1. იესო ქრისტე არის დასაბამი, შუა და დასასრული (1კორ. 15,13). ყველასთან მყოფობს: პირველებში, (შდრ. კოლას. 1,12) საშუალოებშიც და უკანასკნელებშიც, არცერთ მათგანს არ გამოარჩევს, უკანასკნელებთანაც ისევეა, როგორც პირველებთან. არ განსხვავდება „ბარბაროს, სვვითელ, მონება, აზნარუება; არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე“ (კოლას. 3,11. შდრ. გალატ. 3,28).
2. წმინდა სამება პირველიდან უკანასკნელის ჩათვლით ყველას დაყველაფერს თხემიდან ტერფამდე განმსჭვალავს, ადუღაბებს, აბამს, აჯაჭვავს ურღვევი და მტკიცე კავშირით. ვინც ღმერთს შეიცნობს, ეცხადება ერთნაირად ყველას და „წინანი უკანა და უკანანი წინა არიან“(მათ. 20,16).
3. მორწმუნეებს ისე უნდა ვუყურებდეთ, როგორც ერთ ადამიანს, უნდა მიგვაჩნდეს, რომ თითოეულ მათგანში ქრისტეა ჩასახლებული და ისეთი სიყვარულით უნდა განვიმსჭვალოთი თითოეულისადმი, რომ მზად ვიყოთ თავგანწირვისთვის (შდრ. იოანე. 15,13). აქედან გამომდინარე, არ უნდა ვთქვათ, რომ მავანი და მავანი ბოროტია, არამედ ყველა დავსახოთ კეთილებად, როგორც ნათქვმია. ოდეს იხილავ, რომ ვითღაც ვნებებს ებრძვის და იგი შენი ძმაა, როდგანაც ვნებები შენც გძულს, შეებრძოლები მასთან ერთად. ხოლო არაზნეკეთილი ადამიანი თუ შეგხვდა, ვისზედაც ზეიმობს ავხორცობანი, ის უფრო მეტად გაამხნევე, შენც არ ჩავარდე მის მსგავსად ცთუნებებში, რამეთუ ყოველივე ცვალებადია.(გალ. 6.1).
4. ვითარცა ზეცირიურ ძალთა გაბრწყინვება ხელეწიფება მხოლოდ უფალს თანმიმდევრულად, დასებისდა შესაბამისად და ღვთაებრივი ნათება მსჭვალავს პირველიდან მეორეს, მეორედან - მესამეს და ასე შემდეგ, ასევე სულიწმიდის კავშირით შედუღაბებული და შეკავშირებული ანგელოსები წმინდანებს აბრწყინვებენ და მიიმსგავსებენ დასებისდა მიხედვით. ის წმინდანები, რომლებიც შემდგომ გაჩნდებიან თაობიდან თაობაში, დრო და დრო, ძველ, წინამორბედ წმინდანებს მცნებათა ზედმიწევნით აღსრულების საფუძველზე ემსგავსებიან, უკავშირდებიან და ღვთისგან დამწყალობლებულნი მათ მსგავსადვე ბრწყინდებიან. ასე და ამგვარად, აკინძულია ოქროს ჯაჭვი და ცალკეული, განუმეორებელი და განსაკუთრებული, წინმავალთან გადაბმულია რწმენით, ღვაწლითა და სიყვარულით. ასეთ ჯაჭვს, ღმრთივგანმტკცებულს, ვერარა ძალა ვერ გასწყვეტს.
5. ფარისევლურად პირმოთნე ან საქმეთაგან წარმოჩინდება დამნაშავედ, ან უეცრად დასნეულდება ვნებათაგან, ან გამოუსწორებელ დაუდევრობას გამოიჩენს რაიმეს მიმართ და ვერ მივითვლით ვითარცა უნაკლოს, არამედ შევრაცხავთ გარყვნილ და უხეშ პიროვნებად, ვინაიდან ბზარი ან გაჩნდეს ერთობაში, რომელიც უნდა იყოს გაუბზარავი და იმავდროულად ზღვარის დამდებიც ერთად მყოფთა შორის. რამეთუ თანაბრად ეუფლებათ სევდა წინ მყოფთ უკანანზე დარდით, უკან მყოფთ კი, წინ მდგომთა სიშორე ადარდებთ.
6. ვინც მთელი არსებითა და სიყვარულით წმინდანთაგან უკანასკნელს არ დაუკავშირდება (შდრ.ეფეს.3,8), თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრღნის გულგვამს, არასოდეს ეღირსება მიუახლოვდეს პირველი რიგის წმინდანებს და მათ დაუმშვენოს გვერდი. თუნდაც თავი მოჰქონდეს ღვთისა და ცალკეული წმინდანებისადმი უხინჯო რწმენა და სიყვარული მაქვსო (შდრ. 1კორ. 13,2), იგი სამუდამოდ გარიყულია, რამეთუ არ ინება მოთმინებით მდგარიყო იმ ადგილას, რომელიც უფალმა დაუწესა საუკუნოდ და ღვთისგან განჩინებულ უკანასკნელ წმინდანს არ დაუკავშირდა.
7. ღმერთი თავდაპირველად მორჩილებას გვიმწყალობებს, შემდეგ გამოუთქმელ სიხარულს და ნეტარებას. ღვთისადმი მორჩილებაშია ჩასახული იმედი ხსნისა. ოდეს უცოდვილესი სული სწუხს, სწორედ მაშინ, მორჩილებისთანავე, აღმოცენდება იმედი, გულის სიღრმეში იწყებს გაფურჩქვნას და მორჩილების მეოხებით ადამიანს გადარჩენას ჰპირდება.
8. ადამიანი, რაც უფრიო მორჩილია, განაქიქებს საკუთარ თავს, არ მიიჩნევს გადარჩენის ღირსად, ტირის და აფრქვევს ცრემლებს გამუდმებით, ამის სანაცვლოდ, გულში ეღვრება სულიერი სიხარული და იმავდროულად ესახება იმედიც უტყუარ დასტურად გადარჩენისა.
9. თითოეულ ჩვენგანს მართებს ჩაუღრმავდეს და ახლოით განჩხრიკოს საკუთარი თავი, რათა არ დარჩეს მარტოოდენ იმედის ამარა ღვთისგან ბოძებული ცრემლებისა და მორჩილების გარეშე და არც მხოლოდ მორჩილებასა და ცრემლებს დასჯერდეს იმედისა და სულიერი სიხარულის განუცდელად.
10. არსებობს ყალბი მორჩილება სიზანტის, უდებების, ან საოცარი სინდისის ქენჯნის შეგრძნებიდან გამომდინარე და არცთუ იშვიათად სახელდებულია ხსნის მიზეზად, სინამდვილეში ასე როდია, რადგან ამგვარი მდგომარეობა სიხარულის მომნიჭებელ ტირილს გამორიცხავს.
11. არსებობს ტირილი სულიერი მორჩილების გარეშე და ვინც მხოლოდ ცრემლებად იღვრება და ფიქრობს, რომ უსჯულოებათაგან განიწმინდება, რასაკვირველია, ამაოდ იტყუებს თავს. ასეთი ადამიანები მოკლებული არიან სულიწმიდის მადლს, რომელიც მალულად ამოიზრდება სულისა და გონების ცხრაკლიტულიდან და მათ უფლის წყალობას განაცდევინებს(შდრ. ფსალმ. 33.9). ისინი მალე ფიცხდებიან, არ ეთმობათ ეს სოფელი და არც სიამენი ამა სოფლისანი. ხოლო ვინც არარაობად არ შერაცხავს წუთისოფელს, სულითა და გულით არ შეიძაგებს, ნურც ოდესმე ექნება იმედი ხსნისა, რამეთუ იმედი სალ კლდეზე დაფუძნებია (შდრ. ლიკ. 6,48) და ხან სად დაუცდება ფეხი და ხან სად.
