იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

1958 წელი

ჩემო ძვირფასო...!

მცირედი დაბრკოლების გამო შენ უკვე სასოწარკვეთილებას ეძლევი და იბნევი. უფალმა შენზე ეს დაუშვა, რათა შეიცნო შენი უძლურება და გაიგო, თუ რამდენი რამ იმალება ადამიანის სულში, რამდენი შრომა გმართებს, რომ ვნებათაგან განიწმინდო, ღვთის ცოცხალი ტაძარი გახდე და ცხონება მოიპოვო. როცა ადამიანურ უძლურებას შეიცნობ, მაშინ დაეცემი ღვთის წინაშე და გულის სიღრმიდან შესთხოვ მას, მსგავსად წყალში ჩავარდნილი პეტრე მოციქულისა. მაშინ მიიღებ ღვთის შეწევნას და მიხვდები, რომ უფალი ჭეშმარიტად ახლოსაა მასთან, ვინც მთელი გულით უხმობს. მაშინ მადლიერებით დავარდები მის წინაშე, იტირებ იმ ცოდვათა გამო, რომლითაც შეურაცხყოფდი უფალს. მაშინ გულით დამდაბლდები, აღარ განიკითხავ სხვას და იზრუნებ იმისთვის, რომ უფალმა შეგინდოს ძველი ცოდვები, აღარ მოგცეს მცნებათა დარღვევით მისი შეურაცხყოფის საშუალება. გაიგებ იმასაც, თუ რა ამაოა ყოველივე მიწიერი, რომ შენი წუთისოფლისადმი მიჯაჭვულობა, ჩხუბი, სხვისი წყენინება... ყოველივე ეს საზიზღრობაა. ამიტომ არ ღირს ამათ გამო დამწუხრება, ჩხუბი და სულიერი სიმშვიდის დაკარგვა და, იქნებ, ცხონებისაც კი.

...ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი ვნება, ეშმაკის ყველა მანაქნება, ყოველგვარი განსაცდელი და მწუხარება სიმდაბლით დაიძლევა. ჩვენი სიმდაბლე კი მაშინ გამოვლინდება, თუკი, კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად, მთელი გულით უფალს მივმართავთ: „და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგუეგების. მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა“. აი, თუ ამის თქმას შევძლებთ ნებისმიერ მდგომარეობაში, არ ვაყვედრებთ არც უფალს და არც ადამიანებს, მაშინ გულზეც მოგვეშვება და სწორ სულიერ გზაზეც ვივლით. თუ მაინც დავაყვედრებთ ვინმეს, მაშინ კიდევ უფრო მეტი სიმდაბლე გვმართებს და უნდა ვთქვათ: „უფალო, ჭეშმარიტად უღირსი ვარ, მხოლოდ შენ ძალგიძს ჩემი ცხონება“. „უკეთუ გინდეს, ძალგიძს განწმენდაჲ ჩემი“, - თქვა კეთროვანმა, რომელმაც განკურნების ყოველგვარი სხვა იმედი დაკარგა და მაშინ გაიგონა ღვთისაგან: „მნებავს, განჰსწმიდენი“, - უფალი შეეხო მას და განკურნა. ასევე ჩვენც, სულის სიღრმემდე ჩავწვდებით რა ჩვენს სულიერ უძლურებასა და არარაობას, მივმართავთ უფალს, ერთადერთ ჩვენს მაცხოვარს და გულშემუსვრილნი ვეტყვით: „უფალო! უკეთუ გინდეს, ძალგიძს განწმენდა და ცხონება“. და ჩვენთვის ჯვარცმული ღვთისაგან მივიღებთ პასუხს: „მნებავს, განიწმინდე“. ჩვენი სული ცხადად გაიგონებს ამ პასუხს და აღივსება ძალით, რომელიც მადლიერებით გადაგვატანინებს ყოველგვარ მიწიერ განსაცდელს, მსგავსად ავაზაკისა, რომელიც, ჯვარზე მყოფი, საღამომდე უდრტვინველად ითმენდა საშინელ ტანჯვას. დაე, ამის გაგება დაგეხმაროს, ძვირფასო მ.., რათა დამდაბლდე და უფლის ხელს მიენდო. მუდამ იმეორე: უფალო, იყოს შენი წმინდა ნება, უფალო, გარდამხდეს ყოველივე, რაჲცა გნებავს, ოღონდ არ დაუშვა, რომ გაყვედრო, მხოლოდ მაცხოვნე.

დღემდე შენ მხოლოდ წაგიკითხავს და გსმენია სულიერ ბრძოლათა, გლოვათა, გულის შემმუსვრველ ტანჯვათა შესახებ. უფალმა დაუშვა შენზე, რათა გამოცდილებით გაიგო და გაარკვიო: დაითმენ დრტვინვის გარეშე და მადლიერი იქნები უფლისა, თუ დრტვინვას მიეცემი, შემდეგ კი უარესს - სასოწარკვეთილებას.

თავად გადაწყვიტე. სისხლის ფასად მოიპოვე სული. ბავშვობის დრო გავიდა, უკვე სერიოზულ საქმეს უნდა მოჰკიდო ხელი. „სული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“. „სიმდაბლით განბრძნობილს ეშმაკის ბადე ვერ შეეხება“ (წმ. ანტონი დიდის ხილვა ბადეების შესახებ).

თუ დრტვინვა შეგიპყრობს, თუ ადამიანებსა და გარემო პირობებს დაადანაშაულებ, ამით ღვთის გმობასაც დაიწყებ და, შეიძლება, სასოწარკვეთილებამდე მიხვიდე, რისგანაც გიხსნას უფალმა!

უფალმა მოგმადლოს სული სიმშვიდე, სიმდაბლე და სულიერი სიბრძნე. უფალმა მოგანიჭოს მოთმინება და ძალა, რათა იტვირთო შენი და მათი ვნებანი, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს...

 

წინა

შემდეგი