WEB SITE ერი და ბერი - ავტორი ვასილ ელისაბედაშვილი
არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი - რატომ არა ხარ ეკლესიაში?
|
სარჩევი |
წინასიტყვაობა
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ამ წიგნზე ასეთი მოთხოვნილება იქნებოდა და რამდენიმე წელიწადში მოგვიხდებოდა მეათე გამოცემის მომზადება რამდენიმე ათასიანი ტირაჟით.
იგი, ყოველგვარი რეკლამისა და პრეზენტაციის გარეშე გადადიოდა ხელიდან ხელში და ვრცელდებოდა ყველგან. ამ წიგნის ყოველი წამკითხველი თავს ვალდებულად თვლიდა ერჩია მისი წაკითხვა სხვებისთვისაც. აი, რას გვწერს ერთ-ერთი გიმნაზიის დირექტორი ვ. ტროკასი: „დიდი ყურადღებით წავიკითხე თქვენი წიგნი. გილოცავთ და მადლობას გიხდით საეკლესიო ცხოვრების საკითხების განმარტებისათვის. კარგი იქნებოდა ამ წიგნის გავრცელება ქრისტიანულ ოჯახებში".
ჟურნალი „ენორია" წერს: „ეს წიგნი პატარა, მაგრამ ბევრის მომცველია. იგი ეძღვნება, ეკლესიაში, წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე. შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები, რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განილიხავს ამ ყუარყოფითი მოვლენის ბუნებას. უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე, მაგრამ ღრმა განმარტებით.
ამ წიგნის უდავო ღირსებები გვავალებს მის ფართოდ გავრცელებას, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რა ცოტა ხალხი ცხოვრობს დღეს ეკლესიურად. ამით დიდი სარგებლობას მიიღებს ხალხიც და წმინდა ეკლესიაც".
უამრავმა ადამიანმა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ დადიოდა ტაძარში, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება! ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი შეეკითხა კუნძულ პარნისზე მცხოვრებ გემის მეპატრონეს, დადიოდა თუ არა ის ეკლესიაში. მან უპასუხა, რომ დრო არა აქვს და თანაც რევმატიული ტკივილები აწუხებს. მაშინ ქრისტიანმა მას ეს წიგნი აჩუქა. სამი დღის შემდეგ გემის მეპატრონე უკვე წმ. სამების ტაძარში იყო და მას შემდეგ რეგულარულად დადიოდა იქ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ წიგნის მეოცე გამოცემაც სასარგებლო იქნება. კარგია, თუ ის შევა ყველა სახლში. მკითხველო, ამაში შენც შეგიძლია დაგვეხმარო. მოთმინებით და გულმოდგინებით გაავრცელე ეს წიგნი და მიიღებ ჯილდოს ღვთისაგან. შენც გააკეთე ის რასაც ბევრი სხვა უკვე აკეთებს. ისინი ჩუქნიან ამ წიგნს თავის ნაცნობებს და შედეგიც არ აყოვნებს. ტაძრები ივსება, ვინც ადრე არ დადიოდა ეკლესიაში, მოდის მთელი ოჯახით.
აი, ერთი მორწმუნის მონათხრობი: „მე ვიყიდე ოთხასორმოცდაათი ცალი წიგნი „რატომ არა ხარ ეკლესიაში?" და გავუგზავნე მღვდელს მრევლისთვის დასარიგებლად. კვირას, ღვთისმსახურების შემდეგ დაარიგეს ის. ერთი ცალი მეც შემხვდა. გავიდა ცოტა ხანი. ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავ ხალხით გავსებულ ტაძარს".
არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი
თავი I
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
1. გიფიქრია თუ არა ამის შესახებ სერიოზულად?
მე არ ვიცი შენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. შეიძლება, მუდამ დადიხარ ტაძარში, ანდა სულაც დიდი ხანია განდგომილი ხარ მისგან. შეიძლება საერთოდ არ დადიხარ წირვაზე ან იშვიათად გამოჩნდები, მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე: აღდგომის, სობის ან ნათლისღების.
ან შეიძლება წინა გაქვს კვირები, თვეები და წლები ეკლესიაში სასიარულოდ და ერთი მსახურების გაცდენის შემდგომ იმედი გაქვს მომავალში დასწრებისა. ანდა საერთოდ, საკუთარი თავისათვის ღვთის მფარველობისა და მადლის წართმევით, ეკლესიისაგან განდგომილი მიაღწევ იქამდე, რომ თვითონ ვეღარ მიხვალ და მიგიტანენ... ნუთუ ფიქრობ, რომ ღვთის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეგიძლია პრობლემების გადაწყვეტა?
კარგია იცოდე, რამდენ რამეს ართმევ საკუთარ თავს! მაგრამ არ იცი და ამაშია შენი უბედურება. ჩემო მეგობარო, გთხოვ მოიღე მცირეოდენი შრომა, წაიკითხე ეს წიგნი ბოლომდე ყურადღებით და დარწმუნდები, რომ ტაძარში სიარული სასარგებლო და აუცილებელია.
2. ეკლესიაში ყოფნა - აუცილებელია
გაგიგონია ალბათ, როგორ ამტკიცებენ დაუფიქრებელი ან ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ადამიანები, ტაძრები - მღვდლების მოგონილია საკუთარი გამდიდრებისთვისო. ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს! მაშინ თონე ხაბაზების მოგონილი ყოფილა, ხოლო სასტუმროები მათი მეპატრონეების ნააზრევი, წყალი კი - მეთულუხჩეებისა. მაგრამ ჩემო ძვირფასო, აუცილებელია რომ არ იყოს ჭამა, სმა, ანდა ძილი, არ ვისარგებდით თონეებით, ჭებით და სასტუმროებით. აუცილებელი რომ არ იყოს ეკლესიაში სიარული, ხალხი ტაძრებს არ ააშენებდა, ეკლესია კი, სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება.
ეკლესიაში სიარულის აუცილებლობის გრძნობა ყველა დროის ხალხებს ჰქონდათ, ამიტომ ტაძრებს და საკურთხეველებს ყველა ქვეყანაში აშენებდნენ ყველაზე თვალწარმტაც ადგილებზე. ქალაქების ცენტრებში და მთებზე, მაღალ სანაპიროებზე და ბორცვებზე, მინდვრებში და კუნძულებზე - ყველგან, სადაც თავისი კვალი დატოვა ცივილიზაციამ, არქეოლოგიის წერაქვი პოულობს დადებულ საეკლესიო ნაგებობებს. ისინი საუკეთესონი არიან ყველა სხვა შენობებს შორის. პართენონი, სოლომონის ტაძარი, წმინდა სოფია და ბევრი სხვა საუკუნოდ დარჩებიან არქიტექტურის საოცრებად.
ჩვენს დროშიც შენდება მრავალი ახალი ტაძარი. ყველგან მოჩანს მონასტრებისა და სამრეკლოების დიდი და პატარა გუმბათები. და ყოველივე ეს ჩვენი სახლიდან ორ ნაბიჯზეა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთვის ისინი აუცილებელია, როგორც წყალი და ჰაერი არის აუცილებელი პირობა ჩვენი არსებობისა, ასევე ჩვენს სახლებთან მდებარე ტაძრები არის ძირითადი წყარო ადამიანის სასიცოცხლო ძალებისა.
ამქვეყნად მოვლინებულნი, უკვე მადლობელნი უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა. ღმერთი კი მათი პატივისცემისათვის ჯილდოსაც გვპირდება და თანაც აქ, ამ ცხოვრებაში: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარ-სახედ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა, რომელსა უფალი ღმერთი შენი მოგცემს შენ". მაშ ასე, წარსულისათვის მადლიერებით შენ იძენ მომავალს. მშობლებისთვის თქმული მადლობის სიტყვა წავა უფრო შორს, ყველა შენს წინაპართან. და ასე უკან მიმართულებით, აზრობრივი ხედვით, აუცილებლად შეხვდები შემოქმედს. მას როგორღა გადაუხდი მადლობას?
შენმა წინაპრებმა წმინდა ნათლობით მიიღეს მართლმადიდებლის სახელი, ამითვე დააჯილდოვეს მათ შენი სული. ნუთუ ეს მხოლოდ ტრადიციაა? მაშინ რატომ ხდებიან მართლმადიდებლები არა მარტო ბერძნები, რუსები, სერბები, არამედ ფრანგებიც, ამერიკელებიც, იაპონელებიც? ბევრი მართლმადიდებელია სხვა ხალხებს შორისაც. მარტო ეს ფაქტიც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ეროვნული ტრადიცია კი არ არის, არამედ რაღაც უფრო მეტია.
ჩვენს სარწმუნოებას „მართლმადიდებლური" ჰქვია. ეს ნისნავს ღვთის მართლად, სწორად დიდებას. მტრებიც კი მართლმადიდებლებს გვიწოდებენ, ამით ისინი ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ჩვენ ღმერთს მართლად, სწორად ვადიდებთ, სწორ სარწმუნოებაზე ვდგავართ. ამ სიმართლეს სიფრთხილით ვიცავთ უცხო გავლენისაგან, მასთან თუნდაც წვეთი ტყუილის შერევისაგან. სარწმუნოების მტკიცედ დაცვა წინაპრებმა დაგვიბარეს, მათ კი იცოდნენ, რას ნიშნავს ღვთისადმი მადლიერება, რადგანაც თვითონ იკვებებოდნენ ამ ნაყოფით და მისდამი მოფრთხილება ჩვენც გვიანდერძეს.
