მოციქულთა საქმენითავი მეთოთხმეტე1. იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა. 2. მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული. 3. თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს. 4. მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს. 5. მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი, 6. გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს, 7. და ახარებდნენ იქ. 8. ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო. 9. ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა. 10. ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო. 11. როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო. 12. ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა. 13. ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი. 14. მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს: 15. რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია, 16. და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ. 17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს. 18. ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი. 19. მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ. 20. მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს, 21. სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდენ. 22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო. 23. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. 24. შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ. 25. პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ. 26. იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს. 27. ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი. 28. კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად. წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-14.htm | |
| |
ნანახია: 619 | | |
სულ კომენტარები: 0 | |