ვგრძნობ, რომ შენ და შენი ახლობლები, რომლებიც ამ მყვირალას დასდევთ, მზად ხართ შემეკამათოთ: „ის ხომ ტყუილს არ ქადაგებს, არამედ ჭეშმარიტებას გვაუწყებს. უფალ იესო ქრისტეში ხსნას გვიჩვენებს და სახარებას გვახარებს“.
შესდექი, შესდექი! ნუ იჩქარებ შეკამათებას! ნება მომეცი, გკითხო: შეიძლება კი იესო ქრისტეზე იქადაგო არაწმინდად და უკუღმართად, და მასში ხსნა ასწავლო ისე, რომ, თუ მისდიე ამ სწავლებას, ხსნას კი არ იპოვი, თავს დაიღუპავ? თუმცა საკითხავი აქ არაფერია, მით უმეტეს გამოსაძიებელი იმიტომ, რომ ეს ასე იყო და არის. რამდენი სწავლება იყო, რომელმაც დაამახინჯა ჭეშმარიტება იესო ქრისტეზე, არიოზამდეც და, უფრო მეტად, მის შემდეგ? ყველა ისინი ამხილა და შერისხა ეკლესიამ.
ნახეთ, როგორ იმრავლეს მათ დასავლეთში! ვერც დათვლი, მაგრამ ყველა მათგანი უარყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქადაგებანი მხოლოდ ქრისტე მაცხოვარს შეეხება. გამოდის, არ შეიძლება დავასკვნათ: რადგან მავანი იესო ქრისტეზე ქადაგებს, ე.ი. ჭეშმარიტებას გვამცნობს. უნდა შემოწმდეს, სწორად გვამცნობს კი ის ჭეშმარიტებას, იესო ქრისტეზე? თქვენთან ხომ, როგორც სჩანს, არავინ შეიწუხა თავი ამის გასარკვევად, პირიქით, როგორც კი გაიგეთ მისი პირიდან უფლის ტკბილი სახელი, განურჩევლად ყველა - მის მხარეზე დადექით; არც კი დაეჭვებულხართ, რომ ეს სათაყვანებელი სახელი მის ბაგეებზე საწამლავია სარწმუნოებაში თქვენი სუსტი სულების მოსახვეჭად.
ნუთუ არ წაგიკითხავთ სახარებაში თვით უფლის გაფრთხილება: „ეკრძალენით ცრუ-წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაჲთა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ“ (მთ. 7,15).
ნუ იფიქრებთ, თითქოს უფალი აქ ისეთ ადამიანებს გულისხმობს, რომელთაც მისი სახელიც კი არ იციან. არა, ასეთებს კი არ გულისხმობს იგი, არამედ სწორედ იმათ, რომლებიც მის სახელს ეფარებიან და ადამიანებს ტყუილით ხიბლავენ. რადგან იგი იქვე ამბობს: „მრავალთა მრქუან მას დღესა შინა (ე.ი. განკითხვის დღეს): უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდითა“ (მთ. 7,22). ხედავთ? უფლის სახელით ქადაგებენ, უფალი კი გვეუბნება, ვუფრთხილდეთ მათ. განკითხვის დღეს, ამბობს იგი, ვეტყვი მათ: „არა გიცნი თქუენ“ (მთ. 7,23). როგორ არ იცნობდა იგი, ვისთვისაც ყველაფერი ცნობილია?!
უფალი ამით ამბობს, რომ იგი არ იცნობდა მათ ისეთებს, როგორადაც თავს აჩვენებდნენ, კერძოდ, ღმერთზე ჭეშმარიტ მქადაგებლებად. ისინი ისე ქადაგებდნენ მასზე, რომ უფალი მათ სიტყვებში ვერ ხედავდა თავის თავს; საუბრობდნენ არა ჭეშმარიტ ღმერთზე, არამედ ვიღაც ქრისტეზე. ხედავთ, ქრისტეს სახელში საერთოდ არ იგულისხმებოდა ქადაგებული ჭეშმარიტი უფალი. თქვენ კი - გარჩევის გარეშე მიჰყევით ამ მყვირალას, რაკი მან იესო ქრისტეს სახელით დაფარა თავისი ტყუილი. ფიქრობთ, რომ მას არ ეხება ნათქვამი: „მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა... და მრავალთა აცდუნებდნენ“?! (მთ. 24,5).