თავი II
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
სარგებელი
1. ეკლესიაში ყოფნა - ადამიანად ყოფნაა
მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც არ დადიან ტაძარში? ნუთუ ისინი ადამიანები არ არიან? თუ მათ არა აქვთ ფეხები, ყურები, თვალები? ჩემო მეგობარო, თვალები, ფეხები და სხვა ორგანოები ცხოველებსაც აქვთ და თანაც უფრო დიდი ზომისა, მაგრამ ამის გამო ისინი არ არიან ადამიანები. ადამიანი ცხოველისაგან განირჩევა არა მარტო გარეგნობით, არამედ ღვთისაგან ბოძებული აზროვნებითაც, რის ერთ-ერთ გამოვლინებასაც ეკლესიურობა წარმოადგენს. თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, ნუ მიწყენთ და იგი ემსგავსება ცხოველს. თვითონ დაფიქრდი: მთელი კვირის განმავლობაში იგი, როგორც ცხოველი, მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით, მუშაობს, რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც. მას სძინავს, სძინავს მხეცსაც, ის ჭამს, ჭამს პირუტყვიც, ისვენებს - დასვენება სჭირდება ოთხფეხსაც. მაშ რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს. ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარდგება ღვთის წინაშე, რასაც ცხოველი არ აკეთებს. ვინც არ დადის ეკლესიაში ივიწყებს, რომ ადამიანია და ეშვება ცხოველური ცხოვრების წესამდე, ველურდება, მხეცად იქცევა. ის შეიძლება ჰალსტუხს ატარებდეს, დადიოდეს სუფთად გაპარსული, მაგრამ მისი გული - მხეცის გულია.
2. საზოგადოებრივი ბედნიერების წყარო
რისგან იტანჯება დღეს საზოგადოება? ძლიერთ ამა ქვეყნისა მტრობისა და განხეთქილებისაგან, საკუთარი თავის სიყვარულისა და გულქვაობისაგან, უსამართლობისა და ტყუილისაგან. ტაძარი კი საერთო საქმის სახელოსნოა, საზოგადოებრივი სამართლიანობის საოცარი წყაროა: სახარების კითხვით, ხარებით იშლება საზოგადოებრივი ზღვრები, როგორც იერიქონის კედლები. ადამიანთა დაყოფა, გამოწყვეულია სოციალური განსხვავებით, ტაძრის მიღმა რჩება მდიდარი და ღარიბი, დიდი და პატარა, მაღალი თუ დაბალი მდგომარეობის მქონენი, მეგობრები და ყოფილი მტრები - აქ თანაბარნი არიან და ეზიარებიან ერთი წმინდა ბარძიმიდან. ეკლესიაში ყველანი, ღვთის მონები, საერთო მემკვიდრეობის - ცათა სასუფევლის მქონე ძმები არიან. ლბება მათი გულები, ტაძრიდან უფრო მშვიდნი და თავმდაბალნი გამოდიან, სახლებში უფრო თავშეკავებულები ბრუნდებიან.
თუ ტაძარში შედის ძუნწი მდიდარი და ესმის სახარების სიტყვები: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე რომელი მოიმზადე, ვისა იყოს?" მისი სულის გაღიზიანებას იწყებს სინდისის ქენჯნა. ის მოუთმენლად ელოდება სახლში წასვლის დროს. რატომ? საქმე იმაშია, რომ გუშინ მან უსამართლოდ მიითვისა თავისი ძმის ქვრივის ერთადერთი სახლი. ლიტურგიის შემდეგ მიისწრაფვის მასთან შესახვედრად. „მაპტიე, - ეუბნება ის, - არასწორად მოვიქეცი, სახლი შენია. მე გიბრუნებ მას".
ბევრია ისეთი, ვინც გუშინ თავს სჭრიდა საზოგადოებას და ტანჯავდა ოჯახს, მაგრამ ეკლესიაში მოსვლამ შეცვალა.
პირეაში ცხოვრობდა ერთი ხულიგანი. იგი ადრე დაობლდა. თორმეტი წლიდან დაიწყო ქურდობა. ჩაეფლო ცხოვრების ჭაობში. მისი მეგობრებსაც კი ეშინოდათ. მისი ეშინოდა ცოლსაც და ოჯახსაც. გალოთდა, ღამე გვიან ბრუნდებოდა სახლში.
ერთმა მეწაღემ დაიყოლია, წასულიყო კვირა დღეს ტაძარში. მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ იქ მყოფნი არ ჰგავდნენ მის მეგობრებს. მან დაიწყო ეკლესიაში სიარული, ჩააბარა აღსარება. მიატოვა სმა და ნარკოტიკები, ფული სახლში მიჰქონდა, ხელი მოჰკიდა ბავშვების აღზრდას და მათთან ერთად დადიოდა ტაძარში, გარშემო მყოფთ მეგობრულად ექცეოდა. თვითონ კითხვა არ იცოდა, მაგრამ ყოველთვის თან ატარებდა სულის განმანათლებელ წიგნს, რათა სხვებისთვისაც სარგებლობა მოეტანა. ასე ეკლესიაში მისვლით დაიწყო მისი ცხოვრების შემობრუნება.
ერთხელ, ერთმა უხასიათოდ მყოფმა პორტის მუშამ სილა გააწნა, მაგრამ მან არ უპასუხა. კაფეში სადილობისას, ყველა, ვინც მას იცნობდა, მსჯელობდა მომხდარზე. „დღეს, - ამბობდნენ მუშები, - ვიხილეთ საოცრება. ბატკანი მგელს სცემდა, მგელი კი არ გაბრაზებულაო".
იც, ვინც ეკლესიაში დადის, საზოგადოების უკეთეს ნაწილს წარმოადგენს. შევადაროთ ეკლესიაში მოსიარულე ათასი კაცი და ათასი - მის გარეთ მყოფი. დანაშაულებათა პროცენტი მორწმუნეებში ნაკლებია. სამართლიანად ამბობენ, რომ როდესაც ტაძრები იხურება, იხსნება საპატიმროები და პირიქით, როდესაც ტაძრები იხსნება - საპატიმროები იხურება.
3. სულიერი კეთილდღეობის წყარო
ქრისტიანები ყველა თავგამოდებული მოღვაწეები როდი ვართ. არიან ზომიერები, ზარმაცები, ნელთბილებიც - ვინც ქრისტიანის სახელს ატარებს მხოლოდ. რა გვჭირდება იმისათვის, რომ გამოვფხიზლდეთ, გამოვიდეთ სულიერი უძრაობის მდგომარეობიდან და აღვენთოთ შინაგანად? ბიძგი, დახმარების ხელი, შესაფერისი ატმოსფერო და თბილი, სიცოცხლის მომნიჭებელი გარემოცვა.
რა თქმა უნდა ეკლესიური გარემო, მისი მშვიდი ატმოსფერო გვმატებს სულიერებას. ნუთუ არ ვიცით ეს გამოცდილებით? ფსალმუნები, ჰიმნები, სადიდებლები, ღვთისმსახურების ლოცვა-კურთხევა, ლოცვები, საკმევლის კმევა, წმინდანთა ხატები და პირველ რიგში საღმრთო ლიტურგია აღგვამაღლებს.
გარემოცულნი ვართ მორწმუნეთა თბილი ღვთისმოსაობით, მრევლის გულისამაჩუყებელი წუხილით. მათი რწმენის წმინდა ცეცხლი ჩვენს სულებსაც გადმოეცემა. რამდენჯერ დაგვიჩოქია, როდესაც სხვები მუხლმოყრილნი დაგვინახავს! რამდენჯერ გვიღვრია ცრემლები, გულაჩუყებულ გარშემომყოფთა დანახვით აღელვებულებს! რამდენჯერ გამოვსულვართ ტაძრიდან განახლებული სულით და მტკიცე გადაწყვეტილებით, უფრო სერიოზული და ამაღლებული გავხადოთ ჩვენი შინაგანი ცხოვრება! ეჭვგარეშეა, ეკლესიაში ყოფნა სულიერად აღგვამაღლებს.
4. ძალთა განახლების წყარო
ამბობენ, რომ საქმიანობის სახის შეცვლაც კი განაახლებს ძალებს. ამიტომ გამოჩენილი პოლიტიკოსები თავისუფალ დროს ხატავენ ან რაიმე სხვა საქმიანობას ეწევიან. მაგრამ ეკლესიაში სიარული უკეთესად განახლებს ჩვენს სულს.
საფრანგეთის რევოლუციის დროს, მისმა ლიდერებმა იმ მიზნით, რომ შეესუსტებინათ ეკლესიის ზეგავლენა, აკრძალეს კვირას დასვენება. იმ ანგარიშით, რომ ცხრა სამუშაო დღე გაზრდიდა წარმოების მოცულობას, კვირა დღის დასვენება გადაიტანეს. კონგენტის დადგენილებით უქმე უნდა ყოფილიყო არა ყოველი მეშვიდე დღე, როგორც ღმერთმა დაადგინა, არამედ მეათე. მაგრამ მალე რევოლუციონერები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებოდნენ კვირა უქმეს, რადგანაც ადამიანის ორგანიზმი ვერ უძლებდა ცხრა დღის გადაბმულ შრომას. შემოქმედმა უკეთესად იცოდა ადამიანი, როდესაც მცნებად დაუდო მას: „ექუს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა".
