წმიდა მოწამე დასი (284-305)

ხსენება 20 ნოემბერი (3 დეკემბერი)

 ტროპარი:

მოწამემან შენმან უფალო დასი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

 კონდაკი:

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო დასი, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.


წმიდა მოწამე დასი დუნაისპირა ქალაქ დოროსპოლში დაიბადა. ამ დროს II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისში, მთელ იმპერიაში ფართოდ იყო გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოება. წმიდა დასი თანაუგრძნობდა ქრისტიანებს, მაგრამ მის ირგვლივ არსებული წარმართული გარემო საშუალებას არ აძლევდა მონათლულიყო და განცხადებულად ეღიარებინა ჭეშმარიტი ღმერთი.

ერთხელ ქალაქის მცხოვრებლები წარმართული ღვთაების, სატურნის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. ჩვეულებისამებრ, დღესასწაულამდე ოცდაათი დღით ადრე წარმართები მშვენიერ ჭაბუკს არჩევდნენ ხოლმე, მდიდრულ შესამოსელს აცვამდნენ, მეფურ პატივს მიაგებდნენ, ზეიმის დღეს კი კერპს მსხვერპლად სწირავდნენ. ამჯერად თანამოქალაქეთა არჩევანი დოროსპოლის მცხოვრებთა შორის ყველაზე გამორჩეულ წმიდა დასიზე შეჩერდა. ეს რომ შეიტყო, წმიდანმა თქვა: „თუ სიკვდილი მიწერია, სჯობს, ქრისტესთვის მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“. მან უშიშრად აღიარა მაცხოვარი, გაბედულად ამხილა წარმართთა უსჯულოება და ბევრი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. ამისთვის იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ბრძანებით სასტიკი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.