შენ მწერ: „ის სულ უფალ იესო ქრისტეზე და მის მაცხოვარებაზე გვესაუბრება. ლაპარაკობს აღფრთოვანებით. მისი მოსმენა სასიამოვნოა, და ამიტომაც მივისწრაფით მისკენ“.
გაარკვიეთ კი შენ და შენთან ერთად მისმა მსმენელებმა, ჩვენიანია იგი თუ უცხო? თქვენ ფიქრობთ, რომ, რადგან ის რუსულად საუბრობს, რუსია; იესო ქრისტე მაცხოვარზე ჰყვება, თანაც ასეთი აღფრთოვანებით, ე.ი. ჩვენიანია, ჭეშმარიტებაში დგას და ჭეშმარიტებას გვამცნობს. ამიტომ გაიწიეთ მისკენ, მაგრამ ამით თქვენ სიცრუეში ჩაეფალით.
ის შეიძლება რუსი იყოს, მაგრამ არა რუსული სარწმუნოებისა. თავდაპირველად მართლმადიდებელი იყო, მაგრამ შემდეგ ჩამოშორდა მართლმადიდებლობას. იგი ქადაგებს სულის ხსნაზე უფალში, მაგრამ არა ისე, როგორც ამის შესახებ თვით უფალი და მისი წმ. მოციქულები გვაუწყებენ. ის აღფრთოვანებით საუბრობს, მაგრამ ეს სულაც არ ადასტურებს მისი სიტყვების ჭეშმარიტებას. პირიქით, ამით ამტკიცებს, რომ იგი მთლიანად გატაცებულია თავისი სწავლებით, იბრძვის მისთვის, როგორც ჭეშმარიტებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი სავსეა სიცრუითა და სიყალბით.
ნუთუ, ეს ყველაფერი თქვენთვის უცნობია? ნუთუ, არ იცით, ვისი მოწაფეა ეს მყვირალა? მასწავლებლით განსაჯეთ საკუთრივ მოსწავლე. ამ სიცრუისა და სულიერი სენის დაბადება, მანდ ხომ ყველას თვალწინ მოხდა?
მოვიდა ვიღაც ინგლისელი, დაიწყო სახლებში სიარული, ხალხის თავისთან მიწვევა, და თავისი ქადაგებით გზას ააცდინა ზოგიერთი ჩვენი ბატონი და ქალბატონი, რომლებიც მყარად არ იდგნენ ჭეშმარიტების გზაზე.
ამ გზასაცდენილების რიცხვშია ის თქვენი ახალი მასწავლებელიც, რომელმაც ახლა იმ გაგდებული ინგლისელის ადგილი დაიკავა; მის ნაცვლად დადის იგი ყველგან და გაჰყვირის, რათა სხვებიც აცთუნოს თავის მსგავსად. ასე რომ, რასაც ის ინგლისელი წარმოადგენს სარწმუნოების საკითხებში, ეგ თქვენი მყვირალაც იგივეს ემსახურება. ინგლისელი კი - რომელი აღმსარებლობის წარმომადგენელია? იგი ღვთის ჭეშმარიტებას აცდენილია და სიცრუესა და სიბნელეში დაცემის მეოთხე საფეხურზე უმყოფება. ასეთია საქმის ნამდვილი არსი!
არ დაგიწყებთ ახლა ამ საქმის არსის ახსნა-განმარტებას; უბრალოდ მოკლედ, სრულიად თვალსაჩინოდ დაგანახებთ, როგორ ხდება ასეთი დაცემა.
თავიდან დედამიწაზე ერთი ეკლესია იყო, ერთიანი ჭეშმარიტი სარწმუნოებით. მაგრამ შემდეგ დადგა განსაცდელის ჟამი; რომის პაპი, თავისი ხალხით ცრუ-სიბრძნემ გაიტაცა და გამოეყო ერთიან ეკლესიასა და სარწმუნოებას. ეს არის ტყუილისა და სიბნელეში ჩავარდნის პირველი საფეხური. შემდეგ, პაპისტებს შორის წარმოიქმნენ პროტესტანტები, რომლებიც პაპის მსგავსად ცრუ-სწავლებამ გაიტაცა და ჩამოშორდნენ პაპის სარწმუნოებასა და ეკლესიას. ეს ტყუილისა და სიბნელეში დაცემის მეორე საფეხურია.
