მღვდელმოწამე კლიმენტი - რომის პაპი (+101)

ხსენება 25 ნოემბერი (8 დეკემბერი)

 ტროპარი:

საქმით მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმე მოიგე ნეტარო აღმყვანებელი ხედვად; ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლიად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდა მღვდელმთავარო კლიმენტი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 კონდაკი:

მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა გაბრწყინვებულმან, წამებისა გზისა სრულმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალე მქნელმან სამწყსოსა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდუმლოდ გიღაღადებთ შენ: ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო კლიმენტი.


მღვდელმოწამე კლიმენტი რომში დაიბადა იმპერატორ ტიბერიუს I-ის (14-27) დროს. მამამისი, ფავსტო, მდიდარი და დიდებული წარმართი იყო, დედა - საოცრად მომხიბლავი მათიდია კი - იმპერატორის ახლო ნათესავი. ცოლ-ქმარს ორი ტყუპი ძე ჰყავდა, კლიმენტი მათი ნაბოლარა ვაჟი იყო. ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მათთან დასახლდა ფავსტოს ძმა, რომელმაც, მათიდიასადმი ვნებით შეპყრობილმა და ქალის სიმტკიცით გაბოროტებულმა, მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მათიდიამ არ ისურვა ქმრისთვის გაემხილა ავკაცის მზაკვრობა, და გადაწყვიტა, თვითონ განშორებოდა იქაურობას. მან მეუღლეს თხოვა, ათენში გადასულიყო საცხოვრებლად. ხანგრძლივი და დაჟინებული თხოვნის შემდეგ ფავსტომ მდიდრული ხომალდი აუგო მეუღლეს და უფროს შვილებთან ერთად ათენში გაგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, აბობოქრებულმა ზღვამ ხომალდი იმსხვერპლა, გონდაკარგული მათიდია კი ნაპირზე გამორიყა. აქ იგი შეიფარა ერთმა კეთილმა ქვრივმა დედაკაცმა, რომელიც ცდილობდა, შვილების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება შეემსუბუქებინა მისთვის. მათიდიას უფროსი ძეები - ფავსტო და ფავსტიანე ზღვის მეკობრეებმა თავიანთ გემზე აიყვანეს და კესარიაში მონებად მიჰყიდეს ერთ კეთილმსახურ ქალს, რომელიც ღვიძლი შვილებივით ზრდიდა მათ. ძმებს ყოველგვარ მეცნიერებას ასწავლიდნენ. ისინი ქრისტეს მოძღვრებასაც გაეცნნენ და მოინათლნენ, შემდეგ კი მათ ქვეყანაში საქადაგებლად ჩასულ პეტრე მოციქულს დაემოწაფნენ.

მამამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლ-შვილი ათენში არ ჩასულა და უკვალოდ გაქრა. საშინლად დამწუხრებულმა ფავსტომ პატარა კლიმენტი ერთგულ მონებს მიაბარა აღსაზრდელად, თვითონ კი დაკარგული ცოლ-შვილის საძებრად გაეშურა.

მშობლებს მოწყვეტილი კლიმენტი რომში იზრდებოდა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, ფუფუნებით იყო გარემოცული, მაგრამ ახლობლების დაკარგვით დადარდიანებულმა ყმაწვილმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდგომ და ცდილობდა ცხოვრების არსს ჩასწვდომოდა. როცა დედაქალაქამდე მიაღწია ცნობებმა ქრისტესა და მის სწავლებაზე, ნეტარმა დატოვა სახლი, მამული და იქით გაეშურა, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ. ალექსანდრიაში კლიმენტი მოციქულ ბარნაბას შეხვდა, შემდეგ კი პალესტინაში ჩავიდა, პეტრე მოციქულის ხელით მოინათლა და მისი მოსწავლე, განუყრელი თანამგზავრი და მისი ღვაწლისა და ტანჯვით სავსე ცხოვრების მუდმივი თანაზიარი გახდა. პეტრეს თან ახლდნენ კლიმენტის ძმები ფავსტო და ფავსტიანეც, მაგრამ მათ, ბუნებრივია, ერთმანეთი ვერ იცნეს.

