არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი

წმიდა ნექტარიოს ეგინელი

 

მძიმე ბავშვობა

წმიდა ნექტარიოსი 1846 წელს სილივრიაში, თრაკიაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ანასტასი, ასე დაარქვეს ბიჭს, ოჯახში მეხუთე ბავშვი იყო. მისი ღვთისმოსავი მშობლები, დიმოს და ვასილისა კეფალასები, ცდილობდნენ, შვილები კარგ ქრისტიანებად აღეზარდათ. დაწყებითი განათლება ანასტასიმ მშობლიურ მხარეში მიიღო, მაგრამ მას საღვთისმეტყველო განათლების მიღება და სახარების ქადაგება სურდა, რათა ხალხისთვის სარგებელი მოეტანა. ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში, როდესაც ბებია 50-ე ფსალმუნს უკითხავდა, და მიუახლოვდებოდა სიტყვებს – "ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ", იგი ბებიას პირზე ხელს აფარებდა და ეუბნებოდა: "ამ სიტყვებს ნუ წაიკითხავ, ამას მე ვიტყვი, მეც ასე უნდა ვასწავლო ხალხს". შვიდი წლის ასაკში ანასტასიმ ქაღალდის ფურცლები ერთმანეთს მიაკერა. დედის შეკითხვაზე, რად უნდოდა ეს, მან უპასუხა: "წიგნი უნდა გავაკეთო და შიგ უფლის სიტყვები ჩავწერო". ანასტასი იმახსოვრებდა ყველაფერს, რაც ეკლესიაში ქადაგებაზე ესმოდა და შემდეგ სხვებს უყვებოდა. ხშირად თავისი ხელით ამბიონს აკეთებდა, მასზე ადიოდა, თავს მღვდლად წარმოიდგენდა და ქადაგებდა. ერთი მოხუცი მღვდელი, რომელიც სილივრიაში ანასტასის მეზობლად ცხოვრობდა, იხსენებდა: "ძალიან თავმდაბალი ბიჭი იყო, ყველაზე უწყინარ ბავშვურ ცელქობასაც კი თავს არიდებდა. საღამოობით სასეირნოდ მარტო გამოდიოდა, ძირს ჯდებოდა და ზღვას გაჰყურებდა. წირვა-ლოცვას არასოდეს აკლდებოდა, საკურთხეველში მღვდელს ემსახურებოდა. წირვის დროს ძალიან ყურადღებით იყო და ესმოდა ყველაფერი, რაც ეკლესიაში ხდებოდა. ამით უმცროსებს შორის პატივისცემას იმსახურებდა".

მშობლები და ახლობლები ანასტასის გულმოდგინებას ხედავდნენ და ფიქრობდნენ: "ვინ უნდა გამოვიდეს ეს ბავშვი?" სამწუხაროდ, ისინი ღარიბები იყვნენ და ბავშვის შემდგომი სწავლა-განათლებისთვის საჭირო სახსრები არ გააჩნდათ.

 

კონსტანტინოპოლში

სულ ახალგაზრდამ, დაახლოებით თოთხმეტი წლის ასაკში, ანასტასიმ დედის კურთხევა მიიღო და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.

პორტში ის კონსტანტინოპოლში მიმავალი გემის კაპიტანთან მივიდა და წაყვანა სთხოვა; კაპიტანმა დაცინვით უთხრა: "წადი, პატარავ, გაისეირნე, როდესაც დაბრუნდები, წაგიყვან". "პატარა" ადგილიდან არ დაძრულა და გემს ნაღვლიანად გაჰყურებდა. და აი, მოხდა სასწაული. კაპიტანმა ბრძანება გასცა, ძრავი ამუშავდა, მაგრამ გემი ადგილიდან არ დაიძრა, ვერც ხელმეორე ცდამ გამოიღო ნაყოფი. შეშფოთებულმა კაპიტანმა ნაპირზე მდგომ დანაღვლიანებულ ბიჭს თვალი მოჰკრა და ხელით ანიშნა, ამოსულიყო. როგორც კი ანასტასიმ გემბანზე ფეხი დაადგა, გემი მაშინვე დაიძრა.

როდესაც გემზე ბილეთების შემოწმება დაიწყო, ანასტასი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, კაპიტანიც მის გვერდით აღარ იყო. მაშინ მან ძალა მოიკრიბა და კონტროლიორს უთხრა: "მე ღარიბი ვარ, ბილეთის ფული არა მაქვს, სამუშაოს საძებნელად მივემგზავრები, რათა მშობლებს დავეხმარო". კონტროლიორს ბიჭი შეებრალა.

კონსტანტინოპოლში ანასტასიმ სამუშაო დიდხანს ვერ იშოვა, ბოლოს კი თავისი ნათესავის თამბაქოს ქარხანაში დაიწყო მუშაობა. ჯამაგირი ძალიან პატარა ჰქონდა, ამიტომაც ნახევრად შიშველი და ნახევრად მშიერი იყო. მხოლოდ ტაძარში წირვისას პოულობდა ნუგეშს. ერთხელ მან ზეცაში იესო ქრისტესადმი წერილის გაგზავნა გადაწყვიტა და ასეთი ტექსტი შეადგინა: "იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, გევედრები, შემეწიე". იგი ფოსტაში აპირებდა წერილის წაღებას; ამ დროს მის მეზობლად მცხოვრები ვაჭარიც იქითკენ მიდიოდა. მან ბიჭს წერილი გამოართვა და გაგზავნას შეჰპირდა. როდესაც კონვერტზე უცნაური მისამართი დაინახა –"უფალ იესო ქრისტეს ზეცაში", გახსნა და წაიკითხა. წერილის შინაარსით გულაჩუყებულმა ვაჭარმა კონვერტში დიდი თანხა ჩადო და ანასტასის გაუგზავნა.

მაგრამ ანასტასის ამან ვერ უშველა. როდესაც პატრონმა იგი კარგად გამოწყობილი დაინახა, იფიქრა ყველაფერი მე მომპარაო, გალანძღა იგი და სამსახურიდან გააგდო. საბედნიეროდ, ეს ამბავი მისმა კეთილისმყოფელმა ვაჭარმა შეიტყო, საქმის ვითარება პატრონს აუხსნა და ყმაწვილი ბრალდებისაგან გაათავისუფლა.

 ანასტასი დამოუკიდებლად ცდილობდა სწავლას; ღამ-ღამობით იგი სახელმძღვანელოებსა და წმიდანთა ცხოვრებებს კითხულობდა. რა სასარგებლო იყო მისთვის ეს კითხვა! ზოგიერთი გამონათქვამის უკეთ დასამახსოვრებლად იგი ჩანაწერებს თამბაქოს შესაფუთ ქაღალდებზე აკეთებდა, რადგან ქაღალდის საყიდელი ფული არ ჰქონდა. ამ ჩანაწერებს შემდეგ თამბაქოს ნაწარმის მყიდველები კითხულობდნენ. ერთი სიტყვით, ვისაც სხვების დახმარება სურს, ამისთვის უამრავ საშუალებას გამონახავს! ამ ჩანაწერებიდან შემდეგ გამოვიდა წიგნი "წმინდა აზრების წყარო". მის წინასიტყვაობაში შემდგენელი წერს: "ეს წიგნი ხანგრძლივი მუშაობის ნაყოფია. მისი მიზანი სულისთვის სასარგებლო ცოდნის გავრცელებაა. მე გადავწყვიტე ამ "წყაროს" გამოცემა, რათა წმიდა მამათა აზრები ყველასათვის მისაწვდომი გახდეს. წიგნში შევიდა წმიდა მამათა გამონათქვამები, აზრები და ნაწყვეტები მათი ნაშრომებიდან".

ანასტასი თანატოლების მსგავსად თამაშში დროს უქმად არ კარგავდა. ბევრს კითხულობდა, ღვთისმოსავ ქრისტიანებთან მეგობრობდა და ამას მისთვის დიდი სარგებელი მოჰქონდა. ყველაფერში მოწესრიგებული იყო. ტაძარში ხშირად დადიოდა, ყველა მსახურებას ესწრებოდა. მისი სანუკვარი სურვილი წმინდა მიწის მოლოცვა იყო. ერთხელ მისი სურვილი ასრულდა და იგი პალესტინაში გაემგზავრა. გემი, რომლითაც იგი მიცურავდა, საშინელ ღელვაში მოჰყვა. კაპიტანმა მაშველი ჟილეტებისა და ნავების გამზადება ბრძანა. ყველანი უბედურების მოლოდინში იყვნენ. მაშინ ყმაწვილმა ლოცვა დაიწყო: "უფალო, ამას ნუ დაუშვებ, სიკვდილი არა, ქადაგება მინდა". მან მოიხსნა ჯვარი, რომლითაც ბებიამ ოდესღაც აკურთხა, ქამარს მიაბა და წყალში სამჯერ ჩაუშვა... და მოხდა სასწაული: ქარი ჩადგა და ზღვა დაწყნარდა. ყველა ზეიმობდა, ანასტასი კი ნაღვლიანი იყო, რადგან მისი ჯვარი დაიკარგა. გემმა გზა განაგრძო, მგზავრებს კი ბორტის მიღმიდან რაღაც უცნაური ხმა ესმოდათ. მეზღვაურებმა ვერ გაარკვიეს, ეს ხმა საიდან მოდიოდა. პორტში შესვლისთანავე კაპიტანმა წყალში ნავის ჩაშვება და გემის გარედან დათვალიერება ბრძანა. იმ ადგილას, საიდანაც ხმა ისმოდა, მეზღვაურებმა ანასტასის ჯვარი დაინახეს. ამ ჯვარს წმიდანი მთელი შემდგომი ცხოვრება ატარებდა. ის კარგად ჩანს ფოტოზეც და ხატზეც, სადაც წმიდა ნექტარიოსი ბერის კაბაშია გამოხატული.

   

მასწავლებლობა ქიოსში

 მოგზაურობის შემდეგ ანასტასიმ თამბაქოს ქარხანა მიატოვა და კონსტანტინოპოლში, სამონასტრო ეკლესიის სკოლაში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. იგი დიდი მონდომებით ასწავლიდა დაბალ კლასებში, თავად კი უფროს კლასში სწავლობდა. ოცი წლის ასაკში იგი კუნძულ ქიოსზე გაემგზავრა და სოფელ ლიფში სკოლის მასწავლებლის თანამდებობა მიიღო. აქ მან შვიდი წლის მანძილზე დიდი გულმოდგინებით იმუშავა, ბავშვებს წერა-კითხვას და ქრისტეს სარწმუნოებას ასწავლიდა, ცდილობდა, იგი მათ მშობლებშიაც გაევრცელებინა. ხშირად სოფლის ეკლესიაში ქადაგებას ავალებდნენ და ახალგაზრდა მასწავლებელიც ყველას ღვთისმოსაობისკენ მოუწოდებდა. გაკვეთილების შემდეგ უყვარდა განმარტოება თავის ოთახში, სადაც იგი გაკვეთილებისთვის ემზადებოდა და ლოცულობდა. ანასტასი მკაცრად იცავდა მარხვას, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა და აკეთებდა იმას, რაც სულისთვის სასარგებლო და უფლისთვის სათნო იყო. მან სულის ცხონება მიზნად დაისახა და ყველა მცნებას ასრულებდა.

 

მორჩილი

დროთა განმავლობაში მონაზვნობის სურვილი, რომელზედაც ანასტასი ბავშვობიდან ოცნებობდა, სულ უფრო და უფრო განუმტკიცდა. მას ღვთისმეტყველების შესწავლა სურდა. ასკეტური ცხოვრება უყვარდა, ამიტომაც ხშირად მიდიოდა მონასტერში, სადაც ბერი პახომი ზნეობრივი სრულყოფის მიღწევისა და ღმერთთან ერთობის უმოკლეს გზას, მონაზვნურ ცხოვრებას ასწავლიდა.

1876 წელს იგი მონაზვნად აღიკვეცა და ქიოსში "ნეა მონიის" მონასტერში მორჩილად დადგა. ოდესღაც ამ მონასტერს ასობით მონაზონი ჰყავდა. სავანე დღემდე ინარჩუნებს თავის დიდებას და მსოფლიოს ყველა კუთხის მომლოცველს შესანიშნავი მოზაიკებით – ბიზანტიური ხელოვნების შედევრებით ხიბლავს. აქ ახალგაზრდა მონაზონი წმიდა წერილისა და წმიდა მამათა ნამუშევრები შესწავლას შეუდგა. სამი წელი მონასტერში ასკეტურად ცხოვრობდა. გულმოდგინებისა და მკაცრი ცხოვრებისათვის ძმებმა იგი ძალიან შეიყვარეს. მაგრამ ის მაინც სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ ეღვაწა მოყვასის სასიკეთოდ.   

 

დიაკვნობა და მღვდლობა

ქიოსის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ახალგაზრდა მონაზვნის შრომა სათანადოდ შეაფასა და 1877 წელს წმინდა მინას სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა და სახელად ნექტარიოსი უწოდა.

ამის შემდეგ ქიოსის ერთმა მდიდარმა მკვიდრმა – იოანე ქორემისმა, რომელსაც ღვთისმოსავი ყმაწვილის შესახებ ბევრი სმენოდა, მისი გაცნობა მოინდომა. მდიდარმა ბერძენმა გადაწყვიტა, ნექტარიოსს განათლების მიღებაში დახმარებოდა. რა დიდი საქმე გააკეთა ამ კაცმა თავისი სულის ცხონებისათვის! ქორემისმა ნექტარიოსი ათენში გიმნაზიის დასამთავრებლად საკუთარი ხარჯებით გააგზავნა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ქორემისმა მას ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონისთან სარეკომენდაციო წერილი გაატანა. პატრიარქი დარწმუნდა, რომ ნექტარიოსი ღვთისმოსავი, სათნო ადამიანი იყო და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სასწავლებლად გააგზავნა. ნექტარიოსი წარმატებით სწავლობდა. პედაგოგები და თანაკურსელები მას სიყვარულით ეპყრობოდნენ. მეორე კურსის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ სტიპენდია დაენიშნა. 1885 წელს მან დიპლომი დაიცვა, რომელიც დღესაც კუნძულ ეგინაზე, მის მემორიალურ ოთახშია გამოფენილი. შემდეგ ნექტარიოსი ალექსანდრიაში დაბრუნდა. პატრიარქი სიხარულით შეხვდა თავის სულიერ შვილს და მღვდლად დაასხა ხელი. მას დაევალა ქადაგება, საპატრიარქოს მდივნობა და კაიროში პატრიარქის წარმომადგენლობა. მის ქადაგებებს სხვადასხვა კონფესიის ხალხი ესწრებოდა, იგი ზრუნავდა ტაძრების აღდგენაზე, აგროვებდა შესაწირს და შემდეგ ამ თანხებს ტაძრებისა და ხატების რესტავრაციაზე მიმართავდა. მისი მოღვაწეობა შეესაბამებოდა ფსალმუნის სიტყვებს: "რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე" (ფსალმ. 68. 10).

