წმიდა თეოფანე დაყუდებული
ოთხი სიტყვა ლოცვის შესახებ
II

გუშინ მე მოგახსენეთ საკუთარ თავში ლოცვის სულის აღზრდის ერთი საშუალება, კერძოდ: ლოცვის აღვლენა ჩვენს მიერ მისი დანიშნულების შესაბამისად. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ლოცვის მეცნიერებისა. გავიხსენოთ, როგორ სწავლობენ, მაგალითად ენებს: თავდაპირველად წიგნიდან იმახსოვრებენ სიტყვებსა და ფრაზებს, მაგრამ აქ როდი ჩერდებიან, შემდეგ ცდილობენ მიაღწიონ და აღწევენ კიდეც იმას, რომ სწორად და ხანგრძლივად იმეტყველონ შესწავლილ ენაზე. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენს შემთხვევაშიც: ლოცვას ჯერ ლოცვანის მიხედვით შევეჩვიოთ, სადაც მზა ლოცვებია მოცემული, - გადმოცემული უფლისა და წმიდა მამათა მიერ. მაგრამ აქ კი არ შევჩერდეთ, არამედ ვეცადოთ უფრო წინ წავიწიოთ და მას შემდეგ, რაც სხვის ლოცვაზე დაყრდნობით ვისწავლით, თუ როგორ მივმართოთ ღვთისაკენ გული და გონება, შევეცადოთ საკუთარი ლოცვა აღვუვლინოთ მას, რათა ჩვენი სული საკუთარი სიტყვებით წარსდგეს ღმერთთან ლოცვით საუბარში, თავად განცხადდეს მის წინაშე და თავად მიმართოს აღსარებით იმის შესახებ, თუ რას გრძნობს და რა სურს. საჭიროა, განვსწავლოთ ამაში საკუთარი სული. ამიტომ მოკლედ მიგითითებთ, როგორ წარემატოთ ამ მეცნიერებაში. მით უფრო, რომ თავად კეთილკრძალული, ყურადღებიანი და მგრძნობიარე ლოცვის ჩვევასაც აქეთ მივყავართ, რამეთუ ვითარცა პირთამდე სავსე ჭურჭლიდან წყალი თავისით გადმოდინდება, ასევე ლოცვის მიერ წმიდა გრძნობებით აღვსებული გულიდანაც თავისთავად გადმოიღვრება საკუთარი ლოცვა ღვთისადმი. მაგრამ არსებობს განსაკუთრებული, სწორედ ამ მიზნისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელთაც უნდა მიმართოს ყველამ, ვისაც კი სურს წარმატებას მიაღწიოს ლოცვაში.

მითხარით, რა მიზეზითაა, რომ ზოგჯერ ლოცვანის მიხედვით წლობით ლოცულობენ, მაგრამ ლოცვა ჯერ მაინც არ გააჩნიათ გულში? ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება, რომ ცდილობენ, მხოლოდ მაშინ მოიკრიბონ ძალები ღვთის წინაშე წარსადგომად, როცა ჩვეულ ლოცვას აღასრულებენ დილა-საღამოს. მთელ დანარჩენ დროს კი არც ახსენდებათ ღმერთი. მაგალითად, დაასრულებენ თუ არა დილის ლოცვებს, თვლიან, რომ ღმერთთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი შეასრულეს, და მთელი დღის განმავლობაში, როცა საქმე საქმეს მოსდევს, არც მიმართავენ მას. საღამოს კვლავ აგონდებათ, რომ ისევ მალე უნდა დადგნენ ლოცვად. სწორად ამიტომაა, რომ თუკი უფალი დილით რაიმე კეთილ გრძნობას გვანიჭებს, მას აუცლებლად შთანთქავს ამაოებითა და საქმეებით დატვირთული დღე. ამიტომაც არა გვაქვს საღამოს ლოცვის ხალისი და ვერაფრით ვახერხებთ, ოდნავ მაინც მოვალბოთ სული და რიგიანად ვილოცოთ. აი, სწორედ ეს ცდომილება (და თითქმის საყოველთაო!) უნდა გამოვასწოროთ და ვიზრუნოთ იმისათვის, რომ სული მხოლოდ მაშინ კი არ მიმართავდეს ღმერთს, როცა ლოცვად ვდგავართ, არამედ მთელი დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად, თითქმის განუწყვეტლივ მაღლდებოდეს მასთან და მასთან იმყოფებოდეს.