12. ტირილს ორმაგი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, ასევე ცრემლები ვნებათა ცეცხლს აშთობს და ადამიანს ბილწ გულისთქმათაგან განბანს. ამასთანავე, ვითარცა ცეცხლი, სულიწმიდის ცხოველსმყოფელობით აღანთებს, განათბობს და შანთავს გულს ღვთისადმი სიყვარულითა და სურვილით.
13. დააკვირდი და შეიცან თუ რა ძალა ჰქონია მორჩილებასა და ტირილს, რა სარგებლობის მოტანა ძალუძს ყოველდღიურად. ახლადმოქცეულებზე კი, იმდენად ძლიერ ზეგავლენას ახდენს, რომი ისინი გადაჭრით უარყოფენ ყოველგვარ მიწიერ საზრუნავს, უკიდურეს განდგომას მიელტვიან, მშობლებსა და ნათესავ-მეგობრებს მოკლებულნი, უგულვებელყოფენ არა მარტო უკანასკნელ გორშსა თუ ძონძს, არამედ სხეულსაც.
14. ვინც აგიზგიზებულ ღუმელში ჩაყრის მიწას, ჩააქრობს ცეცხლს. ასევე ცხოვრებისეული ფუსფუსი (ლუკ. 21,34) და ყოველგვარი დაუოკებელი ლტოლვა თუნდაც უმაქნისისა და უმნიშვნელოსადმი იმთავითვე ანელებს გულში გაღვივებულ ნაპერწკალს.
15. ამა სოფლის ბრწყინვალების, თვით ადამიანთა სიყვარულის გულიდან ამოღება და დავიწყება სიხარულითა და სიამოვნებით, თითქოსკედელზე გადაგებიჯებინოს და უკან მოგეტოვებინოს ყველაფერი, აუცხოებს ამა სოფელს, ყოველივე ამსოფლიურს, სამაგიეროდ, გონზე მოგიყვანს, ჭკუას გასწავლის, სიკვდილს გაგახსენებს და ჩაგაფიქრებს. მაშინ დინდგილებითა და სამსჭვალებით შემსჭვალული, შიშის მარწუხებში თრთი დღენიადაგ განკითხვის დღისა და მარადიული მისაგებლის მოლოდინში.
16. ბორკილებგაყრილ მსჯავრდებულივით შემოდის ამა ცხოვრების არენაზე ის, ვინც ძრწის უკანასკნელი სამსჯავროს შიშით. შიში არის უგულო ჯალათი, რომელიც საბრალდებულო სკამისკენ ექაჩება და მარადიულ კოცონში ჩაგდებით ემუქრება სიკვდილმისჯილს. შიში გულსა და გონებაში ღრმად იდგამს ფესვს, მოსვენებას უკარგავს ადამიანს და საშუალებას არ აძლევს ყოველდღიურ ადამიანურ საზრუნავზე იფიქროს. ჯვარცმულს საშინელი ტკივილების შეგრძნებით უთენდება და უღამდება. ხელი აუღია ყველაფერზე, აღარც სინდის-ნამუსი აწუხებს, პატივაყრილს ყველა და ყველაფერი ეზიზღება და აღარც იმისი თავი აქვს გაუსწორდეს მტერმოყვარეს.
17. ყოველივეს დამტევებელს, ცხოვრებისეულ სიამეთა მთელი არსებით უარმყოფელსა და განძარცვულს გარეგნულ აღკაზმულობათაგან სიკვდილის შიში სდევს დღემუდამ. იგი გემრიელად პურსაც არ ჭამს და წყალსაც არ სვამს მოსალოდნელი სიკვდილის შიშით შეპყრობილი. არამედ მხოლოდ იმდენს იღებს, რომ სხეული არ დაუძაბუნდეს და რაც საკმარისი იქნება სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ყოველგვარ პირად ნებასურვილს უგულვებელყოფს და იქცევა მონად, რომელსაც ყველაფერში განიკითხავენ, ყველაფერს უბრძანებენ და სამუშაოსაც ასრულებინებენ.
18. ვინც თავის ღვთისმიერ მამას ორგზის დაემონა ტანჯვის შიშით, ნაბრძანებიდან იმას როდი ამოირჩევს, რაც შეუმსუბუქებს გულისტკივილს და დახსნის შიშის ბორკილებს, არამედ ყურად არ იღებს არც მეგობრულ, არცფარისევლურ, არც იძულებით გამხნევაებს და უპირატესობას მიანიჭებს იმას, რაც უფრო გაამწვავებს მის ავადმყოფობას, მისთვის სასურველი იქნება ბორკილმდებელი, შეიყვარებს იმას, ვინც აქცევს ჯალათზეც ძლიერად და სამუდამოდ ჩაიბეჭდავს გულში იმ აზრს, რომ არასოდეს დაიხსნას მთლიანად ამ რვალთაგან, რამეთუ დახსნის იმედი ტანჯავს, მართალია, ამსუბუქებს, მაგრამ მონანულს უგრძნობელს ხდის.
19. ყველას, ვინც ღმერთის გზით ცხოვრებას შეუდგება, სარგებლობას მოუტანს ტანჯვის შიში და აქედან გამომდინარე, სიმძიმილი გულისა. ვინც ამგვარი გულილსტკივილისა და შიშის ბორკილების გარეშე იმედოვნებს საძირკველი ჩაყაროს შემდგომი მოღვაწეობისათვის, ის მხოლოდ ქვიშაზე კი არ ფიქრობს ააგოს (შდრ.მათ.7,26), არამედ ოცნებობს ჰაერში გამოკიდოს სახლი საძირკველის გარეშე, რაც ყოვლად შეუძლებელია. საწუხარი ესე უმალ გააღვივებს უსაზღვრო სიყვარულს, მისი ბორკილები ყოველგვარ ცოდვათა და ვნებათა ბორკილებს დახსნიან და ეს დამნაშავე იქნება არა ბორკილმდებელი სიკვდილისა, არამედ საუკუნო ცხოვრებისა.
20. ვინც არ ისურვებს თავი აარიდოს და გაექცეს გულის ავადმყოფობას, გაჩენილს საუკუნო ტანჯვის შიშით, არამედ საკუთარ გულისხმას მიაყურადებს და მთლიანად მოთოკავს თავს ამ საკვრელებით, ის სულსწრაფობას გამოიჩენს და ამას ჩაიდენს თვით მეფეთმეფის თანდასწრებით. მოხდება თუ არა ეს. ძილბურანში მყოფს თვალს მოსჭრის მისი დიდება და ბორკილებიც მყისვე ჩამოსცვივიან, ბორკილმდებელი შიშიც განეშორება და ჭმუნვა გულისა სიხარულით შეეცვლება, იქცევა ცოცხალ გასაღებად (შდრ. იოანე. 16,20), ან მძლავრ ნაკადად, რომელიც სულისშემძვრელად გადმოდინდება ყოველთვის ცრემლთა ნაკადულიდან, სულს დაეუფლება სიმშვიდე, უწყნარობა და ენით გამოუთქმელი ნეტარება. ამასთანავე, ყველაფერში გამბედავი, მორჩილებაში თავისუფალი და დაუბრკოლებელია ღმერთის მცნებათა აღსრულების ჟამს. (ფსალმ. 118,32), რაც ახლადმოქცეულთათვის ჯერ კიდევ არ არის ნებადართული, მაგრამ, ბუნებრივია იმისათვის, ვინც საშუალო წარმატებას მიაღწია და განსაკუთრებული პიროვნება გახდა. სრულყოფილთათვის კი, ეს წყარო წარმოადგენს ნათელს გულის უეცარი ფერიცვალებისა და განახლების ჟამს.
