მიტროპოლიტი ტრიფონი (ერისკაცობაში ბორის პეტრეს-ძე თურქესტანოვი), დაიბადა მოსკოვში 1861 წ. 29 ნოემბერს. მამამისი, თავადი თურქესტანოვი (1830-1891), ძველ ქართველ თავადთა პირდაპირი შთამომავალი იყო. დიდი პაპა, თავადი ბორის პანკრატის ძე თურქესტანიშვილი (ვის პატივადაც უწოდეს მას სახელი), რუსეთში პეტრე პირველის მეფობის დროს ჩავიდა. მომავალი მღვდელმთავრის დედა – ბარბარე ალექსანდრეს ასული ნარიშკინა, თავადის ქალი იყო.
ჯერაც ყრმა ტრიფონის მძიმე ავადმყოფობისას ექიმებმა გამოჯანმრთელების ყოველგვარი იმედი რომ დაკარგეს, დედა წმ. მოწამე ტრიფონის სახელობის ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა, შვილის განკურნებას ევედრებოდა და აღუთქვამდა, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ვაჟიშვილს მას მიუძღვნიდა და თუ მონაზვნობის ღირსი გახდებოდა, სახელად ტრიფონი ეწოდებოდა. და აი, როგორც კი შვილი გამოუჯანმრთელდა, დედამ ოპტინის უდაბნოში, მთელს რუსეთში სახელგანთქმულ ბერ ამბროსისთან წაიყვანა. შესაგებებლად გამოსულმა ბერმა მოულოდნელად იქვე მდგომ ხალხს მიმართა: გზა მიეცით, მღვდელმთავარი მოდის. გაკვირვებულმა ხალხმა მღვდელმთავრის ნაცვლად დედაკაცი იხილა ყრმითურთ.
1887 წ. ოპტინის უდაბნოში, ბერ ამბროსისთან შეუდგა მორჩილებას. 1891 წ. ბორისი მონაზვნად აღიკვეცა და წმიდა მოწამე ტრიფონის პატივად ეწოდა სახელი ტრიფონი – აღსრულდა დედისეული აღთქმა. სულ მალე მამა ტრიფონი ბერ-დიაკვნად, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად იქნა ხელდასხმული. ბერი ამბროსის კურთხევით ტრიფონმა სწავლა დაიწყო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. სწავლის პერიოდში იგი პატიმართა გადამგზავნელ ციხეში მსახურებდა. 1891 წ. მამა ტრიფონმა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა აკადემია და დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ძველქრისტიანი და ოპტინელი ბერები“, მან ხუთი უცხო ენა იცოდა: ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული და ინგლისური.
1895-1901 წლებში მამა ტრიფონი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ზედამხედველი, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. 1901 წ. 18 ივლისს იგი დმიტროვსკის ეპისკოპოსად, მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსად იკურთხა და ამ თანამდებობაზე იგი 15 წელიწადი მსახურობდა. ეპისკოპოსი ტრიფონი ხშირად აღავლენდა წირვა-ლოცვას (რაც უყვარდათ მოსკოველებს), არაერთგზის ქადაგებდა, ეწეოდა მრავალგვარ საეკლესიო და საზოგადოებრივ სამსახურს და, ამასთან, აგრძელებდა მოღვაწეობას. მქადაგებლობის განსაცვიფრებელი ნიჭის გამო, მორწმუნე მრევლმა მას „მოსკოვის ოქროპირი“ უწოდა. ურთიერთობა ჰქონდა მეფის რუსეთის ეკლესიის მრავალ მოღვაწესთან - ოპტინელ ბერებთან ანატოლისა და ბარსონოფთან (რომელიც არქიმანდრიტის ხარისხში აღიყვანა), გეთსიმანიის სკიტის ბერ ბარნაბასთან, ბერ ზაქარიასთან.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეპისკოპოსი ტრიფონი მოქმედ არმიაში მსახურობდა. პოლონეთის ფრონტზე კანტუზია მიიღო და იძულებული გახდა ჯანმრთელობაშერყეული მოსკოვში დაბრუნებულიყო. 1916 წ. ეპისკოპოსი ტრიფონი ნოვო-იერუსალიმის აღდგომის მონასტერშია. 1917 წ. ფრონტზე მოგზაურობიდან კვლავ ახალ იერუსალიმში დაბრუნდა.