ამისთვის კი საჭიროა:

1. დღის მანილზე რაც შეიძლება ხშირად მივმართოთ ღმერთს მოკლე ლოცვებით - სულის საჭიროებისა და მიმდინარე საქმეების შესაბამისად. როცა, მაგალითად, იწყებ რამეს, - თქვი: „მაკურთხე უფალო!“ როცა მორჩები საქმეს, - ჰმადლობდე: „დიდება შენდა, უფალო“, - და არა მხოლოდ ენით თქვი ეს, არამედ გრძნობითაც. თუკი რაიმე ვნება აღგეძრება, - თქვი: „ვიღუპები, შემეწიე უფალო!“ როცა ბნელი გულისთქმები გიპყრობენ, - შეჰღაღადე: „გამოიყვანე სიბნელიდან სული ჩემი!“ თუ უსჯულო საქმე გელოდება და ცოდვა გეწევა მისკენ, - ილოცე: „დამაყენე გზაზე, უფალო, და ნუ დააბრკოლებ ფერხთა ჩემთა“. თუკი ცოდვები გთრგუნავენ და სასოწარკვეთილებაში გაგდებენ, ავაზაკის მსგავსად მიმართე უფალს: „ღმერთო, მოწყალე იქმენ ჩემ ცოდვილსა ზედა!“ და ასე ყველა შემთხვევაში. ან უბრალოდ ხშირად იმეორე: „უფალო, შემიწყალე“; „დედოფალო ღვთისმშობელო, შემიწყალე მე“; „ანგელოსო ღვთისაო, მფარველო ჩემო წმიდაო, დამიცევ მე“, ან სხვა რაიმე სიტყვებით შეჰღაღადე. მხოლოდ რაც შეიძლება ხშირად მიმართე ამ ხერხს, თანაც ეცადე, ყოველთვის გულიდან გამოდიოდეს ღვთისადმი შენი მიმართვები. თუ ამას შევძლებთ, ჩვენ ხშირად ავმაღლდებით მასთან გულითა და გონებით. და ამგვარი ხშირი ლოცვა კი მასთან გონივრული საუბრის ჩვევას გამოგვიმუშავებს. მაგრამ იმისათვის, რომ სულმა ასე მიმართოს ღმერთს, საჭიროა, წინდაწინ ვაიძულოთ იგი, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთოს. „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორ. 10, 31). თუკი მოციქულის ამ მცნებას კანონად დავიდებთ და ყველაფერს ღვთის სადიდებლად ვიქმთ, მაშინ ჩვენი ყოველი საქმის დროს უცილობლად გავიხსენებთ ღმერთს, და გავიხსენებთ არა უბრალოდ, არამედ იმის შიშით, - როგორმე არასწორად არ მოვიქცეთ რამეში და არ შეურაცხვყოთ იგი. ეს კი გვაიძულებს, ლოცვით გამოვითხოვოთ მისგან შემწეობა და გამოწვრთნა. ასე და ამგვარად, ყოველთვის, როცა რაიმეს ვიქმთ (ჩვენ კი ყოველთვის რამეს ვაკეთებთ), ჩვენ თითქმის უწყვეტი სწავლით დავეუფლებით ღვთისადმი ლოცვით ამაღლების მეცნიერებას.

მაგრამ იმისათვის, რომ სულმა საჭიროებისამებრ შეასრულოს ეს, - ე.ი. ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთოს, საჭიროა იგი ამისთვის ადრეული დილიდანვე განვაწყოთ, ჯერ კიდევ დღის დასაწყისიდან, ვიდრე საქმეს შევუდგებოდეთ. ამ განწყობილების მოპოვება ღვთისგააზრებით ხდება, რომელიც მესამე საშუალებას წარმოადგენს იმისათვის, რომ სული ღვთისადმი ხშირად მიმართვას შეეჩვიოს.