დასვენება არ ნიშნავს, რომ მთელი ღამე ფილმებს უყურო, ან იმხიარულო საღამოებზე, შემდეგ შუაღამემდე იძინო და გააცდინო საკვირაო მსახურება. არ არის საჭირო ახლობელი ბავშვების და მოხუცების წაყვანა ზღვაზე საბანაოდ ან მთაში სასეირნოდ, ტაძრებიდან შორს. დასვენება - ეს არც რომანების კითხვაა, არც უხამსი ჟურნალების ფურცვლა და არც თავაშვებული დროსტარება. ყოველივე ეს სულში ჭუჭყიან ლაქებს ტოვებს და ამახინჯებს არა მარტო სულს, არამედ ხორცსაც.
5. დაცვა და ღვთის მფარველობა
ცხოვრებაში ბევრი საზრუნავია, ბევრი გაჭირვება, ბევრია გამოცდაც. ვის მივმართოთ დახმარებისათვის? ძლიერთა ამა ქვეყნისა? მაგრამ ისინი ყურადღებას არ მოგვაქცევენ და არც ყველა სიტუაციაში შეუძლიათ დახმარება. და მოდიან ადამიანები ეკლესიაში, როგორც ქარიშხალს გამორიდებული გემები ბრუნდებიან ნავსადგურში. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ღმერთმა დააარსა ეკლესია, როგორც ნავსაყუდელი, რათა ცხოვრების ზღვის ხმაურისა და მღელვარებისაგან შეფარებული ხალხი დატკბეს დიადი სიმშვიდით". ეკლესიაში იძენ ძალებს, რათა წინ აღუდგე ცხოვრებისეულ უწესრიგობას. „უფალო, გევედრებით, ყოველივე ჩვენზედა მოწევნული ჩვენდა სასიკეთოდ მოაქციე. რომელნი სნეულ არიან, დაიცევ და კურნება მიჰმადლე მათ. მოგზაურთა თანამავალ ექმენ. განმწმინდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცისა და სულისა". თუ ტაძარში დადიხარ, უფალი გიცავს ყოვეგვარი თავდასხმისა და უბედურებისაგან, რომლებზედაც შენ წარმოადგენაც კი არა გაქვს.
თეოდოსი დიდის დროს, კონსტანტინოპოლში მონად გაყიდეს ვინმე თეოფილე, მშობლებისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ დასთანხმდა გამხდარიყო მონა, რათა მის მოხუც მამას საკვები ჰქონოდა! გამომშვიდობებისას მამამ უთხრა: „შვილო, რა დავალებაც არ უნდა მოგცენ, კვირას აუცილებლად მიდი ტაძარში. ლიტურგიას ბოლომდე დაესწარი, შემდეგ კი შენს საქმეებს შეუდექი".
თეოფილეს მყიდველი, იმპერატორის კარზე დაწინაურებულ, პატრიცი კონსტანტინეს ძალიან შეუყვარდა იგი კეთილი ხასიათის გამო და ყოველთვის თან დაჰყავდა. ერთხელ, იმპერატორთან მიმავალ კონსტანტინეს, სიჩქარეში, დაავიწყდა საქაღალდე მნიშვნელოვანი დოკუმენტებით. სახლში საქაღალდისათვის მიბრუნებულმა თეოფილემ ნახა, რომ პატრიცის ცოლი ღალატობდა ერთ მონასთან.
უსინდისო ქალმა, თავისი დანაშაულის დასაფარად სახლში დაბრუნებულ ქმარს უთხრა: „ამ მონას, რომელიც სულ თან დაგყავს ჩემი ცდუნება უნდოდა და გამაუპატიურებდა კიდეც ჩემს ყვირილზე სხვა მონა რომ არ მომშველებოდა. შენ ან მოკლავ მას დამსახურებისამებრ, ანდა მე წავალ ჩემს მამასთან". დამნაშავემ დაარწმუნა ქმარი, რათა სიკვდილით დაესაჯა თეოფილე. პატრიცი მოელაპარაკა ეპარქს, რომ მისი მონისათვის თავი მოეკვეთათ, და მოჭრილი თავი მისთვის გამოეგზავნათ. სასჯელის აღსრულება მომდევნო დღისათვის დათქვეს. დილით პატრიცი კონსტანტინემ უთხრა თეოფილეს: „წადი ეპარქთან, მიესალმე ჩემი სახელით და ის მოგცემს პასუხს, რომელსაც ველოდები". თეოფილე, რომელმაც არაფერი იცოდა, წავიდა ეპარქთან, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძართან შეჩერდა. მიდიოდა ლიტურგია. ის შევიდა ტაძარში და ბოლომდე დაესწრო მას.
ამ დროს დამნაშავე მონა ადგილს ვერ პოულობდა, მოუთმენლად ელოდა ეპარქის მიერ გამოგზავნილ ხალხს თეოფილეს თავით. „ბატონო, - უთხრა მან კონსტანტინეს, - ხომ არ წავიდე ეპარქთან პასუხის მოსატანად?" „წადი!" - უპასუხა პატრიციმ. საჩქაროდ გაიქცა უსინდისო მონა ეპარქის სახლისაკენ და მიესალმა მას პატრიცის სახელით. იქ მყოფმა ჯალათმა ჩათვალა, რომ ეს ის მონა იყო, ვისი მოკვლაც პატრიცის უნდოდა და ყოველგვარი ფიქრის გარეშე მოკვეთა მას თავი. ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა თეოფილე და მიესალმა ეპარქს პატრიცის სახელით. ეპარქმა გადასცა მას დაბეჭდილი ფუთა და მანაც წაუღო თავის ბატონს.
- რა გიჭირავს ხელში? - ჰკითხა მას კონსტანტინემ.
- ამანათი, რომელიც ეპარქმა გამომატანა შენთან!
ტაძარში შესვლამ გადაარჩინა თეოფილე, ხოლო კონსტანტინემ გაიგო სიმართლე და იშვილა იგი.
თეოფილე გადარჩა ტაძარში შესვლით!
ჩემო მეგობარო, ეკლესიიდან ბრუნდები მადლითა და სიხარულით აღსავსე. „მოდი ეკლესიაში, - ამბობს იოანე ოქროპირი, - რათა წახვიდე ციური ძღვენით აღსავსე, რათა ნებისმიერ სიტუაციაში დარჩე უვნებელი, რათა სულიერი იარაღით შეიარაღებულს არ მოგადგეს ზიანი და არ დაემონო ეშმაკს".
ეკლესიაში მიღებული ღვთის ლოცვა-კურთხევით, შენი საქმეები უკეთესად წავა.
- რატომ მუშაობ კვირას? - ჰკითხა ერთმა ვაჭარმა ხელოსანს.
- იმიტომ, რომ ღარიბი ვარ, - უპასუხა მან.
- რამდენი წელია მუშაობ?
- მთელი ჩემი სიცოცხლე.
- მაგრამ მდიდარი ვერ გახდი! მოდი შევთანხმდეთ, რომ დაიცავ კვირა უქმეს, ექვსი დღე იმუშავე ბეჯითად, ხოლო კვირას წადი ტაძარში. მე შემოვივლი შენთან ნახევარი წლის შემდეგ და დაგიფარავ ზარალს, რომელიც გექნება ეკლესიაში სიარულის გამო...
- აბა, როგორ არის საქმე? - ჰკითხა მან ექვსი თვის შემდეგ.
- არა უშავს, - იყო პასუხი, - ძროხაც ვიყიდე...
მართალი ყოფილა ის, ვინც თქვა: „მე ვიცი გაღარიბების ორი უტყუარი ხერხი: ქურდობა და კვირა დღეს მუშაობა!" გაიხსენეთ ვის დაცვას ვცდილობთ? ჩვენი ოჯახის წევრების. ასევე ღმერთიც იცავს მათ, ვინც მის ეკლესიას ეკუთვნის.
6. ღვთის მცნებაძველ აღთქმაში ნათქვამია: „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ყავთ იგი“ (გამ. 20, 8). ამისთვის ღმერთმა უბრძანა მოსეს აღთქმის კარვის მოწყობა, რომელიც ღვთისმსახურების ცენტრად იქცა. უფალმა დაწვრილებით განსაზღვრა ყველაფერი, რაც ეხებოდა სამღვდელოების მოვალეობებს და მსხვერპლშეწირვას.
თორმეტი წლის ყრმა იესო იპოვეს ტაძარში. ის შემდეგშიც მუდმივად დადიოდა შესაკრებელში, სოლომონის ტაძარში. „და შევიდა, ვითარცა ჩვეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა“ (ლუკა 4, 16).
მოციქულებიც მორწმუნეებთან ერთად დადიოდნენ ტაძრებში და აღასრულებდნენ ლიტურგიას ქრისტიანთა სახლებში. „და იყვნეს განკრძალულ მოძღვრებასა მას მოციქულთასა და “ ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა (საქ. 2, 42). და იქვე: „და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლმდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა“ (საქ. 2, 46).
მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი გვამცნობს, რომ პირველი ქრისტიანები იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებაზე ყოველ კვირას: „ჩვენ ვაწყობთ ხოლმე კრებებს. ამ დღეს ქალაქებისა და სოფლების ყველა მცხოვრები იკრიბება ერთ ადგილზე და კითხულობენ წინასწარმეტყველთა წერილებს. როდესაც წამკითხველი დაამთავრებს, წინამძღვარი სიტყვით ასწავლის და შეაგონებს ყველას მიბაძონ გაგონილს. შემდეგ ყველა ერთად ვდგებით და აღვავლენთ ლოცვებს. ხალხი გამოხატავს თავის თანხმობას სიტყვით - „ამინ“. ყველა იღებს ზიარებას. იქ არ მყოფთ კი ეგზავნებათ იგი დიაკონთა მეშვეობით“.
ვინც დაარღვევდა მეოთხე მცნებას და ზედიზედ სამ კვირას არ მივიდოდა ტაძარში, ელოდა მკაცრი ეპიტამია - ეკლესიიდან განკვეთა!
„თუ ვინმე, რომელსაც არ აიძულებდეს რაიმე გაჭირვება ან მარცხიანი საქმე, მრავალი დღის განმავლობაში დააკლდეს ეკლესიას, ქალაქში ტრიალებდეს სამ კვირას და სამი შვიდეულის (კვირის) განმავლობაში არ მივიდეს ეკლესიაში, თუ ეკლესიის მსახური იყოს, განიკვეთოს, ხოლო თუ ერისკაცი იყოს, ზიარების უფლება არ მიეცეს“ (VI მსოფლიო კრების მე-80 კანონი).
ანდა როგორ შეიძლება არ დავიცვათ მცნება, მოცემული თვით ღვთის მიერ.
7. ჩვენი დანიშნულება
თუ დაფიქრდებულხარ რა არის ადამიანის დანიშნულება? ღვთის სამსახური! ჩვენ შექმნილნი ვართ ყოვლადუსასრულო და ყოვლადსრულქმნილი ღვთის სამსახურისთვის. თანაც არა აქვს მნიშვნელობა შევიმეცნებთ ჩვენ ამას თუ არა. მსახურება - ეს ყველას საქმეა.
ადამიანის ბედნიერება ღვთის სამსახურშია. ბენდიერების ზომა მსახურების პროპორციულია. რაღაც ამდაგვარი ხდება მუსიკოსებში, მხოლოდ მას, ვინც კარგად იცის თავის საქმე, ვინც შეაღწია ჰარმონიის საიდუმლოებებში, შეუძლია დატკბეს მუსიკით. მაგალითად: ბეთჰოვენს მუსიკის მოსმენისას სამოთხეში წარმოედგინა თავი.
მილიონობით მოღვაწენი, მიუხედავად ყოველგვარი გაჭირვებისა და ტანჯვისა, განიცდიდნენ ნეტარებას იმიტომ, რომ მტკიცედ იდგნენ ღვთის სამსახურში.
ჩვენი სურვილები მომავალ ცხოვრებაშიც ღვთისკენ იქნება მიმართული. როგორ შეხვალ ღვთის სასუფეველში და როგორ მიიღებ ნეტარებას, თუ ამ ცხოვრებაში არ დადიოდი ტაძარში და არ ისწავლე ღვთის სამსახური? ის, ვინც არ დადიოდა სკოლაში და არ ისწავლა ანბანი, როგორ შეძლებს უნივერსიტეტში შესვლას?
მომავალ ცხოვრებაში, როდესაც ყველაფერს ნამდვილი შეფასება მიეცემა და ჭეშმარიტებას დავინახავთ, ბევრი მწარედ ინანებს და იტყვის: „რომ მცოდნოდა ამის შესახებ ადრე,“ მაგრამ გვიან იქნება. ვინც არ გაიხარჯა ამ ქვეყნად თავისი დანიშნულების მიხედვით, მან დაკარგა სასუფეველი სამუდამოდ.
8. ლიტურგია - ღვთისადმი ლოცვის უმოკლესი გზა
ბევრი, ვინც არ დადის ეკლესიაში, ხშირად ასე მსჯელობს: „არ არის სასიში, ღმერთი ყველგან მყოფია, შემიძლია სახლშიც ვილოცო“. რა თქმა უნდა შეგიძლია, მაგრამ სახლში ვერ აღასრულებ საღმრთო ლიტურგიას. ეკლესიაში ლოცვა სულ სხვაა. ეკლესია თვით ქრისტეს სამყოფელია, მას ეკუთვნის სიტყვები: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათთანა ვარ“. თუ კი ორ ან სამ შეკრებილთან არის ქრისტე, როგორი სიხარულით იქნება იქ, სადაც იკრიბებიან ათეულები, ასეულები და ათასაეულებიც კი. ყოველ საქმეს, რაც არ უნდა სთხოვოს ხალხმა ერთად, აკურთხევს უფალი. აღთქმის მიხედვით ეკლესიაში ღვთისაგან ველოდებით თხოვნის აღსრულებას და იგი გვაძლევს მეტს, ვიდრე ვთხოვთ. რომელი მამა არ შეასრულებს შვილების ერთობლივ კეთილ თხოვნას სიხარულით? აი, რატომ არის საჭირო ყველა მორწმუნემ, ვინც ეს იცის, მოიყვანოს ეკლესიაში სხვებიც. რაც უფრო მეტი მოუწოდებს სხვებს, მით უფრო მეტი გაიგებს და გამოეხმაურება. ამიტომაც ეშმაკი ადამიანს ყოველთვის უშლის ხელს და ცდილობს, მოაცილოს იგი ეკლესიას, ომის დროს რას აზიანებს დამპყრობელი პირველ რიგში? კავშირგაბმულობის ხაზებს, რათა მოშალოს მომარაგება.
ერთხელ, კვირა დილით, ერთმა წმინდანმა გვერდი ჩაუარა სამლოცველოს, რომლის სახურავზეც უშფოთველად ეძინა ეშმაკს. მეზობელ სოფელში მისულმა მოღვაწემ დაინახა, როგორ იკრიბებოდა ხალხი ეკლესიაში. გარშემო ეშმაკის ბრბო ირეოდა.
- რა ხდება? - ჰკითხა ერთ მათგანს წმინდადმა, - აქაც ტაძარია, იქაც, რატომ ხართ აქ ამდენი და იქ მხოლოდ ერთი?
- იქ სამლოცველო ცარიელია და ერთი ეშმაკიც კმარა. აქ კი, როგორც ხედავ, ბევრი სამუშაოა - იყო პასუხი.
თავი III
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
მიზეზები
1. ტანსაცმელი
„მინდა ტაძარში წასვლა, მაგრამ არ შემიძლია. ტანსაცმელი არა მაქვს. - ამბობს ერთი, - ძველმანებით ხომ ვერ წავალ?“ ესე იგი, რომ გქონდეს მოდური, ლამაზი ტანსაცმელი, წახვიდოდი. მაგრამ ამ შემთხვევაში, შენ მიდიხარ არა ღვთის, არამედ ტანსაცმლის გულისთვის, რათა თავი მოაწონო. მაგრამ სად გაგიგონია, ქრისტე სახარებაში ამბობდეს, რომ ტაძარში წასასვლელად საჭიროა ლამაზი და მოდური ტანსაცმელი? იგი ტანსაცმელს კი არ უყურებს, არამედ შენი სულის განწყობას, შენს მზადყოფნას, რომ ილოცო და ემსახურო მას. რაც უნდა ძველი იყოს სამოსი, მან არ უნდა შეგიშალოს ხელი წასვლაში. გაღელვებს რას იტყვის ხალხი? გაერკვიე რაზე ზრუნავ ტაძრის კარებთან: ადამიანურზე თუ ღვთაებზრივზე? ნუთუ ადამიანები ვერ გხედავენ ტაძრის გარეთ და არ იციან გაქვს თუ არა ახალი ტანსაცმელი? იმსჯელე ასე: საერთოდ რომ არ გქონდეს კარგი ტანსაცმელი, შეეგუებოდი ამას და სულ არ დაუგდებდი ყურს ხალხის ლაპარაკს. წადი ღმერთთან და ამისთვის მიიღებ ჯილდოს.
2. ღვთისმსახურნი
ბევრია ისეთი, ვინც არ დადის ტაძარში იმიტომ, რომ არ მოსწონს მღვდლები, მედავითნეები, მგალობლები და მრევლი. მაგრამ რისთვის მიდიხარ ეკლესიაში? ხალხის საყურებლად თუ ღვთისადმი ლოცვის აღსავლენად? სხვები კარგები არიან თუ არა ეს, შენი საქმე არ არის. შენი ამოცანაა საკუთარი ცოდვების დანახვა, რათა ღვთისგან მიიღო შენდობა. ხოლო მღვდლებს, კარგები არიან ისინი თუ ცუდები, ღმერთი განსჯის და თუნდაც ცუდები იყვნენ, ღვთის მსახურები და საიდუმლოებების შემსრულებელნი არიან. მათ ღვთისგან მინიჭებული აქვთ უფლება ჩვენთვის კურთხევის მოცემისა და ცოდვების მოტევებისა. თუ მეფემ მიგიწვია სასახლეში დასაჯილდოებლად, არ წასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სასახლის განმკარგულებელი არ მოგწონს? ტაძარში მოდიხარ არა მღვდლისთვის და არა მედავითნისთვის, არამედ ქრისტესთვის, იმიტომ, რომ მიიღო ის, რასაც ღმერთი მოგცემს მღვდლის მეშვეობით.
ვარდი, უჭირავს ის ბავშვის უმანკო ხელს, თუ მკვლელისას ერთინაირ სურნელს აფრქვევს. მადლი, რომელსაც შენ იღებ კეთილმსახური ანდა უღირსი მღვდლისგან, გამოდის პირდაპირ ქრისტესგან.