21. ვინც შინაგანად სულიწმიდის ნათლით არის მოსილი, მას არ ძალუძს თვალი გაუსწოროს ამ ნათელს. მიწაზე პირქვედამხობილი მოთქვამს და გოდებს უდიდესი რიდითა და ძრწოლით ბუნებითსა, სიტყვითსა და გონებითზე ზეაღმატებულის მნახველი და განმცდელი. იგი ემსგავსება იმ ადამიანს, რომელსაც გულ-გვამს უწვავს ცეცხლი და ვერ დამთმენი მხრუვალე და მწველი ალისა, საშინლად იტანჯება და არ ხელეწიფება(შდრ. იერ. 20,9), რომ გონს მოეგოს. მაგრამ უმალვე ცრემლის ნაკადულებში დანთქმული და განგრილებული უფრორე მძაფრად აღინთება ღვთაებრივი სურვილის ცეცხლით, უფრორე უხვად წარმოდინდება ცრემლები თვალთაგან მისთა და უკვე განწმენდილი თვალისმომჭრელი ბრწყნივალებით ანათებს. ხოლო, როდესაც სულმთლად მიინავლება, იქმნება ნათლად, აი, მაშინ, აღსრულდება ამაზე თქმული; ღმერთი ღმრთითი განმბრძნობილთა და შემცნობელთა და იმ ხარისხით, რამდენადაც განღმრთობილთა შორისაა და შეცნობილია მათ მიერ.
22. რამდენადაც ესწრაფვი ღმერთის შეცნობას, იმდენად შეიცნობ და იესო ქრისტეს სახელის ხსენებისთანავე ღირს-იქმნები ხილვად და შეცნობად მისსა. მაგრამ არავის ძალუძს განიცადოს და იხილოს უფალი, თუკი წინდაწინ არ თანაზიარექმნა სულიწმიდას, დაუღალავი ჯაფითა და გარჯით წმინდა, დამდაბლებული და შემუსრვილი გული არ მოიხვეჭა(ფსალმ. 50.19).
23. ტირილისა და ცრემლების გარეშე - ნურც მავანთა ფუჭსიტყვაობა მოგვხიბლავს (ეფეს. 5,6) და ნურც თავს მოვიტყუებთ - ვერ დამკვიდრდება ჩვენი სინანული, არც ჭეშმარიტი ფერისცვალება, არც ღვთის შიში დაისადგრუებს ჩვენს გულებში, ვერც დამნაშავეებს აღმოვაჩენთ ჩვენივე თავში და გავასამართლებთ მათ, ვერც მომავალი სამსჯავრო და საუკუნო ტანჯვა შეძრავს ჩვენს სულებს. რამეთუ, თუკი საკუთარ თავს ჩავუღრმავდებოდით, გულისთქმებს მივაყურადებდით და მათ გავიცნობიერებდით, მყისვე ცრემლები მოგვერეოდა. ამის გარეშე კი, წუთითაც არ განქარდებოდა ჩვენი გულგოროზობა, ვერც ჩვენი სული ეზიარებოდა სულიერ სიმშვიდეს და უძლურნი ვიქნებოდით დავუფლებოდით მორჩილებას. ვინც ასეთი არ გახდება, ვერ შემძლებელ არს შეერწყას სულიწმიდას. ვინც სულიერად არ განწმენდილა და არც წილნაყარია ღმერთთან, ვერ ძალუძს მისი ვერც ჭვრეტა, ვერც შეცნობა და არც ღირსია მორჩილებაში დაფარულ სიქველეებს თანაზიარექმნას.
24. ის მასწავლებელი, რომელილც წერა-კითხვის ძლივსძლიობით მცოდნე მოწაფეებს გრამატიკის, რიტორიკის და ფილოსოფიის ურთულესი საკითხების სწავლებას დაუწყებს, ჯერ ერთი, ვერაფერს გააგებინებს, მეორეც, რაც მანამდე გაუგიათ და შეუსწავლიათ, იმაზეც გულს ააცრუებინებს და ინტერესს დააკარგვინებს. რადგან მათი გონება სათანადოდ მომზადებული არ არის ახალი მასალის ასათვისებლად. მით უმეტეს, სრულყოფილების პირველ საფეხურთან მდგომ ახლადდამწყებთ და მათ შორის განსაკუთრებით ზარმაცებს ამგვარი სწავლება ვერაფერს არგებს, პირიქით, ხელს შეუწყობს, უკუიქცნენ. რამეთუ, ოდეს სათნოების მწვერვალს ახედავენ, მზერას ვერ მიაწვდენენ და აშკარად მიხვდებიან, რომ მათთვის ზღაპარია ამ მწვერვალის დაპყრობა. მაშნ ყოველგვარ კეთილ საქმეს, რომელიც დაუწყიათ, მიატოვებენ, ვითარცა უსარგებლოს და სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან.
25. როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ რომ ღვთსნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი - ცხოველები თუ ადამიანები) ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი - აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი - ითმენენ (მათ. 5,11 -12)და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.
26. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ. 7,15,16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), განმსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ.
27. ყბედსა და მოჩვენებითს ხომ უგანათლებულესად და სულიერად თვლლიან, ხოლო სიტყვაძვირსა და წყნარს პირუტყვად და ენაბრგვილად სახელდებენ (მათ. 12.36)
28. სულიწმიდაზე მოლაყბეთაგან, დიდად გონიერნი და დემონური სიამაყით მზვაობარნი მაღალფარდოვნად და ომახიანად მსჯელობენ და მათი სიტყვები განცვიფრებას უფრო იწვევს, ვიდრე გულაჩვილებასა და სინანულს, მას, ვინც დოლაბივითაა წყალმარჩხ მდინარეში, მუცლით მეზღაპრეა და ვაი მეცნიერი და სულის ხსნის ამბებზეც აბდაუბდად მიედ-მოედება, აქებენ და ადიდებენ. ამგვარად, მათ შორის არავინ ჩანს იმდენად კეთილგონიერი, რომელსაცსაქმის ვითარების რეალურად შეცნობა და წარმოჩენა შეეძლოს.
29. „ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“(მათ. 5,8) - ამბობს უფალი. გულის განწმენდა კი ვერ ხერხდება ვერც ერთგზის, ვერც ორგზის, ვერც ათგზის ჩადენილი ქველმოქმედებით, არამედ, როგორც ამბობენ, ერთად აღებული ყველა სიქველის სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე აყვანით. და არც ამგვარი გულის შემუსრვილება მიიღწევა სულიწმიდის მოქმედების და გარდამოსვლის გარეშე. ასევე ადამიანი, რომელიც შეიძლება ბევრს მუშაკობდეს, სათნოებას იყენებდეს იარაღებად, მაგრამ სულიწმიდის ცეცხლის გარეშე უძლურია და ამაოდ დაშვრება: სულს ვერ განიწმენდს უკეთურებისა და ბილწებისაგან.
30. სადაც ღრმაა მორჩილება, იქ ცვარია ცრემლთა, იქვე ჰგიებს და თანამყოფობს სულიწმიდაც. ოდეს ყოველივე სულიწმიდის მადლით იმსჭვალება, ხდება უმანკო. უმწიკვლო, ღმერთს საცნაურ-ყოფს და ღმერთითვე მოიხილება. რამეთუ იტყვის უფალი: „ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა“ (ეს. 62,2).
