იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ღრმად პატივცემულო...!

თქვენი განცდების შესახებ ბრწყინვალე ცისკართან (საუბარია აღდგომის ცისკარზე) დაკავშირებით გეტყვით, რომ „ღვთის მოყვარულს ყოველივე სასიკეთოდ წარემართება“. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღვთის სასუფეველი არ მოიპოვება მხოლოდ მცნებათა დაცვით. როცა ველოდებით სულიერ სიხარულს, შეიძლება, სწორედ მაშინ ვერ მივიღოთ ის (უფრო ხშირად ასეც ხდება). სულის მართებული განწყობა ისაა, რომ ჩათვალო შენი თავი ყოველგვარი სულიერი ნუგეშის უღირსად. უფრო მეტიც, წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „სიმდაბლით უარყავ მოსული სიხარული, როგორც უღირსმა, რათა არ მოიხიბლო მისით და მწყემსის ნაცვლად მგელი არ შეიწყნარო“. ამ აზრს სხვადასხვაგვარად გამოთქვამს ყველა წმინდა მამა. ყველა ადამიანი „ადვილადდამყოლია“ ყოველგვარი ცოდვაზე, განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც იმაზე მეტად მავნებელია, ვიდრე ეს გარეგნულად ჩანს. ყველა მათგანზე თვალყურის მიდევნება და საკუთარი ძალებით დამარცხება არავის ძალუძს, მხოლოდ საკუთარი უძლურების, არარაობის, ცოდვილობის, ღვთის გადაუხდელი ვალის შეგნება და, აქედან გამომდინარე, დაუცხრომელი მგლოვარება გულისა („გული შემუსვრილი“, რომელიც ბადებს „სიმდაბლეს“) არის მართებული სულიერი განწყობა, რომელიც გააჩნდა ყველა წმინდანს. ის დაიცავს ადამიანს დაცემისაგან, მოაპოვებინებს სულიერ ღირსებებს და დაიცავს ამ მონაპოვარს; თუ პიროვნება იქნება მათი ღირსი. მოღვაწე, რომელსაც არ გააჩნია გულის მგლოვარება, სულიერ „ხიბლში“ იმყოფება, ე.ი. აქვს მცდარი სულიერი განწყობა და, თუ არ გამოსწორდება, მაშინ, შეიძლება ჩავარდეს აშკარა ეშმაკეულ ხიბლში და დაიღუპოს. ჩვენს დროში ეს ცხადად არ გამოიხატება (მხედველობაში არა მაქვს აშკარა ბოროტება), მაგრამ მაინც ხდება და მორწმუნეთა დიდი ნაწილი დროებით თუ მუდმივად იმყოფება ხიბლში. ეს საკმაოდ ფაქიზი საკითხია...

სულიერი ცხოვრების წარმატების დონე განისაზღვრება არა სულიერი სიმშვიდით, რაც, შეიძლება, ბოროტისგანაც იყოს, არამედ სიმდაბლის სიღრმით.

 

წინა

შემდეგი