ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო ევსტათი, თესპესი და ანატოლი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი. |
კონდაკი: ვარსკულავი ელვარე აღმოხედთ, უცთომელ მზესა გვაუწყებთ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულნო ღუაწლით-შემოსილნო ევსტათი, თესპესი და ანატოლი, სრულიად დაშრიტეთ სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენთ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხართ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. |
წმიდა მოწამენი: ევსტათი, თესპესი და ანატოლი მდიდარი ვაჭრის შვილები იყვნენ და ქალაქ ღანგრაში ცხოვრობდნენ. ისინი წმიდა ლუკიანემ (ხს. 15 ოქტომბერს) მოაქცია ქრისტიანობაზე, შემდეგ კი ეპისკოპოს ანთიმოზის (ხს. 3 სექტემბერს) ხელით მოინათლნენ. ნეტარი ძმების სახლში ქრისტიანები ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ ხოლმე. ეს რომ წარმართებმა შეიტყვეს, სასტიკად აწამეს უფლის რჩეულები, შემდეგ კი ქალაქ ნიკეაში თავები მოჰკვეთეს (+312).
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.