31. ადამიანს ვნებების დამარცხება შეუძლია, თუმცა არ ხელეწიფება მათი ძირფესვიანად აღმოფხვრა. სიბილწეს თუ არ მოიმოქმედებს, ეს რასაკვირველია, თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ აზრად არ გაივლოს, ეს შეუძლებელია. ღვთსმოსაობა მარტოოდენ სიკეთეთა ქმნა როდია, არამედ ბილწ გულისთქმათაგან განწმენდაც, ვინც შემწიკვლულია არაწმინდებით, არც უმანკო გული ექნება. განა ჩანს რამე დალიბრულ სარკეში?
32. გული წმიდაა,მე ვფიქრობ, მაშინ როდესაც ადამიანს არ აძრწუნებს ვნებები, როცა არავითარი ზაკვა და ამქვეყნირური სულთქმა მის გულს არ ეკარება. მხოლოდ ღვთის ხსოვნა და უსაზღვრო სიყვარული ეღვრება გულში, წმინდათაწმინდა ნათელში მზერადაწმენდილი ხედავს ღმერთს და უხინჯოდ უჭვრეტს.
33. ვფიქრობ, ის ადამიანია ვნებათუქმნელი, რომელიც არა მარტო გაურბის ვნებათაღელვას, არამედ ავხორცულ სულთქმათაგან განძარცვულია. უფრო მეტიც, ბილწ გულისთქმათაგან აღმსუბუქებული გონება ზეციურს მიელტვის, ლამობს ხილულისა და გრძნობადის საზღვრებს გასცდეს, გულისკარი დახშული აქვს გრძნობებისათვის და ზეგრძნობადს მიჯაჭვული გონება გრძნობას ისე იმორჩილებს, როგორც არწივი ნისკარტს.
34. გონება, გრძნობათაგან დაცლილი, ჩლუნგია, ვერ ამჟღავნებს ბოლომდე თავის შესაძლებლობებს, და პირიქთ, უმწეოა გონების გარეშე გრძნობები.
35. იმ გულზე ითქმის შემუსრვილილაო, რომელიც ამსოფლიური საზრუნავით და საფიქრალით არ დამძიმებულა, ღმრთისა თანა განისვენებს და ჰგიებს, არაფერი ამქვეყნიური, არც სიხარული, არც მწუხარბა არ ანაღვლებს, მესამე ცაზე აღმოყვანებული ჭვრეტით მოივლის სამოთხეს (შდრ. 2 კორ. 12.3-4), მადლცხებულებით განსპეტაკებულ წმინდანებს უმზერს და მარადიული ღვთაებრივი სიკეთეებით აღივსება, რამდენადაც მის ადამიანურ ბუნებას ხელეწიფება. აი, უტყუარი საბუთი გულის უმანკოების ამოსაცნობად. ამ საზომით ძალგვიძს შევამოწმოთ საკუთარი უმწიკვლოება, როგორც სარკეში ორეული.
36. ადამიანმა საიდან იცის ვინ არის დახშულ კარს მიღმა თუ თავადაც იქ არ იმყოფება? ასევე, ვინც დაუტევა ეს სოფელი (შდრ. გალ. 6,13) და მოაკვდინა ხორცი თვისი, უგრძნობელქმნილია ყოველივე ამქვეყნიურის მიმართ.
37. უსულო გვამი ხომ ვერ შეიგრძნობს გვერდით მწოლარე ვეღარც ცოცხალ და ვეღარც მკვდარ სხეულებს, ასევე სულიწმიდით ამა სოფლისგან აღმოყვანებული და ღმერთთან თანაზიარქმნილი ადამიანი არავითარ მიდრეკილებას არ ამჟღავნებს გარესამყაროსა და ყოფა-ცხოვრების წვრილმანებისადმი, თუმცაღა სასიცოცხლო მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს.
38. არსებობს სიკვდილი ფიზიკურ სიკვდილზე ადრე და ვიდრე სხეული აღსდგებოდეს სული აღსდგება საქმის, ძალისხმევის, მცდელობისა და სიმართლის შეწევნით, რამეთუ, ოდეს კაცობრივ სიბრძნეს ამარცხებს უკვდავი გონი, სიკვდილს განდევნის სიცოცხლე, მაშინ სული თითქოსდა აღსდგება მკვდრეთით, ეზრახვის და უმზერს საკუთარ თავს, უფალს შეიცნობს, როგორც ძილისგან გამოფხიზლებული ადამიანი და მკვდრეთით აღმსდგარი, ღმრთივგანბრძნობილი, მადლმოსილი, გამოუთქმელ სიტკბოებათა მგემებელი, ცდილობს წარმავალი მისწრაფებანი ჩაკლას.
39. ზოგი რამ სულის გადასარჩენად ჩვენშივე არსებობს, ზოგიც ღვთისაგან გვეძლევა. ტანჯვის მეოხებითა და წმინდა ოფლით განვიწმინდებით, ღვთაებრივი ნათელი განგვაბრწყინვებს და ცრემლები განგვწმენდს, ცრემლთა გაღებას მოაქვს საღმრთო ნათელი განმსპეტაკებელი.
40. ბევრს გაუღა თავისი წილი შესაწირავი, მაგრამ სანაცვლოდ ღვთის წყალობა როდი ებოძა. რადგან ვითარცა კაენი და ესავი ისე მოიქცნენ და დაისაჯნენ. ვისაც არ აქვს წრფელი ზრახვა, კრძალულება,ცხოველი რწმენა და მორჩილება, ნუ მოელის, რომ ღმერთი შეიწყალებს. მის შესაწირავს შეიწირავს და წესისამებრ სანაცვლო მისაგებელსაც მიაგებს.
41. წმინდანებისთვის მკვდარია ეს სოფელი და ყოველივე ამსოფლიური. მათ კეთილ საქმეებს ადამიანები ხედავენ „და არა ხედვენ“, სულიწმიდით განცხადებული ღვთაებრივი სიტყვები ესმით და არ ისმენენ (მათ. 13.13). არც სულიერნი ამა სოფლისანი ხედავენ ცუდ ადმიანთა ბოროტ საქმეებს, ყურად არ იღებენ მათ ძვირისმეტყველებას. მაშასადამე, ისინიც ხედავენ, მაგრამ ვერ ამჩნევენ, რაც ამა სოფელში ხდება. უსმენენ ამა სოფლის მკვიდრთ და არ ესმით მათი, რამეთუ იმგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან, როდესაც სხვაგვარი აღქმის წერტილი არსებობს და სულიერი ცხოვრებით მცხოვრებს ამა სოფლილს მკვიდრთან არავითარი საერთო არ გააჩნია, და პირიქით, ამა სოფლილს მკვიდრს - სულიერების გარკვეულ საფეხურზე მდგომ ადამიანთან.
42. რამდენადაც შეუძლებელ არს სინათლისა და სიბნელის განცალკევება, და პირიქით, მათი აღრევა, ვითარცა თქმულ არს:“რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა?.. ანუ რა ნაწილი უძს მორწმუნესა ურწმუნოსთანა?“(2 კორ. 6,14,15), ეგზომ განირჩევიან სულიწმიდით დაწინდულნი სულიწმიდისგან განძარცვულთაგან. ის ადამიანები, რომლებიც სულიწმიდის მადლს ფლობენ, ზეციური ცხოვრებით მცხოვრებნი, ანგელოსთა მსგავსნი არიან, ხოლო სულიწმიდისგან განძარცვულნი - მსხდომარენი ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა (ფსალმ. 106,10), მიწიერი საზრუნავით დამაშვრალნი, მიწაზე დაღოღავენ. პირველნი გონებრივი და მიუაჩრდილებელი ნათელით ბრწყინავენ, მეორენი - მარტოოდენ გრძნობადით. ისინი ხედავენ საკუთარ თავს და გარშემომყოფთ, ესენი კი, დაცემულნი, უმზერენ თუ როგორ მოსწყდებიან გარშემომყოფნი (ფსალმ. 81,7) და უგუნურთ არ სურთ ირწმუნონ, რომ არსებობს მკვდრეთით აღდგომა, საშინელი სამსჯავრო და რომ, უფალი თითოეულს მიაგებს საქმეთაებრ მათთა (შდრ.ფსალმ. 61,11).
