იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

მშვიდობა შენს სულს, დედაო პ!

თითქმის ყველანი იმ ადამიანის მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომელიც სურათზე ხედავს დიდებულ ნადიმს, სუფრა, მართლაც, გაწყობილია, მაგრამ ჩვენ მაინც მშიერი ვრჩებით. სხვისი პურით ვერ დავნაყრდებით. ასე ვკითხულობთ სახარებასა და წმინდა მამათა სიტყვებს, უმეტესწილად ასე ვლოცულობთ - მხოლოდ ბაგეებით წარმოვთქვამთ ლოცვის უცხო სიტყვებს, სული კი მშიერია, ცარიელია, ლამის მოკვდეს საზრდოს გარეშე

როცა მოვა ჩვენთა საქმეთა გამოცდის ჟამი, აღმოჩნდება, რომ არაფერი გაგვაჩნია, ჩვენს ტალანტს არანაირი მონაგები არ მოუტანია, უარესიც: მონაგების გარეშეც კი არ ძალგვიძს ნასესხები ტალანტის დაბრუნება, როგორც უძღები შვილები ცოდვებსა და წუთისოფლის ამაოებაში ვფლანგავთ მას და სხვებსაც იგივეს ვასწავლით. საბრალო ადამიანები ვართ! რაღა დაგვრჩენია? დავემორჩილოთ ჩვენს მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს! მეკითხები, როგორ უნდა ილოცო. უფალი იესო ქრისტე ყველა ჩვენგანს ეუბნება: ილოცე, როგორც მეზვერემ, მიმართე უფალს ისე, როგორც ქვრივმა უსამართლო მსაჯულს. უფალი ასევე გვასწავლის: შეიცან შენი არარაობა, შენი გადაუხდელი ვალი, შეიცან და იგრძენი შენი დანაშაული უფლის წინაშე, დაივიწყე ყველა შენი კეთილი საქმე (ჩვენ არ გაგვაჩნია კეთილი საქმეები და თუ რაიმე გაგვაჩნია, შებღალულია ყოველგვარი უწმინდურობით - პატივმოყვარეობით, განდიდებით, ანგარებით და სხვა) და როგორც გადაუხდელი ვალის პატრონმა, როგორც უძღებმა შვილმა, ითხოვე ღვთის წყალობა, ე.ი. ყველა შენი უსჯულოების შენდობა. სხვას ნურაფერს ითხოვ, მხოლოდ შეწყალება ითხოვე. როცა ადამიანი გულით იგრძნობს, რომ მისი სული ცოდვითაა დაწყლულებული, რომ მთლიანად იარებითაა დაფარული, რომ თავად არ ძალუძს სულის განკურნება, როგორც კეთროვანს, არ შეუძლია თავის განკურნება, როცა თვალწინ დაუდგება სიკვდილი და ტანჯვა, მაშინღა დარჩება ერთადერთი იმედი, ერთადერთი თავშესაფარი - ჩვენი მაცხოვარი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე! მანამდე უფალი შორს იყო ჩვენგან, უფრო სწორად, ჩვენ ვიყავით მისგან შორს, ახლა კი ის ერთადერთი მაცხოვარია, რომელიც ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, იტვირთა ჩვენი ცოდვები, დაითმინა ჩვენი ცოდვების შედეგები, თავისი სიყვარულით გააქარწყლა ჩვენი უსჯულოება, მისდამი რწმენისა და სინანულისთვის აღგვითქვა ყელაფრის მოტევება, ჩვენი სულისა და სხეულის განწმენდა, მონანულ ცოდვილთა მასთან შეერთება ჯერ კიდევ ამქვეყნად წმინდა ზიარებით, რაც მომავალ ცხოვრებაში მასთან მარადიული ყოფნის საწინდარია, ზეციური მამის შვილად შერაცხვა და ამ გზით მარადიული ღვთაებრივი დიდებისა და ნეტარების თანაზიარად ქცევა. აი, რა არის ქრისტიანობა! აი, ღვთის სიყვარული, ღვთის წყალობა კაცთა დაცემული მოდგმის მიმართ. მწუხარება, სივიწროვე, სინდისის მარადიული ქენჯნა, დაუძინებელი მატლი და გულში ჩაუქრობელი ცეცხლი ელის მას, ვინც ამ სიყვარულს უარყოფს, ვინც სრულად ვერ შეაფასებს უფლის მიერ ჩვენთვის გაღებულ მსხვერპლს. დადუმდეს ყოველი ადამიანი, შიშით და ძრწოლით დადგს ქრისტეს ჯვრის წინაშე, უფლის სიყვარულის წინაშე, რომელიც ყველა ცოდვილს მოუწოდებს რწმენისა და სინანულის გზით ცხონებისაკენ. იესო ქრისტე მოვიდა არა ცოდვით წარწყმედილი სამყროს განსასჯელად, არამედ მის გადასარჩენად. შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ღვთისა! ცოდვილნო, შეიცანით თქვენი წარწყმედა, თქვენი ბრალი ღვთის წინაშე, ნუ ეძიებთ თქვენს კეთილ საქმეთა წყალობით გამართლებას. შეიცანით თქვენი უძლურება, უსუსურობა წარსულ, ახლანდელ თუ მომავალ ცოდვათაგან თავის დაღწევაში. ვევედროთ ერთადერთ ყოვლისშემძლე, ერთადერთ მოწყალე, ერთადერთ მაცხონებელ უფალს და ის შეგვინდობს, განგვწმენდს. თავის შვილად გვაქცევს, შეგვიმსუბუქებს განსაცდელს. განაგდებს სასოწარკვეთილებას, ტანჯვათაგან განგვათავისუფლებს და, როგორც ავაზაკთ, მრუშთ და სხვა ცოდვილთ, თავის მარადიულ სასუფეველში შეგვიყვანს... ამინ.

 

წინა

შემდეგი