 

ეპისკოპოსობა

გადის კიდევ სამი წელი, ნექტარიოსი პენტაპოლის მიტროპოლიტი ხდება და ამ ახალ ხარისხშიც იმავე გულმოდგინებით ემსახურება ეკლესიას. მრავალი სათნოების გამო მთელ მართლმორწმუნე მრევლს უყვარდა იგი, ამაყობდნენ მისით და ამბობდნენ: "აი, ჭეშმარიტი მსახური ღმრთისა, აი, ალექსანდრიის პატრიარქობის ღირსეული კანდიდატი". მაგრამ თავმდაბალი ნექტარიოსი ეპისკოპოსობას არ შეუცვლია. აი, რას სწერდა იგი ერთ-ერთ ბერს: "შენ ჩვენს შორის არსებულ განსხვავებაზე მიმითითებ; მართალია, ეპისკოპოსის ხარისხი მაღალი და პატივსაცემია, მაგრამ იგი ვერ შეცვლის იმ ურთიერთობებს, რომელიც ამ წოდების მატარებელსა და ქრისტეში მის ძმებს შორის არსებობს. ეს ურთიერთობები უცვლელი რჩება.

მღვდელმთავრის ხარისხის მატარებელი უპირველეს ყოვლისა თავმდაბალი უნდა იყოს. იგი პირველიც არის, მაგრამ უკანასკნელიც. და თუკი უკანასკნელია, მაშ, რაღაშია მისი უპირატესობა? მისი წოდება საპატიოა, მაგრამ არა ქრისტეში ძმებს შორის იერარქიის დასამყარებლად. ქრისტეში ძმებს შორის, წოდების მიუხედავად, მხოლოდ ის ამაღლდება, ვინც ქრისტეს მისდევს, მას ბაძავს, რადგან მის ხატებას და სულიწმიდის მადლს ატარებს.

ვინც სათნოებებში წარმატებას მიაღწევს, ის სრულყოფილებაშიც წარემატება და პირიქით. დაუდევარი მღვდელმთავრებიც არსებობენ და ურჩი მონაზვნებიც. საინტერესოა, სათნოებებში ვინ უფრო მეტს მიაღწევს: ერში მცხოვრები თუ მეუდაბნოე? ვინ უფრო მაღლა დგას, სამსახურეობრივ კარიერაში წარმატებული, თუ ის, ვინც თავი უფალს მიუძღვნა? ძვირფასო ძმაო, ჩემი უღირსობა კარგად მაქვს შეგნებული, შრომასა და დათმენაში მოღვაწე უმცროს მონაზონსაც ვერ შევედრები. გარწმუნებ, ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც თავი უფალს მიუძღვნა და მისით ცოცხლობს. სრულებით დარწმუნებული მხოლოდ იმაში ვარ, ჩემო ძმაო, რომ ასკეტი მღვდელმთავარს აღემატება".

წმიდა ნექტარიოსმა მიტროპოლიტის ხარისხი დიდი მორჩილებით მიიღო, როგორც მონამ, რომელიც უფლის ნებას ემორჩილება. ღმრთის ნებას იგი მუდამ უყოყმანოდ ასრულებდა; ღმერთისა და მოყვასის სადიდებლად სამსახური, ეს იყო მისი ერთადერთი სურვილი. ყველა მისი ქმედება აქეთკენ იყო მიმართული.

თავის ერთ-ერთ წერილში მეუფე წერდა: "ღმერთო, რატომ ამომიყვანე ასეთ სიმაღლეზე? მე გევედრებოდი, რომ ღვთისმეტყველი გავმხდარიყავი და არა მიტროპოლიტი. ადრეული ასაკიდანვე ღვთის სიტყვის მსახურება მინდოდა, შენ კი, უფალო, მრავალი საქმით მცდი, მაგრამ მე შენს ნებას ვემორჩილები და გევედრები, აღმოაცენე ჩემში თავმდაბლობა და სხვა სათნოებათა ნერგები. და ღირს მყავ ყოველი დღე პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ გავატარო: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალ. 2. 20).

 

ცილისწამება და დევნა 

სამწუხაროდ, შურმა ზოგიერთ ადამიანს უბიძგა, პარტიარქთან მისულიყო და ეთქვა, რომ ნექტარიოსი ასე აქტიურად იმიტომ იღვწოდა, რომ თავად სურდა პატრიარქობა. ახალგაზრდა მიტროპოლიტს მსგავსი რამ აზრადაც არ ჰქონია. მაგრამ პატრიარქმა ეს ცილისწამება დაიჯერა, ნექტარიოსს კათედრა ჩამოართვა და ეგვიპტიდანაც განდევნა. ნეტავ, რა პასუხი ექნებათ ამ ცილისმწამებლებს საშინელი სამსჯავროს დღეს? მეუფე ნექტარიოსმა ეს ყველაფერი როგორც გამოცდა ისე მიიღო და 1889 წელს ათენში გაემგზავრა, ათონის წმინდა მთაზე აპირებდა დასახლებას, მაგრამ პატრის ეპისკოპოსმა დამასკინოსმა ათენში დარჩენა ურჩია, რათა მისი ქადაგებებით ხალხისთვის სარგებელი მოეტანა. მეუფემ რჩევას დაუჯერა, მაგრამ საარსებო სახსრები არ გააჩნდა, მცირედი დანაზოგიც არ ჰქონდა. ყველაფერს, რასაც ეგვიპტეში იღებდა, ღარიბებს ურიგებდა, ან სულისთვის სასარგებლო წიგნების გამოსაცემად ხარჯავდა. ამიტომაც ასეთი ანდაზაც კი იყო გავრცელებული, რომ ფული და პენტაპოლელი მიტროპოლიტი შეუთავსებელი ცნებებია.

ცილისწამება მეუფეს ათენშიც მიყვება. პატიოსანი ადამიანისთვის სახელის შელახვაზე უარესი არაფერია. ნექტარიოსი ყველაფერს ითმენდა. მხოლოდ ერთხელ არ დაეთანხმა პატრიარქს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც განათლების სამინისტრომ კაიროდან დახასიათებები გამოითხოვა. საპატრიარქოდან ცილისწამების დამადასტურებელი პასუხი მოვიდა. საბერძნეთის კონსულმა ალექსანდრიაში სამინისტროს მისწერა: "პენტაპოლელი მიტროპოლიტის ქვეყნიდან წასვლა მისი მხრიდან უპასუხისმგებლო და უზნეო საქციელთან იყო დაკავშირებული". და მაშინ მიტროპოლიტი ნექტარიოსი პატრიარქს წერილს სწერს:

„უნეტარესო პატრიარქო, მე თქვენთვის ცუდი გავხდი, და ახლა, ეგვიპტიდან ჩემი უსამართლოდ გამოდევნიდან ოთხი წლის შემდეგ, ულუკმაპუროდ ვარ, მაგრამ თქვენი მხრიდან ჩემს საწინააღმდეგო გამონათქვამებისადმი ყრუ ვრჩები. თქვენ კი რა ცნობებს იძლევით ჩემს შესახებ? თქვენი აზრით, რაში გამოიხატება ჩემი უპასუხისმგებლობა, სად არის ჩემი უწესობისა და ჭირვეულობის მტკიცებულებები? ცბიერი და მზაკვარი რის საფუძველზე მიწოდეთ? რომელმა საეკლესიო სასამართლომ განმსაჯა და დაასკვნა ჩემი უზნეობა? საპატრიარქოს მოხელეებმა საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელს რა მასალებზე დაყრდნობით შეატყობინეს ჩემი მოღვაწეობის შესახებ და ოფიციალურ შეკითხვაზე რის საფუძველზე უპასუხეს, რომ ეგვიპტიდან ამბოხისა და უზნეობისთვის გამომაძევეს? სად არის ჩემი ბრალდების საბუთები, სად არიან ჩემი ბრალმდებლები, მოწმეები? ან რას ეყრდნობა ეს ბრალდება? თქვენს ან თქვენი გარემოცვიდან ვინმეს წინააღმდეგ ასეთი რა ბოროტება ჩავიდინე, რომ ასე მამცირებთ? თქვენს წინაშე რა ცოდვა მიმიძღვის? ღმერთია მოწამე, თქვენთვის არაფერი დამიშავებია. და სიკეთეს ვემსახურებოდი და ვცდილობდი სიკეთე მეკეთებინა, და თქვენ ამის დამადასტურებელი მრავალი საბუთი გაქვთ.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი დევნა უსამართლოა. ღმერთია ჩემი მოწმე და განმსჯელი.

ღრმა პატივისცემით

ნექტარიოს პენტაპოლელი“.

 

განკითხვა და აბუჩად აგდება

ყველგან ნექტარიოსზე ჭორაობდნენ – ცილისწამება მას აჩრდილივით თან სდევდა. ათენში მთელი წელი უმუშევარი იყო, ძალიან უჭირდა, მაგრამ არავის ეუბნებოდა, არაფერს ითხოვდა, დახმარებას მხოლოდ ღმრთისგან ელოდა.

ბოლოს განათლების მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ რომელიმე შორეულ დასახლებაში მქადაგებლად დაენიშნათ, მაგრამ უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ მას ჯერ საბერძნეთის მოქალაქეობა არ ჰქონდა მიღებული. აცრემლებულ ნექტარიოსს სამინისტროს კიბეზე მოხუცი მღვდელი, სახელად მელასე შეხვდა. მან დამწუხრების მიზეზი ჰკითხა და ნექტარიოსმაც თავისი მწუხარების შესახებ უამბო. მელასემ ნექტარიოსს ხელი ჩაჰკიდა და კვლავ მინისტრთან დააბრუნა, რომელსაც აღშფოთებით უთხრა: "თუ ასეთ ადამიანს არ აძლევ სამსახურს, მაშ ვიღას მისცემ?" მინისტრმა უკან დაიხია და ნექტარიოსს სამსახური გამოუჩინა. ეკლესიის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მღვდელმთავარმა პროვინციაში უბრალო მქადაგებლის ადგილი დაიკავა. ნექტარიოსმა ღმერთს მადლობა შესწირა და ახალი სამსახურის ადგილზე – ქალკიდაში გაემგზავრა.

მაგრამ ცილისწამებამ ჩაასწრო. პირველივე ქადაგებაზე მრევლმა ნექტარიოსისადმი აშკარად მტრული დამოკიდებულება გამოხატა. იგი განიცდიდა, მაგრამ იმედს არ კარგავდა. კვირას კვლავ იქადაგა და კვლავ ქარიშხალი. ლოცვითა და მოთმინებით შეიარაღებული იგი შემდეგ კვირასაც დარჩა საქადაგებლად. მას სურდა გაეგო, რა იყო უფლის ნება: დაეტოვებინა ქალკიდა თუ დარჩენილიყო. მთელი კვირა მტანჯველ ორჭოფობასა და ლოცვაში გაატარა. საბედნიეროდ ყველაფერი მოწესრიგდა და ცილისწამება გაიფანტა. იოანე ოქროპირი ამბობს: "დაფარული ჭეშმარიტება ჩალით დაფარულ გახურებულ ნახშირს ჰგავს. ნახშირისგან ჩალას ცეცხლი ეკიდება და დიდი კოცონი ჩაღდება, რომელიც შორიდანაც კარგად მოჩანს".

წმინდა მღვდელმთავარ ნექტარიოსის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ცილისწამება აორთქლდა და ჭეშმარიტებამ იზეიმა. რა მოხდა? ათენში კაიროდან ასამდე ქრისტიანის ხელმოწერილი წერილი მოვიდა. ისინი თავიანთი მეუფის დაკარგვას გლოვობდნენ, წერდნენ, რომ ალექსანდრიის ეკლესია ღირსეულ იერარქთა ნაკლებობას განიცდის, რომ მეუფის ოთხწლიანმა თავგანწირულმა მსახურებამ ნაყოფი გამოიღო და მორწმუნეებმა მის კეთილ საქმეებს მაღალი შეფასება მისცეს, რომ მისმა მტკიცე ხასიათმა და იშვიათმა მოძღვრულმა თვისებებმა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მოუტანეს.

მეუფე ნექტარიოსი ამ წერილს თან ატარებდა და არავის აჩვენებდა. „უფალი თავად მოაგვარებს ყველაფერს", – ფიქრობდა იგი. და მართლაც, მეუფის მოთმინების გამოცდის შემდეგ, ყველაფერი მოგვარდა. მოგვიანებით, ათენში პასუხისმგებელმა პირებმა გაიგეს ამ წერილის შესახებ და ქალკიდას მიტროპოლიაში სპეციალური წარმომადგენელი გააგზავნეს. მან მრევლის ყველა წევრს შეატყობინა, რომ მეუფე ცილისწამებისა და ჭორების მსხვერპლია და რომ იგი სათანადო პატივისცემას იმსახურებს.

ამ სიახლემ მალე მთელი ქალაქი მოიარა. შემდეგ საკვირაო ქადაგებაზე უამრავი მლოცველი შეიკრიბა. ხალხმა ნექტარიოსი მთელი გულით შეიყვარა. ორნახევარი წელი მეუფე დაუღალავად შრომობდა, მორწმუნეთა კეთილგანწყობა მოიპოვა და როდესაც იგი სხვა ეპარქიაში, ლაკონიაში გადაჰყავდათ, ღვთისმოსავი ქრისტიანები ცდილობდნენ, მეუფის გამგზავრებისთვის ხელი შეეშალათ და როგორმე თავისთან დაეტოვებინათ.

