ტროპარი: შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო იაკობ. |
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო იაკობ, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსი იაკობ განდეგილი სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. იგი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს და ჯერ ღირსი ზევინის (ხს. 23 თებერვალს), შემდეგ კი - წმიდა მირონის (ხს. 14 თებერვალს) ხელმძღვანელობით დაეუფლა მოსაგრე ცხოვრების წესებს. მოძღვრის კურთხევით ნეტარი იაკობი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სრულ განმარტოებაში იღვაწა რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ კი უდაბურ და უნაყოფო მთაზე დასახლდა და ღია ცის ქვეშ დაიწყო ცხოვრება. წმიდანი მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებას და ზამთრის სუსხს. ამ უჩვეულო ღვაწლს შემდგარი მოსაგრე გამუდმებით ლოცულობდა. მისი საზრდელი მხოლოდ წყალში ჩამბალი ქერი იყო. წმიდა მამა მთაზე ცხოვრებისას ატარებდა ბორკილებს, რომელიც ისეთი მოყვანილობის იყო, რომ მას აიძულებდა, გამუდმებით წელში მოხრილი ყოფილიყო. დიდ ღვაწლს შემდგარს ბოროტი სულები გააფთრებით ესხმოდნენ თავს, მაგრამ ნეტარი ახოვნად იგერიებდა მათ შემოტევებს. უფალმა სნეულთა კურნების, არაწმიდა სულების განსხმისა და მკვდართა აღდგინების ნიჭი მიმადლა თავის სათნომყოფელს. წმიდა იაკობმა მთელს აღმოსავლეთში გაითქვა სახელი. სულიერი და ხორციელი ტკივილებით შეჭირვებული ურიცხვი ხალხი მიდიოდა მასთან შემწეობის სათხოვნელად. უფლის რჩეული 457 წელს მიიცვალა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.