3. გლოვა
„დავკარგე ყოველგვარი იმედი, - ამბობს ზოგი, - რა მინდა ეკლესიაში, როდესაც შვილიც მომიკვდა და ცოლიც?“ და ადამიანი თვეობით და წლობით არ დადის ეკლესიაში. აბა სად უნდა წახვიდე? რა თქმა უნდა, სრული უფლება გაქვს უარი თქვა, თუ გეპატიჟებიან ქორწილში ან ზეიმზე. მაგრამ საუბარია ღვთის სახლში მისვლაზე. აქ კავშირს ამყარებენ შენს გადამრჩენელთან, იღებ ნუგეშს. აქ სახარებიდან და ქადაგებებიდან გაიგებ, რომ შენი ახლობელი ადამიანი კი არ მოკვდა, ცოცხალია. ის იმქვეყნად, უკეთეს სამყაროშია.
ტაძარში შეგიძლია იზრუნო ახლობელზე, რომელიც უკვე გადავიდა მუდმივ ცხოვრებაში. იცი, რამხელა შვებას მიიღებ თვითონ და რამხელა დახმარებას გაუწევ გარდაცვლილის სულს საღვთო ლიტურგიაში მოხსენიებით? როდესაც მღვდელი იტყვის: „შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი“ თქვი: „უფალო აცხონე მისი სული“. ამით ის დიდ შვებას იგრძნობს.
4. ცხოვრებისეული ფაციფუცი
„სადა მაქვს თავისუფალი დრო? - წამოიძახებს დიასახლისი, - სახლი დასალაგებელია, სადილი მოსამზადებელი“. ჩინებულია! მუცლის გულისთვის უგულებელჰყოფ ეკლესიას! მაგრამ ვინ გაიძულებს მიატოვო საშინაო საქმეები? კარგ დიასახლისს წინა საღამოს ყველაფერი მზად აქვს. ნუ გადადებ ხვალისათვის იმას, რის გაეთებაც დღეს შეგიძლია. ვისაც ესმის ეკლესიაში სიარულის აუცილებლობა, არა მარტო საშინაო საქმეებს აგვარებს არამედ ბევრ სხვასაც.
მამაკაცები ამბობენ:“ვინ ამბობს, რომ ეკლესია ცუდია? მაგრამ ჩემი საქმე როდისღა გავაკეთო?“ აქ ისინი გულისხმობენ არც ისე აუცილებელ საქმეებს. კვირადღისთვის მოიტოვებენ ხოლმე ყოველგვარ წვრილმანს: მიმოწერას, მაღაზიებში სიარულს, ნიშნავენ შეხვედრებს - საერთოდ ყველაფერს, რაც ვერ მოასწრეს მთელი კვირის განმავლობაში.
ჩემო ძვირფასო! ნუთუ არ გეყო მთელი კვირა რათა მოგემთავრებინა ყოველდღიური საქმეები? დაიმახსოვრე: კვირას ნაშოვნი ფული, ეს ცეცხლია, რომელიც დაწვავს დანარჩენსაც. რამდენიც გინდა იმუშავე, ღმერთი მაინც იმდენს მოგცემს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლის.
ამას გარდა, კვირა დღე ღვთისაა, იგი მას უნდა მიუძღვნა. ამ დღეს მთავარი საზრუნავია: ეკლესიაში წასვლა, ლოცვა და ღვთის სიტყვის მოსმენა. და რა თქმა უნდა, მთელი ოჯახით. ხაზს ვუსვამ: მთელი ოჯახით, რადგანაც თუ ბავშვები პატარაობიდანვე არ მიეჩვევიან ტაძარს, ისინი არ შევლენ იქ შემდეგაც.
კვირას საჭიროა საკუთარ სულზე ზრუნვა. ნუთუ ადამიანს სხეულის გარდა სულიც არ აქვს? ნუთუ სული მეტი არ არის ხორცზე? ნუთუ საჭირო არ არის დღეების უმეტესობა მოვახმაროთ სულს და მხოლოდ ერთი დღე სხეულს? მაგრამ ღმერთმა ექვსი დღე განგვისაზღვრა სხეულის საჭიროებისათვის და მხოლოდ ერთი სულისათვის. ჩვენ კი ამ ერთ დღესაც უგულებელვყოფთ!
ერთხელ მღვდლისაგან მოვისმინე ასეთი მონათხრობი: „მდიდარ კაცს გზაში გლახაკი შეხვდა. საბრალომ შესჩივლა მას თავისი გაჭირვება. მდიდარს შეეცოდა იგი და შვიდი ლირიდან, რომელიც ჰქონდა, ორი მისცა. ამის შემდეგ, როდესაც ღარიბმა მოუთხრო მას სხვა უბედურებებზე, მიიღო კიდევ ორი ლირა, წყაროსთნ მისულებმა გადაწყვიტეს დანაყრებულიყვნენ, მდიდარმა უწილადა გლახაკს თავისი საჭმელი. მოისმინა რა შემდეგი ისტორია მისი ცხოვრებიდან, მისცა კიდევ ორი ლირა. ამდენად მოწყალე იყო იგი! ექვსი ლირის მიმღებმა კი, მადლობის მაგიერ, მოულოდნელად ამოიღოო დანა და მოსთხოვა მეშვიდე ლირაც. ეს ხომ უმადურებაა! რისი ღირსია იგი?!“
- დაამთავრა თავისი მონათხრობი მღვდელმა.
- სიკვდილის! - წამოიძახეს მსმენელებმა.
- თქვენც იმსახურებთ ისეთივე მკაცრ სასჯელს, - უთხრა მღვდელმა, - თქვენ ხართ ის უმადური გლახაკი, ღმერთმა თქვენ მოგცათ ექვსი დღე არამხოლოდ ერთი დატოვა თავისთვის. თქვენ კი ეს ერთი დღეც მოსტაცეთ მას.
და მართლაც ფაციფუცში ბევრს ავიწყდება ეკლესია. კვირა დღეს ისინი ფუჭად ფლანგავენ დროს და სჩადიან ცოდვებს. დასჯის შიშით მუშა შრომობს მთელი კვირა, ხოლო კვირა დღეს ღრეობს და დროს ატარებს, ფლანგავს დროს კინოთეატრებში, თეატრებში, პლაჟებზე. ასეთი ქრისტიანები ბღალავენ კვირა დღეს იმის მაგიერ, რომ წმინდა ჰყონ იგი. ღმერთმა შეიძლება გაიმეოროს: „თქვენი შაბათები სძულს ჩემს სულს“. უბედურებო! ის ვინც არ დადის ეკლესიაში, არ შეიძლება გაიგოს, რა საუნჯეს იკლებს. წარმოვიდგინოთ, რომ კვირა დღეს ტაძარში ყოველ მომსვლელს, მღვდლები ურიგებენ ას ლარს. რას იტყვით? დაიწყებდით მიზეზების ძებნას, რომ არ წასულიყავით? დარწმუნებული ვარ - არა. ეჭვი არ მეპარება, რომ გამთენიისას მიხვიდოდით, მღდვლებზე ადრე!
არავითარი საქმეები კვირა დღეს! არავითარი შეღავათები! 1884 წელს ლონდონში ვიზიტით იმყოფებოდა მეფე ნიკოლოზი. მას უნდოდა კვირა დილით სწვეოდა ერთ სახელოსნოს, რომელიც მსოფლიო აღიარებით სარგებლობდა. გააგზავნეს კაცი მმართველთან რათა შეეტყობინებინათ მონარქის სურვილი...
- სამწუხაროდ, - მიუგო მმართველმა, - სახელოსნო კვირა დილით არ მუშაობს.
- ორი-სამი საათით უნდა გააღო, ამით თქვენ დაიმსახურებთ მეფის კეთილგანწყობას, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით.
- მეფის კეთილგანწყობა - ეს კარგია, მაგრამ მე თუნდაც ვუბრძანო მუშაობის დაწყება კვირა დილით, ჩემს ბრძანებას მუშები არ შეასრულებენ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ღვთის ნებას. ამ დროს ისინი ტაძარში იქნებიან, - უპასუხა მმართველმა.
5. რადიო და ტელევიზია
ზოგიერთი ამბობს: „მე ვუსმენ რადიოს და ხშირად ვიჭერ პროგრამას „მეტროპოლია“ საეკლესიო მუსიკით. მაგრამ რადიო, ჩემო ძვირფასო, არის მათთვის, ვინც ავადაა, ვინც უცხოეთში ცხოვრობს, ვინც ოკეანეში ცურავს - მათთვის, ვისაც არ შეუძლია ტაძარში მისვლა. ის არ არის ჯანმრთელთათვის. ჯანმრთელი ეკლესიაში დგას. თანაც ღმრთისმსახურებაში მთავარია არ მუსიკა არამედ ქრისტეს მსხვერპლად შეწირვის საიდუმლო. იგი არ სრულდება სახლში. ქრისტე თავის თავს სწირავს მათთვის, ვისაც მისი სწამს და ამ რწმენისათვის გვაძლევს ჩვენ ყოველივე კეთილს და მარგებელს ჩვენი საჭიროებისამებრ.
რადიო და ტელეგადაცემებს არ შეუძლიათ სრულად გადმოსცენ ღვთისმსახურება. ღვთისმსახურებისას - სულიერი ტრაპეზია, რადიოში კი მხოლოდ მის სუნს ვგრძნობთ. თუ გაძღებით სუნით?