სამართლიანი იქნებოდა, წმ. პავლე მოციქულის საყვედური კორინთელთა მიმართ, თქვენსკენაც მოვმართოთ: „[მე] მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა. ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ. უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ“ (2 კორ. 11,2-4). და აი, რისიც ეშინოდა კორინთელებში წმ. მოციქულს - ის ხდება ახლა თქვენთან. მოვიდა მყვირალა, დაიწყო ქადაგება სხვა იესოზე, და თქვენც გაიწიეთ მისკენ!
თქვენ ალბათ მეტყვით: „არა, რას ამბობთ, რომელი სხვა იესო-ო? ის, რასაც ამბობს, ყველაფერს ხომ სახარებიდან იღებს და გვასწავლის: „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაჲ“ (მრკ. 1,15). სულ გვიმტკიცებს: ქრისტე მოკვდა ჩვენთვის; ასე გწამდეთ და თქვენ გადარჩებით. როგორ შეიძლება, აქ ტყუილი და ხიბლი იყოს?!“
ეს ჭეშმარიტად ტკბილი ხარებაა. და ვის შეუძლია გულის სითბოს გარეშე მოუსმინოს მას? მაგრამ, ასეთ ხარებასაც რომ შეიძლება მიეწებოს ტყუილი და შერყვნას იგი.
ამის შესახებ მოვუსმინოთ წმ. პავლე მოციქულს, რომელიც გალატელებს წერდა: „მიკვირს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა სხუად სახარებად“ (გალ. 1,6).
გალატელებმა უფალი გულწრფელად იწამეს და მთელი სულით მიიღეს სახარებისეული ამბავი ქრისტეში გადარჩენის შესახებ; ხოლო წმ. პავლე მოციქულს ისე ემადლიერებოდნენ ჭეშმარიტებაზე მათი მოქცევისათვის, რომ მზად იყვნენ, თვალები დაეთხარათ და მისთვის მიეცათ. მაგრამ, როგორც კი წმ. პავლე დაშორდათ, მათთან მივიდნენ ცრუ-მოძღვრები, ასევე სახარებით, მაგრამ არა წმინდა, არამედ სიცრუის მინარევებით სავსე ხარებით და დაიწყეს მათი გადარჯულება. გალატელებმა მკაცრად არ გამოიძიეს, მოიხიბლნენ მათი ქადაგებით, მიიღეს ეს მახარებლები და გაებნენ სიცრუის ბადეში. მათი სიტყვები მიმზიდველად ჟღერდა, მაგრამ თავისი არსით ეს იყო დამღუპველი, ბოროტი სწავლება. ასეთი მაცდურია წმინდა და ტკბილი სახელებით შენიღბული ტყუილი!
ამის შესახებ შეიტყო წმ. პავლე მახარებელმა და მათ გონზე მოსაყვანად და ყველა დროისათვის გადაუდებელ კანონად დაადგინა: „დაღაცათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1,8). და ეს რომ უკეთ დავიმახსოვროთ, კვლავ გაიმეორა: „ვითარცა წინაჲსწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ, უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისსა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ“ (გალ. 1,9).
ხომ ხედავთ, რომ არსებობს სხვა სახარებაც, რომლის მახარებელნიც ანათემას იმსახურებენ. ჩვენ კი დავივიწყეთ ამის შესახებ, და როგორც კი გამოჩნდა ვიღაც სხვანაირად მოაზროვნე სახარებით ხელში, მაშინვე მისკენ გავიქეცით და არც კი გაგვხსენებია ის, რომ ჭეშმარიტად გვწამს და ვეწევით საკუთარი თავის გადარჩენას. თქვენ გალატელთა სრული ასლი ხართ. და სამართლიანია, მოგმართოთ მოციქულის სიტყვებით: „ჰოჲ, უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურებოდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად“ (გალ. 3,1).