ღვთისგააზრება - ეს არის კეთილკრძალული განსჯა ღვთაებრივ თვისებათა შესახებ და იმის შესახებ, თუ რას გვავალებს ამ თვისებების ცოდნა. ეს არის განსჯა ღვთის სახიერების, სამართლიანობის, სიბრძნის, ყოვლისშემძლეობის, ყველგანმყოფობის, ყოვლისმცოდნეობის, მისი საქმეებისა და განგებულების, უფალ იესო ქრისტეში განცხადებული მაცხოვარების, მადლისა და ღვთის სიტყვის, წმიდა საიდუმლოებების, ზეციური სასუფევლის შესახებ. ამ საგნებიდან რომელ მათგანზეც არ უნდა განსაჯო, ეს განსჯა დაუყოვნებლივ აავსებს სულს კეთილკრძალული გრძნობით ღვთისადმი. განსაჯე, მაგალითად, ღვთის სახიერების შესახებ და დაინახავ, რომ სულიერად და ფიზიკურად შენ ღვთის მოწყალებითა ხარ გარემოსილი, და ქვა უნდა იყო, - მადლიერებით აღსავსე, გულშემუსვრილი არ დაეცე მის წინაშე; განსაჯე ღვთის ყველგანმყოფობაზე და გულისხმაჰყოფ, რომ ყველგან ღვთის წინაშე იმყოფი და ღმერთი კი - შენს წინაშე, მიხვდები, რომ არაფერია შენში დაფარული ღვთის თვალისაგან, - და მაშინვე ყურადღებიანი გახდები შენი გულისა და გონების მოძრაობებისადმი, რათა როგორმე არ შეურაცხყო ყოვლისმხედველი ღმერთი; განსაჯე სამართალი უფლისა, - და დარწმუნდები, რომ არც ერთი უკეთური საქმე არ დარჩება დაუსჯელი, და შეეცდები ყველა შენი ცოდვისაგან განიწმინდო გულშემუსვრილებითა და ღვთის წინაშე სინანულით. ამგვარად, ღვთის რომელ თვისებასა და მოქმედებაზეც არ უნდა დაფიქრდე, ყოველი მათგანი მისდამი კეთილკრძალულებით აავსებს შენს სულს. იგი პირდაპირ ღვთისაკენ მიმართავს ადამიანის მთელ არსებას და ამიტომაც ყველაზე პირდაპირი საშუალებაა ღმერთთან ამაღლებისათვის. ჩემი აზრით, ყველაზე ხელსაყრელი დრო ამისთვის დილაა, როცა სული ჯერ კიდევ არ დატვირთულა შთაბეჭდილებებითა და საქმე-საზრუნავებით, და კერძოდ, დილის ლოცვის შემდგომი პერიოდი. მორჩები თუ არა ლოცვას, ჩამოჯექი და ლოცვით განათებული გონება მიაპყარი დღეს ღვთის ერთ თვისებასა და მოქმედებას, ხვალ - მეორეს და შესაბამისი განწყობაც გააღვივე საკუთარ სულში. „მოდი, - ამბობდა წმიდა დიმიტრი როსტოველი, - მოდი, წმიდაო ღვთისგააზრებავ, და ღვთის უდიდეს საქმეებზე განსჯაში ჩავიძიროთ“. და ასე მოივლიდა იგი აზრით ხან ღვთის საქმეებსა და განგებულებას, ხან მაცხოვრის ტანჯვასა და სასწაულებს, ასე აღიძვროდა გულით და ლოცვად ღვრიდა საკუთარ სულს. ასევე შეუძლია მოიქცეს ყველა ჩვენგანსაც. შრომა მცირეოდენია (მხოლოდ სურვილი და გადაწყვეტილებაა საჭირო), ნაყოფი კი - დიდი.

აი, ის სამი ხერხი, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება ღმერთთან ლოცვით აღსვლა ვასწავლოთ სულს, სახელდობრ:

1) მივუძღვნათ დილით გარკვეული დრო ღვთისგააზრებას;
2) ყოველი საქმე ვაკეთოთ ღვთის სადიდებლად;
3) ხშირად მივმართოთ ღმერთს მოკლე ლოცვებით.

თუკი დილას კარგად აღვასრულებთ ღვთისგააზრებას, იგი სულში ღვთის შესახებ განსჯის ღრმა განცდას დატოვებს. განსჯა ღვთის შესახებ აიძულებს მას, სიფრთხილით მოეკიდოს ყოველგვარ შინაგან თუ გარეგან მოძრაობას და ყველაფერს ღვთის სადიდებლად იქმოდეს, რაც თავის მხრივ, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებს სულს, რომ მისგან ხშირ-ხშირად აღმოხეთქავს ლოცვითი მიმართვები ღვთისადმი. ეს სამი საშუალება: ღვთისგააზრება, ყოველი საქმის ღვთის სადიდებლად ქმნა და ხშირი მიმართვა ლოცვით ღვთისადმი, - არსებითად ყველაზე ქმედითი საშუალებებია გონივრული და გულითადი ლოცვისათვის, და ყოველ მათგანს უცილობლად აჰყავს სული ღმერთამდე. ვინც რიგიანად ივარჯიშებს მათში, ის ნაყოფსაც მალევე იგემებს და მისი შრომა მთაზე ასვლას დაემსგავსება, - რამეთუ რაც უფრო მაღლა ავდივართ მთაზე, მით უფრო თავისუფლად და მსუბუქად ვსუნთქავთ. ასევეა აქაც, - რაც უფრო მეტად ვივარჯიშებთ მითითებული ხერხებით, მით უფრო მაღლა აღვიყვანებით, და რაც უფრო მაღლა ადის სული, მით მეტი თავისუფლებით მოქმედებს მასში ლოცვა. სული ჩვენი თავისი ბუნებით ზეციური, ღვთაებრივი სამყაროს ბინადარია, და სწორედ იქ უნდა იმყოფებოდეს გულითა და გონებით, მაგრამ მიწიერი აზროვნებისა და ვნებების ტვირთი ამძიმებს და მიწისკენ იზიდავს მას. ზემოთ მოყვანილი საშუალებები ნელ-ნელა სწყვეტენ სულს მიწას, ბოლოს კი მთლიანად მოსწყვეტენ, - და მაშინ იგი თავის სამყოფელში დაივანებს ჯერ გულითა და გონებით, შემდეგ კი მთელი არსებითაც ღირს-იქმნება ღვთის პირის ჭვრეტისა ანგელოსთა და წმიდათა დასთან ერთად. დაე, ყველა თქვენგანი ღირს-ჰყოს ამისა უფალმა თავისი მადლით, ამინ.

22 ნოემბერი, 1864 წ.