† წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი

სესხის მიმცემთა და სესხის ამღებთა მოვალეობის შესახებ

სესხის მიმცემთა მოვალეობის შესახებ

 

ქრისტიანული სიყვარული და მოვალეობა გვავალდებულებს, ვასესხოთ მთხოვნელს, თანახმად ქრისტეს სიტყვებისა: „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც;და რომელსა უნდესსესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი"(მათ. 5,42). ვხედავთ, რომ მრავალ ქრისტიანს არ სურს სესხება ვახშის, ანუ პროცენტის გარეშე; და იმასაც ვამჩნევთ, რომ გაჭირვებული მოვალეები ამისაგან მრავალ უბედურებასა და განსაცდელში ცვივიან. ბევრი მათგანი უკიდურეს ნაკლულევანებასა და სიგლახაკეში ვარდება; ბევრიც ციხეში ზის და იტანჯება, როგორც ბოროტმოქმედი.

ქრისტიანო! გაეცი, მაგრამ გაღატაკებულისა და გაჭირვებულისაგან პროცენტის აღებას ერიდე.

ა) ეს ეწინააღმდეგება ბუნებრივ კანონს: რაც შენი თავისთვის არ გინდა, იმას სხვას ნუ გაუკეთებ. არავის სურს პროცენტის გადახდა, და თვითონაც არ უნდა აიღოს იგი.

ბ) თვითონ სინდისი გვიკრძალავს პროცენტის გამორთმევას. რატომ უნდა აიღო ის, რაც შენი არ არის? მოითხოვე და აიღე შენი, ხოლო მიცემულზე მეტის აღება მევახშეობაა. ქრისტიანო, დაკმაყოფილდი იმით, რაც შენია – და სინდისიც მშვიდად გექნება.

გ) ღვთის წმიდა სიტყვა კრძალავს პროცენტის აღებას: სესხი გაეცი, ზედმეტს ნურაფერს აიღებო, ამბობს უფალი.

დ) პროცენტი ანუ ვახში დიდ ცოდვად ითვლება, როგორც ამას ფსალმუნიდან ვიგებთ: „ვეცხლიმისი არა მისცა აღნადგინებად"(ფსალმ. 14,5). დაკვირვებით წაიკითხე ფსალმუნი და გულისხმაჰყოფ ჭეშმარიტებას.

ე) ყოვლისმხედველი ღმერთისა და მისი მართალი სამსჯავროს წინაშე უფრო უსაფრთხოა, ღატაკს პროცენტი არ გამოვართვათ. აირჩიე, რაც უსაფრთხოა.

ვ) პროცენტების გადახდით ხალხი სულ უფრო ვარდება სიგლახაკეში. ქრისტიანული მოვალეობა კი გვავალებს, მოყვასის ნაკლულევანებანი არათუ გავაღრმავოთ, არამედ შევავსოთ, არათუ დავაქციოთ კაცი, არამედ დავეხმაროთ. გაფრთხილდი, დახმარების მაგიერ არ დააქციო იგი, სესხს რომ მისცემ, მიცემულზე მეტი არაფერი გამოართვა. ღატაკთაგან პროცენტის მიმღები დიდ არაადამიანობას სჩადის და სინდისის უკანასკნელი ნაპერწკალიც დაუკარგავს. საყვარელო! დაკვირვებით დაუფიქრდი ზემოთ აღწერილს და გახსოვდეს ქრისტეს საშინელი სამსჯავრო – და სესხს მისცემ, მაგრამ პროცენტს არ აიღებ.

ზ) როდესაც მოვალე ისეთ გაჭირვებასა და სიგლახაკეში ჩავარდება, რომ ნამდვილად ვერაფრით შეძლებს მასესხებლისთვის ვალის გადახდას, ქრისტიანული სიყვარული ითხოვს, რომ მასესხებელმა ან დაიცადოს, ან, რაც ყველაზე უმჯობესია, მოვალეს ვალი აპატიოს.

