გულითადად მოგესალმებით ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ ღვთისგანცხადების ნათელსა და სასიხარულო საუფლო დღესასწაულს.
ჰო უფალო, ხუთიათას ხუთას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდა კაცობრიობა უფალ იესუ ქრისტეს ამ მოვლინებას, ხუთიათას ხუთას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ითანგებოდა კაცობრიობა ცოდვის, წყევის, სიკვდილის, ეშმაკის ძალაუფლების სიმძიმის ქვეშ; ხუთიათას ხუთას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა კაცობრიობა მოეპოვებინა ჭეშმარიტება და ბედნიერება. ეძიებდა რა ბედნიერებას, პირიქით, ვარდებოდა უბედურებაში: ეძიებდა რა ჭეშმარიტებას, ვარდებოდა ცთომილებაში, აჩრდილს საძიებელ საგნად მიიჩნევდა, სიცრუეს სიმართლედ მანამ, ვიდრე საკუთარი ძალების იმედი არ დაკარგა და არ აღმოთქვა პილატეს სიტყვები: რა არს ჭეშმარიტება? და საერთოდ, არსებობს კიდევ ჭეშმარიტება? არამარტო ამჟამად, არამედ მაშინაც კაცობრიობა ხარბად ეძიებდა ბედნიერებას, მაგრამ ვაგლახ, აწყდებოდა მხოლოდ უბედურებას, რამეთუ როგორც დღეს, ისე უწინაც ფიქრობდა ბედნიერება გრძნობისმიერ თავშექცევაში ეპოვა და ამასთან სასოწარკვეთით ნატრობდა სიკვდილს და უმჯობეს საშუალებად მიაჩნდა თვითმკვლელობა. სასოწარმკვეთად, მწარე სასოწარკვეთილებად ჟღერს ფილოსოფოს პლატონის ნათქვამი, რომელიც მიმოიხილავს რა პირქუშ სინამდვილეს, შესძახებს: ერთი მხოლოდ ღმერთს ძალუძს აზიაროს ადამიანი სათნოებას და გამოუცხადოს ჭეშმარიტება.
ქრისტე მაცხოვრის შობის წინ არც რჩეულ ხალხში იყო უკეთესი მდგომარეობა: არც იქ სურდათ ქრისტე მხსნელის მოსვლა გაეგოთ, ბევრი ფიქრობდა, რომ მის მიერ შესაძლოა მოიპოვო დიდება, სიმდიდრე, მაღალი მდგომარეობა ამქვეყნად; სხვებმა კი - სადუკევლებმა - იწყეს იმქვეყნიური ცხოვრების, მკვდართა აღდგომის უარყოფა. ამრიგად როგორც წარმართები, ასევე ებრაელები ხედავდნენ აუცილებლობას, რომ რაც შეიძლება მალე მოვლენილიყო ვინმე მხსნელი ღმერთი, რათა შეერიგებინა კაცობრიობა და მოეტანა ახალი ცხოვრება. ადამიანს ამის გაკეთება არ ძალუძს. თვით კაცობრიობა მივიდა უკიდურეს უარყოფამდე და სასოწარკვეთამდე.
და აი, თითქოს, ყველაფერი უკვე დაკარგული იყო... და მოულოდნელად მოისმის ანგელოზური გალობა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აი, იგი, ძე ღმრთისა, გამოდის რა საქადაგებლად, მივალს იორდანეს, რათა ნათელ-იღოს იოანესაგან, საცხოვნებელად სოფლისა. უდიდესი საიდუმლოება აღესრულება იორდანის წყლებზე: ეჰა - ღმერთი გამოსცხადნების! ეჰა - ძე ნათელს-იღებს! ეჰა - სული წმიდა გარდამოვალს ზეცითგან ქუეყანასა ზედა! ეჰა ხმა მამისა სწამებს ძისათვის და ჰხმობს: ესე არს ძე ჩემი საყვარელი. ვისთვის იყო ეს ხმა? რაღა თქმა უნდა არა თავად ძისათვის, რამეთუ მან უწყოდა სიყვარული მამისა თვისისა; არც იოანე ნათლისმცემლისათვის, რამდენადაც მან იცოდა თუ ვის ნათლავდა; არცა მოწაფეთათვის, რაკიღა ისინი იესუ ქრისტეს ჯერეც არ ჰყავდა; არც მხოლოდ ერთი რომელიღაც ხალხისათვის იყო ეს ხმა. ეს სიტყვები ეთქვა მთელ ტანჯულ კაცობრიობას, ყველა ხალხს, ეს სიტყვები ჩვენ გვეთქვა: ესე არს ძე ჩემი საყვარელი, - მოწმობს მამა ზეციდან, ანუ - იგი, ვისაც ასე დიდხანს და ასე ხარბად ეძებდა კაცობრიობა; იგი - ვისაც, წინასწარმოასწავებდნენ წინასწარმეტყველნი. იგი - ვისაც უნდა შეემუსრა თავი გველისა; იგი - ისაა! ისმინეთ მაგისი, დამდაბლდით მის წინაშე! ეს - იგი მოვიდა რათა კაცთათვის მიენიჭებინა არა მიწიერი სიხარული, არამედ მარადიული ნეტარება, ეს იგი მოვიდა იმისათვის, რომ კაცთათვის შეეღო სამოთხის კარი! იგი - ძეა ჩემი საყვარელი! იგი ყოველი ადამიანისთვის მოვიდა! ის მოვიდა შენთვის, ძვირფასო ძმაო და დაო. შენ ეწამები; შენი ფიქრები პირქუშია - აი, შენ ძე ჩემი საყვარელი! მას ძალუძს გაგხსნას და თვისთა შორის შეგრაცხოს! შენ სიკვდილის გეშინია: იგი საშინელი და უშემაძრწუნებელესია! აი, ძე ჩემი საყვარელი, მან მოჰკლა სიკვდილი და განგვიხვნა შესასვლელი მარადიულ სასუფეველში. შენ გეშინის ეშმას ცთუნებებისა, შენ გაშინებს შენი საკუთარი სუსტი ნებისყოფა - აი, ძე ჩემი საყვარელი! მან დაამარცხა ეშმაკი, მან შემუსრა თავი მისი, მან განაქარვა მისი ძალაუფლება. „ესე - ძე ჩემი საყვარელი! მხოლოდ ისმინეთ მისი, მხოლოდ ჰქმენით ის, რასაც იგი გიბრძანებთ. ის ამბობს... გიყვარდეთ მტერნი თქვენნი, შემომიდექით მე. ნუ ფიქრობთ ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, მის სიკეთეებზე, - პირიქით: ყურადღებით უმზირეთ მარადიულ ცხოვრებას. უსმინეთ მას - და იყავით ბედნიერნი“. ხოლო სადუკეველნი და მათი თანამედროვენი, რომელნიც ჰყიდიან ქრისტეს, არ უსმენენ მას, ცდილობენ ბედნიერება დედამიწაზე იპოვონ და უარჰყონ საუკუნო ცხოვრება. „მას, რომელიც უარმყოფს მე კაცთა წინაშე, მეც უარვჰყოფ ჩემი ზეციური მამის წინაშე“, - ამბობს იესუ ქრისტე.
გულწრფელად გისურვებთ, რათა ნათელ-ღებულმა ქრისტე მაცხოვარმა გულისხმიერება მოგვცეს ჩვენ და გამოგვიცხადოს ჭეშმარიტება და მოგვანიჭოს უდიდესი ბედნიერება: იგი გვიყვარდეს, მისი გვწამდეს და მას მხოლოსა ვუსმენდეთ.
1909 წ.