იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

მშვიდობა შენს სულს..!

რატომ ხარ ასე გულგატეხილი? სადაა შენი რწმენა? განა არ აღუთქვამს უფალი ყოველივეს სასუფევლისა და მისი სიმართლის მძიებელს?! შეამოწმე შენი თავი, არის კი შენში ეს ძიება, გჯერა კი რომ არსეობოს სიკვდილის შემდგომი ცხოვრება, გჯერა კი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის, უფრო სწორად, თავად უფლის სწავლებისა, რომ სიკვდილის შემდეგ ყველას თავისი საქმისა და რწმენის მიხედვით მიეზღვევა? გწამს თუა არა უფლის სიტყვები, რომ ჩვენი ზეციერი მამის ნების გარეშე თმაც კი არ ჩამოგივარდება თავიდან? თუ ყოველივე ეს გჯერა, ამასთანავე თუ ისიც გწამს, რომ ღმერთმა ისე შეიყვარა სოფელი, რომ მისთვის თავისი ძეც კი გაიმეტა შეურაცხყოფისა და ჯვარცმისათვის და ყოველი მისი მორწმუნე არ წარწყმდება, მაშინ უდრტვინველად უნდა მიენდო უფლის ნებას და იტირო არა ადგილის დაკარგვის, არამედ იმისა გამო, რომ ღვთის სიყვარულს დრტვინვით, მცირედმორწმუნეობით, მოუთმენლობით და მის წმინდა მცნებათა ყოველმხრივი დარღვევით ვპასუხობთ. განა თავად უფალმა არ ბრძანა, რომ ვინც უყვარს, მას სჯის და განსაცდელით განაშორებს მიწიერებას, რათა შევძლოთ, მწუხარება გვქონდეს გულში არა მარტო ლიტურგიის დროს, არამედ ყოველთვის. განა გვაქვს იმის უფლება, რომ უფალს ვუკარნახოთ, როგორ მოგვექცეს! თუკი მისი მორჩილება გვმართებს, შევწყვიტოთ დრტვინვა და ტირილი მიწიერის გამო, ვიგლოვოთ ჩვენი ცოდვები, უფლის მცნებათა გამუდმებული უგულვებელყოფა, მცირედმორწმუნეობით უფლის შეურაცხყოფა, მისი სიტყვების ურწმუნოება, ჩვენდამი მისი სიყვარულის შეუგრძნობლობა. და თუ ჩვენს ცოდვებს ვერ ვხედავთ, მაშინ ორჯერ, სამჯერ მეტად უნდა ვიტიროთ, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენი სული გაუხეშდა, დაბნელდა და დაკარგა შინაგანი ხედვის უნარი. მუხლმოყრით უნდა ვევედროთ უფალს: „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა“. და როცა სინანულით განვიწმინდებით, დავინახავთ, რომ მოვლენილი განსაცდელი ჩვენდამი ღვთის წყალობისა და სიყვარულის გამოხატულებაა, შევიცნობთ, რომ ჩვენთვის ის მეტადაა საჭირო, ვიდრე ყოველგვარი მიწიერი კეთილდღეობა. მთელ კაცთა მოდგმაში ერთადერთმა, უპატიოსნესმა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესმა სერაბიმთასა, თავად დედა ღვთისამ, ისეთი განსაცდელი გადაიტანა, რომლის წინაშეც შენი უმძიმესი განსაცდელიც კი არაფერია. ამასთანავე, უფალი არასდროს დაუშვებს ისეთ დაბრკოლებასა და განსაცდელს, რომელიც ჩვენს ძალებს აღემატება. შენ კი ჯერ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არ გიბრძოლია და, საერთოდ, შეებრძოლე კი მტერს, შენს ვნებებს? განა არ გიცხოვრია ისე, როგორც გსურდა, ნუთუ არ შეურაცხგიყვია მოყვასი, განა უხეში არ ყოფილხარ, უქმად არ გილაპარაკია და სხვა და სხვა? ლოცვით გადახედე მთელ შენს ცხოვრებას, გუწრფელად, ცრემლებით მოინანიე მთელი შენი წარსული, აღუთქვი უფალს, რომ მთელი ძალით იბრძოლებ ცოდვების წინააღმდეგ, აღასრულებ მის წმინდა მცნებებს, ამისთვის გაისარჯე და მალე დაინახავ შენდამი ღვთის წყალობას და, შეიძლება, უფალს მთელი გულითაც შესწირო მადლობა მოვლენილი განსაცდელის გამო. დაიმდაბლე თავი ღვთისა და მოყვასის წინაშე. თუ ყოველივე ამას არ შეასრულებ, კვლავ შესცოდავ და სასოწარკვეტილებას მიეცემი, მაშინ უდრტვინველად მაინც დაითმინე მოვლენილი განსაცდელი და კეთილგონიერი ავაზაკი მსგავსად, თქვი: „სამართლად ღირსი, რომელი ვქმენი, მომეგების“.

სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, დაითმინე ღვთის გულისათვის, იტირე შენი ცოდვების, შენი მცირედმორწმუნეობის გამო, იმის გამო, რამ არ გწამს ჩვენდამი ღვთის უსაზღვრო მზრუნველობა და უფალიც განუგეშებს.

მომიტევე, ილოცე ჩემთვის. ღმერთმა გაკურთხოს, გაგინათოს გონება და განუგეშოს.

 

წინა

შემდეგი