† წმიდა თეოფანე დაყუდებული

ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ

წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს“

XI.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, შენ თავად შეგიძლია მიხვდე, რამდენი სიმართლეა თქვენი ახალი მასწავლებლის სიტყვებში.

„ერთხელ, - მწერ შენ, - ის ბევრს გეჩიჩინებოდათ იმაზე, რომ აუცილებელია, ხმამაღლა აღიარო იესო ქრიტეს სახელი; და, როგორც კი ვინმე ამას გააკეთებს, იგი მაშინვე ღებულობს თავის თავში უფალს; უფალი ავსებს მას და იცავს თავისი ღვთაებრივი მადლით. ის განსაკუთრებით გადაეკიდა ერთ პიროვნებას, ხმამაღლა აღიარე იესო ქრისტეო. მაგრამ მან უარი უთხრა: როგორღაც მრცხვენიაო“.

ძალიან კარგად მოიქცა ის კაცი, რომ არ დათანხმდა. სწორი სულიერება აქვს იმ პიროვნებას იმიტომ, რომ ასეთი აღიარება არც მეტი, არც ნაკლები, უფლის ნებას ეწინააღმდეგება.

ამ კეთილი ქრისტიანის მგრძნობიარე სინდისმა არ მისცა მას უფლება, რომ ასე მოქცეულიყო. რადგან ეს იქნებოდა ბაქიაობა და მანჭვა.

იესო ქრისტეს აღიარება უდიდესი გმირობაა და უფალი შეგვპირდა, რომ ასეთი გმირობისათვის თავადაც გვაღიარებს იგი თავისი ზეციური მამის წინაშე (მთ. 10,32). მაინც როგორი აღმსარებლობაა ფასეული ღვთის თვალში? ისეთი, როდესაც არჩევანია, ან აღიარო, რომ გწამს უფალი იესო ქრისტე და ამის აღიარებისათვის ეწამო თვით სიკვდილამდე; ანდა, უარყო ქრისტე და მსხვერპლი შესწირო კერპებს.

ასეთ გარემოებაში ქრისტეს აღმსარებელი სულით უკვე იღებს მოწამეობას. ამიტომაც მისი აღიარება ასეთი ძვირფასია. ღვთის ეკლესიაში აღმსარებლები მოწამეების გვერდით დგანან. მოწამეები არიან ისინი, ვინც ქრისტეს აღიარებისათვის აწამეს და მოკლეს. ხოლო აღმსარებლები კი ისინი არიან, რომელთაც აღიარეს ქრისტე, ეწამნენ ამისთვის, მაგრამ რაიმე შემთხვევის გამო უფლისათვის არ მოკვდნენ. აი, როგორ აღმსარებლობაზე საუბრობს უფალი! ამიტომ უყენია იგი ღვთის მოწამეების გვერდით, რამეთუ ამბობს იგი: „ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“ (მთ. 10,32-33).

ხოლო თქვენთან არის კი ისეთი გარემოება, რომ, ან უნდა აღიარო ქრისტე და ეწამო, ანდა უარყო იგი და ბედნიერად იცხოვრო?! არა, როგორც ჩანს, შესაძლებლობა არ არის ასეთი აღიარების გამოხატვისაც კი. არადა, როგორი ფასეულია იგი ღვთის თვალში. ბაქიაობა და ტრაბახი კი ყოველთვის შესაძლებელია.

გაიქეცი ქუჩაში და იყვირე: „მწამს იესო ქრისტე და ვაღიარებ“. მაგრამ ასეთი აღიარება იქნებოდა ქარის მოტანილი, როგორსაც თქვენი მასწავლებელი ითხოვდა.

თქვენი ახალი მასწავლებელი აღიარებასთან აკავშირებს ასეთი აღთქმას: „როგორც კი ხმამაღლა აღიარებ ქრისტეს, იგი მაშინვე შემოვა შენში“. საიდან მოიტანა მას ასეთი რაღაც?! ნახე, როგორ გვასწავლიან უფალი და წმ. მოციქულები იმის შესახებ, თუ როგორ ვიღებთ ქრისტეს ჩვენში. წმ. პავლე ამბობს: „რავდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალ. 3,27). ვინც ქრისტე შეიმოსა, რა თქმა უნდა, მან თავის თავში მიიღო იგი. მაშასადამე, ვინც ინათლება, ის უფალს იძენს. ნათლობის წინ მოსანათლი კითხულობს რა სარწმუნოების სიმბოლოს, აღიარებს ქრისტეს; მაგრამ ამით უფალი არ მკვიდრდება მასში, არამედ ხდება მხოლოდ მისი შემზადება ღვთის მისაღებად წმ. ნათლისღების წინ. უფლის მიღება კი ხდება ნათლობის მეშვეობით. აი, როგორ გვასწავლის მოციქული; თქვენი მასწავლებელი კი სხვანაირად განმარტავს. ეს მისი გონებიდან მოდის, და არა ღვთის აღთქმიდან და უწყებიდან.

