შენ მწერ: „ჩვენ შეცბუნებულები ვართ იმის გამო, თუ რატომ არ იღებენ ჩვენი მოძღვრები ხმას. ის მასწავლებელი თუ ყველგან დადის, იღწვის, ასწავლის და ლაპარაკობს აღფრთოვანებით, ამ დროს ჩვენები კი - სდუმან. ეკლესიაშიც, ძალიან იშვიათად თუ რომელიმე ჩვენი მოძღვართაგანი იქადაგებს; ისინი ძირითადად ღვთისმსახურებას აღასრულებენ. საჭიროა, ცოცხალი სიტყვა, ის კი არ არის“.
მაშინ მეც შეგეკითხები: მიგიმართავთ კი თქვენი მოძღვრებისათვის კითხვით, რომ დადის ვიღაც მასწავლებელი, გვკრებს ერთად და გვასწავლის - იქნებ გენახათ, სწორედ გვასაწავლის თუ არა? არც ერთს არ მიგიკითხავთ. აი, რამდენჯერ მომწერე მე ამხლეა მანძილზე, და ერთხელაც არ გიხსენებია, რომ მიგიმართავს შენი მოძღვრისათვის, რომელიც გვერდით გყავს და რომელსაც ხედავ ყოველ კვირადღეზე თუ დღესასწაულზე.
ამის შემდეგ, როგორღა გაიგებენ თქვენი მოძღვრები, თუ რას აკეთებთ თქვენ დაფარულად? თქვენი მოძღვარი მოდის ეკლესიაში, ხედავს თავის მრევლს შეკრებილსა და მხურვალედ მლოცველს, და მშვიდად არის, დარწმუნებული იმაში, რომ მის სამწყსოს პრობლემები არ აქვს.
ამის გარდა, თქვენ დოგმები ხომ იცით, ღვთის მცნებებიც გახსოვთ, ღმერთის ეკლესიას ყველაფერში ემორჩილებით. ამის მეტი რაღა გითხრათ? მხოლოდ ხანდახან თუ გჭირდებათ ხოლმე, რომ ვინმემ აგიხსნათ რომელიმე დოგმის, მცნებისა თუ საიდუმლო არსი. მაგრამ, როგორც შენ ამბობ, ეს ზოგჯერ კიდეც ხდება. ამის გარეშეც, ჩვენი ღვთისმსახურება ისეა შედგენილი, რომ ყურადღებიან მორწმუნეს დოგმებსაც ახსენებს და უფლისმიერი ცხოვრების წესსაც. როგორც ამას ყველა აღიარებს, საკმარისია ეკლესიაში ერთხელ მაინც რომ მიხვიდე, რათა სრულფასოვნად აღდგეს რელიგიური განწყობილებები.
გეთანხმები, რომ მოძღვრებმა თავიანთ მორწმუნე მრევლთან უფრო ხშირად უნდა ისაუბრონ როგორც ეკლესიაში, ასევე ეკლესიის გარეთაც. მაგრამ, თუ ეს ასე არ ხდება, ვერ დაგეთანხმები იმაზე, რომ ამის გამო, თითქოს სამწყსო სრულიად მოკლებულია ყველანაირ სულიერ საზრდოს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, თუ ვინმე არის დასადანაშაულებელი, მე მზად ვარ, უფრო მეტად თქვენ დაგადანაშაულოთ, ვიდრე თქვენივე მოძღვრები. თქვენც ნუ მოგერიდებათ, გამოთქვათ სურვილი, სთხოვეთ, უფრო მეტად განგიმარტოთ დასახელებული პრობლემები, და რომელი მწყემსი გეტყვით უარს, ასეთი კეთილი სურვილის დაკმაყოფილებაზე? თქვენ თვითონ ერიდებით მოძღვრებს და როდესაც რომელიმეს ხვდებით, არ ესაუბრებით სარწმუნოების საკითხებზე. ამიტომ ისიც, თქვენი შემხედვარე, არ საუბრობს ასეთ რამეებზე. შემდეგ კი - აღარ ეკლესიაში ქადაგებს, ეშინია, არ შეგაწყინოთ თავი და ტაძარი არ მიატოვოთ.
მე არ ვამართლებ მდუმარე მოძღვრებს; მათი მოვალეობაა, აიძულონ თავი და ისაუბრონ, ხოლო მრევლისა კი - მათ უსმინონ. მაგრამ შეგახსენებთ, რომ აქ თქვენი დანაშაულიც არის.
შენ მწერ: „ჩვენი მღვდლები სდუმან, ის მოძღვარი კი ყველგან ქადაგებს“. ის იმიტომ ინდომებს ასე, რომ სურს, თავისთვის შეაგროვოს მოსწავლეები და მიმდევრები; ხოლო, როდესაც შეაგროვებს, ისიც გაჩუმდება, რადგან მოწაფეებს, რომლებიც შეკრიბა, ეცოდინებათ ყველაფერი, რასაც ის ჩვეულებრივ ასწავლის. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამდენი მონდომება, გაუთავებელი სირბილი და ხმამაღალი ყვირილი, არ გამოხატავს საქმის ნამდვილ და ჯანმრთელ მდგომარეობას.