 

ფთიოტიდაში

მაგრამ იგი მაინც გადაიყვანეს – ფთიოტიდის ეპარქიაში, სადაც ისეთივე გულმოდგინებით გააგრძელა შრომა. თავისი ქადაგებებითა და რჩევებით მან მრავალი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. ბედნიერი იყო ასეთი მოძღვარ-მქადაგებლის შემძენი ეპარქია. ის ქალაქ ლამიაში, კოსტას სიკოპოლოსის სახლში ქირაობდა ბინას. მეუფის წმინდა ცხოვრებამ ეს ადამიანი ქრისტესთან მიიყვანა. კოსტასმა თავი წმინდა ნექტარიოსის მსახურებას მიუძღვნა და ძალიან შეიყვარა იგი. ჩვეულებრივ, მეუფე ქადაგებისათვის სახლში ემზადებოდა. ერთხელ კოსტასის დედამ დაუკაკუნა, მის ოთახში შევიდა და მაგიდასთან წიგნებში ჩაფლული მეუფე დაინახა.

– სადილად რა მოვამზადო? – იკითხა მან.

– რაც გინდა, ის მოამზადე, უპასუხა მეუფემ, – მაგრამ ახლა შენ აზრი გამაწყვეტინე და ძალიან გთხოვ ასე ნუღარ მოიქცევი.

 ერთხელ კოსტასი ყანაში მუშაობდა, მასთან ატირებულმა დედამ მიირბინა.

– შვილო, მეუფე ჩვენგან მიჰყავთ!

– სად მიჰყავთ?

– დეპეშა მოვიდა, ათენში უნდა გაემგზავროს, ძმები რიზარების სახელობის სასულიერო სემინარიის დირექტორად ნიშნავენ.

საღამოს კოსტასმა მეუფეს ჰკითხა:

– მართალია, რომ მიემგზავრებით?

– მისმინე, კოსტას, აქ ხომ ჩემით არ მოვსულვარ. ვნახოთ, ყველაფერი უფლის ნებაა.

ცხოვრებაში იგი მხოლოდ უფლის ნებით ხელმძღვანელობდა. და ახლაც უფლის ნებით ახალ ადგილზე მიემგზავრებოდა.

მეუფის გამგზავრების დღეს საეკლესიო ზარები სევდიანად რეკდნენ. სადგურზე მის გასაცილებლად ქალები ბავშვებთან ერთად მივიდნენ და აცრემლებულები ითხოვდნენ კურთხევას.  

 

სასულიერო სემინარიის რექტორი

განათლების სამინისტრომ მეუფე ნექტარიოსის მოღვაწეობა სათანადოდ დააფასა და 1894 წელს იგი სასულიერო სემინარიის დირექტორად დაინიშნა. ახალმა სამსახურმა მეუფე გაახარა. იგი თავის ადგილზე აღმოჩნდა, საშუალება მიეცა მთელი საბერძნეთისთვის კარგ საეკლესიო მსახურთა მომზადებისთვის ხელი შეეწყო. მის მოსვლამდე სემინარიის მუშაობა არადამაკმაყოფილებელი იყო. მრავალი სათნოებით შემკული ახალი დირექტორი მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც სულიერი რჩევებით ეხმარებოდა, მან პედაგოგთა წრეში სიყვარული შეიტანა.

ქრიზოსტომოსი, რომელმაც მიტროპოლიტ ნექტარიოსის შემდეგ სემინარიის დირექტორის თანამდებობა დაიკავა და რომელიც შემდეგ ათენის მთავარეპისკოპოსი გახდა, წერდა: "ძმები რიზარების სახელობის სემინარიამ მიტროპოლიტ ნექტარიოსის წყალობით თავის კედლებში კვლავ მშვიდობა დაიბრუნა და შესანიშნავ პედაგოგთა მოღვაწეობით ჭეშმარიტ სასულიერო დაწესებულებად იქცა. წმ. ნექტარიოსი არა მარტო სემინარისტთა სულიერი და ზნეობრივი აღზრდით იყო დაკავებული, არამედ სემინარიის ცხოვრების ყველა დეტალს ადევნებდა თვალს, მათ შორის სემინარიის ბაღზეც კი ზრუნავდა".

მიტროპოლიტი ნექტარიოსი სპეტაკი სულის ადამიანი გახლდათ, გულში ცუდს არაფერს გაივლებდა, ცუდს არავისზე გაიფიქრებდა, ბავშვივით მიმნდობი იყო. აი, ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც სემინარიის კურსდამთავრებული, ღვთისმეტყველი კონსტოდორაკისი იხსენებს:

"არსებული განაწესის მიხედვით, სემინარისტებს ქალაქში გასვლა მხოლოდ დიდ დღესასწაულებსა და განსაზღვრულ საათებში შეგვეძლო. ამ ბედნიერ მომენტებში ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარული კაფეში წასვლა და იქ ცხელი ღვეზელების მირთმევა იყო. რადგან ეს გასვლები იშვიათი იყო, ჩვენ ვიგონებდით, როგორ დაგვეყოლიებინა დირექტორი და მისგან ქალაქში გასვლის ნებართვა მიგვეღო. ზაფხულში, კვირაობით ჩვენს დირექტორს სემინარიის ტაძრის ეზოში სეირნობა, დილის სიგრილითა და აქ დარგული იების სურნელით ტკბობა უყვარდა. სწორედ მაშინ ვიხელთებდით ხოლმე დროს წინასწარ მომზადებული გეგმის განსახორციელებლად: ერთი ეტყოდა, რომ ბიძა ჰყავს ავად, მეორე – რომ მშობლებმა ამანათი გამოუგზავნეს, მესამე, რომ კბილი ასტკივდა და ექიმთან უნდა წასულიყო. და ეს ყველაფერი კაფეში წასასვლელად კეთდებოდა. მაშ ასე, ჯერ "მძიმე ავადმყოფის" ძმისწული მივიდა, კურთხევა აიღო, მწუხარე სახით შეატყობინა თავისი გასაჭირი და გაშვება ითხოვა. დირექტორმა არა მხოლოდ ნებართვა მისცა, არამედ ბიძამისს სასწრაფო გამოჯანმრთელება უსურვა და სთხოვა, დაბრუნებისთანავე ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ მოეთხრო. ცოტა ხანში მიდის მეორე, რომელსაც "დედამ ლეღვი და ფუნთუშები გამოუგზავნა", ისიც ადვილად იღებს ნებართვას. ასევე ადვილად თავისუფლდება "კბილმტკივანი სემინარისტიც". ბოლოს მე მივდივარ; მეუფე, როგორც ჩანს, რაღაცას მიხვდა და მითხრა: ნუ მოხვალთ და ნუღარაფერს მეტყვით, აღარაფრის გაგონება მსურს. მაგრამ ვერ მოითმინა და ცოტა ხანში დამიძახა. მე ორი მეტანია გავაკეთე და მივმართე:

– თქვენო უწმიდესობავ, მეც სხვებთან ერთად მინდა წასვლა.

– ნუთუ ეს შესაძლებელია, ისინი ხომ სხვადასხვა ადგილას მიდიან?

– მართალს გეტყვით, სხვების არ ვიცი, მე კი ღვეზელების საჭმელად მივდივარ.

– გაძლევ კურთხევას, მაგრამ როცა დაბრუნდები, მომახსენე, დანარჩენებმა მართალი მითხრეს თუ არა.

როდესაც დავბრუნდი, მაღაზიაში ნაყიდი ლეღვი და ფუნთუშები დირექტორის კაბინეტში შევიტანე და ჩემი მეგობრების გულწრფელობაში ეჭვის შეტანისთვის პატიება ვითხოვე. მეუფემ ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ გამომკითხა, მე ვუთხარი, რომ უკეთ იყო. მას სიხარულით სახე უბრწყინავდა, უხაროდა, რომ არ მოგვიტყუებია. ხშირად კარისკაცები ჩვენი ცელქობის ამბებს დირექტორს უყვებოდნენ, მას კი ჩვენი წყენა არ უნდოდა, ძალიან იშვიათად და უმნიშვნელოდ გვსჯიდა".

წმიდა ნექტარიოსმა სემინარიაში თოთხმეტი წელი იღვაწა. ბევრმა სემინარისტმა მისი წმინდა ცხოვრების შესახებ მოგონებები დაწერა. ასეთ ფაქტსაც იხსენებდნენ: თუ რომელიმე სემინარისტი რამეს დააშავებდა, მეუფე საკუთარ თავს ისჯიდა და მარხვას იწესებდა. რაგინდ ცუდი აღსაზრდელი ყოფილიყო, როცა ხედავდა, რომ დირექტორი საერთო ტრაპეზზე მისი უსაქციელობის გამო საჭმელზე უარს ამბობდა, თავს უხერხულად გრძნობდა და გამოსწორებას ცდილობდა. განა არსებობს ამაზე მაღალი პედაგოგიკა? მაგრამ ცხოვრებაში მის გასატარებლად საჭიროა, წმიდა ნექტარიოსი იყო.

1889 წელს ალექსანდრიაში საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. ბევრმა ბერძენმა და ეგვიპტელმა, რომელთაც წმ. ნექტარიოსის პოპულარობა ახსოვდა, მეუფეს მისი კანდიდატურის წამოყენება შესთავაზა. თავიდან მეუფე დათანხმდა, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ კლირიკოსები ფოტიოსის კანდიდატურას ემხრობოდნენ, მან, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერდა, თავისი კანდიდატურა მოხსნა. ის მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო და არანაირ ბრძოლაში არ ერთვებოდა.

 

სემინარიის კედლებს მიღმა

მეუფეს მრავალი ადამიანის სულიერი სარგებლისთვის დიდი ღვაწლი მიუძღვის. დირექტორობის გარდა მას ბევრი სხვა მოვალეობაც ჰქონდა. სემინარიის ტაძარში ხშირად ატარებდა წირვას, ქადაგებდა. ხალხი სპეციალურად ჩამოდიოდა მისი მხურვალე სიტყვის მოსასმენად. მას ძალიან დიდი მრევლი ჰყავდა. მეუფე ათენისა და პირეის სხვა ტაძრებშიც მსახურობდა და ქადაგებდა, იქ ზღვა ხალხი იკრიბებოდა.

ადამიანები ხედავდნენ, რომ მეუფე წმინდა ადამიანი იყო, ისმენდნენ მის სიტყვას და მისკენ ისწრაფოდნენ. მისი ნათქვამი ადამიანთა სულებზე კეთილად მოქმედებდა და მათ ქრისტესთან აერთებდა. ათენსა და პირეაში მეუფე ნექტარიოსის მოღვაწეობა ამ ქალაქებისთვის ღვთის წყალობა იყო. უსაზღვრო იყო ხალხის პატივისცემა თავიანთი მწყემსისადმი. ვინც მის მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებას დასწრებია, აღუნიშნავს იქ გამეფებული სულიერი ამაღლება და საზეიმო განწყობილება, განსაკუთრებით ქადაგებისას. მეუფე ძალიან კარგი მოძღვარი იყო, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ადამიანები ღვთისმოსაობისკენ მიჰყავდა.

ერთხელ მან ახალგაზრდა მღვდელს ასეთი სიტყვები უთხრა: "როდესაც ადამიანი იგრძნობს, რომ ზეციური მამის შვილია, ის წუთისოფლის ყველა სიკეთეს გულგრილად შეხედავს. რა თქმა უნდა, ცდუნებები მასაც სტანჯავს, მაგრამ მის გულში სიხარული და სიმშვიდეა".

მეუფეს საზოგადოებრივი მოვალეობებიც ჰქონდა, მას ავალებდნენ ექსპერტობას განათლების სხვადასხვა საკითხებში. მაშინდელი ათენელი დეკანოზები მას კონფერენციებზე იწვევდნენ, სადაც ის თავის გამოსვლებში სოციალურ საკითხებს ეხებოდა. ათასი საქველმოქმედო ორგანიზაცია და საზოგადოება დახმარებას სთხოვდა და საპატიო თავმჯდომარედ ირჩევდა მას.

 

მწერლობა

მეუფე ნექტარიოსის სიყვარული ღვთის სიტყვის მიმართ კარგად გამოჩნდა წიგნში "ქრისტოლოგია", სადაც ის წერს: "ჩვენი მთავარი მიზანი მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენის განმტკიცებაა, მათი, ვისაც რწმენა აქვს, აღზრდილია სახარებაზე, კეთილმსახურებით ცხოვრობს ამ საუკუნეში და ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს სასოება აქვს".

ღამღამობით მეუფე ძირითადად ლოცულობდა და წერდა. იგი მეტად ნაკითხი ადამიანი იყო. მისი წიგნები ეკლესიისა და მორწმუნეების საკითხებს ეხებოდა. მეუფე შეიძლება იმ ციხე-სიმაგრეს შევადაროთ, რომლის აღებაც ეკლესიის მტრებმა ვერ მოახერხეს. იმ პერიოდში პოზიტივიზმი იყო მოდაში, უნივერსიტეტში სულ ჰეგელსა და ბიუჰნერზე საუბრობდნენ. ადამიანებმა ღმე­რთის რწმენა დაკარგეს. სწორედ ანტიპოზიტივიზმის პათოსით იყო გაჟღენთილი მეუფის წიგნი "ღვთის გამოცხადება". ამ წიგნით მეუფეს ღვთისგან დაშორებული ხალხის რწმენაში დაბრუნება სურდა. სასწაულები – ეს ხალხისადმი ღვთის ზებუნებრივი გამოცხადებაა. ღმერთს სამყარო არ მიუტოვებია. ის მას ჩვენთვის უხილავი კანონით მართავს. და მაინც მოიძებნებიან "ბრძენი ადამიანები", რომლებიც ამას უარყოფენ. რა ამპარტავანი და ეგოისტური არიან ისინი! 