6. ექსკურსიები
ჩვენს დროში ექსკურსიები წირვა-ლოცვაზე დასწრების კიდევ ერთ წინააღმდეგობად იქცა. როდესაც ტაძრის ზარები მოუხმობს ქრისტიანებს, სწორედ მაშინ ეწყობა მოგზაურობები. ახალგაზრდები და მოხუცები მიიჩქარიან საექსკურსიო ავტობუსებისაკენ.
გასამართლებელი საბუთი ასეთია: მთელი კვირა ვმუშაობთ, გვინდა დავისვენოთ, სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ. ჰაერიც და დასვენებაც კარგია, მაგრამ რა დასვენება გამოდის? კვირა დღეს ხეტიალით დაღლილ-დაქანცული ორშაბათს ძლივს მიდიან სამსახურში. ესეც რომ არ იყოს, უმეტესობა ხომ მოდის გულისათვის მიდის ექსკურსიაზე.
უფრო გონივრული იქნებოდა ჯერ ტაძარში წასვლა, შემდეგ გასეირნება. ავტობუსი არ დაგელოდებათ? ან მოელაპარაკეთ, რომ დაგიცადოთ ან წადით სასეირნოდ მორწმუნეებთან ერთად.
ამბობენ, და არა უსაფუძვლოდ, რომ ასეთი ეკსკურსიები ეწყობა ქრისტიანობის მოწინააღმდეგეთა მიერ იმ განზარხვით, რომ მორწმუნეებმა არ იარონ ეკლესიაში.
ებრაელები, რომლებიც დღემდე იცავენ შაბათ-უქმეს, იძულებულნი იყვნენ დაესვენათ კვირა დღეს ქრისტიანული დღესასწაულის გამო, მაგრამ მიაღწიეს იმას, რომ შაბათიც დასვენების დღედ გამოცხადებულიყო, ვითომდა იმისათვის, რომ ხალხს შესძლებოდა ორდღიან ექსკურსიებზე სიარული. მათ ამას ჯერ ამერიკაში მიაღწიეს, შემდეგ - მთელ მსოფლიოში. ორდღიანი ექსკურსიები ჩვეულებად იქცა ჩვენთვისაც, მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვისაც, რომელიც მოწოდებულნი ვართ, ვადიდოთ ღმერთი კვირა დღეს.
7. ნადირობა
ბევრი ვერ დადის ეკლესიაში იმის გამო, რომ კვირა დილით მიდის სანადიროდ ან სათევზაოდ. რა სარგებელია ამისგან? ვერაგია ნადირობის და თევზაობის ჟინი. დადიან ტყე-ღრეში, ეკალ-ბარდებში, სიცივეში და სიცხეში, წვალობენ, ოფლს ღვრიან და ძალიან ხშირად მონადირე ნანადირევის გარეშე ბრუნდება, ხოლო მეთევზე - უთევზოდ. ერთი მოკლული ჩიტის ან კურდღლის ანდა დაჭერილი პატარა თევზის გამო მათ ავიწყდებათ ეკლესია! „მაგრამ ეს ხომ ჟინია“. - იტყვი შენ. რა თქმა უნდა, ამიტომაც უნდა ებრძოლო მას, რომ არავითარი ჟინი არ მბრძანებლობდეს შენზე.
8. ძილი
- მხოლოდ კვირა დღე მაქვს, რომ წესიერად გამოვიძინო.
- შენ რა, სხვა დღეებში არ გძინავს?
- საქმეები და სამსახური?
- კვირას საჭიროა ეკლესიაში სიარული. სამსახურში უფროსის გეშინია. ღვთის არ გეშინია? თუ სამსახურს გააცდენ, იმ დღის ხელფასს დაკარგავ. არ გიფიქრია, რას კარგავ ეკლესიისა და ღმერთთან განშორებით?
მაშ ასე, შენ გინდა გამოიძინო. შაბათს დაწექი დასაძინებლად ადრე, ნუ ზიხარ შუაღამემდე ტელევიზორთან. შაბათს თავი უნდა დაანებო ყოველგვარ სხვა საქმიანობას, რათა მოამზადო საკუთარი თავი შემდეგი დღისათვის, იმისათვის, რომ წარსდგე ღვთის წინაშე.
9. სასოწარკვეთილება (მთარგმ.)
- ჩემი ცოდვები იმდენად დიდია, რომ ღმერთი მაინც არ შემინდობს და რა აზრი აქვს ჩემს ეკლესიაში სიარულს? - ამბობს ზოგიერთი. დიდია ადამიანის ცოდვა, მაგრამ ღვთის მოწყალება ყოველთვის აღემატება მას, რადგან ღმერთი ყოვლადმოწყალეა, მთავარია ადამიანმა გულით შეინანოს და ყოვლადმოწყალე ღმერთი შეუნდობს ყველაფერს ასე, რომ ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში, ეს დიდი ცოდვაა.
თავი IV
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
როგორ მოვიქცეთ ეკლესიაში?
1. მომზადება
მთელი კვირის განმავლობაში. კარგ ქრისტიანს ყოველთვის ახსოვს ეკლესია. მოუთმენლად ელოდება კვირა დღეს, რომ წავიდეს ტაძარში. თუ დაუდევრად გაატარე მთელი კვირა, მიმართე შენი გონება ეკლესიაზე ფიქრისაკენ კვირა დღეს მაინც.
შაბათ საღამოს. უპირველეს ყოვლისა, ეს დღე უნდა მიუძღვნა ხვალინდელი ვიზიტისათვის მომზადებას. დავიწყოვთ სხეულის სისუფთავით. იფიციალურ ვიზიტებზე ხომ მიდიხარ სუფთად. როგორ წარსდგები ღვთის წინაშე დაუბანელი? ხაზს ვუსვამ, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს შაბათ საღამოს. კვირა დილით უმჯობესია ტაძარში ადრე მისვლა.
არ დაგავიწყდეს სულიერი განწყობილების შესახებაც. თუ გაქვს საშუალება წაიკითხე შემდეგი დღის სახარება და სამოციქულო, ასევე მათთან დაკავშირებული ქადაგება „საეკლესიო გადაგებათა კრებულიდან“. თუ ზიარებას აპირებ, წაიკითხე შესაბამისი ლოცვები. შეამოწმე შენი თავი, როგორ გაატარე მთელი კვირა, რათა ჯვრის დასახერების წინაშე გიახსენო, რა შესცოდე ბოლო აღსარების შემდეგ, შეგიძლია შენი ცოდვები ჩამოწერო ქაღალდზე, რათა მტერმა არ აგირიოს გონება და არ დაგავიწყდეს მცირე ცოდვებიც კი. არ გამოგრჩეს არაფერი, რათა შენდობა მიიღო ღვთისაგან. გაიხსენე ყველას სიკეთე, რაც კი მიგიღია და მადლობა შესწირე უფალს. იყავი ფხიზლად, რადგანაც შაბათს სატანა ყოველმხრივ ეცდება ხელი შეგიშალოს მომზადებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ აპირებ ზიარებას.
2. მოკრძალება
გახსოვდეს, რომ ტაძარში ხარ, ღვთის წინაშე! მეფის ან პატრიარქის წინ მოკრძალებული, ღვთის წინაშე კი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დგახარ! ეს უტიფრობაა.
ღმერთი ტაძარშია და თავისი დიდი წყალობის გამო არ გვიჩენს თავის სახეს. „არ შეუძლია ადამიანს დაინახოს ჩემი სახე და ცოცხალი დარჩეს,“ - ამბობს ის. და ვის შეუძლია მის წინაშე დგომა? როდესაც წინასწარმეტყველმა ესაიამ იხილა უფალი მაღალ და დიდებულ ტახტზე მჯდომარე, ანგელოზებით გარშემორტყმული, „ვაი ჩემს თავს უბედურსო,“ - წამოიძახა. ჩვენ რაღა გვეთქმის? როდესაც ებრაელებმა დაინახეს სინას მთა, რომელიც კვამლში იყო გახვეული იმიტომ, რომ მასზე უფალი იყო ჩამოსული, და გაიგონეს დიდებული საყვირების ხმა, ვერ გაბედეს მიახლოვებოდნენ მას. მხოლოდ მოსე წარგზავნეს. ჩვენ კი როგორ წარვსდგებოდით მის წინაშე, რომ გვეხილა? გახსოვდეს ეს, იყავი ტაძარში მოწიწებული და მომზადებუბული უზენაესის წინაშე.
ჩვევა გვაკარგვინებს მოწიწებას და ყურადღებას. განსაკუთრებით ეს ეხებათ ტაძარში მომსახურეებს: მღვდლებს, მედავითნეებს, მგალობლებს. როგორც კი მოვადუნებთ ტურადღებას, მაშინვე ნელ-ნელა გვიმუშავდება ჩვევა, პირველი ღვთისმსახურების დროს შიში გვიპყრობს, მაგრამ შემდეგ გვეუფლება უგრძნობელობა და უკრძალველობა წმიდა ადგილისადმი. ამას შედეგად შეიძლება მოჰყვეს სარწმუნოებისადმი გაციება და ეკლესიის მიტოვებაც კი. „ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილ ხარ, არცა ტფილი. ჯერ - იყო, რაჲთამცა ნუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი; მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა“ (გამოცხ. 3. 15, 16) გეშინოდეს ამ ავადმყოფობისა და პირველ სიმპტომებზევე მთელი ძალით ეცადე გადალახო ნელ-თბილობა. როგორ? - გულწრფელი მონანიებით.
