იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

მშვიდობა და ცხონება შენდა, ძვირფასო, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი..!

დროა იცოდე, რომ მას, ვისაც ცხონება სურს, მტერი არასდროს მოეშვება და, მაშასადამე, სიკვდილამდე არ შენელდება მასთან ბრძოლა. საკუთარი ძალებით მისი დამარცხება კი არავის ძალუძს. სწორედ ეშმაკის საქმეთა განსაქარწყლებლად მოვიდა მაცხოვარი ამქვეყნად. იგი მათთან ერთად იბრძვის ეშამკისა და ცოდვების წინააღმდეგ, ვინც მუდამ მოუხმობს მას შეწევნისათვის. ადამიანიც მთელი ძალით უნდა შეეწინააღმდეგოს ცოდვასა და ეშმაკს, იარაღად ის საშუალებანი უნდა გამოიყენოს, რომლებსაც უფალი, მოციქულები და წმინდა მამები გვასწავლიან. მართლმადიდებლისათვის ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღია: მარხვა, ლოცვა, სიფხიზლე, სიმდაბლე. სიმდაბლის გარეშე ვერანაირი საშუალება ვერ დაგვეხმარება, თავდაჯერებულსა და ამპარტავანს უფალიც არ შეეწევა, ის ყოველთვის გაებმება ეშმაკის სხვადასხვა ბადეში. ვისაც სურს მტერზე გამარჯვება, ვნებათაგან თავის დაღწევა და მათ წინააღმდეგ აღნიშნული საშუალებებით არ იბრძვის, ის, ცხადია, ვერ გაიმარჯვებს. რაც უფრო და უფრო მდაბალია ადამიანი, მით უფრო მალე დააღწევს მტერს თავს. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ბოროტი გულისთქმანი ანადგურებენ ლოცვის ძალას, რადგან უფალი არ იწირავს იმ ადამიანის ლოცვას, ვინც მოყვასს ემტერება, ან მისდამი ბოროტი ზრახვები გააჩნია. ასეთ ადამიანს უფალი, პირველ რიგში, შერიგებას ურჩევს. ხოლო ისეთი ლოცვის გარეშე, რომელსაც უფალი შეიწირავს, ადამიანი მარტოა, მაშასადამე, მას ეშმაკი დაამარცხებს. მართებულად მებრძოლიც კი ვერ დაძლევს უმალვე ბოროტს. ამისათვის დრო და მოთმინებაა საჭირო. სწორად იბრძოლე, ეცადე ყველასთან მშვიდობიანად იყო, მიეჩვიე სიფხიზლესა და განუწყვეტელ ლოცვას. თავი დაიმდაბლე ღვთისა და ადამიანების წინაშე, მაშინ დაამხობ გოლიათებს ერთიმეორის მიყოლებით და ცოდვათა ტყვეობიდანაც განთავისუფლდები.

არც ერთი მოძღვარი არ მოექცევა ცუდად იმ ადამიანს, რომელიც ღრმა გულწრფელობით მოინანიებს თავის ცოდვებს, რა სახისაც არ უნდა იყვნენ ისინი. ეს მტრის მახეა, რომ მონანულმა დაფაროს თავისი ცოდვები და არ მიიღოს შენდობა. პირიქით, თუკი მოძღვარი მორწმუნე ადამიანია, უფრო კარგად მოექცევა მას, ეს აღსარების საიდუმლოს თვისებაა.

...მოითმინე ყოველგვარი ბრალდება, ლანძღვა, ცილისწამება, სამართლიანიც და უსამართლოც, რადგან ისინი უფრო სასარგებლო არიან, სულს წმენდენ ცოდვათაგან და ხელს უწყობენ სიმდაბლის ზრდას იმ შემთხვევაში, როცა მათ არ უარყოფ. როგორც ავაზაკმა, თქვი: „და ჩუჱნ სამართლად ღირსი, რომელ ვჰქმენით, მოგვეგების, მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა“.

 

წინა

შემდეგი