ხატების ესკიზები და სქემები

ხატების ესკიზები და სქემები, ქარგვის ან ხატწერის დამწყებთათვის.

ვიდრე ხატების ქარგვას ან ხატწერას დაიწყებთ, აიღეთ კურთხევა მოძღვრისაგან!



ღმერთმა გაგაძლიეროთ!


ფერის მნიშვნელობა ხატწერაში:

თეთრი ფერი-ნიშნავს სიწმინდეს, ღვთაებრივ ენერგიებს.
ოქროსფერი-მარადიულობა;
მწვანე-ცხოვრება;
ლურჯი-საიდუმლო;
წითელი-თავის მსხვერპლად შეწირვა;
ცისფერი-უმანკოება;
ყვითელი-სითბოსა და სიყვარულის ფერია;
ისამნისფერი-სევდას ან შორეულ პერსპექტივას აღნიშნავს;
ძოწისფერი-გამრჯვება;
მეწამული-დიდებულება;
იისფერი სამოსლის ფერებში წმინდანის მსახურების განსაკუთრებულობის ანდა ინდივიდუალობის აღსანიშნავად იხმარება;
ფირუზისფერი-ახლაგაზრდობას ნიშნავს;
ვარდისფერი-ბავშობა;
შავი-ხან სიცარიელეს, მადლის უქონლობას მიუთითებს, ხანაც ცოდვასა და დანაშაულს.
ლურჯთან შეერთებული შავი-ღრმა საიდუმლოს აღმნიშვნელია;
მწვანესთან-სიბერის;
ნაცრისფერი-სიკვდილის ფერია;
ხატებზე კლდეები ნაცრისფერით გადმოიცემა, მკაფიო პირობითი ხაზებით;
ნარინჯისფერი-ღვთის მადლს აღნიშნავს;
ქარვისფერი-ჰარმონიას, თანხმობას, მეგობრობას;


ლოცვა, რომელსაც ამბობს ხატმწერი საქმის დაწყების წინ:

შენ მეუფეო და ღმერთო ყოველთაო, განანათლენ და განაბრძენ სული, გული და გონება მონისა შენისა და წარმართე ხელი მისი, რათა უცოდველად და ჩინებულად გამოსახოს ცხოვრება შენი, ყოვლადწმიდისა დედისა შენისა და ყოველთა წმიდათა, სადიდებლად ყოვლად წმიდისა სახელისა შენისა, სამკაულად წმიდისა შენისა ეკლესიისა და მისატევებლად ცოდვათა ყოველთა სულით თაყვანისმცემელთა და სასოებით ამბორისმყოფელთა წმიდათა ხატთა შენთათა, ვითარცა პირველსახეთა შენთა. ამინ. 



ხატი, როგორც „ღვთისმეტყველება ფერებში", აცხადებს და ფერში ხორცს ასხამს იმას, რასაც სახარება აცხადებს სიტყვით. ამგვარად იგი წარმოადგენს ღმრთაებრივი გამოცხადებისა და ჩვენი ღმერთთან ერთობის ერთ-ერთ ასპექტს. ღვთისმსახურებისათვის ტაძარში შეკრებილი მართლმადიდებელი მორწმუნეები ხატებისა და ლოცვების მეშვეობით უკავშირდებიან ზეციურ ეკლესიას.

გამოჩენილი ღვთისმეტყველი მამა სერგი ბულგაკოვი თავის მნიშვნელოვან ნაშრომში „მართლმადიდებლობა" - ხაზს უსვამს: „მსოფლიოს ქრისტიანობის ყოველ ისტორიულ განშტოებას თავისი განსაკუთრებული ნიჭი ახასიათებს: კათოლიკობას - ორგანიზებულობისა და ძალაუფლების გატარების ნიჭი, პროტესტანტობას - საყოფაცხოვრებო და ინტელექტუალური მართლწესრიგის ეთიკური ნიჭი, მართლმადიდებელ ხალხებს კი - სულიერი სამყაროს გონიერი სილამაზის ჭვრეტის ნიჭი".



ამგვარად, ხატი არის მართლმადიდებლობის გამომხატველი და, რადგან საეკლესიო გადმოცემა სიტყვით გადმოიცემა, ჩვენც სიტყვით უნდა განვსაზღვროთ, რა არის ხატი.

