ტროპარი: ღმერთო მამათაო ჩვენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ გრიგოლის მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩვენი. |
კონდაკი: სიწმიდისა სულისათა საღმრთოდ შეიჭურვე, დაუცხრომელად ლოცუა ვითარცა ლახვარი ხელთ-იდევ კადნიერად განგმირე ეშმაკთა ბანაკი საკვირველთ-მოქმედო მამაო გრიგოლი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა გრიგოლი წამოიზარდა, დედ-მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ნეტარმა ფარულად დატოვა მშობლიური სახლი. უფლის რჩეული მთელი სიცოცხლის მანძილზე მწირობდა: ხან კონსტანტინოპოლში იყო, ხან რომში, კორინთოში, თესალონიკში, რამდენიმე ხანს ოლიმპოს მთის ერთ გამოქვაბულშიც მოსაგრეობდა. ღირსი გრიგოლი ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ამხელდა ხატმბძროლთა მწვალებლობას და განამტკიცებდა მართლმორწმუნეებს, რომელთაც იმ დროს ერეტიკოსები დევნიდნენ, დაუცხრომელი ღვაწლისა და ლოცვისთვის ნეტარს წინასწარმეტყველებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მან გულის ისეთი სიწმიდე მოიგო, რომ ღვთის ნებით, ღირსი შეიქნა წმიდა სამების სადიდებელი ანგელოზთა გალობა მოესმინა. ხატმბრძოლთა ერესს უფრო ქმედითად რომ აღდგომოდა წინ, ღირსი გრიგოლი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. დედაქალაქში წმიდანს მძიმე სნეულებამ ჯანი შეურყია და, ძალებგამოცლილმა, 816 წელს სული უფალს შეჰვედრა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.