პროტესტანტებისაგან წარმოიშვა ანგლიკანური ცრუ-მოძღვრება. ესეც მესამე საფეხური.
ანგლიკანურიდან დაიბადა საბოლოოდ ის, რითაც თქვენი ახალი მასწავლებელი სხვებთან ერთად ცდუნდა. ეს კი - სიბნელისა და სიცრუეში დაცემის მეოთხე საფეხურია.
სწორედ ამ მეოთხე საფეხურზე დგას ეს თქვენი მყვირალა, რომელიც დაძვრება თქვენს სახლებში თავისი ქადაგებებით. იგი ჭეშმარიტი მოწაფეა იმ ინგლისელისა, და ისიც საკითხავია, მიამატა თუ არა მან რაიმე, საკუთრივ ახალი სიცრუეც ინგლისელისაგან შეთვისებულ სიცრუეს, რომ დამდგარიყო უკვე ამ სახით, სიბნელესა და სიცრუეში ჩავარდნის მეხუთე საფეხურზე! აი, ვინ არის სინამდვილეში ეს თქვენი მყვირალა-მქადაგებელი!
არც პაპისტები, არც პროტესტანტები, არც ანგლიკანები და არც ისინი, ვისაც მიეკუთვნება თქვენი დამსნეულებელი მყვირალათი, არ ფლობენ ღვთის ნამდვილ, სუფთასა და სრულ ჭეშმარიტებას. იგი მხოლოდ ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში სუფევს. ისინი, ხიბლში მყოფნი ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტებას ფლობენ, მაგრამ ჭეშმარიტება ძალიან შორს არის მათგან.
პაპისტები პირველნი ჩამოშორდნენ ჭეშმარიტებას, მაგრამ მაინც აგრძელებენ ფიქრს, რომ სწორედ ისინი ფლობენ მას.
პროტესტანტებმა ბევრ რამეში ამხილეეს პაპისტების უსუსურობა, მაგრამ თვითონაც ვერ ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას და უფრო დაშორდნენ მას, როცა ააგეს ახალი სარწმუნოება თავიან ცრუ-სწავლებაზე და არა ღვთის ჭეშმარიტებაზე. ფიქრით კი, პაპისტების მსგავსად ფიქრობენ, რომ მიაგნეს ისეთ ჭეშმარიტებას, რომლისთვისაც პაპისტები უცხოებად მიიჩნიეს.
ინგლისელებს არ მოეწონათ გერმანული სარწმუნოება და შექმნეს ახალი, არა ღვთის ჭეშმარიტებაზე, არამედ თავიანთ ცრუ-მოძღვრებაზე აგებული აღმსარებლობა. ისინი ამბობდნენ: გერმანელებს ეს და ეს არა აქვთ კარგი, ჩვენ შევქმნით საკუთარ სარწმუნოებას, რომელიც ჩვენთვის მისაღები და გამოსადეგი იქნება - და შეთხზეს ღვთის ჭეშმარიტებისაგან კიდევ უფრო გადახრილი სარწმუნოება; თუმცა ფიქრობენ, რომ სხვებთან შედარებით მტკიცედ დგანან მასში.
შემდეგში, როგორც ანგლიკანებს, ისე გერმანელებს, გამოეყვნენ და გამრავლდნენ სხვადასხვა სარწმუნოებები, რომლებიც ასევე ტრაბახობენ, რომ საბოლოოდ მიაგნეს ჭეშმარიტებას; მაშინ, როცა სინამდვილეში კიდევ უფრო მეტად დაშორნენ მას. ეს იმიტომ, რომ ისინი ჭეშმარიტებას უფალში კი არ ეძებდნენ, არამედ თავიანთ ცრუ-სწავლებებში. მათ ჭეშმარიტებას კი არ მიაგნეს, არამედ ჭეშმარიტებად მიიღეს სინამდვილის სხვადასხვა ნიშნები და მასზე ააგეს თავიანთი მწრამსი. სწორედ მათია ის ცრუ-მოძღვრებაც, რომელიც თქვენთან ინგლისელმა შემოიტანა და რომლითაც მოხიბლულია ეგ თქვენი მყვირალა.
