მოციქულთა საქმენი - თავი 15 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)
12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი მეთხუთმეტე

1. ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო.

2. როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან.

3. ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს.

4. იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად.

5. მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული.

6. მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები.

7. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.

8. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა.

9. ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან.

10. მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა?

11. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც.

12. დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის.

13. როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ:

14. სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით.

15. მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია:

16. „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას,

17. რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი".

18. ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი.

19. ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას.

20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს.

21. ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში.

22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.

23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!

24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის,

25. ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,

26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.

27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.

28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:

29. ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!

30. წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს.

31. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.

32. ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები.

33. ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.

34. სილამ კი იქვე დარჩენა ინება.

35. ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.

36. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.

37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.

38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ.

39. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს.

40. პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.

41. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-15.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 575 | ტეგები: ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი, თავი 15 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]