43. არის თუ არა შენში სულიწმინდა დამკვიდრებული, ამას სულიწმიდის ზემოქმედების შესაბამისად გაიგებ. ვითარცა იტყვის მოციქული პავლე: „სადა სული უფლისა, მუნ აზნაურება არს“ (2 კორ. 3,17), და რომ „ხორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათვის, ხოლო სული ცხოველ სიმართლისათვის (რომ. 8,10), „ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს აცუნეს, ვნებითურთ და გულის-თქუმით(გალ. 5,24). რამეთუ ვინც ნათელიღეს სულიწმიდით (შდრ.იოანე 1,33) ქრისტე შეიმოსეს (გალ. 3,27) ძეთა ნათლისათა (ლუკ. 16,8), ისინი დაუღამებელ ნათელში ვლენან (შდრ. 1იოანე 1,7), რამეთუ ჰხედუენ და არა ჰხედავენ, ესმით და არა ისმენენ (შდრ. მათ.13.13). საღმრთო წერილი ბიწიერ ადამიანებზე ამბობს, რომ ჰხედვენ და ვერ იხილონ“(ლუკ. 8,10), ესმოდეთ და ვერ შემძლებელ- არიან ცნობად“ (1კორ. 2,14) ღვთიურისა, „რამეთუ სიცოფე უჩნნ მას“ (1კორ. 2,14). შენც ამისდამიხედვით იმსჯელე, ფლობ თუ არა სულიწმიდას, ოდეს სხეული გაგაჩნია, მაგრამ ხორცნი არ გამძიმებს, ვითარცა იტყვის მოციქული:“თქუენ არა ხართ ხორცთა შინა, არამედ სულთა, უკეთუ სული ღმრთისა დამკვიდრებულ -არს თქუენ შორის (რომ. 8.9). ისინი მკვდარნი არიან ამა სოფლისათვის და პირიქით, ეს სოფელი - მათთვის, ვითარცა იტყვის უფალი: „სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ-არს და მე სოფლისა (გალ. 6,14).
44. ვინც იცის ამ ნიშ-სასწაულთა ზემოქმედების ძალა, თანაზიარქმნილია ღმერთთან და მისი სხეული ყოვლადწმიდა სულის სამკვიდრებლად გადაქცეულა. პავლე მოციქული ამ ზემოქმედების შესახებ დაწვრილებით მსჯელობს: ვინც პირადად არ იწვნია ამგვარი ზემოქმედება, ნურც იოცნებებს, რამეთუ ხორცია და სისხლი, და ცხადია, ხორციელ გულისთქმათ წყვდიადში გზააბნეულიო. „ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისა“, რომელიც სულიწმიდაა, „დამკვიდრებად ვერ ძალ-უძს“(1კორ. 15,50).
45. ღვთაებრივი ნათლისღებისას ცოდვები მოგვეტევება, წინაპართა შეფიცულისგან ვთავისუფლდებით (შდრ. გალ. 3,13) და სულიწმიდის გარდამოსვლით ვართ ნაკურთხნი. მაგრამ სულუყოფილ მადლს, ამგვარად გამოთქმულა:“დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ (2 კორ. 6,16; ან ლევ. 26,12) მაშინვე როდი ვეუფლებით. რამეთუ იგი ენიჭებათ რწმენაში მყარად განმტკიცებულ და საქმეებშიც განმცხადებელ ადამიანებს. ნათლისღების შემდგომ, თუკი სიბილწე და ბოროტება მოგეძალება, სრულებით ვკარგავთ ჩვენზე გადმოსულ კურთხევას. მონანიება, აღსარება და ცრემლები, შესაბამისად საქმენიც, ჯერ ისევ თავიდან ცოდვების მიტევებას შეგვაძლებინებს და მერმე, კვლავ, ზეგარდმო მადლით ცხებულნი ვხდებით.
46. მონანიებით აღსრულდება სამარცხვინო საქმეებში ჩადენილ სიბილწეთაგან განწმენდა. შემდგომ ამისა, თანაზიარვექმნებით სულიწმიდას. მაგრამ ზერელე დამოკიდებულებით კი არა, რწმენის ძალით, უდრეკად და მორჩილი სულის ღრმა სინანულში მყოფობით. მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი. არამედ სულიერმა მამამ და ნათლიამ ჩადენილ ცოდვათა აღკვეთა უნდა დაუშვას. აი, ამიტომ არის კარგი ყოველდღიური სინანული და აღთქმაც ხომ ბრძანებს: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 3.2). ამდენად, ჩვენ შემოსაზღვრული ვართ დროის გარკვეული მონაკვეთით კი არა , საუკუნო აღსასრულით.
47. სულიწმიდის მადლი ქრისტესთან დაწინდულ სულებს ნაწყალობევი აქვთ მსგავსად ნიშნობისა (2 კორ. 1,22; ეფეს. 1.44). როგორც ნიშნობის გარეშე ცოლი არ დაიჯერებს, რომ ოდესმე შეეუღლება ქმარს, ასევე სულიც არასოდეს ირწმუნებს უყოყმანოდ, რომ თანაეყოფა მეუფესა თვისსა და ღმერთს, ან ფარულად და უსიტყვოდ შეერწყმის და მის მიუწვდომელ სილამაზეს დაეუფლება, ვიდრე არ იგემებს ნიშნობის მადლს და გონებით არ გაითავისებს.
48. როგორც ნიშნობა არ ჩაითვლება საიმედოდ, ვიდრე თანხმობის ქაღალდს, რომელშიც ქორწინების პირობებია აღნიშნული, ხელს არ მოაწერენ რწმენით აღჭურვილი მოწმეები, ასევე, აღთქმათა აღსრულებითა და ქველმოქმედების გარეშე მადლი თვალისმომჭრელად ვერ იციაგებს. რამეთუ ქორწინების პირობები მოწმეების თანხლებით თუკი აღესრულება, მით უფრო სულიერი დაწინდვისას უნდა არსებობდეს აღთქმათა აღსრულებაცა და ქველმოქმედებაც, მათი მეოხებით ხომ გადარჩენის მსურველებს დაწინდვისას სრულყოფილების მადლი ენიჭებათ სულიწმიდისგან.
49. თავდაპირველად აღთქმათა აღსრულებით თითქოსდა საქორწინო პირობებია ჩამოწერილი, ხოლო შემდეგ, ქველმოქმედების მიერ არის აღმბეჭდილი და ხელმოწერილი. აი, მაშინ სიძე - ქრისტე ბეჭედს უძღვნის სასძლოს - სულს, რაც სულიწმიდისაგან დაწინდვას გულისხმობს.