მაგრამ, როდესაც დასავლეთში მრავლდებოდა სარწმუნოების მეტნაკლებად ცრუ სახეცვლილებანი, აღმოსავლეთში უცვლელად იდგა თავის რწმენაში მართლმადიდებელი ეკლესია - ერთიანი, ნამდვილი, ღვთის ჭეშმარიტების დამცველი; სწორედ იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც გვეუწყა თვით ქრისტე მაცხოვრისაგან და დანერგილია ეკლესიაში მისი წმ. მოციქულების მიერ. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები, ვიცავთ ამ ჭეშმარიტებას და ვდგავართ მასში. მრავალი საუკუნის განმავლობაში მოდიოდა შეურყეველი ჭეშმარიტება მართლმადიდებელ ეკლესიაში და მან ჩვენამდე მოაღწია. ჭეშმარიტებაზე დგას წმ. ეკლესია და ჩვენც ვდგავართ მასში. მადლობა უფალს, რომელმაც ინება, რომ ჩვენ დავბადებულიყავით ერთიანი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში!
ამრიგად, თქვენ დგახართ მრავალსაუკუნოვან ჭეშმარიტებაზე; ამ მყვირალამ კი, მხოლოდ გუშინ ისწავლა მაცდუნებელი ტყუილი, სიცრუით მოხიბლული ინგლისელისაგან. მაგრამ, აი, დაიწყო მან თქვენს შორის ტრიალი და თავისი სიცრუის ყვირილი, და თქვენც, ყოველგვარი გარჩევის გარეშე, გაიქეცით და მის მხარეს დადექით; მზად ხართ საერთოდ მიატოვოთ წმ. ეკლესია და მასში ღვთის ჭეშმარიტება. რას ჰგავს ეს?! ის, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და როგორადაც ვეწევით სულის ხსნას, ძალაში იყო ჩვენს მამებთან, პაპებთან, დიდ პაპებთან, მთელ ჩვენს ერში, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისთანავე.
რამდენი წმინდანი აღზარდა ჩვენმა წმ. ეკლესიამ, ღვთის წინაშე მეოხნი და მლოცველნი ჩვენთვის! და, აი, გამოჩნდა ეს მყვირალა კაცი, მხოლოდ გუშინ მოხიბლული ტყუილებით, და ცდილობს წაართვას თქვენი თავი წმ. ეკლესიის დასს!!!
თუმცა სჯობს, განვაგრძოთ. იმავე აღმსარებლობასა და სულის გადარჩენისათვის ბრძოლას იხილავს ბერძნებში, რომელთაგანაც მივიღეთ ჩვენი წმ. სარწმუნოება. გადახედეთ საუკუნეებს და მიხვალთ იმ საეკლესიო კრებებამდე, რომელნიც იცავდნენ და ამტკიცებდნენ მთელი სამყაროს ჭეშმარიტებას. გაიხსენეთ საეკლესიო კრებები კონსტანტინე დიდამდე და ყველგან ერთსა და იმავეს ნახავთ - მორწმუნეთა დასით განმტკიცებულ და მთელ სამყაროში გამეფებულ ჭეშმარიტებას.
განაგრძეთ კიდევ გზა, გაიარეთ დევნის საუკუნეები და მიდით მოციქულთა საუკუნემდე; და თქვენ იხილავთ იქაც იმავე აღმსარებლობასა და სულის ხსნისათვის ისეთივე ბრძოლას, როგორიც ჩვენთან ახლაც მოქმედებს. ხოლო ის, რასაც ასწავლიდნენ და აფუძნებდნენ მოციქულები, მათ მიიღეს უფლისაგან; უფალი კი ისე ამბობდა და ისე აკეთებდა, როგორც მიიღო მამისაგან წმ. სამების საიდუმლოთი.
აი, საიდან მოდის ჩვენი სარწმუნოება! აი, სად არის მისი სათავე! აი, მან, ღვთის წიაღიდან ნადენმა, როგორ გამოიარა საუკუნეები და ჩვენამდე მოაღწია! და, თქვენ მზად ხართ, ეს ღვთიური და მრავალსაუკუნოვანი სარწმუნოება დააგდოთ და გარდაცვალოთ ტყუილში, რომელსაც ჩაგძახით ჯერ კიდევ გუშინ დაცდუნები მყვირალა! არის კი ამაში რაიმე ლოგიკური აზრი?!