ერთხელ პეტრე მოციქული ზღვით სირიაში გაემგზავრა თავის ახალ მოწაფესთან ერთად. გზად წმიდანმა მოუთხრო მოძღვარს თავისი ყრმობის შესახებ. ამასობაში მოგზაურები ერთ მცირე კუნძულს მიუახლოვდნენ. ეს სწორედ ის კუნძული იყო, რომელზეც მათიდია ცხოვრობდა. ნაპირზე გადასული პეტრე შეხვდა ერთ გლახაკ ქალს, რომელიც მოწყალებას თხოულობდა, ღვთის განგებით, მოციქულმა დავრდომილ დედაკაცში მათიდია შეიცნო და აუწყა, რომ მის უმცროს შვილს იცნობდა და ქალი ხომალდზე აიყვანა. მათიდიამ შორიდანვე იცნო თავისი ძე. საუბრისას გაირკვა, რომ ფავსტო და ფავსტინე, რომელნიც ლაოდიკიაში ელოდებოდნენ მოციქულ პეტრეს, წმიდა კლიმენტის ძმები იყვნენ და დედა-შვილი მოუთმენლად ელოდა ლაოდიკიაში ჩასვლას.

როცა პეტრე და მისი თანამგზავრები ლაოდიკიაში ჩავიდნენ, მათ გამოეგებათ ფავსტო და ფავსტიანე.

წმიდა მოციქულმა დატოვა ბედნიერი ოჯახი და მოგზაურობა განაგრძო. გზაში მას შეხვდა ღირსეული გარეგნობის, მაგრამ ღარიბულად ჩაცმული მამაკაცი, რომელიც თითქოს საგანგებოდ ელოდა. კაცი მიუახლოვდა წმიდანს და უთხრა: „ვხედავ, რომ კეთილგონიერი კაცი ხარ და რჩევა მინდა მოგცე. დღეს დილით ვხედავდი, თუ როგორ გახვედი ზღვის ნაპირთან და დიდხანს ლოცულობდი. არ მინდა, რომ ამაოდ დაშვრე, ამიტომ მსურს დაგიმტკიცო: ღმერთი არ არის არც ზეცაში, არც დედამიწაზე და ჩვენზეც არავინ ზრუნავს“. პეტრე გულისხმიერად მოეპყრო გზადაბნეულს და ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. უცხოტომელმა მას თავისი ცხოვრება მოუთხრო და გახარებულმა მოციქულმა შეიტყო, რომ უფალს კლიმენტის მამა გამოეჩინა მისთვის. პეტრემ ფავსტოც მიიყვანა დიდი ხნის უნახავ ცოლ-შვილთან.

ფავსტო, მათიდია და მათი შვილები რომში დამკვიდრდნენ, პატივსა და დიდებაში ცხოვრობდნენ. უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს და ღვთის სიტყვის გავრცელებას ცდილობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლები მშვიდობით მიიცვალნენ, მათი ძეები კი სახარების ქადაგებას განაგრძობდნენ. განსაკუთრებული მოშურნეობით გამოირჩეოდა კლიმენტი, რომელიც არ განეშორებოდა რომში მყოფ პეტრე მოციქულს. სიკვდილის წინ ნეტარმა მოძღვარმა მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი.

