იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

მშვიდობა შენდა!

თავს როგორ გრძნობ? გულგატეხილი ხომ არ ხარ? არ უნდა მივეცეთ გულგატეხილობას, დრტვინვას ჩვენი ავადმყოფობისა და განსაცდელის გამო, რადგან უფლის მიერ დადგენილია ცასა და მიწაზე უმტკიცესი კანონი, რომ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლუად სასუფეველსა ღმრთისასა“. დღეს კი ჩვენ მივაღწიეთ კაცობრიობის არსებობის ისეთ პერიოდს, როცა ცხონება შეიძლება მხოლოდ განსაცდელის უდრტვინველი დათმენით, ღვთის რწმენითა და მისი მოწყალების იმედით. სხვა გზით დღეს ვერავინ ცხონდება. დაგვრჩენია ჩვენი დროისთვის მხოლოდ ერთადერთი გზა: განსაცდელთა დათმენა. ღირსი ეფრემ ასური წერს: „ღვთის წინაშე თითქმის ყოველგვარ ლოცვაზე და მსხვერპლზე ძვირფასია განსაცდელთა დათმენა ღვთის გულსათვის და ღვთის გამო“. ყოვლგვარი განსაცდელი, რომელსაც ჩვენ, კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად, დრტვინვის გარეშე მივიღებთ იმ აზრით, რომ განსაცდელი ჩვენი ცოდვების გამო, ჩვენი ცხონებისა და განწმენდისათვის გვეგზავნება და, მაშასადამე, „სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგუებების“, ამგვარი დამოკიდებულებით ყოველგვარი განსაცდელი ღვთისათვის დათმენილ განსაცდელად შეირაცხება, ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა და მისით ჩვენც ვცხონდებით. „უკეთუ ქრისტეს თანა მოვჰსწყდეთ, მის თანაცა ვჰსცხონდეთ“, - ამბობს პავლე მოციქული.

განსაცდელისა და უსასოობის ჟამს სასარგებლოა ეფრამ ასურის რჩევა: - „მუდამ გახსოვდეს მწუხარეთა და გაბოროტებულთა (მაგ. ციხესა და გადასახლებაში მყოფთა და სხვათა) უმძიმესი განსაცდელი, რომ ჯეროვანი მადლიერება გამოხატო ღვთისადმი იმ მცირედი და უმიშვნელო განსაცდელისათვის, რომელშიც შენ იმყოფები და შეძლო სიხარულით მისი გადატანა“.

განსაცდელში, რომელსაც გადავიტანთ სიხარულით, ჩვენი ტანჯვათა გზით მაცხონებელი უფლისადმი მადლიერებით, დაფარულია სულიერი სიხარული, სულიერი ზრდით აღძრული სიხარული.

რაც უფრო მეტად წარმართავს ადამიანი თავის შრომას საკუთარი თავის ყოველგვარი ცოდვისგან განწმენდისაკენ, აზრების, გრძნობების, ცოდვილი. ამაო სურვილისაგან განწმენდისაკენ, რაც მეტად აიძულებს თავს დაუცხრომელ, წმინდა, ყურადღებიან, მთელი გულითა და უდიდესი კრძალულებით აღსავსე ლოცვას, მით უფრო სუსტდება განსაცდელი და მით უფრო ადვილდება მისი გადატანა, რადგან მიზანი, როსთვისაც საჭიროა და რისთვისაც გვევლინება განსაცდელი, მიღწეულია სხვა გზით, საკუთარი შრომის გზით, მცნებათა აღსრულებისათვის საკუთარი თავის იძულებით, გულის განუწყვეტელი შემუსვრილობით მათი არასათანადო შესრულების გამო. ამ გულისტკიველსა და სიკეთის იძულებით ქმნას შეუძლია სხვა საშუალებებისა და განსაცდელის შეცვლა. განსაკუთრებით უნდა შევეცადოთ, რომ ლმობიერნი, კეთილნი ვიყოთ მოყვასთან ურთიერთობაში. „ჩვენი ცხონება ჩვენს მოყვასშია“, - ამბობდა ღირსი პიმენი დიდი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანს სწორი დამიკიდებულება აქვს მოყვასის მიმართ, ე.ი. ასრულებს წმინდა მცნებას: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“, - მაშინ იგი თავისთავად შეძლებს ყველა დანარჩენი მცნების, მათ შორის უმთავრესის - „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი“ - აღსრულებას. არ შეიძლება, გიყვარდეს ღმერთი, თუ ცუდად ექცევი თუნდაც ერთ ადამიანს. ეს სავსებით გასაგებია. ერთი გული ვერ დაიტევს სიყვარულსა და მტრობას, ან ერთი, ან მეორე. თუ გვექნება მოყვასის სიყვარული, ის შობს ღვთის სიყვარულს. ერთიც და მეორეც საიდუმლოებრივია და სულაც არა ჰგავს იმას, რაც ჩვენ „ძველი ადამიანების“ ურთიერთობებიდან ვიცით. მხოლოდ გამიცდილება დაანახვებს ადამიანს მცნებათა სიღრმეს, მათი აღსრულების შედეგად განახლებული სულის წყალობით.

იზრუნე ცხონებისათვის, გული არ გაიტეხო, არ იდრტვინო, უხეში სიტყვით არავის აწყენინო.

ილოცე, ყოველთვის ეცადე, რომ ღმერთი იყოს შენს წინაშე.

 

წინა

შემდეგი