იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

ძვრიფასო მ. მ...!

მივიღე თქვენი წერილი. მომიტევეთ, რომ დიდხანს ვერ გიპასუხეთ. ხან ვმუშაობდი, ხან ვმგზავრობდი, ასე გავიდა კარგა დიდი დრო და, რაც მთავარია, მიჭირს თქვენთვის მოწერა, იმიტომაც რომ თქვენ ჩემზე მეტად გამოცდილი ბრძანდებით, მეტი გადაგიტანიათ, მეტი იცით. რა სასარგებლოსა და დამამშვიდებლის თქმა შეუძლია ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვება ამაოებასა და თვითნებობაში გაატარა? მაგრამ, თქვენი თხოვნის მიხედვით, ვეცდები გაგიზიაროთ ის, რაც მაოცებს და მამშვიდებს: უკიდეგანო სამყარო ღვთის შექმნილია - როგორი ყოფლია უფლის ყოვლისშემძლეობა? ყველაფერი სამყაროსა და მის ცალკეულ ნაწილებში (მაგ. ადამიანის ორგანიზმი) საოცრად ჰარმონიულია - როგორი უნდა იყოს ღვთის სიბრძნე?! და როგორიცაა ღვთის ყოვლისშემძლეობა და სიბრძნე ღვთისა, ისეთივეა „ღვთის გულიც“, ე.ი. სიყვარული ღვთისა.

ამ მიუწვდომელ სიყვარულს ჩვენ ვხედავთ ძე ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს, განკაცებაში, ფურთხების, ყვრიმალსცემის ყოველგვარი შეურაცხყოფისა და ბოლოს ჯვარცმის დათმენაში. მიუწვდომელი, უსაზღვროდ დიდია უფლის სიყვარული. მთელი ანგელოზთა სამყარო დაბნეულობამ მოიცვა, როცა შემოქმედის განკაცება და ჯვარცმა იხილა დაცემულ კაცთა მოდგმისადმი სიყვარულის გამო.

იოანე მოციქული სულიწმიდის მადლით ამტკიცებს, რომ ღმერთს არა მარტო სიყვარული გააჩნია და თანაც უსაზღვროდ დიდი სიყვარული, არამედ თავად ღმერთია სიყვარული.

პავლე მოციქულის სიტყვებით, სიყვარული ყოველივეს ფარავს. ის ფარავს ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ნაკლს, უძლურებას, მოუთმენლობას, დრტვინვას და სხვას.

საკმარისია, ქრისტეს მორწმუნემ შეიცნოს თავისი უძლურებანი და ცოდვანი და უფალს შენდობა სთხოვოს, რომ ღვთის სიყვარული განწმენდს და ცოდვის ყველა იარას მოურჩენს. მთელი წუთისოფლის ცოდვა იძირება უფლის სიყვარულის ზღვაში, როგორც წყალში ჩაგდებული ქვა. ადგილი არ უნდა ჰქონდეს გულგატეხილობას, უიმედობასა და სასოწარკვეთილებას. უფალმა ღვთაებრივ არსს შეუერთა ადამიანური ბუნება, სისხლით აღხოცა მორწმუნე კაცობრიობის ცოდვები, შვილად მიიღო დაცემული ადამიანები, ზეცამდე აღამაღლა, ღვთაებრივი ცხოვრების, სიხარულის, მარადიული სიხარულის თანაზიარად აქცია ისინი.

ამქვეყნიური მწუხარება, ავადმყოფობა, სიბერის სიმძიმილი მომავალ ცხოვრებაში სიხარულად გვექცევა. თუ უფალი ჩვენთის ეწამა, ჩვენ ოდნავ მაინც რატომ არ უნდა გავხდეთ ქრისტეს ტანჯვათა თანაზიარნი! ჩვენს სულს, რომელიც ჩვენში დამკვიდრებული ღვთის ხატებაა, სურს, ქრისტეს ტანჯვათა თანაზიარი გახდეს, მხოლოდ ჩვენს სულმიკლეობასა და უძლურებას ეშინია მათი, თუმცა, შესაძლოა, ძალები გვკმაროდეს დათმენისათვის.

და, აი, უფალი ჩვენდამი სიყვარულის გამო, გვიგზავნის ჩვენი ძალების შესაბამის განსაცდელსა და ავადმყოფობას, მაგრამ მათი დათმენის უნარსაც გვანიჭებს, რათა ჩვენც გვაქციოს თავის ტანჯვათა თანაზიარად. ვინც აქ არ ევნო ქრისტესათვის, მას სინდისის ქენჯნა დატანჯავს მომავალ ცხოვრებაში, - ხომ შემეძლო ქრისტესადმი სიყვარული გასაცდელთა დათმენით გამომეხატა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან ვცდილობდი, ყოველგვარ განსაცდელს განვრიდებოდი და გავქცეოდი.

სინდისი დაგვტანჯავს, რადგან ღვთის სიყვარულს სიყვარულით არ ვუპასუხეთ.

მაშ, მთელი გულით ვიყოთ ღვთის მადლობელნი ყველაფრისათვის, რაც მას ნებავს ჩვენდა მოსავლენად. განსაცდელსა და ავადმყოფობებს უფალი მრისხანების გამო, ან დასასჯელად კი არ გვივლენს, არამედ ჩვენდამი სიყვარულის გამო, თუმცა ამას ყველა ყოველთვის როდი იგებს. ამიტომაცაა ნათქვამი: ყველაფრისათვის მადლობელი იყავით. მთელი გულით უნდა მივენდოთ ჩვენი მაცხონებელი უფლის კეთილ ნებას, რომელსაც ვუყვარვართ და ნებავს, ამქვეყნიურ ცხოვრების მცირედი განსაცდელით აღგვიყვანოს მარადიულ ნეტარებაში, ღვთის შვილობის დიდებამდე...

დაე, აღსრულდეს ეს ყველა ჩვენგანზე. ამინ.

მომიტევეთ, ძვირფასო მამაო, რომ გავბედე რაღაცის მოწერა. უფალმა გააღვიძოს თქვენში მისდამი მადლიერება, უდიდესი მოწიწება და სრული მორჩილება მისი წმინდა ნებისადმი, რათა მისდამი სიყვარულის გამო მზად იყოთ ყოველივეს დასათმენად.

 

წინა

შემდეგი