ნახე, კიდევ რას ამბობს უფალი: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6,56). თუ უფალი იმყოფება მაზიარებელში, ეს, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ წმ. ზიარებისას ადამიანმა მიიღო იგი. მაშასადამე, ქრისტეს პატიოსან ხორცთან და სისხლთან მაზიარებელი, წმ. ზიარებისას თავად ღებულობს უფალს. ზიარების წინ ჩვენ ვაღიარებთ უფალს, როდესაც ვამბობთ: „მრწამს უფალო და აღვიარებ...“ მაგრამ ამ აღიარებას კი არ შემოჰყავს უფალი ჩვენში, არამედ წმ. სისხლისა და ხორცის მიღებას. აღიარება კი მხოლოდ გზას ხსნის უფლისაკენ, რომ მივიღოთ იგი ჩვენში წმ. ზიარების მეშვეობით.

ამგვარად, შენ ხედავ, რომ ჩვენ ნათლობის ძალით და წმ. ზიარების მადლით შემოგვყავს ქრისტე ჩვენში და არა მხოლოდ მისი აღიარების ძალით, თუმცა ამ აღიარებას ვიძლევით ორივე საიდუმლოს შესრულების წინ. თქვენმა მასწავლებელმა კი აირჩია სხვა გზა უფლის მისაღებად. ამას კი აკეთებს თავისი აზროვნებით, ცრუ სიბრძნით.

სხვა ადგილას, იმავე წმ. იოანე ღვთისმეტყველთან უფალი მიუთითებს კიდევ ერთ გზას ღვთის მოსაპოვებლად, კერძოდ, ღვთის მცნებების შესრულებას. „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი, - ამბობს იგი, - და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“. და კიდევ: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“ (ინ. 14,21-23).

არ იფიქრო, რომ მცნებების შემოჰყავს ჩვენში ნათლობისა და წმ. ზიარებისაგან ცალკე ან დამოუკიდებლად. ნათლობისა და წმ. ზიარების მადლი იძლევა ძალებს მცნებების ჭეშმარიტად შესრულებისათვის. ყველა მცნების აღმსრულებელი თავის სულს სათნოებებით ამკობს, ხოლო გულს კი ღვთის სავანედ და ტაძრად აქცევს. მაშინ ივანებს უფალი მასში. იგი ადამიანში ნათლობის წუთიდან შედის და უფრო ახლობელი ხდება მისთვის წმ. ზიარებისას.

მაგრამ ეხმარება რა გულს წმინდად ცხოვრებაში, მთლიანად მაინც ვერ წყნარდება მასში იმიტომ, რომ, ვიდრე არ ჩასახლდება ადამიანის სულში ყველა სათნოება მცნებების შესრულების გზით, მასში ჯერ კიდევ რჩება ვნებების კვალი; უფლისათვის კი არასასიამოვნოა ცოდვების სიმყრალე. იგი ვერ ისვენებს მასში, თითქოს ვერ ენდობა მას და კვლავ თავისი მყუდრო სავანის მოწყობას აგრძელებს. ხოლო, როდესაც სული განათდება სათნოებებით, მაშინ უფალი უკვე იმედიანად შედის მასში, როგორც სახლში და ივანებს მშვიდად, დაზღვეული ვნებებისა და ცოდვის არასასიამოვნო მოძრაობებისაგან.

ამგვარად, რწმენა იზიდავს უფალს, საიდუმლოებები კი უფლის ჩვენში შემოსვლასა და მის მოქმედების ღირსს გვხდიან. როდესაც მორწმუნე ღვთის დახმარებით განიწმინდება ყველა ვნებისაგან, მცნებების შესრულების გზით და გულში სათნოებების დანერგვით, მაშინ უფალი საბოლოოდ ჩასახლდება და განისვენებს მასში. აი, მთელი გზა ღვთის შესაძენად. მას თავისი საფეხურები აქვს, აქვს დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული.