50. როგორც სასძლო შეუღლებამდე სიძისგან მხოლოდ დაწინდულია, ხოლო მზითევსაც და მისთვის შეპირებული საჩუქრების მიღებას შეუღლების შემდეგ მოელის, ასევე სასძლო - მორწმუნეთა ეკლესიაც და თითოეული ჩვენგანის სული თავდაპირველად სასიძოსგან - ქრისტესგან მარტოოდენ სულიწმიდით დაიწინდვის. შემდეგ ეძლევა საუკუნო დიდება და სასუფეველი ცათა, იქიდან გამომავალი დასტურად დაწინდვისა, როგორც სარკეში ანარეკლს, ისე ხედავს, რომ მიეზღო ის, რაც დააფუძნა თავის მეუფესთან, ღმერთთან მიღწეულ შეთანხმებას.
51. სასძლოს ხომ გაანაწყენებს (შდრ.მათ.25,5), თუკი სიძე დაახანებს მოსვლას, ან სხვადასხვა საქმეებით გართული, გარკვეული ხნით გადასდებს ქორწინებას. იგი დაეჭვებული სიძის სიყვარულში, დახევს და დაანაკუწებს ქორწინების მოწმობას, ქარს გაატანს ყველა ნაოცნებარს სიძისაგან დანაპირებმა რომ აღუძრა. მსგავსი რამ ემართება, ჩვეულებრივ სულსაც. რამეთუ, მოღვაწეთაგან ვინმემ თუნდაც თავისთვის დაიწუწუნოს - როდემდე უნდა ვეწამო ასეო, ანუ ასკეტური რუდუნებისა და ღვაწლის მიმართ დაუდევრობა გამოიჩინოს, მცნებების აღსრულებას ბეჯითად არ მოიკიდოს, გამუდმებული სინანულიც უგულვებელყოს, რომ უნებლიედ ნაცარტუტად ექცეს ღმერთთან დადებული შეთანხმება, რასაც მყისვე, თავისთავად მოსდევს ქორწინების ჩაშლაც და სამუდამოდ აუხდენელი ნატვრაც.
52. თუკი სასძლო სხვას უწილადებს სასიძოსათვის განკუთვნილ სიყვარულს და აშკარად თუ მალულად მასთან სარეცელს გაიზიარებს, არათუ ვერ ეღირსება ვერაფერს იქიდან, რაც სასიძომ აღუთქვა, არამედ უნდა მოელოდეს დამსახურებულ სასჯელს და კანონიერ დამცირებას. ასევე გვემართებაჩვენც. როდესაც სხვა საგნებისადმი სწრაფვა დაგვეუფლება და გულისთქმანიც მათ მიმართი აღგვეძვრის, ეს ხომ სიძის - ქრისტეს სიყვარულში გვეცილება აშკარად თუ მალულად. სიძისთვის კი გულისამრევი და ამაზრზენია ასეთებთან დაკავშირება. რამეთუ მან თქვა: „მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან“ (იგავთა 8,17).
53. სულიწმიდით დაწინდვა მათთვისაც ძნელად ასახსნელია, ვინც იგი მოიხვეჭა, რამეთუ მისაწვდომიცაა და მიუწვდომელიც, ხელშესახებიც და ხელუხლებელიც, ხილულიც და უხილავიც, აცხოვრებს, ამეტყველებს და ამოძრავებს იმას, ვის სხეულშიაც ჩასახლდება, თითქოსდა საიდუმლო სამალავიდან ამოფრინდაო, ისე სტოვებს მათ და კვლავ უბრუნდება მოულოდნელად, აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასვნათ, რომ მუდმივად როდი ჩასახლდება სულიწმიდა ამა თუ იმ პიროვნებაში, არამედ დროებით და მისი ამგვარი მოგზაურობა იმაზე მიანიშნებს, რომ ადვილი შესაძლებელია უკან აღარასოდეს დაბრუნდეს. მაშასადამე, ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სულიწმიდისგან განძარცვული სულიწმიდის მქონებელივით გამოიყურება (შდრ. 1კორ. 7,29), და პირიქით, ვინც სულიწმიდას ფლობს, ისე, - თითქოსდა არ ფლობდეს.
54. თუ ღამით დარაბებდახურულ სახლს გვიანი მგზავრი მიადგა და ფანჯარა გარედან შეაღო, მყისვე შეანათებს თვალებში ოთახიდან წამოსული დამაბრმავებელი სინათლე, რამეთუ სახლი შიგნიდან განათებული ყოფილა. იგი ვერ გაუძლებს ამ მეყვსეულ ნათებას, თვალებს აახამხამებს, ხელს მოიჩრდილავს და ეცდება სადმე სხვაგან გაიქცეს და გადაიმალოს. სული ყოველი მხრიდან ვნებებით ჩარაზული, ამ სახლს შეიძლება შევადაროთ, გონება - გამოღებულ ფანჯარას, სინათლე - იმ ნათელს, რომელიც სულიწმიდის დაწინდვისას ანათებს ადამიანში თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით. ადამიანი, რომელიც ამ ნათელს იხილავს, ვერ უძლებს ღვთებრივი ნათელის დაუფარავ კაშკაშს, გონება უბნელდება, აკანკალებული გარბის მიწიერი და ადამიანური სახლისკენ და თითქოსდა იქ ეძიებს თავშესაფარს.
55. ამ ნიშნებისდა მიხედვით თითოეულ ჩვენგანს მართებს გაისიგრძეგანოს დაიწინდა თუ არა სულიწმიდით სიძისა და მეუფისა ჩვენისა იესო ქრისტესგან. თუკი დაიწინდა, ეცადოს გაუფრთხილდეს და შეინარჩუნოს, ხოლო თუ ჯერ კიდევ არ გამხდარა ამისი ღირსი, მაშინ სამადლო საქმეებით, მოწყალებათა გაღებით, და მხურვალე სინანულით თანდათან დაიბრუნოს და მერმე მცნებათა აღსრულებითა და ქველმოქმედებათა განმრავლებით სულში საბოლოოდ დაიმკვიდროს.
56. როგორც შენობას სახურავი აქვს გადახურული, შენობა კი, თავის მხრივ, ეყრდნობა საძირკველს და საძირკველიც იმისთვისაა ჩაყრილი, რომ გადაიხუროს, ესეიგი ერთიც და მეორეც აუცილებელიცაა და საჭიროც, რადგან სახურავი უმაქნისია უსაძირკვლოდ, ხოლო საძირკველი ყოვლად გამოუსადეგარია საცხოვრებლად სახურავის გარეშე, ასევე, სულიწმიდის მადლი სულში მკვიდრდება მცნებათა აღსრულების გზით. მცნებათა აღსრულება კი, ღვთაებრივი მადლით დასაჩუქრების საწინდარია, და ბუნებრივია, სულიწმიდის მადლიც არ გვებოძება მცნებათა აღუსრულებლად და არც ღვთის მცნებათა აღსრულებას ექნება რაიმე ფასი და სარგებელი ღვთაებრივი მადლის გარეშე.
57. შენობა, რომლის გადახურვაც არ მოხერხდება მშენებლის უხეირობით, არა მარტო გამოუსადეგარია, არამედ ქვეყანა მასხრად აიგდებს მის ამშენებელს. ასევე, საძირკველი რომც ჩაყარო მცნებების აღსრულებით და ქველმოქმედების მაღალი კედლებიც რომ ამოიყვანო, თუ სულიწმიდის მადლი არ გადმოვიდა, რასაც სული იხილავს და შეიგრძნობს, იგი დასრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო სრულყოფილთ სიბრალულის გრძნობას აღუძრავს. მადლის გარეშე დარჩენა ორი მიზეზით ხდება: ან სინანულის უგულვებელყოფით, ანდა სულმოკლეობის გამო, რაც ანგარებით ჩადენილ ქველმოქმედებას მოჰყვება, როდესაც ასეთ საკმაოდ დიდ საქმიანობაში ერთი შეხედვით თითქოსდა უმნიშვნელო, სინამდვილეში კი, აუცილებელ რაიმეს მიაფუჩეჩებ, რომლის გარეშეც შეუძლებელია აშენდეს და დასრულდეს ქველმოქმედების შენობა და სულიწმიდის მადლით გადაიხუროს.
