მოციქულთა საქმენითავი მეოცე1. შფოთის დაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გასწია. 2. იქაურობა რომ მოიარა და მრავალი სიტყვით ანუგეშა მორწმუნენი, საბერძნეთს ჩავიდა. 3. სამი თვე დაჰყო იქ და სირიაში ხომალდით გამგზავრება რომ დააპირა, იუდეველებმა შეთქმულება მოუწყვეს; ამიტომაც გადაწყვიტა, მაკედონიის გავლით დაბრუნებულიყო. 4. ასიამდე თან ახლდნენ სოპატრე ბეროელი, თესალონიკელთაგან - არისტარქე და სეკუნდუსი, გაიუს დერბელი და ტიმოთე, ასიელები - ტიქიკე და ტროფიმე, 5. რომლებმაც წინ გაგვისწრეს და ტროაში გველოდნენ. 6. ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ხომალდით გავემგზავრეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მათ შევუერთდით ტროაში, სადაც შვიდი დღე დავრჩით. 7. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი. 8. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო. 9. რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. 10. ჩავიდა პავლე, ზედ დაემხო, ხელი მოხვია და თქვა: ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან მისი სული მასშივეაო. 11. მერე კვლავ ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა; კარგა ხანს ისაუბრა, გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი წავიდა. 12. ჭაბუკი კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი. 13. ჩვენ დავწინაურდით და ხომალდით ჩავედით ასოსში, საიდანაც უნდა წაგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თვითონ ფეხით აპირებდა წამოსვლას. 14. ასოსში რომ შემოგვიერთდა, წამოვიყვანეთ და მივედით მიტილენეში. 15. იქიდან ხომალდით გავემგზავრეთ და მეორე დღეს დავუპირისპირდით ქიოსს; მომდევნო დღეს ქიოსს მივადექით, ტროგილიონში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტს მივაღწიეთ. 16. რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში. 17. მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო. 18. როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ასიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი. 19. ვმონებდი უფალს მთელი სიმდაბლით, ცრემლთა ფრქვევითა და განსაცდლით, რაც შემემთხვეოდა იუდეველთა ბოროტი ზრახვით. 20. არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის. 21. იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. 22. და, აჰა, აწ სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმს და არც კი ვიცი, იქ რა შემემთხვევა. 23. მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის. 24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას. 25. და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს. 26. ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს არავის სისხლში. 27. რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება. 28. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით. 29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. 30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ. 31. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს. 32. ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად. 33. არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი. 34. თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან. 35. ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. 36. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა. 37. ყველანი მწარედ ატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ პავლეს. 38. უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა: ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო, და მიაცილეს იგი ხომალდამდე. წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-20.htm | |
| |
ნანახია: 581 | | |
სულ კომენტარები: 0 | |