ტროპარი: საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე ნეტარო აღმყვანებელი ხედვად; ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდა მღვდელმთავარო პეტრე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. |
კონდაკი: მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა გაბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ: ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო პეტრე. |
მღვდელმოწამე პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმიდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, ნეტარი პეტრე ქალაქიდან განდევნეს. მან იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რომ განსაცდელის ჟამს პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის. მღვდელმთავარი ფარულად ნახულობდა საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს, ეხმარებოდა ქვრივებსა და ობლებს, ქადაგებდა ღვთის სიტყვას, და ღვთისმსახურებას აღასრულებდა. უფალიც იცავდა თავის რჩეულს მდევნელთაგან.
დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმიდა პეტრემ, რომელსაც სურდა, თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმიდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმიდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს. დილით ქალაქმა შეიტყო წმიდა მღვდელმთავრის მოწამეობრივი აღსასრული. მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი ეკლესიაში დააბრძანეს, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსეს და წესის აგების დროს შემაღლებულ ადგილას დასვეს. სიცოცხლეში პეტრე მხოლოდ კვარცხლბეკთან ჯდებოდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, ამ ადგილს გარს შემოვლებულ ღვთაებრივ ნათელს ხედავდა და მასზე ასვლას ვერ ბედავდა.
მართლმადიდებლობის დიდი მოსაგრე - პეტრე ალექსანდრიელი ცნობილია, როგორც ღრმა ღვთისმეტყველი და საეკლესიო მწერალი.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.