58. ძე ღვთისა და უფალი მიწაზე იმისთვის მოვიდა, რომ მამა ღმერთთან შუამდგომლობით შევერიგებინეთ, ჩვენ მისი ნამდვილი მტრები(შდრ. რომ. 5,10), თავისთან შეგვაერთა წმინდა და ერთარსი სულის მეოხებით დავინც ამგვარი მადლი ვერ იგემა, სხვას უკეთესს რას უნდა მოელოდეს? ერთი სიტყვით, ასეთი ადამიანი ვერც მამა ღმერთთან მორიგდება და არც ძე ღვთისას შეერწყმის სულიწმიდის მადლით.
59. „გამო-მე-ვის-ეკრისა ცეცხლი წიაღითა და სამოსელი მისი არა დაიწვის?“ (იგავთა. 6,27). მე კი გეტყვით; ვის გულსაც მოხვდა სულიწმიდის დაუშრეტელი და ზეციური ცეცხლის ნაპერწკალი, ნუთუ არ გაღვივდება, შემდეგ აგიზგიზებული ღვთაებრივი ნათებითა და ბრწყინვალებით გულსაც არ გააცისკროვნებს, შესაბამისად გულის შემუსრვილებისა დამასში ღვთიური ცეცხლის დაუნჯებისა? რამეთუ ზეციური ცეცხლის გაღვივებას კვალდაკვალ სდევს გულის შემუსრვილება, გულის შემუსრვილებას - ღვთაებრივი ცეცხლით ნათება. მაშასადამე, ადამიანი რამდენადაც აღინთება ღვთაებრივი ცეცხლით, იმდენადვე განიწმენდს გულს და გულგანწმედილი ისევ ღვთაებრივი ცეცხლით ინთება. ოდეს ყოველივე ზემოთქმული აღსრულდება, მაშინ ადამიანი მადლით ხდება ღმერთთან თანაზიარი.
60. ღვთაებრივ სულთან შერწყმით თავს ვაღწევთ ავხორცეულ ვნებებსა და ტკბობას, მაგრამ სხეულის ბუნებრივ მიდრეკილებათაგან როდი ვთავისუფლდებით. როგორც კი ავხორცულ ვნებათა ბორკილებს დავიხსნით, საუკუნო დიდებასა და სიტკბოებას ვიგემებთ და შევერწყმით მას, მყისვე გვეუფლება სევდა ღმერთთან თანამყოფობისა, აღარც მისი ჭვრეტა გვეთმობა და აღარც მონიჭებული ნეტარება. ამის საპირისპიროდ, ხრწნადი სხეულით შერწყმულნი მას წყდებიან, ეშვებიან დაბლა და მიწას ენარცხებიან. აი, მაშინ, მათი ისეთი სევდა მოეძალებათ, როგორსაც, ვფიქრობ, გაიცდის სული ცოდვილისა სხეულთან გაყრისას.
61. სხეულისა და ცხოვრების, განცხრომისა და ამქვეყნიურ სიამეთა მოყვარულისა და მიმდევარისთვის სიკვდილს უდრის მათი დათმობა. მაშინ, როდესაც სპეტაკი და ღვთისსათნო, ჰაეროვანი და სიკეთის მთესველი ადამიანი სიკვდილს აღიქვამს როგორც ამათგან დროებით განზე განდგომას. რამეთუ გარემომცველი ნათელის შემყურე, თუკი თვალებს დახუჭავს, ანდა სხვა ვინმე დაუხუჭავს თვალებს, წუხს, შეღონებულია და ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ სძლებს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი მომხიბლავი და საუცხოო საგნები უნახავს. მით უმეტეს, ვინც სულიწმიდის ნათელი ცხადად იხილა, აშკარად თუ გონებისმიერ ხილვებში, სიფხიზლეში თუ ძილბურანში მყოფმა, ის მადლი, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (1კორ. 11,9) და „რომლისათვის გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად“ (1პეტრე 1.12), ნუთუ დარდი და ნაღველი არ მოეძალება, თუკი რაიმე დააბრკოლებს მის ჭვრეტაში? იგი ამას ხომ სიკვდილის ტოლფასად და საუკუნო ცხოვრებისაგან განშორებად შერაცხავს.
62. როგორც ადამიანი არის ორბუნებოვანი არსება, რომელიც სულისა და სხეულისაგან შედგება, ასევე სამყაროც ორსახოვანია: ხილული და უხილავი. თითოეულში ცალ-ცალკე აღსრულდება ესა თუ ის საქმიანობა, იმისდამიხედვით, თუ ვის რა სურს, რა აწუხებს და რისთვის ირჯება. ასეთივე მსგავსებას ვხედავ ცხადსა და სიზმარეულ ჩვენებებს შორის. რაც აწუხებს ადამიანის სულს და რაც გონებაში უტრიალებს, იგივე ეზმანება და იმაზე ფიქრობს ძილშიც. მაშასადამე, ვინც მთელი დღის განმავლობაში გართულია ცხოვრებისეული საფიქრალ-საზრუნავით, სიზმარეულ ჩვენებებშიც ამაოდ ირჯება და უშედეგოდ ფუსფუსებს, ხოლო ვინც განიბრძნობა დღენიადაგ ღვთიურზე და ზეციურზე ფიქრით ხილვებსა თუ ზმანებებში ღვთიურსა და ზეციურს დასტრიალებს ფიქრებით. წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს: „ჭაბუკნი თქვენნი ხილვასა იხილვიდენ“(იოველ. 3.1) და როდი იხიბლებიან ცრუ სიზმარეული ჩვენებებით, არამედ აქვთ ჭეშმარიტი და სარწმუნო გამოცხადებები.
63. როდესაც სულის ნატვირთი ნაწილი ძალზე მოწყურებულია ვნებათაღელვასა და გართობას, ამა სოფლის სიამესა და განცხრომას ნატრობს და ელტვის, სიზმრადაც იგივე ეზმანება. სულის მგრძნობიარე ნაწილი იდეს ჩხუბობს ან ბრაზობს, გამძვინვარებული და გაბოროტებული ადამიანი სიზმრად ხედავს ნადირთა თავდასხმას, ხელჩართულ ბრძოლებსა და გააფთრებულ ომს, მოპაექრეებს ეკამათება და ედავება. სულის გონითი ნაწილი მზვაობრობამ და სიამაყემ თუკი შეიპყრო, სიზმრად ფრთაშესხმული ჰაერში აფრენას ლამობს, ეჩვენება, რომ მოკალათებულა მოსამართლის მაღალზურგიან სავარძელში და ხან სახალხო მსაჯულია,ხან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობს, ხანაც საზეიმო შეხვედრებს უწყობენ.
64. უტყუარი სიზმარეული გამოცხადება მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ, რომელთა გონებაც სულიწმიდის მადლით დაწმენდილი და განათებული ვნებათა და სულთქმათა მარწუხების ტყვეობიდან დახსნილა, იღწვის და ზრუნავს მარტოოდენ ღვთაებრივისთვის, მომავალი ჯილდოსა და მისაგებლის მოლოდინში. მათი ცხოვრება ამა სოფლის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებასთან შედარებით გაცილებით უფრო სისხლსავსეა, უზაკველი და აუმღვრეველია, მშვიდი და სუფთაა, სავსეა წყალობითა, ზეგარდმო სიბრძნითა და „ნაყოფითასაქმეთა კეთილთათა“ (იაკ. 3,17), რამეთუ სულიწმიდით არის დამწყალობლებული.ვინც ასე არ ცხოვრობს, მათ ცრუ და არეული სიზმრები აცდუნებენ და ხიბლში აგდებენ.