 

მოყვასისადმი სიყვარული

მეუფე ნექტარიოსს მოყვასისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ: სემინარიაში დამლაგებლად მომუშავე კაცი მოულოდნელად ავად გახდა და საავადმყოფოში მოხვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ექიმებმა კიდევ რამდენიმე თვე მუშაობის დაწყება არ ურჩიეს. სამუშაო ადგილი რომ დაეკარგა, თავი რითი უნდა ერჩინა? მაშინ მეუფემ უთხრა: "ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, დანარჩენი როგორღაც მოგვარდება". და მართლაც, ყოველ დილას მთელი სემინარია – კლასები, ტუალეტები, ეზო სისუფთავით ბრწყინავდა, და არც ახალი დამლაგებელი აუყვანიათ!.. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ერთ საღამოს ეს კაცი სემინარიაში მივიდა, რომ ენახა, იქაურობას ვინ ასუფთავებდა. და რა დაინახა? მიტროპოლიტი ნექტარიოსი თვითონ ალაგებდა ყველაფერს. დამლაგებელი შეწუხდა:

– თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ჩემს მაგივრად მუშაობთ, ამას ვერ ავიტან!

– შვილო ჩემო, წადი, შენს ჯანმრთელობას მიხედე და ნურაფერზე იდარდებ, – უპასუხა მეუფე ნექტარიოსმა. შენს ადგილზე სხვა რომ ავიყვანო, ადგილს დაკარგავ. მე უბრალოდ მინდა დაგეხმარო, ოღონდ ამის შესახებ ნურავის ეტყვი!

ერთხელ მეუფესთან გაჭირვებული კაცი მივიდა და უთხრა:

– 25 დრაჰმა ვალი მაქვს, ფულის დაბრუნების ვადა იწურება.

– კოსტას! – დაუძახა მეუფემ სემინარიის ხაზინადარს, – ფული გვჭირდება.

კოსტასმა არაფერი უპასუხა, რადგან სულ 25 დრაჰმა ჰქონდათ, თვე ახალდაწყებული იყო და თუ ამ ფულს გასცემდნენ, სემინარია მთელი თვე უფულოდ დარჩებოდა.

– კოსტას, – გაიმეორა მეუფემ, მიეცი ამ კაცს 25 დრაჰმა.

– თქვენო უწმინდესობავ, არ მაქვს... თვე ახლახან დაიწყო, შეუძლებელია...

– არა, უნდა მივცეთ, უფალი შეგვეწევა!

და კოსტასმა მთელი ფული გამოიტანა. ზუსტად ერთ საათში სემინარიაში მთავარეპისკოპოსის კანცელარიიდან დარეკეს და მოითხოვეს: მეუფე ნექტარიოსმა წამოიყვანოს სემინარისტთა გუნდი და მდიდარი წყვილის ჯვრისწერაზე გაემგზავროსო. ჯვრისწერის ბოლოს ყველას კონვერტები დაურიგეს. ეპისკოპოსის კონვერტში ასი დრაჰმა აღმოჩნდა, მგალობლებს კი ოც-ოცი დრაჰმა შეხვდათ.

– აიღეთ ეს ფული, კოსტას, – უთხრა მეუფემ ხაზინადარს. ხედავ, 25 დრაჰმა გავეცით და 180 მივიღეთ. მომავლისთვის ეს კარგად დაიმახსოვრეთ.

ერთხელ მეუფე პანაშვიდზე დიაკვანთან ერთად მივიდა. დიაკვანმა ფულის აღებაზე უარი თქვა, მეუფემ უთხრა: "როდესაც ფულს გაძლევენ, აიღე, თუ არ გაძლევენ – ნუ მოითხოვ".

ერთხელ მიტროპოლიტ ნექტარიოსთან საავადმყოფოდან კაცი მივიდა და რეცეპტი მიუტანა:

– თქვენო უწმინდესობავ, ექიმმა ეს წამალი გამომიწერა და თანაც ორი კვირით სამსახურიდან გამათავისუფლა, დამეხმარეთ.

– ცოტა დაიცადე, – უთხრა ნექტარიოსმა და ხაზინადარს დაუძახა.

მაგრამ, ამჯერად კოსტას მართლაც არც ერთი დრაჰმა არ აღმოაჩნდა. მაშინ მეუფემ ეგვიპტიდან გამოგზავნილი თეთრეულის ამანათი მოითხოვა.

– თუ ამას მთლიანად გასცემთ, გამოსაცვლელი აღარ დაგრჩებათ!

მეუფემ უხმოდ აიღო ამანათი, მთხოვნელს მიაწოდა და უთხრა: – წაიღე, ბაზარში წადი, გაყიდე, ფული წამლისთვისაც გეყოფა და იმისთვისაც, რომ ორი კვირა არ იმუშაო.

 

მონასტრის დაარსება

მეუფე ნექტარიოსი საკუთარი მონასტრის დაარსებაზე და იქ განმარტოვებაზე ოცნებობდა. ჭეშმარიტი მონასტერი იქ მოღვაწეს წმინდანობასთან აახლოებს, უფალთან აკავშირებს. ჭეშმარიტი მონასტერი საუკეთესო ქადაგებაა, დიდი და რთული გმირობაა. წმ. ნექტარიოსმა ეს ღვაწლი მიზნად დაისახა და მიაღწია კიდეც ამ მიზანს. ჩანაფიქრის აღსასრულებლად მრავალი წელი ეკონომიურად ცხოვრობდა, ჯერ კიდევ სემინარიის დირექტორობისას კუნძულ ეგინაზე ძველი მიტოვებული პატარა მონასტერი, სახელად "მაცოცხლებელი წყარო", იყიდა. ოდესღაც, ბიზანტიის დროს, ამ მონასტერში წმიდა ათანასია მოღვაწეობდა (ხსენება 19 აპრილს). ამიტომაც ეს სახელი მან თავის ერთ-ერთ მონაზონს დაარქვა. მეუფემ მიტოვებული მონასტერი თანდათან ააღორძინა, აღადგინა და გააფართოვა მისი შენობა-ნაგებობები. ათენში მის სულიერ შვილთა შორის რვა ქალწული იყო, რომელიც მის ქადაგებებს უსმენდა და აღსარებას აბარებდნენ. ერთხელ ისინი აღსარებაზე ერთ ცნობილ ბერთან, მართლმადიდებელი საძმო "სიცოცხლის" დამაარსებელ მამა ევსები მატთოპოლოსუსთან, მოხვდნენ. იმ ხანად მამა ევსები თავის ცნობილ წიგნს "ადამიანის დანიშნულებას" წერდა. როგორც კი შეიტყო, რომ გოგონები მამა ნექტარიოსის სულიერი შვილები იყვნენ, აღტაცებით წარმოთქვა: "მის უწმინდესობასთან სიარული არ შეწყვიტოთ, მასზე სულიწმიდის მადლია გადმოსული". შემდეგ მათ უამბეს მეუფე ნექტარიოსს, რომ მამა ევსებისთან იყვნენ. როგორც კი მეუფემ ეს გაიგონა, სახე გაუბრწყინდა და თქვა: "ეცადეთ, ხშირად იაროთ ამ ღვთის კაცთან". კურთხეული იყო ის პერიოდი საბერძნეთისთვის, როდესაც იქ ასეთი წმიდა მამები ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ ღვთის სადიდებლად და სულის საცხონებლად მოღვაწეობდნენ და არასდროს – მომხრეებისა და მრევლის შესაძენად. მათ არ იცოდნენ, რა არის შური, ან მღვდელმსახურისთვის შეუფერებელი რომელიმე სხვა თვისება. მეუფის რვავე სულიერმა შვილმა მონაზვნობა გადაწყვიტა. აღკვეცა ეგინის კუნძულზე, წმინდა სამების სახელობის მონასტერში აღსრულდა. აღდგენილი სავანის პირველი იღუმენია სათნოებით სავსე ბრმა ქსენია გახდა. მეორე მონაზონი იყო ნათესავი ღირსმოწამე ფილოთეა ათე­ნელისა, რომელმაც 1680 წელს ათენში მოწამებრივი აღსასრული მიიღო და ამ ქალაქის მფარველად ითვლება. თავიდან მეუფემ მონასტერში წასასვლელად მხოლოდ სამნი აკურთხა. დიდი მარხვა იყო. ფილოთეამ, რომელიც დედების მიმართ მკაცრი იყო, მათ ღამის სათევად ისეთი ოთახი მიუჩინა, სადაც ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. დებს წყლის მოსაგროვებლად ქილები დაურიგეს, დღის მანძილზე მათ მხოლოდ ჭიქა ყავა და ერთი ნაჭერი პური ეძლეოდათ. დედებს ძალიან შივდებოდათ, ასაკით 19-20 წლისანი იყვნენ; ისინი სხვა ოთახში გადაყვანას და ცოტა მეტ პურს ითხოვდნენ, რაზეც ღირსი ფილოთეა პასუხობდა: "მონასტერში მოხვედით, თუ სადმე სხვაგან? როგორი მონაზვნები გამოხვალთ, თუკი უდარდელი ცხოვრება გექნებათ?"

იმ დღეებში ერთ ღვთისმოსავ ათენელ ქალს, რომელიც კარგად იცნობდა მეუფესაც და დედებსაც, დაესიზმრა დიდი გალია, რომელშიც სამი ჩიტი იტანჯებოდა და გალიიდან გაფრენას ლამობდა. ქალი მიხვდა, რომ დედებს მონასტერში უჭირდათ. იყიდა ბევრი პური, ხალვა, ზეთისხილი და მონაზვნებს ჩაუტანა. შემდეგ კი მონასტერში ნანახის შესახებ მეუფეს უამბო და მალე სამი მონაზვნიდან ერთ-ერთმა, კასიანამ ძველი იღუმენია შეცვალა.

მეუფე ნექტარიოსი კვლავ სემინარიის დირექტორად რჩებოდა, თან მონასტერს ეხმარებოდა, ცდილობდა, ახალაღდგენილ სავანეში ცხოვრება წმიდა მამათა მკაცრი წესდების მიხედვით მოეწყო. ამიტომ ზოგჯერ მკაცრიც იყო, მაგრამ მკაცრი, როგორც მოსიყვარულე მამა. ეს მონაზვნებისადმი მიწერილი შემდეგი წერილიდანაც ჩანს: "მივიღე თქვენი წერილი, მივხვდი, რომ დამწუხრებულები ხართ. ეს წერილი თქვენი სულიერი ცხოვრების დონესა და თქვენს სისუსტეზე მეტყველებს. მინდა, რომ იცოდეთ: წმიდა მამების წესდების დასაცავად და თქვენი თავდადებისა და მოთმინების გამოსაცდელად ყველანაირ ღონეს ვიხმარ. დრო მოვიდა, მონაზვნური ცხოვრების სიმძიმე ვიტვირთოთ".

შეიძლება მისი ბევრი წერილი ძალიან მკაცრი მოგვეჩვენოს, მაგრამ ვიმეორებთ, ეს იყო კეთილი მამის სიმკაცრე. ერთ-ერთ წერილში მან ის წესებიც ჩამოაყალიბა, რომელიც მორჩილმა უნდა დაიცვას, რათა გაიგოს, რას მოითხოვენ მისგან და მომავალი მონასტრული ცხოვრება ლაღი და უდარდელი არ ეგონოს: "რაც შეეხება ხსენებულ მორჩილს, უნდა გავარკვიოთ, თავნებობაზე უარის თქმას თუ შეძლებს, დაემორჩილება თუ არა სხვათა ნება-სურვილს, რამდენად ძალუძს თავგანწირვა და რჩევების მიღება. გაუძლებს თუ არა ცდუნებას, მიუტევებს თუ არა დედებს მაშინვე, გულში წყენას ხომ არ ჩაიდებს. თუ ყველა ეს ღირსება აქვს, მონასტერში დაიტოვეთ".

 

პირველი ჩასვლა კუნძულ ეგინაზე

ეგინაზე მეუფე ნექტარიოსის პირველი ჩასვლისას უცნაური რამ მოხდა. ამ კუნძულზე ერთი შეპყრობილი ბიჭი, სახელად სპიროსი, ცხოვრობდა. იგი თვალებს ხუჭავდა და რაღაცებს წინასწარმეტყვე­ლებდა, ხან მართალს ამბობდა და ხან ტყუილს. იმ დღეს, როდესაც კუნძულზე ნექტარიოსი უნდა ჩასულიყო, თვალდა­ხუჭული სპიროსი ყვიროდა:

– ჩვენთან პენტაპოლელი მიტროპოლიტი მოდის, სწორედ ის გადაარჩენს კუნძულს! წმიდანი მოდის! ის გადაგვარჩენს! მის შესახ­ვედ­რად მოემზადეთ!

ხალხი უსმენდა სპიროსს და ვერაფერს იგებდა. შემდეგ პროტოპრესვიტერ მიქაელთან მივიდნენ. მამა მიქაელმა გადაწყვიტა, თავად მოეს­მინა, რას ამბობდა ბაზრის მოედანზე წამოწოლილი სპიროსი:

– პენტაპოლის წმინდა მიტროპოლიტი ჩვენს კუნძულზე მობრძანდება! ის გადაგვარჩენს! მას ღმერთი გვიგზავნის, რადგან ჩვენი კუნძული ებრალება.

მამა მიქაელმა ვერაფერი ახსნა და პორტში წავიდა. ამ დროს ნავსადგურში გემი შემოვიდა, ანძაზე დროშით, რაც იმას ნიშნავდა, რომ მგზავრებს შორის ოფიციალური პირი უნდა ყოფილიყო. მართლაც, გემზე პენტაპოლის მიტროპოლიტი ნექტარიოსი აღმოჩნდა. მამა მიქაელი შეხვდა მას და უთხრა:

– თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვერ ავხსენით ერთი ბიჭის სიტყვები, რომელიც სულ იმას იმეორებდა, რომ თქვენ ჩვენთან მოდიოდით.

– ახლა სად არის? – იკითხა მეუფემ და იგი მოედანზე წაიყვანეს.