წარმოიდგინე ადამიანის სხეული. როდესაც ის ჯანმრთელია, მაშინ ყველა მოქმედება მშვიდად მიმდინარეობს: პულსი ნორმალურია, სუნთქვა თანაბარი, თავი მსუბუქი, ნერვებისა და კუნთების დაძაბულობა ზომიერი. მაგრამ, როდესაც კი რომელიმე ამათგანი გამოვა მწყობრიდან, მოქმედების სიმშვიდე ირღვევა და სხეული ავადდება.
იგივე ხდება სარწმუნოებისა და სულის ხსნის საქმეშიც. თქვენ და მთელი თქვენი მრევლი, ერთად წარმოადგენთ ეკლესიის მცირე სხეულს. ყველა გადამრჩენელი მოქმედება მშვიდად მიმდინარეობს თქვენთან: თქვენ ხართ რწმენაში, ცდილობთ ქრისტიანულად ცხოვრებას, ეზიარებით წმ. საიდუმლოებებს, იცავთ ეკლესიის ყველა წესსა და ემორჩილებით თქვენს მოძღვრებას.
ყველასი და თითოეული თქვენთაგანის სულის ხსნის საქმე, წარიმართება მშვიდობიანად, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული არ შეიმჩნევა თქვენს შორის. როგორც ჯანმრთელი სხეული ვითარდება და ცხოვრობს შეუმჩნევლად, ასევე თქვენც ცხოვრობთ და ვითარდებით სულიერად, თუმცა კი - ასევე შეუმჩნევლად.
ამგვარად, თქვენი სიმშვიდე, რომელიც იმ ცრუ-მოძღვრის გააქტიურებულ საქმიანობას უპირისპირდება, სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მასთან შედარებით, უარეს მდგომარეობაში ხართ. პირიქით, ასეთი უხმაურო და მშვიდი დინება სულის ხსნის საქმეში, თქვენს ჯანმრთელ მდგომარეობაზე უფრო მეტყველებს. თქვენ სიკეთისკენ მიედინებით. ის მყვირალა კი - არანორმალურ მდგომარეობაში იმყოფება; და ის, რომ იგი ამდენს ჯახირობს, ბადებს აზრს, რომ იგი გიჟების რიცხვიდანაა.
მაგრამ, თუ რომელიმე თქვენთაგანი რელიგიური საქმეების მშვიდობიანი მიმდინარეობის პროცესში, უზრუნველობასა და დაუდევრობას გამოიჩენს, ეს შეცდომა იქნებოდა. ხოლო, თუ თითოეული თქვენთაგანი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გულმოდგინედ შეასრულებს ყველაფერს, რასაც ქრისტიანული სინდისი მას ავალდებულებს (თანაც, ამ დროს არავინ არაფრით გამოერჩევა სხვებს), მაშინ თქვენი ხსნის საქმე წესრიგშია და არაფერი გაქვთ სანერვიულო ამის გამო. ამგვარად, არც გადევნება გჭირდებათ ვინმეზე, აქაოდა, რაღაც გამორჩეულს წარმოადგენსო.
გაიხსენე, დასაწყისში რომ გეუბნებოდი, მგალობელთა გუნდში გამორჩეული ხმა ცუდად დაშვრება-მეთქი. ეს შედარება გამოდგება ახლაც, რათა გასაგები გახდეს ჩემი ამჟამინდელი სიტყვების არსი.
უკვე ყველაფერი გითხარი იმის შესახებ, რის საბაბსაც შენი წერილი იძლეოდა. მხოლოდ ერთს დავამატებ:
გაშორდი და მიატოვე ეს ახალი ცრუ-მოძღვარი, ეს გზააბნეული მოლოკანი, და მოეჭიდე, როგორც ადრე, წმ. მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მოძღვრებს. იგივე ურჩიე დანარჩენ ქრისტიანებსაც. გეყოფათ, რაც იბოდიალეთ იმ მყვირალასთან ერთად, რაც უცქირეთ, რაც უსმინეთ მის დამტკბარ ქადაგებებს. ის სიკეთისკენ არ წაგიყვანთ. იმისათვის კი, რომ მტკიცედ წინააღუდგე მისი ტკბილი საუბრით მოხიბლვას, იშოვე, როგორც ადრე გითხარი, „რწმენის ქვა“ და წაიკითხე.
კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, შეიკრიბოთ ყველანი ერთად, ვინც შეურაცხყავით თქვენი ყურთასმენა ეკლესიისათვის უცხო, ერეტიკული ქადაგებებით, და ერთად წაიკითხოთ, და ასე ამგვარად, დააღწიეთ თავი მტრის ამ საცდურს.
თარგმნა ნანა ქანდაურაშვილმა