1918 წლიდან ეპისკოპოსი ტრიფონი მოსკოვში ცხოვრობდა და უკვე აღარ მონაწილეობდა ეკლესიის ადმინისტრაციულ საქმეებში. მასთან განუწყვეტლივ მოედინებოდა მნახველთა უწყვეტი ნაკადი სულიერსა თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე რჩევისათვის. მორწმუნე მრევლი მას პატივს სცემდა, როგორც დიდებულ მღვდელმთავარს, ჩინებულ მქადაგებელსა და მადლმოსილ მოღვაწე ბერს. მისი რჩევები, შეხედულებები არცთუ იშვიათად გადამწყვეტი იყო არათუ მხოლოდ მისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილებისათვის, არამედ მრავალი მოვლენის დროს, რევოლუციის შემდგომი პერიოდის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც.
პატრიარქ ტიხონს უყვარდა მეუფე, მასთან ერთად ხშირად მსახურობდა, და 1923 წ. მთავარეპისკოპოსის ხარისხში აღიყვანა. რუსეთის ეკლესია ამ ორ საეკლესიო მოღვაწეს ორ „დიდ სვეტად“ მიიჩნევს, რომლებიც მძიმე დროებაში განამტკიცებდა რუსეთის ეკლესიას.
1825 წელს, პატრიარქ ტიხონის გარდაცვალების შემდეგ, მთავარეპისკოპოს ტრიფონის მოღვა წეობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ფორმალურად ითვლებოდა რა პენსიონერად, ის რუსეთის მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი სულიერი წინამძღოლი იყო. 1931 წელს, მისი ეპისკოპოსად მსახურების 30 წლისთავთან დაკავშირებით აღყვანილ-იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
მეუფე ტრიფონის სიტყვა მათთვის, ვინც რუსეთის ცხოვრების 20-30-იანი წლების საშინელებების დროს შეინარჩუნა ჭეშნარიტი რწმენა და სულიერი გონება, კანონი იყო; ხალხს სწამდა, რომ მისი ბაგეებით თვით უფალი ღაღადებდა. მხატვარი პავლე კორინი, რომელმაც ნატურიდან შექმნა მიტროპოლიტ ტრიფონის პორტრეტი, იგონებდა, რომ მრავალი სასულიერო პირის პორტრეტი სწორედ მეუფე ტრიფონის დამსახურებით შემორჩა ისტორიას. სასულიერო პირები, რომელთაც მხატვარი სახლში იწვევდა, პორტრეტის შექმნაზე მხოლოდ მას შემდეგ ეთანხმდებოდნენ მხატვარს, როცა შეიტყობდნენ რომ ყველასაგან პატივცემული მეუფე ტრიფონის ლოცვა-კურთხევა იყო.
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრ, რევოლუციის შემდგომ წლებში, მიტროპოლიტმა ტრიფონმა დაწერა სამადლობელი აკათისტო (დაუჯდომელი): „გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისათვის“. ამ სიტყვებშია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი სულიერი გამოცდილება ერთ–ერთი ყველაზე უფრო სასტიკი დევნის ჟამს, რომელიც კი ოდესმე გადაუტანია ქრისტეს ეკლესიას.
მიტროპოლიტი ტრიფონი გარდაიცვალა 1934 წ. 14 ივნისს და დაკრძალულია მოსკოვის ვვედენსკის სასაფლაოზე. მისი სამარე დღემდე წარმოადგენს მილიონობით რუსი მართლმადიდებლის სათაყვანებელ ადგილს.
პოეტმა სერგეი სოლოვიოვმა ეპისკოპოს ტრიფონს უძღვნა ლექსი, სადაც მადლიერებას გამოხატავდა განგებისადმი, რომელმაც მისი წინაპარი საქართველოდან რუსეთს გადმოხვეწა:
„О, княжеского рода цвет прекрасный!
Благословен тот день, когда на север,
Покинув горы Грузии цветущей,
Направил путь твой предок отдаленный... „