სპიროსი კვლავ თვალდახუჭული იწვა მიწაზე და იმავეს ყვიროდა. მაშინ მეუფე ნექტარიოსი მიუახლოვდა, თავისი კვერთხით ჯვარი გადასახა, ბაგეებზე შეეხო და ეშმაკს მისგან გამოსვლა უბრძანა. სპიროსი მაშინვე წამოდგა, ეპისკოპოსს ხელზე ეამბორა და მას შემდეგ აღარც უწინასწარმეტყველებია, სკოლაშიც დაბრუნდა, რომელიც ავადმყოფობის გამო მიატოვა, და სწავლა განაგრძო. როდესაც გაი­ზარდა, დაცოლშვილდა, კუნძულზე დარჩა და ღვთისმოსავი ქრისტიანის ცხოვრებით ცხოვრობდა. სპიროსის განკურნების ამბავი სწრაფად გავრცელდა და ყველამ მეუფის გაცნობა მოინდომა. მივიდა მასთან ერთი ქალი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სისხლდენით იტანჯებოდა და ვერავინ მოარჩინა. იგი, სახარების სისხლმდინარე დედაკაცის მსგავსად, მეუფის კაბის კალთას ეამბორა და სისხლდენაც მაშინვე შეუწყდა. შემდეგ წმიდანთან ეგინის მერი და დეპუტატები მივიდნენ, მათ გვალვის შესაწყვეტად პარაკლისის გადახდა ითხოვეს.

– პარაკლისს შემდეგ კვირას საკათედრო ტაძარში გადავიხდით, მანამდე კი მთელი კვირა უნდა ვიმარხულოთ და ზიარებისთვის მოვემზადოთ.

მართლაც, შემდეგ კვირა დღეს პარაკლისი გადაიხადეს, საღამოს კი წვიმა წამოვიდა. და შემდეგი ორი თვის მანძილზე წვიმდა. გლეხებმა თესვა ვერ დაიწყეს და ამიტომაც კვლავ მეუფეს ეახლნენ და ახლა პარაკლისის გადახდა წვიმის შესაწყვეტად სთხოვეს.

შვილებო, – უპასუხა მათ ნექტარიოსმა, – უფალმა უკეთ იცის, რა გააკეთოს.

და მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ ნალექი შეწყდა, თესვაც მოესწრო და იმ წელს ძალიან უხვი მოსავალიც მოვიდა.

თავიდან მეუფეს მიძინების მონასტრის იღუმენი, მამა თეოდოსი ეხმარებოდა. წმიდა სამების მონასტრის ასაშენებლად შესაფერისი ადგილიც მან აჩვენა და მონასტრის სურსათით მომარაგებაც მანვე იკისრა. ის აგზავნიდა მონასტერში წირვის ჩასატარებლად მღვდლებს, სანამ კუნძულზე მეუფე თავად არ ჩამობრძანდა და სამუდამოდ თავის მონასტერში არ დასახლდა.

სავანის აღორძინება

როდესაც მეუფე ნექტარიოსი თავისი მუდმივი საცხოვრებლისკენ – მონასტრისკენ, მიემართებოდა, კუნძულზე ბევრი უჩვეულო რამ მოხდა. გზად წმიდა დიონისე ეგინელი შეხვდა. ოდესღაც წმიდა დიონისე ეგინის ეპისკოპოსი იყო, იმხანად კი მისი წმიდა ნაწილები ზაკინთის კუნძულზე განისვენებდა. ეგინის კუნძულზე შემორჩენილია პატარა ეკლესია და სენაკი, სადაც წმიდანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

– ნექტარიოს, გელოდები, – უთხრა მან.

ნექტარიოსმა დიონისეს უკან სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი შეამჩნია და წმიდანს ჰკითხა:

– ეს ძმა ვინ არის?

– მინასეა, ისიც აქ ცხოვრობს, – უპასუხა დიონისემ.

წმიდა ნექტარიოსმა ადგილობრივებს ჰკითხა:

– არის თქვენთან წმიდა მინასეს ტაძარი?

– არა, – უპასუხეს, – მხოლოდ ერთი პატარა მიტოვებული სამლოცველოა და ისიც ძალიან შორს.

– მანახეთ, ზუსტად სად არის, – ითხოვა მეუფემ.

– იქ მისვლა ძალიან ძნელია, მთაშია, იქაურობას ფიჭვის ტყე მოედო, გზა აღარ არის.

ორი წლის შემდეგ მეუფე ნექტარიოსმა ორი მონაზვნის თანხლებით ამ ადგილის მოძებნა გადაწყვიტა. აიღეს სანთლები, კანდელის ზეთი, საკმეველი. დილით ადრე სახედრებით გაემგზავრნენ და იპოვეს კიდეც. ეს იყო მიტოვებული პაწაწინა ეკლესია. აქ წვიმის დროს მწყემსები აფარებდნენ თავს და გასათბობად კოცონს აჩაღებდნენ. მეუფემ და მონაზვნებმა იატაკი გამოხვეტეს, სანთლები და კანდელები აანთეს, მეუფე საკურთხეველში დიდხანს ლოცულობდა. როდესაც გამოვიდა, ცაში აიხედა, შემდეგ ხელით ერთ ადგილზე მიუთითა და თქვა:

– ერთ მშვენიერ დღეს აქ ქალთა მონასტერი იქნება.

დედები კი ეუბნებოდნენ:

– მეუფევ, თქვენ მონასტრების შესახებ ყველაფერი იცით, განა ასეთ უდაბურ, გაუვალ, უწყლო ადგილას სავანე მოეწყობა?

მაგრამ ორმოცი წლის შემდეგ სწორედ ამ ადგილას წმიდა მინასეს სახელობის მონასტერი აშენდა. ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მიწის ეს ნაკვეთი არქიმანდრიტ ამფილოქის აჩუქა. თანდათან პირველი მოსახლეებიც შეიკრიბნენ და მალე შესანიშნავი ტაძარიც აიგო. მაგრამ მაშინ, როდესაც დედები ჯერ კიდევ ტაძრის ასაშენებელ ფულს აგრო­ვებდნენ, მათთან მოულოდნელად ოთხი კაცი მივიდა, ერთი მათგანი იყო იმ მხარეში დაბადებული მიტროპილიტი, სადაც წმიდა მინასე მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა და ამიტომაც წმიდა მინასეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა. მიტროპოლიტმა ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო თანხა შესწირა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეგინის კუნძულზე ყოფნისას წმიდა ნექტარიოსს წმიდა მინასე ხშირად ეცხადებოდა. ერთხელ, საღამოს, დედებმა მეუფესთან მორიგე მონაზონი გაგზავნეს, რათა შეეტყობინებინა, რომ ტრაპეზი მზად იყო. იგი შევიდა მიტროპოლიტთან და დაინახა, რომ მეუფე ვიღაც სამხედრო პირს ესაუბრებოდა, აღარ შეუშალა ხელი და უხმოდ გამობრუნდა.

– უთხარი? – ჰკითხეს დედებმა.

– არა, მეუფეს არ უყვარს, როდესაც სტუმართან საუბარს ვაწყვეტინებთ.

– გეთაყვა, კიდევ ერთხელ მიდი, უთხარი, რომ სუფრა გაშლილია.

მონაზონი წავიდა და დაინახა, რომ სტუმარი უკვე მიდიოდა.

– თქვენო უწმიდესობავ, ვინ არის ასეთ ბრწყინვალე მუნდირში გამოწყობილი ოფიცერი?

– შენც დაინახე? – ჰკითხა მეუფემ და თითი ტუჩებთან მიიტანა. წმიდა მინასე იყო, მაგრამ ამის შესახებ ნურავის ეტყვი.

მეუფე ნექტარიოსი წმიდა მინასეს განსაკუთრებულ პატივს კიდევ იმიტომ მიაგებდა, რომ იგი კუნძულ ქიოსზე, წმ. მინასეს სახელობის ტაძარში აკურთხეს მღვდლად. დღეს მეუფე ნექტარიოსის ნაწინასწარმეტ­ყველებ მონასტერში მცხოვრები მონაზვნები მეუფის მათთან ყოფნას მუდამ გრძნობენ და ტროპრებს უგალობენ. სწავლობენ წმიდანის ხელნაწერებს, გალობენ მის მიერ დაწერილ საგალობლებს. ღვთისმეტყველისა და ფილოსოფოსის გარდა მეუფე შე­სანიშნავი კომპოზიტორიც გახლდათ. მან შობის, ნათლისღებისა და აღდგომის ოცდაათამდე საგალობელი შექმნა, ასევე მის კალამს ეკუთვნის ღვთისმშობლისადმი მიძ­ღვნილი 154 პოეტური ტექსტი.

წმიდა სამების ტაძრის მშენებლობისას წყალი მეზობელი გლეხის ჭიდან მოჰქონდათ. მაგრამ, რადგან წყალი ძალიან ცოტა იყო, პატრონმა აკრძალა წყლის წაღება და სამუშაოებიც შეჩერდა. მაშინ მეუფე ჭასთან მივიდა, ილოცა და მისი ლოცვით ჭა წყლით გაივსო. გლეხი ისე გაოცდა, რომ არა მარტო წყლით სარგებლობის ნება დართო, არამედ ჭა მშენებარე სავანეს გადასცა. ერთხელ მეუფე უფულობის გამო მშე­ნებლებს ხელფასს ვერ უხდიდა. ერთმა მონაზონმა დაინახა, როგორ მივიდა შეწუხებული მეუფე ღვთისმშობლის ხატთან და ცარიელი ჯიბეები აჩვენა. მონაზონმა გაბედა და ჰკითხა:

– რატომ ნაღვლობთ?

– აბა, როგორ არ ვინაღვლო, უკვე ხუთშაბათია, შაბათს მუშებს ფული უნდა მივცე, მე კი გროშიც არ მაქვს.

შაბათს, დღის ორ საათზე, როდესაც ყველა ისვენებდა, მონაზონმა დაინახა, რომ ტაძარს ფქვილით დატვირთული ურემი მოუახლოვდა. ეს ძმები პონორიოსების შესა­წირი იყო. მეურმემ მიტროპოლიტთან შეხვედრა ითხოვა. როდესაც წმიდა ნექტარიოსმა ეს კაცი მიიღო, მან ფულით სავსე კონვერტი გაუწოდა და უთხრა:

– ეს ძმების საჩუქარია – ორასი დრაჰმა.

მეუფემ მონაზვნები შეკრიბა და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა.

1917 წელს საბერძნეთში პროდუქტების შეტანა აიკრძალა. მონაზვნებმა ყველაზე აუცილებელი პრო­დუქტის მომარაგება გადაწყვიტეს და მეუფეს კურთხევა სთხოვეს.

– თუ ამას გააკეთებთ, მაშინ მართლაც შიმშილობა მოგვიწევს.

მონაზვნებმა ურჩობა ვერ გაბედეს და ჩანაფიქრზე ხელი აიღეს. ემბარგოს მიუხედავად, მონასტერს არაფერი მოჰკლებია, სხვებსაც კი ეხმარებოდა.

  

წმიდა მამათა დანაბარების მიხედვით

წმიდა ნექტარიოსის მიერ დაარსებულ მონასტერში მკაცრი ტიპიკონით ცხოვრობდნენ. მეუფის ახალგაზრდა მეგობარმა, ამფილოქე მაკრისმა, კუნძულ პატმოსზე მონასტერი ააგო და წმ. ნექტარიოსს ჰკითხა, სავანისთვის როგორი წესდება შეერჩია. მეუფემ უპასუხა: "სახარება". ანუ სამონასტრო წესდების არსი სახარებისეული მცნებების ცხოვრებაში გატარებაა. რა თქმა უნდა, იგი წმიდა მამათა გადმოცემებს ეყრდნობოდა. ძველი წესდების თანახმად კაცებს დედათა მონასტერში შესვლაც კი ეკრძალებოდათ.

ერთხელ სააღდგომო დღეებში მეუფემ ერთი მონაზონი აკურთხა, სტუმარი გოგონები მთაში წაეყვანა და იქ პატარა ეკლესიებში სააღდგომო საგალობლები შეესრულებინათ. გოგონები სიხარულით გალობდნენ; უცებ შენიშნეს, რომ მონაზონმა სახეზე ხელები აიფარა და ჩაჯდა. მონაზვნის დამალვის მიზეზი ტაძარში უცხო მამაკაცის შესვლა აღმოჩნდა. ახლა მონასტერში ასეთ მკაცრ წესებს აღარ იცავენ.

წმიდა ნექტარიოსი ასკეტურად ცხოვრობდა; იგი ძალიან თავმდაბალი, სულით წმიდა, გულკეთილი ადამიანი იყო. არავის განიკითხავდა, შურს არავისზე იძიებდა, პირიქით, ყველას აკურთხევდა. მის მონასტერში მკაცრი წესრიგი სუფევდა, ჩხუბი, დრტვინვა, უკმაყოფილება იქ გამორიცხული იყო. ყველაფერს სიმშვიდის ბეჭედი ედო. ეკლესიური კითხვა და გალობა ღრმა და მადლმოსილი იყო. მღვდლის ყველა მოვალეობას წმ. ნექტარიოსი ასრულებდა – სხვა მღვდელი მონასტერს არ ჰყავდა. წირვას დიდი მოწიწებითა და აღტაცებით ატარებდა. ერთმა მონაზონმა, რომელიც ლიტურგიის დროს ეხმარებოდა, დაინახა დიდებული ქალბატონი (ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი), რომელიც ყრმით ხელში აღსავლის კარით საკურთხეველში შედიოდა.

 მიტროპოლიტი მონასტერში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა: მუშებს ეხმარებოდა, მათთან ერთად სადილობდა, როდესაც მონაზვნებს ეძინათ, მონასტრის ეზო-კარს, ოთახებსა და ტუალეტებს ალაგებდა. ყველაზე მძიმე მორჩილებას საკუთარ თავზე იღებდა: ბაღს უვლიდა, მიწას თოხნიდა, ბოსტანს რწყავდა, თანაც წყალი შორიდან თვითონ მოჰქონდა. კელიების მშენებლობისას მძიმე ქვებს მეუფე თავად ეზიდებოდა.

  მამა ფილოთეოსი იხსენებს: "ერთხელ მეუფესთან შესახვედრად მონასტერში გავემგზავრე, მინდორში მომუშავე ბერი დავინახე, რომელსაც მზისგან დასაცავად თავზე ჭილოფის ქუდი ეხურა, ანაფორის კალთები ქამარში ჩატანებული ჰქონდა. აგვისტოს პაპანაქება იდგა.

– მამაო, მეუფეს ვეძებ! – მივმართე მე.

– მონასტერში წადი, იქ ნახავ! – მიპასუხა.

 წავედი. ცოტა ხანში მინდორში მომუშავე ბერი მოვიდა, სახლში შევიდა, დაიბანა, დაივარცხნა, გამოიცვალა და ჩემთან გამოვიდა. მომესალმა და გამეცნო:

 – მეუფე ნექტარიოსი ვარ!"

