იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო მ...!

უფალს ყველა ადამიანის ცხონება ნებავს. მაგრამ საქმით ცხონეაბ ყველა ადამიანს როდი უნდა. სიტყვით ყველას უნდა ცხონება, საქმით კი მას უარყოფენ. რით უარყოფენ? ცოდვებით არა, რადგან იყვნენ ისეთი უდიდესი ცოდვილნი, როგორც, მაგალითად, ავაზაკი, როგორც მარიამ მეგვიპტელი და სხვანი. მათ შეინანეს თავიანთი ცოდვები და უფალმაც შეუნდო. ამრიგად, ისინი ცხოდნენ. ხოლო წარწყმდება ის, ვინც ცოდავს და არ ინანიებს, ვინც თავს იმართლებს ცოდვათა გამო. ეს ყველაზე საშინელი და დამღუპველი რამ არის. უფალი ამბობს: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“. რას ნიშნავს ეს? ღვთის სიტყვა ამბობს, რომ „არავინ არს მართალ, არავინ არს მიერთამდე... ყოველნივე უხმარ იქმნეს!“ ყველანი ცოდვილნი ვართ და რაც უფრო წმინდაა ადამიანი, მით მეტად ხედავს თავის ცოდვებს. უფალი ხომ იმისთვის მოვიდა, რომ სინანულად მოგვიწოდოს და სინანულის გზით აცხოვნოს ცოდვილნი, ე.ი. ის, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, ნანობს ღვთის წინაშე, შენდობას სთხოვს უფალს. ხოლო მას, ვინც ვერ ხედავს თავის ცოდვებს, ან მზაკვრულად იმართლებს თავს, უფალი განაგდებს თავისგან. ასე ჯერ კიდევ დედამიწაზე უარყო და განსაჯა უფალმა ფარისევლები, რადგან ისინი თავიანთ თავს მართლებად, სხვათათვის მისაბაძ მაგალითებადაც კი მიიჩნევდნენ. ასეთი მდგომარეობა საშინელებაა. უფალო, დაიფარე ყველა ადამიანი ასეთი რამისგან.

ღირსმა სისო დიდმა თავისი სულის მისაღებად მისულ ანგელოზებს სთხოვა, ელოცათ, რათა უფალს მისთვის ეჩუქებინა სიცოცხლე სინანულისთვის. ღირსი წმინდა პიმენი დიდი ამბობდა: მერწმუნეთ, ძმებო, სადაც სატანა იქნება, მეც იქ ჩავვარდები. ის კი (პიმენი დიდი) მკვდრებს აღადგენდა. სიკვდილამდე გლოვობდა ყველა წმინდანი თავის ცოდვებს, თავის თანანადებს უფლის წინაშე.

ჩვენ კი თავმოყვარეობის გამო ვმალავთ ცოდვებს, თავს ვიმართლებთ, ვმზაკვრობთ მაშინ, როცა ცალი ფეხი სამარეში გვიდგას... გადახედე მთელ შენს ცხოვრებას, მოინანიე ყველაფერი, რასაც ცოდვად ჩათვლი. ილოცე ცრემლებითა და მუხლმოდრეკით, როგორც ამას მოითხოვს წმინდა ეკლესია: „მომმადლე განცდა თვისთა ცოდვათა“. თუკი ადამიანი ვერ ხედავს თავის ცოდვებს, ეს იმას როდი ნიშნავს, რმო იგი უცოდველია. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ცოდვილია, არამედ სულიერად ბრმაცაა. და თუ მოძღვარი, ან ნებისმიერი ადამიანი გვამხელს ცოდვებში, თავი არ უნდა ვიმართლოთ, არამედ უფალს ვევედროთ, რომ განგვიცხადოს ჩვენი ცოდვები, მოგვანიჭოს სიკვდილამდე მათი მონანიებისა და ამქვეყნადვე შენდობის მიღების მადლი...

 

წინა

შემდეგი