მოციქულთა საქმენითავი მეხუთე1. ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა, 2. ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო. 3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? 4. განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს. 5. ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას. 6. წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს. 7. სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. 8. ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად. 9. უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ. 10. მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 11. თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს. 12. ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან. 13. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ. 14. და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა. 15. ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ. 16. ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. 17. მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ. 18. ხელი დაადეს მოციქულებს და საჯარო საპყრობილეში ჩაყარეს. 19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: 20. წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა. 21. ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში. 22. მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს: 23. საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ. 24. ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო? 25. ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო. 26. მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. 27. როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ: 28. აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი. 29. ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა. 30. ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაჰკიდეთ და მოჰკალით. 31. თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს. 32. ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ. 33. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის. 34. მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები. 35. მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს. 36. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ. 37. შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც. 38. ამიტომაც გეუბნებით: ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება. 39. ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ. 40. დაუჯერეს მას, მოუხმეს მოციქულებს, ჰგვემეს, იესოს სახელით ლაპარაკი აუკრძალეს და გაუშვეს ისინი. 41. ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ. 42. ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს. წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-5.htm | |
| |
ნანახია: 540 | | |
სულ კომენტარები: 0 | |