წმიდა თეოფანე დაყუდებული
ოთხი სიტყვა ლოცვის შესახებ
IV

ჩვენ სამი საუბარი გვქონდა ლოცვის თაობაზე. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ ვილოცოთ ყურადღებით, გულითა და გონებით, როგორ ავმაღლდეთ ღმერთთან და როგორ წარვსდგეთ მის წინაშე სულის უწყვეტი წვით. უფალმა სხვადასხვა სახისა და ხარისხის ლოცვებზე მიგვითითა, რათა ყველას თავისი ძალის შესაბამისად შეეძლოს მონაწილეობა ლოცვის მადლში, რამეთუ უდიდესი საქმეა ლოცვა. იგი, როგორც მოგახსენეთ, სულიერი ცხოვრების დასტურიცაა და ამასთან, სულიერი საზრდოც მისთვის, რის გამოც მასში სრულყოფილების მიღწევისათვის ზრუნვა მეტად აუცილებელი რამ არის.

როგორ მივაღწიოთ წარმატებას ამა თუ იმ სახის ლოცვაში, ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ. ახლა მინდა შეგახსენოთ და გაგაფრთხილოთ, რომ ძნელია და საეჭვოცაა, წარმატებას მივაღწიოთ მასში, თუკი იმავდროულად სხვა სათნოებების მოხვეჭაზეც არ ვიზრუნებთ.

თუ ლოცვას არომატულ შემადგენლობას მივამსგავსებთ, სულს კი - ჭურჭელს, - მივხვდებით, რომ როგორც გახვრეტილ ჭურჭელში არომატი არ შეკავდება, ასევე ვერც ლოცვა დაივანებს სულში, რომელიც რომელიმე სახის სათნოების გამო მთლიანობას მოკლებულია. თუ მლოცველს სხეულის მთლიანობას შევადარებთ, დავინახავთ, რომ როგორც, მაგალითად, უფეხო ადამიანი ვერ გაივლის, თუნდაც ყველა სხვა ორგანო ჯანსაღი ჰქონდეს, ასევე ღმერთთან ვერ მივა ის, ვისაც ლოცვასთან ერთად მოქმედი სათნოებები არ გააჩნია. ჩაუღრმავდით მოციქულის შეგონებებს და დაინახავთ, რომ ლოცვა ერთადერთი საშუალება როდია, არამედ მას მუდამ სათნოებათა მთელი კრებული ახლავს თან. აი, პავლე მოციქული ქრისტიანს სულიერი ბრძოლებისათვის აღჭურავს და ნახეთ, რა საშუალებებით? - „სარტყელი ჭეშმარიტებისა, ჯავშანი სიმართლისა, ფეხსაცმელი მშვიდობის ხარებისა, ფარი სარწმუნოებისა, მუზარადი სასოებისა და შუბი ღვთის სიტყვისა“ (ეფეს. 6, 14-17). მხოლოდ ამის შემდეგ სვამს იგი ლოცვაში თავის მეომარს, ვითარცა ციხე-სიმაგრეში: „ყოველი ლოცვითა და ვედრებით ილოცეთ მარადჟამ სულით“ (ეფეს. 6, 18). რა თქმა უნდა, მხოლოდ ლოცვაც საკმარისია მტრის დასაძლევად, მაგრამ ის რომ ძლიერი იყოს, უნდა წარვემატოთ სარწმუნოებაში, სასოებაში, ჭეშმარიტების ცოდნაში, სიმართლესა და სხვა სათნოებებში. სხვა ადგილზე იგივე მოციქული, რთავს რა სულს, ვითარცა ქრისტეს სასძლოს, საქორწინო ტანსაცმლით, ამბობს: „მაშ, შეიმოსეთ... გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. მიუტევეთ და თქვენი თავი მიჰმადლეთ ერთურთს... ხოლო უწინარეს ყოვლისა შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. დაე, ყველაფერს განაგებდეს თქვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა“. (კოლ. 3, 12-16).

