ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო ნერსე, იოსებ, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი, აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი დედანი და მამანი სპარსეთში წამებულნი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი. |
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედთ, უცთომელ მზესა გვაუწყებთ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულნო ღუაწლით-შემოსილნო ნერსე, იოსებ, იოანე, სავერიოსი, ისააკი და იპატი, აზატი საჭურისი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნო დედანო და მამანო სპარსეთში წამებულნო, სრულიად დაშრიტეთ სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენთ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხართ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
მღვდელმოწამენი: ნერსე ეპისკოპოსი და იოსები - მოწაფე მისი, იოანე, სავეროსი, ისააკი და იპატი - სპარსელი ეპისკოპოსნი, წმიდა მოწამენი: აზატი, სასონი, თეკლე, ანა და სხვანი მრავალნი მამანი და დედანი სპარსეთს წამებულნი, სპარსეთის მეფის, საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას აღესრულნენ.
უღმრთოებმა ოთხმოცი წლის მღვდელმთავარ ნერსესა და მის მოწაფეს, იოსებს თავები მოჰკვეთეს, იოანე, ისააკ და იპატი ეპისკოპოსები ქვებით ჩაქოლეს. მღვდელმთავარი სავეროსი საპყრობილეში აღესრულა და უკვე გარდაცვლილს მოჰკვეთეს თავი. წმიდა მოწამე აზატ საჭურისი ერთმა განდგომილმა ხუცესმა დაახრჩო. ქრისტესთვის ტანჯვა-წამება და სიკვდილი დაითმინეს მოწამეებმა: სასონმა, თეკლემ, ანამ და მრავალმა სხვა მართლმორწმუნემ. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს (+343).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.