ერთი შეხედვით, ტერმინი „ხატი" საკმაოდ შეთვისებულია. მისი განსაკუთრებული გავრცელება XVIII ს. ხდება. ჩვენს დროში, ეკლესიის აღორძინების იმედით, იგი უკვე ყველგან გამოიყენება. რადგან პრობლემა არსებობს, იგი უნდა გადაწყდეს. გარდა ამისა, ჩვენი დასავლური მენტალობა მუდამ ცდილობს, დაიყვანოს ხატი რელიგიურ გამოსახულებამდე - რომაულ-კათოლიკური გაგებით - რაც უბრალოდ მცდარია, ცნებათა ამგვარ აღრევას ხშირად მივყავართ ხატის სპეციფიკის უარყოფამდე.



 ხატწერა წარმოიშვა ბიზანტიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდა V საუკუნეში. ბიზანტიის იმპერია 1453 წელს დაეცა. მართლმადიდებელ ხალხებთან ერთად ხატწერამ გაიარა უზარმაზარი გზა დროსა და სივრცეში.

ხატი მჭიდროდაა დაკავშირებული ქრისტიანული აზროვნების ევოლუციასთან, ამის მრავალი მაგალითი კატაკომბურმა ხელოვნებამ დაგვიტოვა. ქრისტოლოგია (სწავლება ქრისტეზე), ხატმებრძოლეობა, პნევმატოლოგია (სწავლება სული წმიდის შესახებ) - ყოველივე ეს აისახა ხატებში, რომლებიც აიგება კანონების შესაბამისად, რაც თავისებური ზღუდეებია, რომლებსაც მათი საღვთისმეტყველო ფუნქციისათვის აწესებს ეკლესია.

სამყაროს კონცეფციის გამომხატველი ხელოვნება, გარკვეულ ენას წარმოადგენს, თანაც, ზედმიწევნით დამუშავებულ ენას. რომ გაიგო ხატის ენა, მხოლოდ ადამიანს კი არ უნდა იცნობდე, არამედ ამ ენის სინტაქსიც უნდა გესმოდეს. ხატის ხელოვნება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე სხვა ყველაფერი, ითვალისწინებს ხილულიდან უხილავზე გადასვლას. სწორედ ამისკენ მიისწრაფიან მისი ფაქიზი და რთული სტრუქტურები. თუ ამ სტრუქტურებს მოიშორებ - ტექსტის არსებით ელემენტებს მოაკლდები. ამგვარად, ხატის გაგება შესაძლებელია მხოლოდ მისი სრული სახით.



აქ საუბარია არა მხოლოდ ხატის ესთეტიკურ სილამაზეზე! ხატის სილამაზეს ხომ შინაგანი არსი აქვს, მისი წყარო - არქეტიპია (პირველსახე). ცხადია, ეს სილამაზე ესთეტიკასაც განეკუთვნება, რადგან ხატის არსის შეცნობა შინაგანი ნათელით აღავსებს მაცქერალ ადამიანს. იგი აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, შეიცნოს ნათელი, რომელიც თვით ღმერთია (ინ. 1,9; 8,12), რათა განწმენდილი ხედვით იხილოს თაბორის ნათლის სისპეტაკე, რომელიც ფერს უცვლის მატერიას.

 თაყვანისცემისათვის განკუთვნილი გამოსახულების სახით ხატი საბოლოოდ დამკვიდრდა V ს-ის I ნახევარში. ამის საბაბი გახდა ღვთისმშობლის ხატის (ოდიგიტრია) გადაბრძანება კონსტანტინეპოლში, რომლის ავტორობასაც მიაკუთვნებენ ლუკა მახარებელს. შეიძლება ვიკამათოთ დაწერა თუ არა მან ერთი, ან რამდენიმე ღვთისმშობლის ხატი, მაგრამ ის ერთადერთი მახარებელია, რომელმაც მოგვითხრო მის შესახებ დაწვრილებით. ის ითვლება პირველ ხატმწერად და უეჭველად დაგვიტოვა პირველი ხატი - „სიტყვიერი" ხატი, გვიჩვენა რა ღვთისმშობლის შინაგანი სახე.

ხატწერის ხელოვნება, რომელიც ღვთისმეტყველებაში დაიბადა, მდიდრდებოდა საუკუნიდან საუკუნეში - კატაკომბების დროსაც, მსოფლიო კრებების დროსაც და ხატმებრძოლთა პერიოდის განმწმენდელი შედეგების დროსაც, როდესაც თავის ორბიტაში შემოიკრიბა ეკლესიის მრავალი ცნობილი მამა, ისეთი როგორიცაა წმ. ბასილი დიდი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. თეოდორე სტუდიელი და სხვ. ხატწერა წარმოიშვა ელინური, რომაული და ქრისტიანული კულტურების სინთეზის შედეგად, ახალი (ბიზანტიური) კულტურის წიაღში, რომელმაც იარსება ათასწლეულზე მეტ ხანს (330-1453).