 

მართლმადიდებლობის დასაცავად

მონასტერში მძიმე სამუშაოს შესრულების გარდა მეუფე ნექტარიოსი ზამთრის გრძელ საღამოობით წიგნებს წერდა. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომია - "განხეთქილების შესახებ", რომელიც ეკლესიაში არსებულ განხეთქილებას ეხება და კათოლიკეების წინააღმდეგაა მიმართული. წმ. ნექტარიოსი ამტკიცებს, რომ კათოლიკეები ერეტიკოსები არიან. ეკლესიის პაპიზმისაგან დასაცავად მეუფე მთელი ძალებით იბრძოდა. ის ხედავდა საშიშროებას, რომელიც კათოლიკობას მართლმადიდებლობისათვის მოჰქონდა, ამიტომაც ბევრს წერდა ამის შესახებ, განსაკუთრებით პაპის ე.წ. უცდომელობის შესახებ. "დიდია რომის პაპის ცოდვა, რომელმაც თავი უცოდველად გამოაცხადა. უცოდველობის პოსტულატი თითქოს აუქმებს მსოფლიო კრებებს, მათ მნიშვნელობასა და ავტორიტეტს და ამით ქრისტიანთა რწმენას არყევს. თუ პაპს პირველ ადგილს მივაკუთვნებთ, რაღა ვთქვათ იოანე ღვთისმეტყველზე, ქრისტეს საყვარელ მოწაფეზე? ვის ვუწოდოთ პირველი და ვის – მეორე? პაპები მუდამ ძალაუფლებისა და დიდებისკენ ისწრაფოდნენ, მათი მბრძანებლობის სურვილი ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა... ღვთისადმი თაყვანისცემა, ადამიანისადმი – რომის პაპისადმი თაყვანისცემით შეიცვალა, რომელიც კათოლიკეების აზრით, ღმერთის ნაცვალია მიწაზე".

მეუფე ნექტარიოსმა მრავალი ფუნდამენტალური თხზულება დაწერა: "საეკლესიო ქადაგებანი", "შვიდი მსოფლიო კრების მნიშვნელობის შესახებ", "სულისთვის ზრუნვა", "ჭეშმარიტი და ცრუ ცოდნის შესახებ", "ქრისტიანული ეთიკა", "სამოძღვრო ღვთისმეტყველება", "კატეხიზაცია", "ქრისტოლოგია", "სულის უკვდავების შესახებ", "სახარების ისტორია", "კვლევა მონანიების შესახებ", "აღსარების შესახებ", "ევქარისტიის საიდუმლოს შესახებ", "წმიდანთა შესახებ", "წმ. მარკოზ მოციქულის ღვთაებრივი ლიტურგია", "ერთიანი სამოციქულო ეკლესიის შესახებ", "შეიცან თავი შენი", "სქიზმის მიზეზების კვლევა" (ორ ტომად), "მარხვების შესახებ" და სხვა ნაშრომები.

ხშირად მეუფე ნექტარიოსი დილამდე წერდა, შემდეგ სანათურს აქრობდა და ღვთისმსახურებაზე მიდიოდა.

 

წინასწარმეტყველების ნიჭი

ათენიდან და პირეიდან მეუფე ნექტარიოსთან აღსარებაზე სასულიერო პირებიც მოდიოდნენ და საერონიც. აღმსარებლების მიმართ იგი მკაცრი იყო, მაგრამ პიროვნებისა და გარემოების თავი­სებურებებს ყოველთვის ითვალისწინებდა. დარიგებებითა და ლოცვით ბევრი სული გადაარჩინა, ბევრს ცხოვრების გზა აჩვენა. წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული მომავალს ჭვრეტდა. აი, რამდენიმე მაგალითი: მამა ფილოთეოსი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მონასტერში წასვლას ფიქრობდა. მეუფემ მას კუნძულ პაროსზე დაფუძნება ურჩია, მაგრამ მამა ფილოთეოსი არ ეთანხმებოდა, მას ათონის წმიდა მთა ერჩია. "კარგი, წადი ათონზე, მაინც ადრე თუ გვიან პაროსზე დაბრუნდები". ასე გაემგზავრა ის ათონის წმიდა მთაზე თავის ერთ-ერთ მეგობართან ერთად. თესალონიკში ყოფნისას მან დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის აღსრულების ადგილის მოლოცვა გადაწყვიტა. იმ ხანად თესალონიკი ჯერ კიდევ თურქების ხელში იყო, მათ ისინი ჯაშუშებად მიიჩნიეს და ათონის ნაცვლად მეგობრები საპყრობილეში აღმოჩნდნენ. მამა ფილოთეოსმა უსამართლო პატიმრობა გააპ­როტესტა და გათავისუფლება თურქეთის ფაშასგან მოითხოვა. ამან ისე გააბრაზა წარმომადგენელი, რომ პატიმრები არა თუ ციხეში დატოვა, არამედ მათთვის სასიკვდილო განაჩენიც კი მოითხოვა. დიდმოწამე დიმიტრის მეოხებით უფალმა ისინი გადაარჩინა: როდესაც მამა ფილოთეოსი და მისი მეგობარი ციხეში გადაჰყავდათ, გზად პროცესია შემოხვდათ, რომელსაც ფაშა მოუძღოდა. მღვდლებმა მას მიმართეს და ფაშამ პატიმრების სასწრაფოდ გათავისუფლება ბრძანა. მაშინ გაახსენდა მამა ფილოთეოსს წმ. ნექტარიოსის სიტყვები: "მაინც პაროსზე დაბრუნდები".

მეუფის წინასწარმეტყველების ნიჭი სხვა შემთხვევაშიც გამოვლინდა. სამი წლის შემდეგ მამა ფილოთეოსი კუნძულ ეგინაზე კვლავ ჩამოვიდა, მას ხრისოლეონდისის მონასტერში სურდა ყოფნა. "ნუ წახვალ, – უთხრა მეუფემ, – იქ იმედგაცრუება გელოდება". მაგრამ მან არ დაუჯერა და მაინც ამ სავანეში გაემგზავრა. მოხდა ისე, რომ იქ ტრაპეზზე ორი მონაზონი ისე წაკინკლავდა, რომ ლამის ერთმანეთს მუშტები დაუშინეს. მამა ფილოთეოსი ამან ისე შეაშფოთა, რომ ეს მონასტერი ღამე დატოვა და ფეხით წამოვიდა. მაშინ მიხვდა, რომ მეუფე ნექტარიოსს მომავლის ჭვრეტის ნიჭი ჰქონდა.

მეუფესთან სავანეში თვეზე მეტხანს ერთ-ერთი მონაზვნის ნათესავი გოგონა ცხოვრობდა. ორი წლის შემდეგ ეს გოგონა გათხოვდა. როდესაც ეს ამბავი წმ. ნექტარიოსს შეატყობინეს, მან თქვა: – მაინც მონაზონი გახდება. როგორ, ის ხომ გათხოვდა?

 – მე მას მონაზვნის სამოსში ვხედავ, ესე იგი აღიკვეცება.

 მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ ამ ქალის მეუღლე გარდაიცვალა და იგი მონაზვნად აღიკვეცა, მოგვიანებით კი წმ. მინას მონასტრის იღუმენია გახდა.

 

მლოცველი

მთელ თავის დროს მეუფე ნექტარიოსი ლოცვას ანდომებდა; ზოგჯერ მთელ ღამეებს უფალთან საუბარში ატარებდა. სენაკში ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, მის წინ ყოველთვის ხმამაღლა ლოცულობდა. ზოგჯერ ტყეში მიდიოდა და განმარტოებით ლოცულობდა. ერთხელ მონაზვნებმა პატარა გოგონას მასთან სკამი გაატანეს: ეგონათ, მეუფეს ქვებზე დგომა ან ჯდომა უჭირსო. გოგონამ მონახა ბერი, მიუახლოვდა და დაინახა, რომ ის, მიწიდან აწეული, ჰაერში იდგა. როდესაც წმიდანმა გოგონა შეამჩნია, სთხოვა, ამის შესახებ არავისთვის ეთქვა.

წმიდა ნექტარიოსს ყველა იცნობდა. უამრავი ადამიანი მასთან რჩევისთვის და ლოცვის თხოვნით მიდიოდა. მართლაც, მეუფის ლოც­ვით ადამიანთა ცხოვრება წესრიგდებოდა, ავადმყოფები და შეპყრობილები იკურნებოდნენ. ერთხელ ვიღაც გლეხმა მონასტერს ჩაუარა და მონაზონს დაუძახა:

– მეუფეს უთხარი, წვიმისთვის ილოცოს, თორემ ყველაფერი გადაგვიხმა და შეიძლება საქონელიც დაგვეხოცოს!

მონაზონმა მეუფეს თხოვნა გადასცა. და ჰოი, საოცრება! მთელი ღამე განუწყვეტლივ წვიმდა...

მეუფესთან ურწმუნოებიც და მებრძოლი ათეისტებიც კი მიდიოდნენ. მისი ბრძნული ქადაგებების მოსმენით, მასთან საუბრით ისინი ქრისტიანული სარწმუნოების მგზნებარე მქადაგებლები ხდებოდნენ. მეუფის ქადაგებებმა მრავალი და მრავალი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დააყენა.

 

ცილისწამება

ათენში ისეთებიც იყვნენ, ვინც მეუფეს და მის მონასტერს ემტერებოდნენ. ისინი მას ცილს სწამებდნენ, მის ვითომ უზნეობაზე ავრცელებდნენ ხმებს. ცრუ ბრალდებებით სინოდში წერილებს გზავნიდნენ. სინოდის მაშინდელი თავმჯდომარე, ათენის მთავარეპისკოპოსი, თეოკლიტე, სიმართლის დასადგენად 1908 წელს თავად ჩავიდა კუნძულზე. სავანეში ყოფნისას მან აღიარა, რომ იქ ღმრთის საქმეს ემსახურებოდნენ.

მეუფე ნექტარიოსის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა ათენის მთავარეპისკოპოსი მელეტი (მეტაქსაკისი), რომელიც შემდგომ ჯერ კონსტანტინოპოლის, შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი გახდა... ამ ადამიანმა ეკლესიას დიდი ზიანი მიაყენა. მას სძულდა მონაზვნობა და როდესაც მეუფე დიდი შრომითა და გარჯით თავის მონასტერს აგებდა, მთავარეპისკოპოსი მკაცრად აკრიტიკებდა: "შენ აქ მონასტრებს აგებ, ნუთუ ვერ ხედავ, გარშემო რამდენი დაცარიელებული ტაძარია? თანამედროვე ეპოქა მონასტრებისთვის არ არის!"

მაგრამ მეუფეს თავისი საქმე არ შეუწყვეტია, და დღეს კუნძულ ეგინაზე უფრო მეტი მონასტერია, ვიდრე სადმე სხვაგან საბერძნეთში.

მეუფე ამბობდა: "ეგინა ქალთა მონაზვნობის ათონი იქნება". ახლა ამ კუნძულზე დედათა ცხრა სავანეა.

ვნახოთ, როგორ დაასრულა ცხოვრება ამ ორმა მღვდელმთავარმა. მელეტი მატაქსაკისი საშინლად აღესრულა. იგი დილით საძინებელში მკვდარი იპოვეს. გამოყოფილი ჰქონდა ენა, რომლითაც მეუფესა და მართლმადიდებელ ეკლესიას ცილს სწამებდა. მეუფე ნექტარიოსს წმინდა აღსასრული ჰქონდა. დღეს მას არა მარტო საბერძნეთში, არამედ მთელ მსოფლიოში მიაგებენ პატივს.

მეუფე ნექტარიოსმა ცხოვრებაში მრავალი განსაცდელი გამოიარა. მისი ღვაწლის მიუხედავად, იყვნენ ადამიანები, რომლებიც გმობდნენ მას, რომელთაც მიაჩნდათ, რომ იგი ყველაფერს არაგულწრფელად აკეთებდა. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც მის მონაზვნებზე ჰყვებოდნენ, რომ ისინი მახინჯ ბავშვებს აჩენდნენ და ჭაში ახრჩობდნენ. ერთ ქალს, რომელიც ეგინაზე სანთლებს ჰყიდდა და ამის გამო მესანთლე შეარქვეს, თექვსმეტი წლის ქალიშვილი ჰყავდა. გოგონა მორიდებული და ღვთისმოსავი იყო. დედა მას ცუდად ეპყრობოდა, რამდენჯერმე მისი დახრჩობაც კი სცადა. გოგონა ავადმყოფ დედას გაექცა და წმიდა ნექტარიოსის მონასტერში დაიმალა. მეუფემ შეიფარა იგი და ზრუნავდა მასზე. მესანთლემ სავანეს და მის მოძღვარს ბრძოლა გამოუცხადა. მეუფე ნექტარიოსმა რჩევისთვის ათენის მიტროპოლიტ თეოკლიტეს მიმართა. მან დაუმოწმა, რომ საჭირო იყო გოგონას დაცვა. ასე დაჰყო ბავშვმა მონასტერში ორი წელი. მაგრამ დედამისი არ ცხრებოდა და მონასტერს სასამართლოში უჩიოდა. ის ამტკიცებდა, რომ მეუფემ მას შვილი წაართვა და თავისთან ძალით აჩერებდა. საქმის გასარჩევად ათენის პროკურატურამ ეგინაზე ორი პოლიციელის თანხლებით თავისი წარმომადგენელი გააგზავნა. მათ შეამტვრიეს მონასტრის ჭიშკარი და ყოველგვარი წესისა და კანონის დაცვის გარეშე პირდაპირ წმიდა ნექტარიოსის სენაკს მიადგნენ. შეშფოთებული და ატირებული მონაზვნები ეზოში იდგნენ. მეუფემ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიმილით მიიღო. პროკურატურის გამომძიებელმა სამოცდაათი წლის ბერს ყვირილი დაუწყო, უკადრებელი სიტყვები აკადრა და იმ ჭების ჩვენება მოსთხოვა, სადაც (მისი თქმით) ახალშობილებს ახრჩობდნენ. შემდეგ მეუფეს მხარში სწვდა, შეაჯანჯღარა და უყვირა: "ყველას ციხეში გაგამწესებთ!" წმიდა ნექტარიოსმა თითით ზეცისკენ მიუთითა და თქვა: "უფალი ყველაფერს ხედავს". ყველაფერი ამით დასრულდა.