საღვთო წერილის სხვა ადგილებშიც ლოცვა განუშორებელ კავშირშია სხვა სათნოებებთან, როგორც დედოფალი მათი, რომელსაც სხვები კვალში უდგანან და რომელიც დაატარებს მათ. ვითარცა ყვავილს, რომ გაიშალოს და მზერა მიიპყროს, ფოთლები, დატოტვილი ღერო და ფესვი უნდა უსწრებდეს წინ, ასევე იმისათვის, რომ ლოცვა აყვავდეს სულში, მას წინ უნდა უსწრებდეს და თან ახლდეს კეთილი სულიერი ნაღვაწი, რომელთაგანაც ზოგი, მაგალითად, სარწმუნოება - ფესვს წარმოადგენს მისთვის, ზოგი - ღეროსა და ტოტებს (ასეთია, მაგალითად, მრავლისმქმნელი სიყვარული), ზოგი კი - ფოთლებს (მაგალითად, ყველა სულიერი თუ ხორციელი ღვაწლი). როცა სულში ასეთი წმიდა ხეა დარგული, მასზე ხან დილას, ხან საღამოს, ხან მთელი დღის განმავლობაში (მისი თვისებებისდა მიხედვით) თავისუფლად გაიშლება ყვავილი ლოცვისა, რომელიც კეთილსურნელებით აღავსებს ჩვენს შინაგან ტაძარს.

ყველაფერი ეს იმიტომაც მინდა შეგახსენოთ, რომ რომელიმე თქვენგანმა არ იფიქროს, - ლოცვაში ვშრომობ და საკმარისიაო. არა, საჭიროა ყველაფრისათვის ერთად ვიზრუნოთ და ვიქონიოთ მოშურნეობა - ვილოცოთ კიდევ და სხვა სათნოებებშიც წარვემატოთ. მართალია, სათნოებებში წინსვლა შეუძლებელია ლოცვის გარეშე, მაგრამ ამ უკანასკნელთან ერთად საჭიროა სათნოებებშიც ვიშრომოთ, რათა მათ თანაქმედება გაიწიონ ურთიერთს. იმისთვისაც უნდა ვილოცოთ, რომ თვით ლოცვაში წარვემატოთ. მოკლედ, უნდა ვიზრუნოთ ყველაფრისათვის და ყველაფერში გამოვსწორდეთ. როდის მუშაობს სწორად საათი და როდის უჩვენებს დროს ზუსტად? როცა ყველა დეტალი მთელია მასში, თავის ადგილზეა და სწორადაა დაკავშირებული სხვა დეტალებთან. ასევეა ჩვენს შინაგან, სულიერ მექანიზმშიც: სულის მისწრაფება, როგორც ისრისა, სწორია, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღვთისკენაა მიმართული, როცა სულის ყველა ნაწილი მთელია, თავის მოვალეობას ასრულებს და თავისი ღვაწლითაა მოსილი.

კერძოდ, რა სათნოებებით უნდა შევმოსოთ ლოცვა, ანუ როგორი ლოცვა-სათნოებითი ცხოვრება უნდა დაუწესოს საკუთარ თავს ქრისტიანმა, მიგითითებთ არა საკუთარი, არამედ მღვდელმთავარ დიმიტრი როსტოველის სიტყვით, რომელიც მოკლედ გამოხატავს ამას შეგონებაში „ქრისტიანული ღვთითსულიერი დარიგება“ (ნაწილი I, გვ. 288).

1. ძილისაგან რომ აღსდგები, პირველი ფიქრი ღვთის შესახებ იყოს, პირველი სიტყვა და ლოცვა - ღვთისადმი, შენი შემოქმედისა და შენთვის სიცოცხლის შემნარჩულებლისადამი, რომელსაც ძალუძს, მოკლას და აცოცხლოს, მოსწყლას და განკურნოს, იხსნას და დაღუპოს.

2. თაყვანი ეცი და მადლი შესწირე ღმერთს, რომელმაც აღგადგინა შენ ძილისაგან და არ წარგწყმიდა უსჯულოებათა შინა შენთა, ხანგრძლივად მომლოდინემ შენისა მოქცევისა.

3. სათავე დაუდე უკეთესს, და მეფსალმუნესთან ერთად თქვი: „ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა“ (ფს. 76, 12), რამეთუ გზა ზეცისაკენ კეთილად არ წარიმართება, თუ არა - ყოველი დღის კეთილად დაწყებით.

4. დილიდანვე ლოცვაში სერაფიმს მიემსგავსე, საქმეებში - ქერუბიმს, ქცევებში - ანგელოსს.

5. დროს ამაოდ, საჭიროების გარეშე ნუ დაკარგავ.

6. ყველა საქმეში, სიტყვასა და ფიქრში გონება ღვთისკენ მიაქციე, ნურაფერს დახატავ მასში, გარდა ქრისტესი, ნურავითარი სახე, დაე, ნუ მიეკარება შენს გულს, გარდა ქრიტეს ღვთისა და მაცხოვრის უწმიდესი სახისა.

