მარხვა - „მწყემსი“ № 5, 1886 წ. 1 თებერვალი

1) მარხვა დაგვიწესა ღმერთმა ჯერეთ სამოთხეშივე: „ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით ჭამოთ, ხოლო ხისაგან მცნობელსა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან, რომელსა დღესა უკვე სჭამოთ მისგან, სიკვდილითა მოკვდეთ“. (დაბ. 2, 16-17). ესევე რამდენჯერმე გვამცნო უფალმა შემდეგაც: წინასწარმეტყველის იოველის პირით იტყვის ღმერთი: „მოიქეცით ჩემდა ყოვლითა თქვენითა მარხვისა მიერ და ტირილისა“ (2, 12) და ტოვიტის წიგნში: „კეთილ არს ლოცვა გულითა მარხვითურთ და ქველის საქმით უფროს“ (2, 8); წინასწარმეტყველი დავითი სწერს: „შევიმოსე ძაძა და დავიმდაბლე მარხვითა სული ჩემი“ (ფს. 34, 13), „მუხლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან და ხორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ“ (ფს. 18, 23).

ძველი აღთქმის მართალნი თვითონაც მტკიცედ ასრულებდნენ ღვთის ამ ბრძანებას: მოსემ სინაის მთაზრ ორმოცი ღამე გაატარა მარხულობაში. „პური არა ჭამა და წყალი არა სვა“ (გამ. 34, 28); მარხულობდნენ წინასწარმეტყველი ელია (მეფ. 19, 8). ეზდრა (2 ებ. 8, 49-50), ნეემია (1, 14), წინასწარმეტყველი დანიელი (10, 2-3). იზრაილნი რამდენჯერმე (მსაჯ. 20, 26; 1 მეფ. 7, 6, 31, 13 ივდ. 4, 9-13, ესთ. 4, 16; იერ. 3, 4-9) და თვით წარმართნი ნინევიელნი (იონა 3, 5). აი, მრავალი მაგალითები მარხვისა ძველ აღთქმაშივე. ნუთუ ჩვენ, ქრისტიანები, უნდა ჩამოვრჩეთ ძველი აღთქმის ხალხთ ამ კეთილ საქმეში?! არა, და მით უფრო, რომ ძველ აღთქმაში ეს ყველა დაიწერა და მოხდა „სამოძღვრებელად ჩვენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთა მოიწია“ (1 კორ. 10, 11).

მართალია, ქრისტე უფალმა განგვათავისუფლა ძველი აღთქმის წესდებათა ტვირთვისაგან, მაგრამ მარხვა ისევ დაგვიტოვა და ეს გვიჩვენა ჯერ თავის მაგალითით, როდესაც ორმოცი დღე იმარხულა და მერე თავის ქადაგებებით იესომ მოგვცა დარიგება მარხვის შესახებ: „და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ ეჩუენნეს კაცთა მმარხველად. ამინ გეტყვით თქვენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რათა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (მთ. 6, 16-18) და გვიჩვენა ძალი მარხვისა, როდესაც ამცნო, რომ ეშმაკნი განიდევნებიან მარხვითა და ლოცვით (მარ. 9, 29). იესო ქრისტეს მოციქულებმაც განმარტეს თავიანთი მოძღვრის სწავლა მარხვაზე: „წარუდგინენით, იტყვის მოციქული პავლე, თავნი თქუენნი ვითარცა ღვთის მსახურთა. მოთმინებითა მრავლითა ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთთა და მღვიძარებათა მარხვითა და სიწმიდითა“ (2 კორ. 6, 4-6) და სხვაგან: „უმჯობეს არს არა ჭამა ხორცისა და არცა სმა ღვინისა, არცა რომლითა ძმა იგი შენი შებრკოლდების“, (რომ. 14, 21) და „უკეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვსჭამო ხორცი უკუნისამდე, რამეთუ არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო“ (1 კორ. 8, 13).

