სულზე მისი ზემოქმედების შედეგი.

სადაც უფალია, იქ არის მშვიდობა, სინათლე, გონიერება, სიხარული. სადაც ეშმაკია, იქ შფოთი, სულიერი წყვდიადი, გონების დაბნელება, სასოწარკვეთილება და ყოველგვარი ბოროტებისთვის მზადყოფნაა.

მე მრავალჯერ მითქვამს ამის შესახებ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ: არ გაუწოდო ხელი ეშმაკს. ილოცე და, როცა დამშვიდდები, ევედრე უფალს, რომ არ მიგიყვანოს სიბნელემდე, არ მისცეს ბოროტ სულებს შენზე გაბატონების საშუალება. უფალი დაგიფარავს, თუკი შენი ნებით არ შთავარდები ჯოჯოხეთში. გახსოვდეს იუდა. მან ეშმაკს მისცა თავის სულში შესვლის საშუალება და დაიღუპა საშინელი სიკვდილით, ჩავარდა მარადიულ სატანჯველში, ჯოჯოხეთის უფსკრულში.

ამ საქმეს ნუ ეხუმრები. ამგვარი აზრებისაგან შორს დადექი. უფალი შეგეწიოს ამ ნაწერის გაგებასა და ეშმაკებისაგან თავის დაღწევაში აქაც და მომავალ ცხოვრებაშიც, ხოლო აქ მცირედის დათმენის სანაცვლოდ, ღვთის სასუფეველში, მარადიულ სიხარულსა და ნეტარებაში შესვლაში. ამინ.

 

წინა

შემდეგი