ღირსი ალიპი მესვეტე (+640)

ხსენება 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)

 ტროპარი:

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთაისა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღუწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო ალიპი.

 კონდაკი:

სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო ალიპი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.


ღირსი ალიპი მესვეტე პაფლაგონიის ქალაქ ადრიანოპოლში დაიბადა. წმიდანს მამა ადრე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა დედამ მთელი ქონება გლახაკებს დაუნაწილა, შვილი ეპისკოპოს თეოდორეს მისცა აღსაზრდელად, თავად კი ტაძარში დაიწყო მსახურება და დიაკონისად კურთხევის ღირსი შეიქნა.

წმიდა ალიპის სიყმაწვილიდანვე სურდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და განმარტოებულ ცხოვრებას ესწრაფოდა, მაგრამ ეპისკოპოსი თეოდორე არ იშორებდა. ერთხელ, როცა წმიდანი თავის ეპისკოპოსს ახლდა კონსტანტინოპოლში, მას საღვთო ხილვით გამოეცხადა წმიდა მოწამე ეფემია, რომელმაც ადრიანოპოლში დაბრუნება და მისი სახელობის ტაძრის აგება უბრძანა. ნეტარი დამორჩილდა ზეციურ კურთხევას და ადრიანოპოლელი ქრისტიანების შემოწირულობებით მიტოვებული წარმართული სასაფლაოს ადგილას წმიდა ეფემიას სახელობის ეკლესია ააშენა. ტაძრის გასწვრივ, ღია ცის ქვეშ, წარმართული საფლავის ქვაზე უფლის რჩეულმა სვეტი მოიწყო. ღირსი ალიპი ორმოცდაცამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე.

სიკვდილამდე თოთხმეტი წლით ადრე წმიდა ალიპის ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა ვეღარ შეძლო. უფლის რჩეული მოთმინებით და მადლობით იტანდა უმძიმეს სატანჯველებს. ღირსი მამის სვეტის სიახლოვეს თანდათან ორი - მამათა და დედათა მონასტერი დაარსდა.

ნეტარი ალიპი 640 წელს გარდაიცვალა, ასთვრამეტი წლის ასაკში. წმიდანის ნეშტი მის მიერვე დაარსებულ, წმიდა მოწამე ეფემიას სახელობის ტაძარში დაკრძალეს. ღირსი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.