იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო..!

ვ-მ მომწერა, რომ ჩემი წერილის მიღების შემდეგ სამი დღე ტიროდი. მე მიხარია, რომ შენ ტიროდი, თუ ეს იყო ტირილი ღვთის და არა შელახული თავმოყვარეობის გამო. მთელი გულით გისურვებ „თვისთა ცოდვათა განცდას“ და ტირილს მათ გამო არა სამი დღე, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე, სიკვდილამდე, რათა გარდაცვალების შემდეგ არ იტირო... როცა წარვდგებით პირუთვნელი მსაჯულის წინაშე, რომელმაც ჩვენი დაფარულიც კი იცის, რა განაჩენს გამოგვიტანს? რით გავიმართლებთ თავს მის წინაშე? არსებობს ერთადერთი საშუალება: ვიდრე ცოცხალი ხარ, შეიგნო შენი უღირსობა ღვთისა და ადამიანების წინაშე, გულწრფელად შეიგნო, რომ ჩვენ უკეთურნი ვართ, უვარგისნი, რომელთაც ღვთის გადაუხდელი ვალი გვმართებს, მაშასადამე, არანაირი უფლება არა გვაქვს, რაიმე მოვითხოვოთ ადამიანებისაგან, უნდა შევიგნოთ ეს და ვიტიროთ, წუთისოფელშივე ვითხოვოთ შეწყალება, ჩვენი გადაუხდელი ვალის პატიება. ვიტიროთ იმის გამო, რომ უძღებად გავანიავეთ ჩვენი სულიერი და ხორციელი ძალები, გამუდმებით შეურაცხვყოფთ ღვთის სიყვარულს. ვევედროთ უფალს, რომ სიკვდილის შემდეგ არ გაგვიხსენოს ჩვენი ცოდვანი და უსჯულოებანი, მიგვიღოს თავის სასუფეველში, როგორც მიიღო უძღები შვილი. აი, რა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი საზრუნავი. ყოველდღე, ძილის წინ, უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი და ვიგლოვოთ თითეულზე. მთელი წარსული ცხოვრება უნდა გავიხსენოთ, უნდა შევინანოთ ყოველივე და არ შევწყვიტოთ სინანული მანამ, სანამ ცხადად არ შევიგრძნობთ, რომ ღმერთმა შეგვინდო წარსული ცოდვები. ამასთანავე მთელი გულით უნდა ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს, რათა კვლავ აღარ ვცოდოთ ახალი ცოდვებით, არ შეურაცხვყოთ მისი წმინდა ნება, რომელიც მცნებებში გამოიხატება. ყოველნაირად უნდა ვერიდოთ მოყვასის შეურაცხყოფას, რადგან ღმერთთან შერიგება უფრო ადვილია, ვიდრე - მოყვასთან... ყველას წინაშე დაიმდაბლე თავი, მთელი ძალით ეცადე, ყველას გაუწიო სამსახური, არავის უსაყვედურო, არ განსაჯო, არ განიკითხო. ყველას შეურიგდი, ყველას მიუტევე, თორემ ვერც შენ მიიღებ შენდობას ღვთისგან. ეს პირობა თავად უფალმა მოგცა: „უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მათე 6, 14-15).

წმინდა მარხვის დაწყების წინ თავი მოიწესრიგე, შეურიგდი ადამიანებსა და ღმერთს. იგლოვე და იტირე შენი უღირსობისა და წარწყმედის გამო, მაშინ მიიღებ შენდობას და მოიპოვებ ცხონების იმედს. „გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“. ამის გარეშე ვერანაირი ღვაწლი და მადლი ვერ შეგეწევა. „რამეთუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთი არა გთნეს, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი“.

მთელი ძალისხმევით შესთხოვე უფალს ნიჭთა შორის ყველაზე დიადი და ყველაზე საჭირო - განცდა თვისთა ცოდვათა და ტირილი მათ გამო. ვისაც ეს მადლი გააჩნია, მას ყველაფერი აქვს.

ღმერთმა გაგინათლოს გონება და გაკურთხოს!

მოკითხვა და ღვთის წყალობა ყველას.

 

წინა

შემდეგი