იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვირფასო ღრმადპატივცემულო მამა მ.!

...მართალია, უფლის განგებულბა ჩვენთვის დაფარულია, მაგრამ ცხონების გზაზე დამდგართათვის ბევრი სასარგებლო რამ უფალმა თავის წმინდანებს განუცხადა. მათ კი ბევრი რამ დაგვიწერეს ჩვენდა სანუგეშოდ და დასამოძღვრად.

წმინდანები გვასწავლიან, რომ ბოლო ჟამს ან საერთოდ არ იქნება მონაზვნობა, ან ალაგ-ალაგ იქნება, ისიც გარეგნულად, მონაზვური ღვაწლის გარეშე.

არანაირი განსაკუთრებული ნიჭები არ ექნებათ მათ, ვინც ღვთის სასუფევლის ძიებას დაიწყებს. ცხონდებიან მხოლოდ განსაცდელთა და ავადმყოფობათა დათმენით. რატომ არ ექნებათ განსაკუთრებული ნიჭი? - იმიტომ, რომ ადამიანებს არ ექნებათ სიმდაბლე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ნიჭი უფრო ზიანის მომტანია, ვიდრე სარგებლისა. მას ადამიანის დაღუპვაც კი შეუძლია, რადგან ის მოღვაწეში უნებლიედ იწვევს ქედმაღლობასა და ბადებს ხიბლს. მხოლოდ ძალზე გამოცდილი სულიერი ადამიანების ხელმძღვანელობით შეიძლება იქნას დაშვებული ესა თუ ის ნიჭი, მაგრამ დღეს ასეთები აღარ არიან, მათ ვერსად იპოვი. ახლა ხელმძღვანელი თავად უფალია, ნაწილობრივ წიგნებიც, ვისაც ისინი გააჩნია და შესწევს მათი გაგება. როგორღა ხელმძღვანელობს უფალი? ის დაუშვებს დევნას, შეურაცხყოფას, ავადმყოფობას, ხანგრძლივ სიბერეს, სიმძიმილითა და უძლურებით აღსავსეს.

იგავში მეუფის სესახებ, რომელმაც მუშები იქირავა, ნათქვამია, რომ მეთერთმეტე ჟამს მისულებმა ისეთივე გსამრჯელი მიიღეს, როგორიც მთელი დღის მანძილზე და უფრო ადრეც მისულმა მუშებმა. ეს იგავი ჩვენ გვეხება, თანამედროვე ბერ-მონაზვნებს და ღვთის სასუფევლის მაძიებელთ, რომელთაც მთელი ამქვეყნიური ცხოვრება დაუდევრად გავატარეთ. უფალი, თავისი უდიდესი სახიერების წყალობით, მოგვიხმობს, რომ ცხოვრების უკანასკნელი წლები ვიმუშაოთ მის ვენახში, სიბერის, ავადმყოფობის, მახლობელთა დაკარგვის თუ მათი განსაცდელის დათმენით. თუკი უდრტვინველად ვიტვირთავთ ამ სიმძიმეს, მაშინ ჩვენც ისე შეგვეწევა ეს ხანმოკლე განსაცდელი, როგორც მეათერთმეტე ჟამის მუშაკებს, თითქოს მთელი ცხოვრება ვიღვაწეთ. წმიდა ანტონი დიდი, აბბა ისხარიონი და სხვანი ამტკიცებენ, რომ ის, ვინც ბოლო ჟამს უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, ცხონდება და უფრო მეტად განიდიდება, ვიდრე ძველი მამები.

წმ. საკვირველმოქმედი სერაფიმ საროველი, ძველ წმინდა მამათა თანახმად, ამბობდა: რომ იცოდნენ რა ნეტარება ელით ცხონებულთ, თანახმა იქნებოდნენ, ათასი წელი ეცხოვრათ სენაკში, რომელიც მათი ხსეულის მღრღნელი გველებით იქნებოდა სავსე, ოღონდ კი მომავალი კეთილდღეობა არ დაეკარგათ.

მოთმინებითა თქვენითა მოიპვეთ სულნი თქვენნი. უფალი იყოს თქვენი შემწე, რათა ბოლომდე ზიდოთ თქვენი კუთვნილი ჯვარი. ამინ.

 

წინა

შემდეგი