ქრისტეს მოწაფეები არამც თუ მხოლოდ გვასწავლიდნენ მარხვის შესახებ, არამედ თვითონაც ასრულებდნენ ამ მცნებას და მარხულობდნენ იმისთანა შესანიშნავ შემთხვევებში, როდესაც უფრო ეჭირებოდათ მადლი და შეწევნა ღვთისა. მაგ. როდესაც ბარნაბას და სავლეს ირჩევდნენ მსახურებად ღვთისა: „მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი და განუტევეს“ (საქ. 13, 3); აგრეთვე ბარნაბამ და პავლემ ახლადმოქცეულებს „უუკრთხეს ეკკლესიად მღვდელნი და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრეს იგინი ღმერთსა“ (საქ, 14, 23). ამგვარად თვით წმ. მოციქულები სთვლიდნენ მარხვას საჭიროდ თავიანთთვის და მით უფრო ჩვენთვის აუცილებელად საჭიროა მარხვა.

2) მარხვა არის ნებითი მოთმინება. არის მარხვა ხორციელი და არის მარხვა სულიერი. ხორციელი მარხვა არის ის, როდესაც ვითმენთ, არა ვჭამთ და არა ვსვამთ რომელიმე საჭმელ-სასმელს, სულიერი მარხვა არის, როდესაც ვეკრძალვებით ბოროტ ჰაზრებს, სიტყვებს, საქმეს. კარგი მმარხველია, ვინც არა ცუდად მეტყველებს და ერიდება ცილსა, ზრახვასა, მლიქვნელობას, ტყუილს. კარგი მმარხველია, ვინც თავის ხელს არ აძლებს ქურდობის და მტაცებლობის ნებას, თავის გულს - სხვის ქონების ნდომას. კეთილი მმარხველია, ვინც ეკრძალება ყოველსავე ბოროტსა. ეს არის სულიერი მარხულობა.

სასარგებლოა აგრეთვე ხორციელი მარხულობა, რადგან ის უღონო ჰყოფს, და აუძლურებს და დაგვიმორჩილებს ბოროტ გონებას, მაგრამ ხორციელი მარხულობა, თუ ის სულიერი მარხულობასთან არ არის შეერთებული, ამაოა. ბევრი მარხულობს ხორციელად, მაგრამ სულიერად კი არა. ბევრი მარხულობს, ეკრძალება საჭმელ-სასმელს, მაგრამ ბოროტგანზრახვის სიტყვას და საქმეს კი მისდევს და რა სასარგებლოა ამისთანა მარხვა? ბევრნი არ სჭამენ ხორცსა, არა სვამენ სასმელს, მაგრამ თავისი ენით მოყვასს კი ჰკბენენ და ჰგესლავენ და რა სარგებელია ამგვარი მარხვისაგან?! ბევრნი არ შეახებენ ხელს სახსნილოს, მაგრამ ქრთამის ასაღებად, მოსაპარად, წასართმევად კი გასწვდიან იმავე ხელს და რა სასარგებლოა ამისთანა მარხვა?! თუ გინდა, რომ მარხვა სასარგებლო იყოს შენთვის, როცა ხორცით მარხულობ, სულითაც იმარხულე. როგორც შენს სხეულს უწესებ მარხვას, შენს სულსაც მარხვა დაუწესე: აუკრძალე შენს გონებას ამაო ფიქრები, მეხსიერებას - ბოროტი ხსოვნა, ნებას - ბოროტი სურვილი და მოქმედება; აარიდე შენი თვალი ბოროტ სახილველს, მოაცილე ენა შენი ჭორის და ყოველგვარი ამაო, ბოროტ და უშვერ ლაპარაკისაგან, განკრძალე ხელი შენი სხვისი ქონების მითვისებისაგან, ფეხი შენი - სვლისაგან გზასა ბოროტსა. „მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი“ (ფსალ. 33, 15). ეს არის ქრისტიანული მარხვა.

„მწყემსი“ № 5, 1886 წ. 1 თებერვალი


კატეგორია: მარხვები | დაამატა: vasoelis (30.10.2019)
ნანახია: 1016 | ტეგები: მარხვა - „მწყემსი“ № 5, 1886 წ. 1 თებერვალი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]