რომაელთა ხელოვნებამაც მოიგო ბიზანტიური გავლენის გამო და, თუმცა, სლავური ქვეყნების კულტურა არ შედის ბიზანტიურში, მაგრამ მათი ხელოვნებაც არ განვითარდებოდა ჰარმონიულად, ამ განმსაზღვრელი გავლენის გარეშე.

იგივე სული და იგივე ტექნიკა, რომელიც ვლინდება როგორც თვითონ იმპერიაში, ისე საკმაოდ შორს, მის საზღვრებს გარეთაც, გვაძლევს უფლებას, ვილაპარაკოთ გარკვეულ ბიზანტიურ მთლიანობაზე, თუმცა, ამავე დროს ვაღიარებთ ამ ხელოვნების სხვადასხვა ეროვნული ნაირსახეობის არსებობასაც.
 
ღვთაების ყოველგვარი გამოსახულების უარყოფა იუდაიზმში მოსეს სჯულს ეფუძნება (გამ. 20,4). ქერუბიმთა გამოსახულება აღთქმის კიდობანზე არ არღვევდა ამ მცნებას, რადგან შესრულებული იყო ღვთის ნებით (გამ. 25,18-22). კერთპაყვანისცემის შიშთან ერთად იუდაიზმში არსებობდა საკმაოდ ფართო შემწყნარებლობაც.

ამის შთამბეჭდავი მტკიცებაა III საუკუნის ფრესკები რომლებიც ამშვენებენ სინაგოგის კედლებს დურა-ევროპოსში პატარა ქალაქში ევფრატის დასავლეთ ნაპირზე. ეს არის ძველი აღთქმის სიუჟეტზე შექმნილი უძველესი და უდიდესი ფრესკათა ანსამბლი. მათში კვალიც კი არ არის ღმრთის გამოსახულებისა, თუ არ ჩავთვლით ტაძარსა და აღთქმის კიდობანს, რომლებიც მისი მყოფობის მატარებელნი არიან, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულსა და სინაგოგურ კულტებს შორის გარკვეული კავშირის გავლება სრულიად მართებულია, დასკვნების გაკეთება მათ იკონოგრაფიულ მსგავსებაზე უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით.

ღმერთების ჭვრეტამ ბერძნები უაზრობამდე და სიბრმავემდე მიიყვანა. ფილოსოფოსები აკრიტიკებდნენ ქანდაკებათა კულტს. ბერძნულად სიტყვა εικών (ხატი), ეტიმოლოგიურად უახლოვდება სიტყვა ειδολον (კერპი).