მოყვანილ ადგილას უფალი გვესაუბრება ამ დასასრულზე. მაგრამ ძირი მთელი ამ საქმისა არის ღვთის საიდუმლოებების გზით მიღებაში. მათ გარეშე ვერც სარწმუნოება, ვერც სათნოებები ვერ მიიზიდავენ უფალს. მათ შეუძლიათ მხოლოდ ის, რომ მათ მქონებელ ადამიანს უფალი მიიყვანს საიდუმლოებების მიღებამდე და ამ გზით ჩასახლდება ადამიანში, როგორც მაგალითად, კორნილიოს ასისთავს დაემართა. ღვთის აღიარებასაც აქვს აქ ადგილი, მაგრამ, როგორც რაღაცა მოსამზადებელ ეტაპს, და არა როგორც მთავარ ძალას ღვთის მიღების საქმეში.

უფლის აღიარებას მხოლოდ ის ერთი მნიშვნელობა კი არა აქვს, რომ ხმამაღლა ვთქვათ - მწამს უფალი. ეს ნიშნავს, საერთოდაც იყო ქრისტიანი. როდესაც გვეკითხებიან: „რომელი აღმსარებლობისა ხარ“ და ჩვე ვუპასუხებთ: „ქრისტიანული“. ეს ჩვენი პასუხი ასეც უნდა ნიშნავდეს, რომ მე ვარ ქრისტიანი, ან ჩვენ ვართ ქრისტიანები. ახლა ეს სიტყვა მოვიძიოთ ზუსტი მნიშვნელობით. რას ნიშნავს იყო ქრისტიანი? ეს ნიშნავს, რომ გწამდეს სწორად, იცხოვრო წმინდად, ეზიარებოდე საიდუმლოებებს, ემორჩილებოდე მოძღვრების დარიგებებს, ეკუთვნოდე ღვთის მართლმადიდებლურ ეკლესიას და მკაცრად იცავდე ყოველ მის განგებულებას - ე.ი. შეასრულო ყველაფერი ის, რაც შეადგენს სულის ხნის გზას.

მაშასადამე, უფალს ნამდვილად აღიარებს ის, ვისაც სწამს იგი, ეზიარება წმ. საიდუმლოებებს და მათი მადლით იღებს რა ძალებს, ცხოვრობს წმინდად უფლის მცნებების დაცვითა და სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით; და ეს ყველაფერი, წმ. მართლმადიდებელ ეკლესიაში დადგენილია კანონებით. აი, ნამდვილი აღმსარებელი! და არა ის, ვინც მხოლოდ ხმამაღლა აღიარებს უფალს. წმ. იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში საუბრობს რა ღვთის აღიარებაზე, გულისხმობს ზუსტად ასეთ საქმიან აღმსარებლობას.

თქვენი ახალი მასწავლებელი უფლის ხმამაღალი აღიარების ნაყოფად მიიჩნევს იმას, რომ აღმსარებელი ივდება მადლით.

აღიარებას რომ შემოჰყავდეს უფალი, მაშინ მადლითაც აგვავსებდა, ვინაიდან მადლი არის უფლის სტუმრობა და ურთიერთობა ჩვენთან. მაგრამ, როგორც ზემოთ აგიხსენი, რომ უფალი აღიარებით კი არა, საიდუმლოებების მეშვეობით შემოდის, მაშინ ცხადია, რომ მადლით აღავსებს არა აღიარება, არამედ აღიარებასთან ერთად - საიდუმლოებები. ასევე აგიხსენი ზემოთ, რომ მადლი მხოლოდ და მხოლოდ საიუდმლოებების მეშვეობით შემოდის; და არ ყოფილა ღვთის ეკლესიაში შემთხვევა, რომ მადლს სხვა გზით აღევსო ადამიანი.

მაშასადამე, არ შეიძლება ისე ვიფიქროთ, რომ მხოლოდ უფლის ხმამაღლა აღიარებით მიიღება მადლი. ეს ძალიან ჰგავს იმას: გააღე პირი და გადაყლაპე მადლიო. სავსებით მართალი იქნებოდა, რომ თქვენი მასწავლებლისა და მათთვის, ვინც ეთანხმებიან მის სწავლებას და მხოლოდ უფლის ხმამაღალი აღიარებით იმედოვნებენ მადლის მიღებას - დოყლაპიები გვეწოდებინა.

გაგრძელება...