ქრისტიანთა დევნის უმძიმეს ჟამს წმიდა კლიმენტი ბრძნულად განაგებდა რომის სამწყსოს. მან გამოყო შვიდი მწერალი, რომლებიც წმიდა მოწამეთა ღვაწლს აღწერდნენ და, ამგვარად, უძვირფასესი ცნობები შემოგვინახეს. პაპმა კლიმენტიმ მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. წარმართებმა, რომლებიც ხედავდნენ მღვდელმთავრის წარმატებულ მოციქულებრივ მოღვაწეობას, იმპერატორ ტრაიანესთან (98-117) დაასმინეს - წარმართულ ღმერთებს შეურაცხყოფსო. უღმრთო თვითმპყრობელმა დედაქალაქიდან განდევნა უფლის რჩეული და ყირიმში გაგზავნა, ქალაქ ხერსონესის (დღევანდელი სევასტოპოლი) მახლობლად მდებარე ინკერმანის ქვის სამტეხლოებში სამუშაოდ. წმიდანის მრავალმა მოწაფემ ნებსითი დევნულება არჩია მოძღვართან განშორებას და თან გაჰყვა ნეტარ მღვდელმთავარს. გადასახლების ადგილზე ჩასულ კლიმენტის აქ დახვდა მრავალი ქრისტიანი, რომელთაც უმძიმეს პირობებში მუშაობა ჰქონდათ მისჯილი და სასმელ წყალსაც კი მოკლებულნი იყვნენ. წმიდანმა მსჯავრდებულებთან ერთად ილოცა და უფალმა მიანიშნა მათ წყაროსთვალზე, საიდანაც მთელი მდინარე გადმოდინდა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მიიზიდა პაპ კლიმენტისთან. მისი ქადაგებების გავლენით ურიცხვი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. მორწმუნეებმა მოახერხეს, რომ ქვის სამტეხლოებში გამოეკვეთათ ტაძარი, სადაც ნეტარი კლიმენტი მღვდელმსახურებდა. წმიდანის მოციქულებრივმა ღვაწლმა განარისხა იმპერატორი ტრაიანე და ბრძანა, ნეტარი მწყემსმთავარი დაეხრჩოთ. მაშინ უსჯულოებმა უფლის რჩეულს ყელზე ღუზა გამოაბეს და შავ ზღვაში დანთქეს. ეს მოხდა 101 წელს.

მღვდელმთავრის ერთგული მოწაფეების, კორნილიუსისა და თებეს, ასევე მთელი ხალხის ლოცვით ზღვა უკუიქცა და მორწმუნეებმა წყალქვეშ სასწაულებრივ გამოკვეთილ მარმარილოს ტაძარში („ანგელოზთა ეკლესიაში“) დასვენებული მოძღვრის უხრწნელი ნაწილები იხილეს. ამის შემდეგ მღვდელმთავარ კლიმენტის მოწამეობრივი აღსასრულის დღეს ზღვა ყოველწლიურად იხევდა უკან და ქრისტიანებს საშუალება ეძლეოდათ, შვიდი დღის მანძილზე თაყვანი ეცათ სიწმიდისათვის. ღვთის დაშვებით, მხოლოდ IX საუკუნეში, იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობის ჟამს დაიფარა მორწმუნეთა თვალთაგან კლიმენტის წმიდა ნაწილები: ორმოცდაათი წლის მანძილზე ზღვა არ აჩენდა თავის წიაღში მდებარე ტაძარს. როცა იმპერატორ მიხეილ III-ისა (855-867) და მისი დედის, თეოდორას (842-855) მეფობის ჟამს ხერსონესში ჩასულმა მოციქულთასწორებმა კირილემ და მეთოდემ შეიტყვეს ამის შესახებ, ადგილობრივ ეპისკოპოს გიორგისთან და მთელ ერთან ერთად ლოცვად დადგნენ სიწმიდის გამოსაჩენად. მას შემდეგ, რაც ეპისკოპოსმა გიორგიმ კირილეს, მეთოდეს, კონსტანტინოპოლში ჩასულ სამღვდელოებასა და ერთან ერთად მხურვალედ ილოცა, შუაღამით ზღვის ზედაპირზე სასწაულებრივ ამოტივტივდა ნეტარი კლიმენტის ნაწილები. ისინი პატივით გადააბრძანეს წმიდა მოციქულთა ტაძარში. მღვდელმოწამის ზოგიერთი ნაწილი კირილემ და მეთოდემ რომში გადაასვენეს, მისი პატიოსანი თავი კი მოციქულთასწორმა ვლადიმირმა (+1015) კიევში გადააბრძანა.

მღვდელმთავარმა კლიმენტიმ დაგვიტოვა ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ - მოციქულთა წერილების შემდეგ ქრისტიანული სწავლების პირველი წერილობითი ძეგლები.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.