ტაძარში მისვლისას დაიკავე შენი ადგილი და იდექი გაუნძრევლად. ნუ იყურები აქეთ იქით. ნუ იქნები ცნობისმოყვარე. ნუ ფიქრობ ყოველდღიურ საქმეებზე. ისინი ტაძრის გარეთ დარჩნენ.
ზოგიერთი, მართალია, ტაძარში დგას, მაგრამ მისი გონება დაკავებულია საკუთარი საზრუნავით.
ცხოვრობდა ორი ძმა. მეთევზეები იყვნენ. კვირა დღეს ერთი ეუბნება მეორეს: „მე წავალ ეკლესიაში. შენ დარჩი ანკესებს და ბადეებს მიხედე“. ასეც მოიქცნენ უმცროსი ძმა იჯდა ნავში და აზრით ტაძარში იყო. წარმოიდგინა, როგორ გალობენ მგალობლები, თვითონაც აჰყვა გალობას. ხედავს, სხვებს როგორ ადიდებენ ღმერთს და იწერენ პირჯვარს - თვითონაც იგივეს აკეთებს. წარმოიდგინა მთელი ლიტურგია და აზრობრივად მიჰყვებოდა მის მსვლელობას.
უფრო ძმა კი იდგა ტაძარში ლიტურგიაზე და აზრით ძმასთან იყო. ფიქრობდა: „შეიძლებს ჩემი ძმა ბადის გაშლას? ან იქნებ სულაც ვერაფერი დაიჭიროს?“
სინამდვილეში ვინ მიიღო სარგებელი ღვთისმსახურებისაგან?
3. საუბრის გარეშე
ვინც საუბრობს ტაძარში, თივოთონაც არ ლოცულობს და სხვასაც ხელს უშლის. სემინარიის მოსწავლე შევიდა ტაძარში და ყურადღებით უსმენდა ლიტურგიას. გვერდით მდგომი ნაცნობი შეეკითხა: „რას გასწავლიან სემინარიაში?“ მან არ უპასუხა. მეზობელმა კითხვა გაუმეორა. მან ისევ არ უპასუხა. გვერდით მდგომი არ გაჩერდა და მესამედ შეეკითხა:“ შენ გეკითხები, რას გასწავლიან?“ „მასწავლიან, რომ ეკლესიაში ლაყბობა არ შეიძლება,“ - იყო პასუხი.
4. ბუტბუტის გარეშე
ბევრს აქვს ჩვევა აჰყვეს მგალობლების ან იმეოროს ბუტბუტებით მღვდლის ან მედავითნის სიტყვები. მასთან ისინი ვერ ხვდებიან, რომ გვერდში მდგომთ ხელს უშლიან ლოცვაში. ტაძარში საჭიროა წესრიგის დაცვა. ეს ღვთის სახლია, და არა ბაზრის მოედანი. აქ მორწმუნემ უნდა ილოცოს ჩუმად, გულში.
5. როდის შეიძლება დაჯდომა
იჯექი, როდესაც ნებადართულია და იდექი, როდესაც აუცილებელი. ნათქვამია: „ჯობია იჯდე და იფიქრო ღმერთზე, ვიდრე იდგე და იფიქრო ფეხებზე“. დგომა აუცილებელია: ექვსფსალმუნის კითხვისას, „უპატიოსნესის“ დროს, დიდი ჩამოლოცვისას, ასამაღლებლის დროს - „კურთხეულ არს მეუფება, „მცირე გამოსვლისას, სახარების კითხვისას, ეს ხომ ღვთის სიტყვაა. როდესაც ჯარს უკითხავენ მეფის ბრძანებას, ისინი ხომ მდგომარენი ისმენენ მას? დგომა საჭიროა მრწამსის კითხვის დროსაც. განსაკუთრებით იყავი ასამაღლებლისას „შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი!“ ზუსტად ამ დროს ხდება სულიწმინდის გადმოსვლა პური და ღვინო იქცევა ქრისტეს ხორცად და სისხლად, ეს არის საიდუმლოს ყველაზე მთავარი მომენტი, საღმრთო ლიტურგიის გული. მდგომარემ იმღერე გულში „მამაო ჩვენო“. როდესაც გაიგონებ შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით, მოწიწებით თაყვანი ეცი. ამ დროს ბარძიმში, ამბიონზე გამოდის თვით იესო ქრისტე.
კარგი იქნებოდა, თუ ყველას ექნებოდა საკუთარი დასაჯდომი ადგილი, როგორც ძველ ეკლესიაში იყო (აქედან ასამაღლებელი: „სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება“) ჩვენ კი, სჯობს დასაჯდომი ადგილები დავუთმოთ მოხუცებულებს და ავადმყოფებს. ნუ დაიკავებთ ადგილებს თავხედურად. რა თქმა უნდა, დაიღლებით, მაგრამ რაც მეტია გარჯა მით უფრო დიდია ჯილდო უფლისაგან.
6. პირჯვარი
ასევე საჭიროა ვიცოდეთ როდის დავიწეროთ პირჯვარი: ყოველი ლოცვის თავსა და ბოლოში, ცისკრის დაწყებისას, როდესაც მღვდელი ამბობს: „კურთხეულ არს ღმერთი, „წმინდა სამების ხსენების დროს: „კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“ ... ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხსენებისას, „ღირსარსის ლოცვისას, დღის წმინდანის ხსენებისას და საკვანძო მომენტების დროს, მაგალითად, ასამაღლებლისას - „შენნი შენთაგან“ და ა.შ.
ნუ გაღელვებს, თუ თავიდან ყველაფერი არ გამოგივა ცოდნისა და გამოცდილების მიღებას დრო სჭირდება.
7. ზიარების წესი
სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორი შეხლა-შემოხლაა წმინდა ბარძიმის გარშემო.კამათობენ, ვინ არის პირველი, ყაყანებენ!
ქრისტიანები ერთმანეთის მიყოლებით მკაცრი წესრიგის დაცვით უნდა მიეახლონ ბარძიმს. ყველა ლოცულობს გულში, რათა ღმერთმა შეიწყალოს იგი. გახსოვდეს, სად მიდიხარ! ნუ აქცევ ყურადღებას სხვის საქციელს. ნუ გწყინს, თუ მღვდელი შენიშვნას მოგცემს. ნუ უყურებ გაბრაზებული, თუ ვინმე გადაგასწრებს.
8. აუცილებელია წესრიგის დაცვა და სიჩუმე მსახურების დამთავრებამდე
ხდება ხოლმე, მსახურება არ დამთავრებულა და უკვე ისმის მისალმებები და სიცილი. მთელი ლიტურგიის დროს სიჩუმე იყო, ბოლოს კი ატყდა ხმაური არა მარტო გარეთ, არამედ სტოაშიც.
ტაძარი სასადილო არ არის, სადაც ყველა შედის, ჭამს და გამოდის. ტაძარი ჩვენი ზეციური მამის სახლია. აქ სიარული გვაძლევს სულიერ ძმებთან და დებთან ყოფნის საშუალებას. რა თქმა უნდა, სასარგებლოა მათთან ურთიერთობის გაგრძელებაც, მაგრამ არა ტაძარში და არა მსახურების დროს.
9. ხატებზე მთხვევა
გრძნობის ყველაზე მკაფიოდ გამომხატველი არის კოცნა. როდესაც ჩვენ მივეახლებით ხატს, რათა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება მასზე გამოსახული წმინდანის მიმართ, იოანე დამასკელის სიტყვებით რომ ვთქვათ, მივმართავთ არა ხეს და საღებავებს, არამედ პირველსახეს. როდესაც ვემთხვევით ხატს, კოცნა მიმართულია მასზე გამოსახული წმინდანის მიმართ.
მაგრამ, სარგებლის მისაღებად, საჭიროა წესების ცოდნა. ყველა, ვინც შედის ტაძარში, მიეახლება ამ ტაძრის მთავარ ხატვს. არ არის საჭირო ღვთისმსახურების დროს მთელ ტაძარში სიარული და ყველა ხატთან მისვლა, ამით ხელს ვუშლით სხვებს ლოცვაში და ყურადღების მოკრებაში. სჯობს ეს ღვთისმსაურების შემდეგ გავაკეთოთ. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ყველაფერში საჭიროა წესრიგის დაცვა.
თავი V
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
არა სიმბოლო, არამედ სისხლი და ხორცი
ბევრი ამტკიცებს, რომ საღმრთო ლიტურგია მზოლოდ გახსენებაა, ხოლო პური და ღვინო - ხორცისა და სისხლის სიმბოლოებია და არ გააჩნიათ არავითარი ღირსება. დაიმახსოვრე, ეს სიმბოლოები კი არა ნამდვილი სისხლი და ხორცია - ქრისტეს სისხლი და ხორცი. რა თქმა უნდა, ამის გამო შესრულებული საიდუმლო ძალზე დიდია.