ერთი კვირის თავზე პროკურორის წარმომადგენელი ავად გახდა. ხელი, რომელიც მეუფეზე ასწია, გაუშეშდა. მაშინ მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა. ეგინაზე ცოლთან ერთად გაემგზავრა და მეუფეს პატიება სთხოვა. ბერი არ იყო გულღვარძლიანი და მთელი გულით მიუტევა მას. მაგრამ, ერთი წლის შემდეგ მეუფის შეურაცხმყოფელს ხელი მაინც მოსაჭრელი გაუხდა.

თავდასხმების მიუხედავად მონასტერი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, იზრდებოდა, რადგან დაუსრულებლად მოდიოდნენ ახალი მონაზვნები. სავანე იქცა ერთგვარ სულიერ ცენტრად, სადაც ყოველი მოსული სულიერ სიმშვიდეს პოულობდა.

 

წმიდა ნექტარიოსის გარდაცვალება

წმიდა ნექტარიოსმა მონასტერში 12 წელი დაჰყო. უფალმა ინება, რომ იგი ამ ქვეყნიდან შედარებით ადრე წასულიყო. მეუფის სული ზეცისკენ, ცათა სასუფევლისკენ ისწრაფოდა.

1920 წელს მეუფე ნექტარიოსი მძიმედ დაავადდა. საშინელი ტკივილები აწუხებდა, მაგარამ არავის უმხელდა. მან, ვინც სხვებს ლოცვით კურნავდა, საკუთარ თავს ვერ უშველა. ასეთი იყო ღვთის ნება. რამეთუ ნათქვამია: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე 14, 22).

მეუფე ქრისოლეონდის მონასტერში გაემგზავრა, სადაც თხუთმეტი დღის მანძილზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის წინ განუწყვეტლივ ლოცულობდა, მაგრამ ავადმყოფობა უკან არ იხევდა.

წმ. ნექტარიოსი სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა. თავისი მონასტრისკენ მიმავალმა, სახედარი გააჩერა და ჩამოქვეითდა. თანმხლებმა მონაზონმა მეუფეს ჰკითხა, ცუდად ხომ არ იყო.

– ყველაფერი კარგადაა, ლოცვას ტყუილად მომაცდინე, – უპასუხა მან....

თვალცრემლიანი მეუფე წამოდგა და თქვა:

– უკანასკნელად ვლოცავ ჩემს მონასტერს და მის ყველა ბინადარს. მალე თქვენგან წავალ.

– სად წახვალ? – ჰკითხა მონაზონმა.

– ზეცაში.

– ჩვენ რაღა გვეშველება?

– თქვენ ღვთისმოსავი მონაზვნები იქნებით, მეგობრები მოვლენ, იზრუნებენ და დაგიცავენ. ესენი იქნებიან ერისკაცებიც, მღვდლებიც, მღვდელმთავრებიც – ყველანი!

როდესაც ტკივილი აუტანელი გახდა, მონაზვნების დაჟინებით მეუფე ათენში, საავადმყოფოში, გადაიყვანეს.

– ეს ვინ არის, ბერია? - იკითხეს მიმღები განყოფილების თანამშრომლებმა.

– არა, ეს მეუფეა, – უპასუხა მონაზონმა.

– ნუ მეხუმრებით, დედაო, მითხარით მისი სახელი, საბუთები რომ შევავსო.

– არა, ეს ნამდვილად პენტაპოლისის მიტროპოლიტი ნექტარიოსია.

– მაშ, სად არის მისი ოქროს პანაღია, სად არის მისი ფული?

მეუფეს ფული მართლაც არ ჰქონდა და ის უმწეოთა პალატაში მოათავსეს. საავადმყოფოში მეუფემ ორი თვე გაატარა და 1920 წლის 8 ნოემბერს, ზიარების შემდეგ, უფალს სული მშვიდად მიაბარა.

როდესაც მღვდელმთავარმა ნექტარიოსმა უკანასკნელად ამოისუნთქა, პალატაში მონაზვნები შევიდნენ და დასაფლველად მის მომზადებას შეუდგნენ; მიცვალებულს ახალი პერანგი ჩააცვეს, ის კი, რომელიც ეცვა, გვერდით საწოლზე გადადეს, სადაც პარალიზებული ავადმყოფი იწვა. ავადმყოფი მაშინვე განიკურნა, ადგა და სიარული დაიწყო. პალატა, სადაც მეუფე გარდაიცვალა, კეთილსურნელებით აივსო, სურნელი რამდენიმე თვე შენარჩუნდა, ამიტომაც აქ წმიდა ნექტარიოსის სახელობის საექიმო კაბინეტი გახსნეს.

დილით მონაზონმა, რომელიც მეუფის ლოგინთან მორიგეობდა, წმიდანის კუნძულზე გადასასვენებლად მღვდელი მოიხმო. მონაზვნებს პანაშვიდის გადახდა არა სასულიერო სემინარიაში, არამედ მონასტერში სურდათ. მიცვალებული პირეაში, წმიდა სამების ტაძარში დაასვენეს. ბევრი მოდიოდა მეუ­ფესთან გამოსამშვიდობებლად და ყველა გრძნობდა იმ არაჩვეულებრივ კეთილსურნელებას, რომელიც გარ­შემო იფრქვეოდა. ყველა ხედავდა, რომ მეუფის თმა და წვერი დაცვარული იყო. იმ დღესვე წმ. ნექტარიოსის სხეული გემით კუნძულ ეგინაზე გადაასვენეს. კეთილსურნელება გემზეც იგრძნობოდა. ძნელია იმის აღწერა, როგორ დახვდნენ გემს კუნძულზე. ყველა ტაძრის ზარი სამგლოვიაროდ რეკდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა, რათა ბოლოჯერ შეევლოთ თვალი იმ ადამიანისთვის, რომელიც მათ სულიერად და ხორციელად კურნავდა.

– "კეთილისმყოფელი და მფარველი დავკარგეთ, – ამბობდნენ ისინი, – ახლა ჩვენი კუნძული დაობლდა".

ცნობილია, რომ კუნძულ ეგინაზე მეუფე ნექტარიოსის ჩამოსვლამდე არაფერი ხარობდა; იმასაც ამბობდნენ, რომ კუნძული დაწყევლილი იყო. მეუფის ჩამოსვლის შემდეგ აქაური მიწა ნაყოფიერი გახდა.

გემიდან მონასტრამდე კუნძულის მკვიდრთ კუბო ხელით მიჰქონდათ. პანაშვიდს, რომელიც მონასტერში გადაიხადეს, უამრავი ხალხი ესწრებოდა. მეუფის თავი კეთილსურნელოვანი წვეთებით იცვარებოდა. ხალხი ამ წვეთებს ბამბით აგროვებდა და როგორც სიწმინდეს, ინახავდა. ორმოცდარვა საა­თის შემდეგ სხეული, რომელსაც ხრწნის კვალი არ აჩნდა, მიწას მიაბარეს. საფლავი იქვე, მონასტრის ეზოში გათხარეს.

მეუფის საფლავთან ერთი საინტერესო ფაქტია დაკავშირებული. ჯერ კიდევ, სანამ მეუფე მონასტერს ააღორძინებდა, აქ ნახევრად ცარიელ, დანგრეულ, მიტოვებულ სავანეში მოხუცი მონაზონი ცხოვრობდა. მან ფიჭვის დარგვა განიზრახა და ორმოს თხრას შეუდგა. უცებ ხმა მოესმა: "აქ არ დარგო". მონაზონმა იფიქრა, მომეჩვენაო და მუშაობა განაგრძო. კვლავ იგივე განმეორდა, მაგრამ ქალმა ამჯერადაც არ მიაქცია ყურადღება და თხრა განაგრძო. ბოლოს იგრძნო, რომ რაღაც ძალამ იგი იმ ადგილს მოაცილა. მან ხე მოშორებით დარგო. მოგვიანებით იმ ადგილას, სადაც მონაზონი პირველად აპირებდა ხის დარგვას, მეუფის საფლავი მოეწყო.

 

უხრწნელი კეთილსურნელება

მეუფე ნექტარიოსი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაუცბათევად დაკრძალეს, რადგან ნამდვილი აკლდამა ჯერ მზად არ იყო. მარმარილოს აკლდამა, რომელშიც მეუფის გადასვენება სურდათ, მხოლოდ ხუთ თვეში აშენდებოდა. იღუმენია ღელავდა, როგორ გადაასვენებდნენ მეუფეს, რადგან ამ დროისთვის სხეული უკვე გახრწნილი იქნებოდა. იმ დღეებში მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა სიზმრად მეუფე ნახა, რომელმაც მოიხმო იგი, აკურთხა და ჰკითხა:

– მითხარი, ცუდი სუნი გცემს?

– არა, – უპასუხა მონაზონმა.

– კარგად დამყნოსე!

– ვინ გითხრათ, რომ ცუდი სუნი გიდით?

 – იღუმენია ქსენია ასე ფიქ­რობს.

 მეუფემ აჩვენა ხელები, ფეხები, ზურგით მოტრიალდა და თქვა:

– შემხედე, სრულიად საღი ვარ.

მართლაც, როდესაც მოძღვარი მის საძვალეში გადაასვენეს, შეამჩნიეს, რომ სხეულს ხრწნა არ მიჰკარებოდა, რბილი იყო და კეთილსურნელებას გამოსცემდა. მეუფე ნექტარიოსის სხეულის უხრწნელობაში დასარწმუნებლად მონასტერში პოლიციის თანხლებით ათონის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი ჩავიდა. მეუფის სახე და ხელები თოვლივით თეთრი იყო. "ეს კი, – თქვა მთავარეპისკოპოსმა, – ნიშანია სიწმინდისა და განსაკუთრებული მადლისა, რომელიც მან ღვთისმშობლისაგან მიიღო". მთავარეპისკოპოსმა ბრძანა, კუბო აკლდამაში დაესვენებინათ, საძვალე დაელუქათ და შვიდი წლის შემდეგ კვლავ გაეხსნათ. ეგინელი ექიმის, გიორგი ქსიდეასის, მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ 1932 წლის ოქტომბერში, დაკრძალვიდან თორმეტი წლის შემდეგ მან თავად ნახა წმიდა ნექტარიოსის უხრწნელი სხეული. თავის მოგონებებში ექიმი წერს, რომ ერთ საღამოს მონასტერში აღმოჩნდა და მონაზონს სთხოვა, მეუფის საფლავთან მიეყვანა. მონაზვნის პროტესტის მიუხედავად ცნობისმოყვარეობის გამო მან საფლავის ქვა გადაწია და აი, მისი მონათხრობი: "მე, როგორც მეცნიერი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აუხსნელი მოვლენის მოწმე გავხდი. წმიდა ნექტარიოსი, რომელსაც სიცოცხლეში კარგად ვიცნობდი, მძინარეს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ამდენი წელი გასულიყო, სხეულს ცვლილება არ ეტყობოდა, წვერიც კი ისეთივე ჰქონდა, როგორც სიცოცხლეში. გაოცებისაგან გავშეშდი, თხუთმეტიოდე წუთი გაუნძრევლად ვიდექი. უნდა ითქვას, როდესაც პირველად გახსნეს საფლავი და მეუფის უხრწნელი სხეული ნახეს, მე ეს ნიადაგის განსაკუთრებულ თვისებებს მივაწერე. მაგრამ ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ვხედავ, რომ მეცნიერებას ამ მოვლენის ახსნა არ ძალუძს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მე რელიგიური ფანატიკოსი არ ვარ. მხოლოდ იმას ვყვები, რაც ჩემი თვალით დავინახე, რისი მოწმეც თავად გავხდი".

მოგვიანებით მეუფის სხეული, როგორც წმიდა იოანე ოქროპირის და სხვა წმიდანთა სხეულები, გაიხრწნა. ალბათ იმისთვის, რომ მისი მადლიანი სუფევა საბერძნეთის სხვა კუთხეებშიც შეეგრძნოთ, იქ, სადაც აგებულია წმიდა ნექტარიოსის სახელობის ტაძრები და დაბრძანებულია მისი წმინდა ნაწილები, მეუფის ნეტარი სული კი ცათა სასუფეველშია.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მეუფე თავის ერთ-ერთ სულიერ შვილს ეუბნებოდა:

– ღმერთთან სიხარულით მივდივარ. აქ ჩემი ვალი უკვე მოვიხადე.

მეუფის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ერთ-ერთ მონაზონს სიზმარში ელვარე ფორმაში გამოწყობილი სამხედრო გამოეცხადა, მეუფე მოიკითხა და თქვა: უნდა წავიყვანო, აქ აღარ უნდა დარჩეს.

მეორე მონაზონმა სიზმარი მაშინ ნახა, როდესაც მეუფე საავადმყოფოში იწვა. მის წინ უზარმაზარი ლამაზი სასახლე იდგა, მას ახალგაზრდა ჭაბუკი ყურადღებით ათვალიერებდა.

– ვისია ეს ლამაზი სასახლე? – იკითხა მონაზონმა.

– მეუფე ნექტარიოსის! – უპასუხა ყმაწვილმა.

– საიდან, ის ხომ ღარიბია?

– ნამდვილად მისია! – დაამოწმა ახალგაზრდამ.

ერთ კვირაში მეუფე გარდაიცვალა.

 პირეაში, წმიდანის სიკვდილის დღეს, ერთ მის ნაცნობს დაესიზმრა, თითქოს ოქროს ღრუბლებით დაფარულ ცაზე მტრედი მოფრინავდა და ისმოდა ხმა: "ეგინიდან კუნძულის სული მიფრინავს". აი, ასე ავიდა ზეცად წმიდა სული.

