ახლა, ხელის ერთი მოსმით გასწავლი ყველაფერს, რაც არის საჭირო თითოეული ადამიანის სულის გადასარჩენად. ეს შეიძლება მოკლედ ასე ჩამოვაყალიბოთ: „გწამდეს და მოიპოვებდე მადლიან ძალებს, წმ. საიდუმლოებების მეშვეობით; იცხოვრე ღვთის მცნებებით, ღვთისაგან დადგენილი მოძღვრების ხელმძღვანელობით, და იმყოფებოდე ცოცხალ კავშირში წმ. ეკლესიასთან“.
შენთვის რომ უფრო გასაგები იყოს, როგორი აუცილებელია ეს ყველაფერი, შეადარე სულის ხსნის გზით სიარული, ჩვეულებრივი გზით სიარულს. მგზავრმა რომ უშიშრად და მოხერხებულად იაროს, საჭიროა, იყოს ნათელი და გაკვალული გზა, თვითონ კი - ჯანმრთელი და გამძლე; საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, მოსახვევებში და გზაჯვარედინებზე ჰყავდეს ვინმე გვერდით, ვინც მიანიშნებდა, რომელი გზით ევლო. ასევეა სულის ხსნის გზაზე სიარულის დროსაც: აუცილებელია ნათელი - ეს არის რწმენა; აუცილებელია გაკვალული გზა - ეს ღმერთის მცნებებია; აუცილებელია ჯანმრთელობა და სიმტკიცე - ეს მადლმოსილი ძალებია, რომელთაც წმ. საიდუმლოებები გვაწვდის; აუცილებელია გზამკვლევნი და ხელმძღვანელები - ესენი არიან საეკლესიო მოძღვრები.
ყოველივე ამას შენ ხედავ მოქმედებაში მყოფს წმ. ეკლესიაში, რომელთანაც ყველა ცოცხალ კავშირშია და შესაბამისად იღწვიან თავიანთი თავის გადასარჩენად. ვინც სასუფეველი დაიმკვიდრა, ყველა ამ გზით მიდიოდა და, ვისაც სურს სულის ხსნა, ისიც ამ გზით მიდის... გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს.
მე არ ვფიქრობ, რომ შენ განსაკუთრებულად გჭირდება ახსნა და მტკიცება იმისი, თუ როგორი აუცილებელია თითოეული ამ მუხლებიდან სულის გადასარჩენად. მოგიყვები მაინც ერთ რამეს.
რწმენა რომ აუცილებელია სულის ხსნისათვის, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ურწმუნო ადამიანს ფიქრადაც არ მოსდის სულის ხსნაზე ზრუნვა. ამაზე წერს მოციქული პავლე: „თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების“ (ებრ. 11,6).
რწმენით კი ყველაფერი ის, რაც გაგვიხსნა უფალმა, უნდა ვირწმუნოთ სრულად, მიმატებისა და გამოკლების გარეშე, და უნდა ვირწმუნოთ ისე, როგორც გვასწავლის ამას წმ. მართლმადიდებელი ეკლესია.
კერძოდ ის, რომ ღმერთი ერთარსი და სამპიროვანია; რომ მან თავისი სიტყვით შექმნა სამყარო და ზრუნავს მაზე; რომ მან შეგვქმნა ჩვენ სასუფევლისათვის თავის ხატად და მსგავსად, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ იგი, პირველმშობელთა ურჩობის გამო; რომ ჩვენ თვითონ უძლურნი ვიყავით ამ დაცემის შემდეგ წამოსადგომად;
და, რომ ძე ღვთისამ შეგვიწყალა და აიღო რა საკუთარ თავზე ჩვენი გამოსყიდვა და აღდგინება, მოვიდა დედამიწაზე, ხორცი შეისხა, ეწამა, ჯვარს ეცვა, აღსდგა, ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა, ნიშნად მისგან გაღებული მსხვერპლის შეწირვისა და მორწმუნეთადმი მისი მეოხებისა;
რომ ამაღლების შემდეგ გარდამოავლინა მან მამისაგან სულიწმიდა, რომელმაც მოციქულები აღავსო სიბრძნითა და ძალით; მათ კი მისით სულჩადგმულებმა გაავრცელეს დედამიწაზე ქრისტიანობა და მორწმუნეებისაგან შექმნეს ერთი, მთლიანი სხეული წმიდა ეკლესიისა, რომლის თავიც არის უფალი იესო ქრისტე, მაინდეს რა ეკლესიას სარწმუნოების ყველა საიდუმლო და მადლის მომნიჭებელი ყველა საიდუმლოებანი;
რომ ამ მადლიანი საგანძურის ხელში დამრიგებლად და, საერთოდ, მოციქულთა საქმეების გამგრძელებლად ეკლესიის შექმნაში, მოციქულებმა თვით უფლის განგებულებით დატოვეს თავიანთი მემკვიდრეები - ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებიც განსაკუთრებულ მადლს, ხელდასხმის შემდეგ იღებენ; ასე განუწყვეტლად მოდის მოციქულებიდან დღემდე; თითოეული ჩვენთაგანის სულის ხსნა ხდება ეკლესიის წიაღში, არა განცალკევებით, არამედ სხვებთან ერთად; ყველა ჭეშმარიტად მორწმუნისათვის საერთო ცხოვრების წესით, ეკლესიური საიდუმლოებების მადლითა და საეკლესიო მოძღვრების ხელმძღვანელობის ქვეშ; თითოეული ადამიანის ხსნა აქ, დედამიწაზე დაფარულად მიმდინარეობს და მთელი სინათლით სხვა ცხოვრებაში გაცხადდება, რისი იმედითაც ფრთაშესხმულნი ვიტანთ ნესით თუ უნებლიე აკრძალვებს; ჩვენგან სიკვდილის კარიბჭით გასულები სხვა ცხოვრებაში არ წყდებიან ეკლესიის ერთიან სხეულს და არ წყვეტენ ჩვენთან ურთიერთობას, ოღონდ ეს ხდება უხილავად.
ეს ყველაფერი უნდა გწამდეს. ჩვენ ამ რწმენას ვაღიარებთ სარწმუნოების სიმბოლოს ყოველდღე არაერთგზის წაკითხვით. მთელი სარწმუნოება მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ღმერთი, რომელიც წმ. სამებით თაყვანის-იცემება, სამყაროს შემქმნელი და მასზე მზრუნველი, გვაცხოვნებს ჩვენ დაცემულებს, უფალ იესო ქრისტეში მამის ნებითა და სულიწმიდს მადლით თავის წმ. ეკლესიაში, რომლის მიერ ჩვენი ხსნა აქ დაფარულად აღესრულება; ხოლო მომავალ ცხოვრებაში მთელი თავისი გამოუთქმელი ნათლით გაბრწყინდება. ხედავ, რომ ყველა პუნქტი, რომელიც მე ჩამოგითვალე, როგორც ხსნის პირობა, შეადგენს სარწმუნოების საგანს. გწამდეს მთელი სულით, რომ ეს ასეც არის, და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.