 
ბერძნებიც ეთაყვანებოდნენ თავისი მმართველების პორტრეტებს, მაგრამ მათმა მიმბაძველმა რომაელებმა შექმნეს ახალი, ჩვენთვის საინტერესო, ტრადიცია. მთელს იმპერიაში მიმოფანტული, მმართველ იმპერატორთა პოტრეტები იურიდიულ მნიშვნელობას იძენდა. პორტრეტების ყოფნა უტოლდებოდა თვით იმპერატორის დასწრებას. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მოიწერებოდა პორტრეტის წინაშე, ღებულობდა იგივე მნიშვნელობას, რაც თვით იმპერატორთან ხელმოწერილი დოკუმენტი. გასაკვირი არ არის, რომ ქრისტიანები იყენებდნენ მათ გარემომცველ სტილს. განსხვავება მხოლოდ სულში იყო.
ქრისტიანული ხელოვნება კატაკომბებში აღმოცენდა. იგი გაჩნდა იმ დროს, როცა ხელოვნება, რომელიც მიისწრაფოდა ადამიანის სხეულის ფორმისა და მოცულობისკენ, შეცვალა თავისებურმა ექსპრესიონიზმმა. სულის მოძრაობათა ფერწერული გამოსახვის ახალი ძიება საუკეთესოდ პასუხობდა პირველ ქრისტიან მხატვართა მისწრაფებებს. კატაკომბები პირველ რიგში მიწისქვეშა საფლავები იყო, სადაც ქრისტიანები მიდიოდნენ თავიანთ წმიდა მიცვალებულთა თაყვანისსაცემად.
რადგან ქრისტიანობა დევნაში იყო, იგი მოითხოვდა თავის მიმდევართა დიდ მსხვერპლს. აქედანაა ხატების თემატიკა, რომელიც მოგვითხრობს თავის მოწამეებზე, ხოლო თუ სიუჟეტი ძველი აღთქმიდან იყო, მოგვითხრობდა ღვთის შეწევნაზე თავისი ერისთვის: ნოე, აბრაამი, ეგვიპტის ფარაონი, მოსე, რომელიც კვერთხით აღმოაცენებს წყალს კლდიდან და ა.შ. ხშირად გვხვდება ძველი აღთქმის სცენები, რომლებიც გამოსახავენ სამ ყრმას ცეცხლოვან ღუმელში, დანიელს, რომელიც იცავს გარყვნილი მოხუცების მიერ მრუშობაში დადანაშაულებულ სუსანას. ქრისტიანი მხატვრები ფართოდ იყენებდნენ თავისი დროის წარმართული წარმოსახვის წყაროებს. ასე, მაგალითად: ანტიკურ დროს დიდ დაფასებაში იყვნენ ფილოსოფოსები. იმ დროის მრავალი ნაწარმოები გამოსახავდა ნახევარ წრეზე მჯდომარე ბრძენკაცებს (ეს მოტივი აისახება სულთმოფენობის ხატზე, სადაც ასე არიან განლაგებული მოციქულები), ერთი მათგანი კი ასწავლის დანარჩენთ. ქრისტიანობამ ძალიან სწრაფად აითვისა და გადაამუშავა ეს ნიმუშები. ასე გახდა სიბრძნე - ქრისტე, უდიდესი ფილოსოფოსი. აღმოსავლეთში ყველაზე მიღებულ ამ სიუჟეტს მიეძღვნა „აია სოფია" (ბერძ. „წმიდა სიბრძნე"), იუსტინიანე I მიერ 537 წელს კონსტანტინეპოლში აგებული ტაძარი, რომელიც აღმოსავლეთის ქრისტიანობის გული იყო, თურქების მიერ 1453 წელს კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე, რომლებმაც იგი მეჩეთად აქციეს.

მაგრამ ქრისტიანობა არ შემოიფარგლება მზა სიმბოლიკის მარტივი ათვისებით, ჩნდება ახალი სიმბოლოებიც, განსაკუთრებით II საუკუნეში. ასე მაგალითად, მოგვთა თაყვანისცემა განასახიერებს წარმართთა მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, პურის გამრავლება - საიდუმლო სერობას, ვაზი - მონათლულში ღვთიური სიცოცხლის საიდუმლოებას.

ეს ხელოვნება, რა თქმა უნდა, ატარებდა დიდაქტიკურ ხასიათს, ქრისტიანი მხატვრები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ, გაეძლიერებინათ და განევითარებინათ ახალმოქცეულთა რწმენა. სიმბოლოთა ენა იძლეოდა საშუალებას ამეტყველებულიყო ის, რასაც სიტყვით ვერ გამოთქვამდი. მტრულად განწყობილი წარმართული სამყაროს გარემოცვაში სიმბოლოები გარკვეული საიდუმლო კოდის როლს ასრულებდნენ, რომელსაც ნელ-ნელა უხსნიდნენ კათაკმევლებს. დევნისა და წაბილწვის შიშით პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ჯვარს ძირითადად გამოსახავდნენ როგორც ღუზას, სამთითს, ან უბრალოდ, როგორც ქრისტეს სახელის ბერძნულ მონოგრამას (), ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან სიმბოლოდ, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული III ს-ში, იყო თევზი, ძველად თევზი სიუხვის სიმბოლოდ ითვლებოდა, მოგვიანებით რომაელებში ეზოთერიზმის (ფარული, საიდუმლო) სიმბოლო გახდა. ქრისტიანობაში იგი სარწმუნოების სიმბოლოს მოკლე ფორმულად იქცა, ბერძნული სიტყვა ΙΧΘΥΣ (თევზი), რომელიც ხუთი ასოსაგან შედგება, წარმოადგენს შემდეგი ფრაზის აბრევიატურას „'Ιησόυς Χριστός Θεού 'Υιός Σοτήρ", რაც ნიშნავს „იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი".

კატეგორია: ხატებისა და საეკლესიო ნივთების გალერეა | დაამატა: vasoelis (08.01.2012)
ნანახია: 2068 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]