 

წმიდანად შერაცხვა

მეუფის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო სასწაულები. ორმოცდაათი წლის შემდეგ წმ. ნექტარიოსს მთელს საბერძნეთში და საზღვარგარეთაც პატივს მიაგებდნენ. ლაკონიაში, კრეტაზე, კოზანიაში, სიდიროკასტროში და სხვა ადგილებში მისი სახელობის ტაძრები ააშენეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი იმ მცირე მოღვაწეთაგანია, რომელიც მორწმუნეებმა ერთხმად და მაშინვე წმინდანად შერაცხეს, რასაც, რა თქმა უნდა, სასწაულების აღსრულება უწყობდა ხელს. ათონის წმინდა მთის ზოგიერთი ბერი ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, იმან იმოქმედა, რომ მისი გულის გაბოროტება ვერც სიღარიბემ, ვერც განკითხვამ, ვერც დევნამ და ცილისწამებამ შესძლო, იგი ყოველივეს მოთმინებით იტანდა და ამის წყალობით ბევრის თვალში წმიდანად იქცა.

1961 წელს მსოფლიო საპატრიარქომ ნექტარიოსი ოფიციალურად წმიდანთა დასს მიაკუთვნა, რასაც კუნძულ ეგინაზე ოთხდღიანი ზეიმი მოჰყვა. 1961 წლის 3 ნოემბერს მონასტერში, კუნძულის ყველა ქა­ლაქსა და დასახლებულ პუნქტში დღესასწაულობდნენ, წირვა ჩატარდა წმიდანის სახელობის ტაძარში. ამ დღეს ეგინაზე ათასობით მომლოცველმა მოიყარა თავი. წმიდა ნექტარიოსის სავანეში ჩამობრძანდნენ მღვდელმთავრები, მღვდლები, სასულიერო სემინარიის მოსწავლეები. იდრიისა და ეგინის მიტროპოლიტმა პროკოფიმ ათ მღვდელმთავართან ერთად დიდი ცისკარი ჩაატარა. 5 ნოემბერს მონასტერში საღვთო ლიტურგია აღესრულა. წმიდა ნექტარიოსის ნაწილები ლიტანიობით მთელს დედა­ქალაქში გაატარეს, შემდეგ პარაკლისი გადაიხადეს და ხალხს წაუკითხეს მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება, ნექტარიოსის წმიდანად შერაცხვის შესახებ.

დღესაც ეგინის კუნძულზე, წმ. ნექტარიოსის საფლავზე ათასობით მომლოცველი შემწეობას ევედრება მას. ბევრი, უბედურებასა და განსაცდელში მყოფი, აქ ნუგეშს პოულობს. აღსანიშნავია იქ მომსახურე ერთი პოლიციელის სიტყვები: "მე აქ სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებ და საკუთარი თვალებით რომ არ მენახა, არასდროს დავიჯერებდი, რომ წმიდანი ასე ეხმარება ხალხს".

 

გარდაცვალების შემდგომი სასწაულები

მეუფის გარდაცვალების შემდეგ უამრავი სასწაული აღესრულა. ჯერ მარტო ბატონი კოსტურაკისი თავის წიგნში, მეუფის მიმართ მორწმუნეთა ლოცვით აღსრულებულ 250-მდე სასწაულს აღწერს. ამდენივე მაგალითი მოჰყავს თავის წიგნში მამა დიმიტრი პანაგოპულოს. ჟურნალმა "აგია მარინა" (წმიდა მარინე) ორი ათასზე მეტი სასწაულებრივი შემთხვევის აღწერა გამოაქვეყნა, – ქრონოლოგიით და იმ ადამიანთა მისამართებისა და სახელების მითითებით, რომლებზეც ესა თუ ის სასწაული აღსრულდა.

ძნელია, ისეთი დაავადების დასახელება, რომელიც მეუფის ლოცვით არ განკურნებულიყო. ონკოლოგიური დაავადებები, პოლიომიელიტი, პნევმონია, ასთმა, უშვილობა, დიფტერია, გულის დაავადებანი, ფსიქოპათიები, ტრომბოფლებიტი, სისხლდენა, პლევრიტი, ჰეპატიტი, რაქიტი და მრავალი სხვა სნეულება განუკურნავს მეუფე ნექტარიოსს. ის ყურს უგდებს განსაცდელში მყოფ ადამიანთა ლოცვებს და ეხმარება მათ. მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ, რადგან, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა, ყველაფერი, რაც სასწაულებთან არის დაკავშირებული, მორწმუნეებისთვის კი არა, ურწმუნოებისთვისაა.

 

. . .

მღვდელი დიმიტრი პანაგოპულოსი ათი წლის დაქორწინებული იყო, მაგრამ შვილები არ ჰყავდა. როდესაც წმიდა ნექტარიოსის სასწაულების შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა მისთვის მიემართა. "იქნებ, ღმერთმა მომიტევოს ცოდვები და შვილი გვაჩუქოს? ქორწინების თექვსმეტი წლის თავზე ცოლი დაფეხმძიმდა. ორსულობა ძალიან მძიმედ მიდიოდა. ძალიან ვღელავდით, ექიმი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ერთ-ერთი – ან დედა, ან ბავშვი, ვერ გადარჩებოდა. მაგრამ მე თითქოს წმიდა ნექტარიოსი მანუგეშებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. სასწაულად ბავშვი ცოცხალი დაიბადა. ოპერაციის დღეს წმ. ნექტარიოსის ტაძარში წავედი, ვლოცულობდი და უცებ ისეთივე კეთილსურნელება შევიგრძენი, როგორც ოდესღაც, ეგინაზე, ბერის საფლავზე. ტაძრის კარს ვეამბორე და წამოვედი..." გარკვეული დროის შემდეგ ცოლ-ქმარი ახალშობილი ვაჟის მოსანათლად ეგინაზე გაემგზავრა. ნათლობისას ბავშვს სახელად ნექტარიოსი უწოდეს.

 

. . .

პოლიციელი, რომელიც ეგინაზე მსახურობდა, წმიდა ნექტარიოსს პირადად იცნობდა. მეუფე ხშირად ეუბნებოდა, ეკლესიაში ევლო, აღსარება ჩაებარებინა და ზიარება მიეღო, მაგრამ იგი მის რჩევებს ყურს არ უგდებდა. შემდეგ იგი სამუშაოდ მაკედონიაში გადაიყვანეს, თორმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ეგინაზე და ნავსადგურში წმიდა ნექტარიოსს შეხვდა. იმ დროისთვის მეუფე უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ პოლიციელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ხვდება მას ბერი და ეუბნება:

– ეკლესიაში იარე, ზიარება არ დაგავიწყდეს.

პოლიციელი, როგორც ყო­ველთვის, დაჰპირდა და წავიდა. შემდეგ იქვე, პორტის კაფეში, საუბარი გააბა:

– ახლახანს მოძღვარი შემხვდა. რა დიდხანს ცოცხლობს!

– რომელი მოძღვარი? – ეკითხებიან მეგობრები.

– ნექტარიოსი, – პასუხობს პოლიციელი.

– ის სამი წლის წინ გარდაიცვალა!

– რას ამბობ, სწორედ ახლა გზად შემხვდა და როგორც ყოველთვის, ეკლესიაში სიარული მირჩია!

 მეგობრები გაოგნდნენ, პოლიციელი კი მაშინვე მონასტერში, მეუფის წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემლად გაემართა.

 

. . .

მონასტრის წესდებაში მეუფე ნექტარიოსმა ჩაწერა: მონაზვნებმა ყავა დილაობით და შუადღეს დალიონ. მაგრამ გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში, 1941-1945 წლებში, არც ყავა იყო და არც შაქარი. ეკონომიის მიზნით, იღუმენიამ ბრძანება გასცა, ყავა მხოლოდ დილაობით დაელიათ. იმავე საღამოს მას მეუფე გამოეცხადა და მკაცრად ჰკითხა:

 – დედებს ყავას დღისით რატომ არ აძლევ?

 – ძნელი საშოვნელია, ვცდილობთ, ეკონომიურად მოვიხმაროთ.

 – ყავის შოვნა ჩემზე იყოს. თქვენ ჩემი წესები დაიცავით და დანარჩენი მე მომანდეთ.

იმავე საღამოს კუნძულ ეგინას ყავითა და შაქრით დატვირთული გემი მოადგა. თურმე, გემის კაპიტანს ღამით წმიდა ნექტარიოსი დაესიზმრა, რომელმაც უთხრა:

 – დილას, ჩემს სახლში ყავა და შაქარი გააგზავნე.

კაპიტანმა გემის ეკიპაჟს ჰკითხა:

 – თქვენს შორის ვინმე ეგინიდან ხომ არ არის?

 მართლაც, გემზე რამდენიმე ეგინელი აღმოჩნდა. ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ კაპიტანს თავად წმიდა ნექტარიოსი გამოეცხადა. მაშინვე მეუფის ხატი აჩვენეს, რომელშიც მან სიზმარში ნანახი კაცი ამოიცნო. კაპიტანი მონასტერს დაუკავშირდა და სთხოვა სურსათის მისაღებად მოსულიყვნენ. გაკვირვებული მონაზვნები ყავისა და შაქრის მისაღებად პორტში გაემგზავრნენ.

 

. . .

ერთი ქალბატონი ათენში, წმიდა საბას სახელობის საავადმყოფოში იწვა. ექიმმა, რომელმაც მას ოპერაცია გაუკეთა, თქვა, თუ სისხლდენა დაეწყება, ვეღარ გადარჩებაო. რვა წლის შემდეგ დაეწყო სისხლდენა და ქალი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოვიდა. მისმა მეუღლემ ეს ამბავი ეგინიდან ახალჩამოსულ ერთ ნათესავ ქალს უამბო. მან უპასუხა: "ნუ გეშინია, წმიდა ნექტარიოსმა უკვე იმდენი სასწაული აღასრულა. აიღე ეს ზეთი, რომელიც წმიდანის საფლავზე დანთებული კანდელიდანაა და შენს ცოლს აცხე". და მართლაც სასწაული მოხდა: ტკივილი და სისხლისდენა გაქრა, ავადმყოფი გამოჯანმრთელდა.

 

. . .

იყო 1906 წელი. ქალაქ პირეის მკვიდრი, ახალგაზრდა ქალი ეკატერინე კრაკარი, ხანგრძლივი დროის მანძილზე, შეპყრობილი იყო და იტანჯებოდა. რადგან ბავშვობიდანვე მონაზვნობაზე ოცნებობდა, მისმა მოძღვარმა აღკვეცაზე კურთხევა მისცა. სამწუხაროდ, ქალის ფსიქიკური მდგომარეობა უარესდებოდა. "აი, ეს არის ბრძოლის ველი, აქ ვიომებ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს", – ყვიროდა უწმინდური სული. "ეს ქალი უნდა გავანადგურო და ამისთვის ჯილდოს მივიღებ". 1925 წლის ოქტომბერში ქალის მდგომარეობა კრიტიკული გახდა – მან ძილი და მადა დაკარგა, მუდამ მღელვარე იყო, ხშირად გონებას კარგავდა. ზოგჯერ სხვისი ხმით ყვიროდა: "ერთი მტარვალი იყო გერასიმე! ვაი ჩვენ, ცეცხლით გვწვავენ! გერასიმე მღვდელი იყო, ნექტარიოსი – მეუფეა და წმიდა სამებასთან არის! როდესაც მისი სული ზეცად ადიოდა, ჰკითხეს: "ნექტარიოს, რა გინდა მიიღო?" მან თქვა: "ძალაუფლება ბოროტ სულებზე". – "რატომ მისცეს ეს ძალაუფლება?" – "იმიტომ, რომ მღვდელმთავრის ტახტი დატოვა და ორმოც მანაზონთან ერთად ეგინის მთებში მონასტრის ასაშენებლად გაემგზავრა."

1926 წელს ამ მონაზონს სიზმარში წმიდა ნექტარიოსი გამოეცხადა და ჰკითხა:

– შვილო ჩემო, იცი, რას ნიშნავს სიტყვა მონაზონი?

– არ ვიცი, – უპასუხა მან.

– მონაზონი "რწმენას და მოთმინებას" ნიშნავს. ახლა ჩემს კურთხევას მიიღებ და გამოჯანმრთელდები.

– როდესაც გამოვჯანმრთელდები, ვინ ვიქნები?

მეუფემ და მონასტრის იღუმენიამ ხელი მოჰკიდეს და მონასტრის სასტუმროში მიიყვანეს:

– მოგწონს ეს ადგილი?

ქალმა გაიღვიძა, თავი ჯანმრთელად იგრძნო და წმიდანისთვის მადლობის შესაწირად ეგინაზე გაემგზავრა. გემით მგზავრობისას ის განუწყვეტლივ გრძნობდა, რომ მისგან რაღაც უცხო მხურვალება გამოდიოდა.

მონასტერში წმიდა ნექტარიოსი მას კვლავ გამოეცხადა, მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა:

 – ხედავ, უკვე ჯანმრთელი ხარ, ნელ-ნელა კიდევ უფრო კარგად იგრძნობ თავს. როგორ იტანჯე, შვილო ჩემო!

განკურნებული ქალი მონასტერში დარჩა.

 

. . .

1925 წელს, პირეაში ახალგაზრდა ქალი უცებ ავად გახდა. ყველა ამბობდა, რომ მასში ეშმაკი ჩასახლდა. როდესაც მისი თანდასწრებით წმიდა ნექტარიოსს ახსენებდნენ, ცახცახს აწყებინებდა და პირიდან დუჟი მოსდიოდა. ნათესავებმა მისი წაყვანა ეგინაზე, წმიდანის საფლავზე გადაწყვიტეს, რათა იქ მეუფისადმი ლოცვით განკურნებულიყო.

როგორც კი მონასტრის ტერიტორიაზე შევიდნენ, ქალს კრუნჩხვები დაეწყო და წმიდანის საფლავს ვერ უახლოვდებოდა. იგი იქვე, ფიჭვის ხეს მიაბეს და პარაკლისი ისე გადაიხადეს. წმიდა ნექტარიოსისადმი აღვლენილი ლოცვით შეპყრობილი დამშვიდდა და სრულიად განიკურნა. ის მონასტერში დარჩა და მთელი თავისი ცხოვრება უფლისადმი სამსახურს მიუძღვნა. მიტროდორას სახელით მონაზვნად აღიკვეცა და წმიდა ნექტარიოსის მონასტერს დიდი ვერცხლის კანდელი შესწირა.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ მცირედი შემოკლებით