ქრისტიანო! ნამდვილად შენი მართებს მას, ვინც გესესხა, მაგრამ შენ გმართებს ღვთისა. მას შენი ვალი აქვს ნივთით, მაგრამ შენ ღმერთის ვალი გაქვს ცოდვებით. მოვალის ნასესხები, რაოდენ დიდიც უნდა იყოს, მცირეა შენი ცოდვების ვალთან შედარებით. ღმერთს რომ ურიცხვი ტალანტის (ცოდვების) მოტევებას ევედრები, მიუტევე შენს მოყვასს ასი გროში. შეიწყალე გლახაკი და შენც შეგიწყალებს ღმერთი. მოწყალე იყავ, ადამიანო, ადამიანის მიმართ და სინდისის მხილების გარეშე ილოცებ: „ღმერთო, მილხინეცოდვილსა ამას!" გაფრთხილდი, საპყრობილეში არ ჩასვა შენნაირი ან იქნებ შენზე უმჯობესი კაცი, და არ დაიტანჯები სახარებისეული ბოროტი მონის მსგავსად (მათ. 18,32-34). გახსოვდეს დაწერილი: „სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ყონწყალობა"(იაკ. 2,13).

 

 

სესხის ამღებთა მოვალეობის შესახებ

 

მრავალნი ითხოვენ სესხს, თვალთმაქცურად იღებენ კიდეც და დაბრუნებასაც ჰპირდებიან; მაგრამ გამოართმევენ თუ არა მასესხებელს, ივიწყებენ თავიანთ სიტყვას და დაბრუნებაზე აღარ ფიქრობენ. როგორც ჩანს, სესხის დაბრუნების სურვილი აქვთ მანამ, სანამ მას მიიღებენ; სინამდვილეში იმისთვის ითხოვენ და იღებენ, რომ აღარ დააბრუნონ. მრავალნი გაჭირვებას იგონებენ, თითქოს არაფერი გააჩნდეთ ვალის დასაბრუნებლად. ყველა, ვინც ასე იქცევა, არის არა ჭეშმარიტი, არამედ ცრუ ქრისტიანი, მაცდუნებელი და მატყუარა, შინაგანად მტაცებელი და ქურდი, – რაკიღა სხვის ქონებას მზაკვრობითა და ვერაგობით იტაცებენ.

სინამდვილეში ისინი ღვთისა და ადამიანის მოვალეები არიან და თავისი ვალითვე გამოცხადდებიან ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე; და მათი ვალი, მათი მზაკვრული ჩანაფიქრები და საქმეები წარმოდგებიან მათ წინაშე. ამგვარი ვერაგები და მატყუარები საზოგადოებას აუტანელ ზიანს აყენებენ: ყოველგვარ ნდობას, რომელიც უნდა იყოს საზოგადოებაში, იტაცებენ ადამიანთა გულებიდან. ასეთი მაცდუნებლების მიერ მოტყუებულები უკვე კეთილ ადამიანებსაც არ უჯერებენ და ვეღარ ბედავენ სესხის გაცემას. ბოლოს რა ბოროტება მოსდევს ამას საზოგადოებაში, თავად ხედავ, ქრისტიანო!

როდესაც სესხს აიღებ, შეეცადე ყველაფერი დროულად დააბრუნო, რომ აღებული და არდაბრუნებული მტაცებლობად არ ჩაგეთვალოს. მიეცი ყველაფერი, რაც ვალად გაქვს, რათა ქრისტეს სამსჯავროს წინაშე ვალის გარეშე წარსდგე. დააბრუნე ვალი, სანამ გაქვს იგი შენი ცხოვრების გზაზე. თუკი ნამდვილად ისეთ გაჭირვებაში აღმოჩნდები, რომ არ გექნება გადახდის საშუალება, როგორც ხდება ხოლმე ამქვეყნად, სიმდაბლით მიდი მასესხებელთან და აუწყე მას შენი სიგლახაკე და გაჭირვება, სთხოვე, რომ ან მოიცადოს, სანამ ვალს დაუბრუნებ, ან გაპატიოს იგი, ანდა სხვა რამ სანაცვლო შესთავაზე. უფალი გვეუბნება: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისამის შენისა ადრე, ვიდრემდეხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუემიგცეს შენ წინამოსაჯულმანმან შენმანმსაჯულსა და მსაჯულმან– მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე.ამენგეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანასკნელიკოდრატი"(მათ. 5,25-26).