7. ყოველგვარი ხერხით გააღვივე შენში ღვთის სიყვარული, ხშირ-ხშირად განსაჯე მეფსალმუნესთან ერთად: „განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი“ (38, 4).

8. ინებებ რა განუწყვეტლივ გიყვარდეს ღმერთი, მის შენთან მყოფობას მუდამ შინაგანი მზერით უმზირე და ამის გამო ყოველგვარ ბოროტ საქმეს, სიტყვას თუ გულისხმისყოფას განეშორე. და ყოველივე პატიოსნად, სიმდაბლითა და შვილებრივი შიშით აღასრულე, თქვი და გულისხმაჰყავ.

9. ღირსებასთან ერთად მუდამ იქონიე სიმდაბლე.

10. სიტყვა შენი იყოს წყნარი, მდაბალი, პატიოსანი და სასარგებლო. დაე, მდუმარებამ გამოთქვას შენი სათქმელი. ხოლო უქმი და ბილწი სიტყვა, დაე, ნუ გამოვა შენს ბაგეთაგან.

11. თუკი სიცილი მოგიხდება, - მხოლოდ ღიმილამდე და ისიც არა ხშირად.

12. გაშმაგებასა და სიცოფეს უფრთხილდი: მრისხანებაში ზომიერება შეინარჩუნე.

13. ჭამა-სმაში მარად შეინარჩუნე თავშეკავება.

14. ყველაფერში ლმობიერი იყავი და მაშინ ღმერთი ნეტარ-გყოფს და ადამიანებიც შეგაქებენ.

15. ყველაფრის ბოლო სიკვდილია და მასზე მუდამ უნდა ილოცო.

ხედავთ, როგორი კეთილქმნული ცხოვრებაა განწესებული ქრისტიანი მლოცველისათვის? აქ მითითებულია, რომ ლოცვა - ეს გულისა და გონების მიმართვაა ღვთისაკენ, და იქვე აღნიშნულია სხვადასხვა სათნოებანიც, რომელთა გარეშე ლოცვის აღსრულება შეუძლებელიც კია, რასაც თვითონ გამოცდის და გაიგებს საქმით ყველა, ვინც კი საჭიროებისამებრ დაიწყებს ვარჯიშს ლოცვაში. როგორ ილოცებ, თუკი დამძიმებული ხარ თავშეუკავებლობით, ან მრისხანებითა ხარ აღშფოთებული და სევდით სავსე ხარ, ან მშვიდობა არა გაქვს ვინმესთან, საზრუნავებითა ხარ გატაცებული, ან დაფანტული ხარი და ა.შ.? ხოლო თუკი ამას შენთან ადგილი არა აქვს, მაშინ უნდა გაგაჩნდეს საპირისპირო - ე.ი. სათნოებები. ამიტომაც ამბობს წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, რომ ლოცვა არის დედაც და პირმშოც სათნოებათა.

ამის გაგონებისას ზოგმა იქნებ გაიფიქროს: „რა დიდი მოთხოვნებისა! რა მძიმე ტვირთია! საიდან მოვიტანოთ საამისო დრო და ძალები?“ მაგრამ გამაგრდით, ძმანო! ძალიან ცოტაა საჭირო, თქვენ მხოლოდ საღვთო შური იქონიეთ და ღმერთში დაინახეთ საკუთარი სულის ხსნა. სულს ჩვენსას თავისი ბუნებით მრავალი კეთილი საწყისი გააჩნია, რომელიც უამრავი სისაძაგლითაა დაფარული. მაგრამ როგორც კი აღორძინდება მასში საღვთო შური ხსნისა და ღვთისათვის სათნოყოფისა, მაშინვე მთელი სიკეთე სულისა ამ მოშურნეობის გარშემო შეიკრიბება. შემდეგ ეს მოშურნეობა, ღვთის მადლით განმტკიცებული, ამ საწყისი სიკეთის დახმარებით სხვა სათნოებათა შეძენას დაიწყებს, თანდათან განმდიდრდება და გაიზრდება. თვით მოშურნეობას უკვე გააჩნია ლოცვის ჩანასახი. ბუნებრივი სიკეთით ის მხოლოდ პირველ ჯერზე იკვებება, შემდეგ კი შრომით შეძენილი სიკეთით იწყებს კვებას, გაიზრდება, განმტკიცდება და იგალობებს ღვთისადმი. და ეს გალობა იქნება კეთილჟღერადი და მრავალხმოვანი.

20 დეკემბერი, 1864 წ.