1. საღმრთო ლიტურგია
საღმრთო ლიტურგია მთელი ღვთისმსახურების გულია. მის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა და ღვთის სასუფეველში შესვლა. ეკლესია - ეს კოსმოსური ხომალდია, რომელიც ზეცაში მიგიყვანს. და იცი რატომ? იმიტომ, რომ აქ სრულდება მსხვერპლად შეწირვა. მსხვერპლად ეწირება ქრისტე, ღვთის კრავი. ის გთავაზობს საკვებს, რომელიც გაჯილდოებს სამუდამო ცხოვრებით. „მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის“(იოანე 6. 35). არაფერი არ არის ღვთისთვის სათნო ისე, როგორც ეს მსხვერპლი! ის იღებს მას და გვაძლევს თავის კურთხევას და წყალობას და აი, რატომ:
ცნობილია, რომ კაცობრიობა ასცდა გზას და ჩავარდა ღვთისადმი დაუმორჩილებლობის ცოდვაში. როდესაც დიდია ცოდვა, შესბამისად დიდი იქნება სასჯელიც. დანაშაულის შეგრძნება აიძულებდა ადამიანებს გადარჩენის გზის ძებნას. ყველა დროში ხალხი ცდილობდა მიეღო შენდობა ღვთისგან მსხვერპლშეწირვის საშუალებით. მსხვერპლად სწირავდნენ ცხვრებს, ძროხებსა და საკუთარ შვილებსაც კი. „მიწა შეიბღალა მკვლელობებით. მსხვერპლად სწირავენ თავიანთ ძეებს და ასულებს,“ - ამბობს წინასწარმეტყველი.
იყვნენ ისინი შეწყნარებულნი? არა, დანაშაულის გრძნობა რჩებოდა, საჭირო იყო ერთადერთი უსასრული ღირებულების მსხვერპლის შეწირვა, რომელიც შესაბამისი იქნებოდა ღვთის სამართლიანობისა და რომელიც სურდა ღმერთს.
მაგრამ სად ეპოვა ცოდვილ ადამიანს შესაბამისი მსხვერპლი? ვერსად! მას ვერ ნახავდი ვერც ცხოველებსა და ვერც უდანაშაულო ბავშვებს შორისაც კი. დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა არაფერი, რასაც შეეძლო გამოესყიდა ადამიანის დანაშაული. მაშინ ღმერთმა თვითონ მისცა ხალხს საჭირო მსხვერპლი.
მან გამოაგზავნა დედამიწაზე თავისი მხოლოდშობილი ძე იესო ქრისტე, როგორც ერთადერთი შესაძლო შესაწირავი. ის მსხვერპლად შეეწირა გოლგოთაზე. ეს იყო უდიდესი, განუსაზღვრელი ღირებულების მსხვერპლი! ძე ღვთისა, მხოლოდშობილი ეწირება! იგი, უცოდველი, იტანს სასჯელს იმიტომ, რომ შენდობილ იქნან და გადარჩნენ დამნაშავენი. ნუთუ ეს არ არის სიყვარულის გამოხატვა?
ყოველ ლიტურგიაზე ხელახლა ეწირება მსხვერპლად ჩვენთვის და ჩვენი გადარჩენისათვის. წმინდა ტრაპეზზე თვით ქრისტეა. სულიწმინდა გადმოდის სამსხვერპლოზე და პურსა და ღვინოს გადააქცევს ქრისტეს სისხლად და ხორცად. მსხვერპლშეწირვა შესრულდა.
და ღმერთი ხელახლა იღებს მას. თავისი ძის მსხვერპლად შეწირვით გვაძლევს შენდობას იმასაც რასაც ვთხოვთ ამ მომენტისათვის. გეკითხებით, ეს სიმბოლოა? არა, სრულდება ნამდვილი საიდუმლო.
2. სეფისკვერი
სეფისკვერს ხანდახან „ლიტურგიასაც“ უწოდებენ იმიტომ, რომ მის გარეშე ლიტურგიის ჩატარება შეუძლებელია. შეწირვისათვის საჭირო რომ იყოს ოქრო და ალმასები, სად ვიშოვიდით? აი, რატომ გამონახა ღვთის უდიდესმა სიბრძნემ ეს უბრალო მეთოდი.
პური ნებისმიერ სახლში მოიძებნება. იგი, ტაძარში მოტანილი, იქცევა ქრისტეს ხორცად! ხედავ, რა დიდი პატივის ღირსი შეიძლება გახდეს შენი სახლი. წარმოიდგინე, რომ მეფე დათანხმებული შენი გამომხვარი პურით დაეპურებინა თავისი შვილები. აივსებოდი სიამაყით! როგორი სიფრთხილით გამოაცხობდი და მიიტანდი სასახლეში. აქ კი ყოველივე ამას ამზადებ თვით ღვთისათვის და იგი იღებს შენს ძღვენს! ნუთუ ეს არ არის საოცრება?
ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ ეს. მოწიწებით არჩევდნენ საუკეთესო ხორბალს და საკუთარი ხელით ფქვავდნენ მას. ჰქონდათ სპეციალური საცერი და მოსაზელი სეფისკვერის მოსამზადებლად. ცოლი ცომის მოზელისას ლოცულობდა. ეს საქმიანობა დიდი მოკრძალებით სრულდებოდა. მაგრამ დახარჯული ენერგიის შესაბამისად ღმერთი თითოეულს აძლევს ჯილდოს. ასე, რომ ადამიანო, როდესაც შენი სეფისკვერი გადაიქცევა ქრისტეს ხორცად, მითხარი, ეს სიმბოლოა?
3. მოხსენიება
სეფისკვერთან ერთად საკურთხეველში ვაგზავნით ჩვენი ცოცხალი და მიცვალებული ახლობლების სახელებს, რატომ? კვეთის დროს ჩვენს მიერ შეგზავნილი სეფისკვერიდან ამოღებული ნაწილები, თითოეულ სახელზე თითო, იდეა წმინდა ფეშხუმზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ანგელოზთა მხედრობის, წმინდანთა ნაწილების გვერდით. მოხსენიებას ასრულებენ მღვდლები. მსხვერპლის შეწირვის მომენტში ჩვენი ახლობლები ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდანთა სულებსა და ანგელოზთა გვერდით არიან. ამის გამო ღმერთი აჯილდოებს მიცვალებულებს განსასვენებლით, ხოლო ცოცხლებს - მფარველობით და ლოცვა კურთხევით.
მოვიყვანოთ უამრავი სასწაულებრივი დახმარების შემთხვევიდან ერთი. 1922 წელს შუა აზიაში ომის დროს იმყოფებოდა ერთი მესინელი ოჯახის შვილი. შინაურები ძალიან ღელავდნენ და მისთვის ღამითაც კი უკვეთავდნენ წირვას, დილის ხუთ საათზე დადგა მომენტი. როდესაც მღვდელმა წარმოთქვა: „შენნი შენთაგან“. ახლობლები განსაკუთრებული გულმოდგინებით ლოცულობდნენ თავიანთი ჯარისკაცისათვის. რამდენიმე დღის შემდეგ მათ მიიღეს წერილი, სადაც ის წერდა, რომ ზემოთაღნიშნულ ღამეს იგი ჩავარდა ტყვედ, მაგრამ დილის ხუთ საათზე შეძლო გაქცევა!
აი, რა მნიშვნელობა აქვს მოხსენიებას!
4. სანთელი [1]
ჯერ კიდევ კატაკომბებში სანთელს იყენებდნენ არა მარტო გასანათებლად, არამედ, როგორც ღვთისთვის მირთმეულ ძღვენსაც. დღეს ისინი გამოხატავენ ჩვენს ლოცვით განწყობას. ათანასე დიდი წერდა: „ჩვენ მოგვაქვს სანთლები, ზეთი და საკმეველი“. უფლისთვის კი შეიძლება სანთელიც საკმარისი აღმოჩნდეს იმის ნიშნად, რომ მოხდა შერიგება ჩვენსა და ღმერთს შორის.
5. საკმეველი
იგივე შეიძლება ითქვას საკმეველზეც. მას ორმაგი მოქმედება აქვს. საკმეველს ვუნთებთ ღმერთს კეთილსურნელებისათვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმინდის მადლი. საკმეველს ვაკმევთ ეშმაკის გამოც. მაგრამ მისთვის ეს სუნი მომაკვდინებელია, იტანჯება და მირბის შერცხვენილი. არ შეუძლია მისი ატანა. აი, რატომ აკმევენ პარაკლისის დროს და მანამდე, სანამ დაიწყება საღმრთო ლიტურგია - საჭიროა ტაძრიდან ავი სულების განდევნა. იმიტომ უკმევენ ემბაზს ნათლობის საიდუმლოს დაწყებისას, რათა წყალში არ დაიმალოს შავი დემონი. აი, რატომ არის აუცილებელი საკმეველი ღვთისმსახურებისას და საიდუმლოთა შესრულების დროს.
[1] ზოგიერთი სიიაფის გამო სანთელს ქუჩაში ყიდულობს და ფიქრობს, რომ უფრო მეტ სანთელს შესწირავს ღმერთს. ასეთებს შევახსენებთ, რომ ეს გულუიბრყვილო აზრია. წმ.დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ზედავსა?.. უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი..“.(ფსალმ. 63; 9, 11). ანუ ღმერთი ყველაფერს ხედავს და მას ყველაფერი ესმის, უფრო მეტიც, მან ჩვენუ გულისნადებიც კი იცის. ჯობს, ერთი ეკლესიაში ნაყიდი სანთელი მიუძღვნათ ღმერთს, ვიდრე ათი - ქუჩაში შეძენილი, მითუმეტეს, რომ ტაძარში ნაყიდი სანთელი სულიერთად ერთად, გარკვეული მატერიალური შესაწირავიცაა. (მთარგმ.)