65. მრავალნი კარჩაკეტილი ცხოვრებისწესს ამჯობინებენ, სხვანი - ხმაურიანს, ზოგნი კი მედიდურობენ, წარსდგებიან ხალხის წინაშე, მათ ჭკუას არიგებენ, მოძღვრავენ და უგებან ეკლესიებს. უმრავლესობა ამას მთელი სულითა და გულით სჩადის. მე არ მსურდა ეს უკანასკნელნი სხვებისაგან რაიმე ნიშნის მიხედვით გამომერჩია და არც იმის თქმა, რომ მავანი და მავანი ქების ღირსია, სხვანი კი, გაკიცხვას იმსახურებენ. ყოველი ცხოვრების წესი, ყოველგვარი საქმიანობა, რა სახისაც არ უნდა იყოს იგი, გამოზნულია ღმერთისთვის და ღვთის შეწევნითვე აღესრულება.
66. როგორცადამიანთა ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება ჩვეულებრივ ხელობისა და ხელოვნების განუწყვეტელ ურთიერთკავშირსა და ურთიერთმონაცვლეობაში მიედინება, ანუ ადამიანთაგან ერთნი ერთს მისდევენ, მეორენი - მეორეს, გასცემენ და იღებენ ერთმანეთისაგან იმას, რის უკმარისობასაც განიცდიან და საჭიროებისამებრ იკმაყოფილებენ ბუნებრივ ხორციელ მოთხოვნილებებს, ასევე, მსგავსი რამ შეიძლება დავინახოთ სულიერ ცხოვრებასეც: ერთნი ერთი სახის ქველმოქმედებას სჩადიან, სხვანი სხვაგვარი ცხოვრების გზას ადგანან, საბოლოო ჯამში კი, ურთიერთშეწევნით ერთ მიზანს ემსახურებიან.
67. ყოველი ღვთისშვილის მიზანია იყოს სასურველი იესო ქრისტესი, მეუფისა ჩვენისა და შეურიგდეს მამა ღმერთს სულიწმიდის მიღებით. ამ საშუალებებით კი, თავი გადაირჩინოს. რამეთუ სწორედ ამაში მდგომარეობს ყოველი სულის ხსნა. თუკი ეს არ გაგვაჩნია, უნაყოფოა ჩვენი მცდელობა, ამაოა გარჯა. განა აქვს რაიმე აზრი იმ გზით სიარულს, რომელიც იქ არ მიგვიყვანს, საითკენაც მივეშურებით.
68. ამქვეყნიური ცხოვრების დამტევებელსდა მთაზე განმარტოებულს მდუმარებაში, რომელიც მედიდურად წერს იქიდან წერილებს ამქვეყნად დარჩენილთ - ნაწილს ესიყვარულება, ნაწილთან მლიქვნელია და ქლესა, ჰგავს გარყვნილ, შეუხედავ, ბინძურ ცოლთან გაყრილ კაცს, რომელიც ცხრა მთას იქით გადაიხვეწა, რათა გონებიდან ამოეგლიჯა ამ ქალის ხსოვნა. ცოტა ხნის შემდეგ კი, ივიწყებს იმ მიზეზს, რის გამოც გადაიხვეწა ამ სიშორეს, მთაზე და რაინდივით წერს წერილებს მათ, რომლებსაც არ გაუწყვეტიათ ურთიერთობა მის ცოლთან, გულახდილად რომ ვთქვათ, საკუთარი ცოლისწამბილწველებს ელოლიავება. ასეთი, სხეულით თუ არა გონებითა და გულით მაინც შებღალულია, როცა ძალაუნებურად მათი ურთიერთდამოკიდებულება საკუთარ ცოლთან კვლავაც აღელვებს.
69. რამდენადაც მკვიდრნი ამა სოფლისანი, რომლებიც ცდილობენ განიწმინდონ გონება და გული ყოველგვარი სიბილწისა და მანკიერებისაგან, იმსახურებენ ქებასა და დიდებას, იმდენადვე კლდეებსა და გამოქვაბულებში დაყუდებულნი, (ებრ. 11,38), თუკი ხალხისგან განდიდებასა და ხოტბა-დიდებას მოელიან, ღირსნი არიან გაკიცხვისა და ზურგის შექცევისა.ასეთი ადამიანები, ღმერთისგან გამოცდილნი, გათანაბრებულნი არიან მემრუშეებთან. რამეთუ თავდავიწყებით მოსურნე იმისა, რომ მისი ცხოვრება, სახელი და საქმენი მთელს ქვეყანას მოედოს (რომ. 8,27) ღმერთისგან შერისხულია. ესრეთ იტყვის უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ და განიმტკიცოს ხორცი მკლავისა თვისისა და უფლისაგან განდგეს გული მისი (იერ. 17,5),მსგავსად ძველი იუდეველი ხალხისა,რაზეც ამბობს დავითი:“და შეიგინა საქმითა მათითა, რამეთუ ისიძვიდეს იგინი საქმეთა შინა მათთა“(ფსალმ. 105,39).
70. ვისაც ეჭვი არ შეჰპარვია ღმერთის რწმენაში, დაუტევა ეს სოფელი და ყოველივე ამქვენიური, სწამს, რომ გულმოწყალე და მიმტევებელი უფალი შეივრდომებს თუკი სინანული ექნება (ფსალმ. 102.8), რადგანაც ღმერთი მოწყალეა. პატივაყრილთ მიაგებს პატივს,უკიდურეს სიბადრუკეში მყოფთ დაამდიდრებს, დამდაბლებითა და დაკნინებით განადიდებს მათ, სიკვდილლის გზით საუკუნო ცხოვრებას უწყალობებს და თანამოსაყდრედ გაიხდის. ისე მიიზიდავს, ვით მოწყურებულ ირემს უშრეტი წყარო (შდრ. ფსალმ. 41,2),პიტალო კლდეზე ისე აიყვანს, როგორც კიბეზე, რადგან ანგელოსები შეეწევიან მისკენ მოლტოლვილთ (შდრ. დაბ. 28,12). თავად ღმერთი კი მჯდომარე მაღლით, თვალყურს ადევნებს ჩვენს ჯაფასა და გარჯას, არა იმიტომ რომ ჩვენი დამაშვრალობა ახარებს, არამედ ამის საფასურად ჩვენი დამწყალობლება სწყურია.
71. ის ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი დაეჭვების გარეშე მთელი თავგამოდებით მიელტვიან ღმერთს, ღმერთი მათ როდი შეეწევათ. საერთოდ ძირს დაენარცხებოდნენ, მაგრამ, რაკი ღმერთი ხედავს მათ ღონემიხდილებს, იბრალებს, შველის, უწვდის დახმარების ხელს, აჰყავს თავისთან, შეეწევა აშკარად თუ მალულად, ხილულად თუ უხილავად, ვიდრე ყველა საფეხურს არ აათავებენ, არ მიეახლებიან თავად მას. შეერწყმიან, დაივიწყებენ ყოველივე მიწიერს, თანაშეეყოფვიან და დაიბანაკენენ მასთან - „გინა თუ ხორცითა, არა ვიცი, გინა თუ თვინიერ ხორცთასა, არა ვიცი“ (2 კორ. 12,2) გამოუთქმელ სიკეთეთა მგემებელნი.
72. თავდაპირველად, ვიდრე ქრისტეს მცნებათა უღელში გავყოფდეთ თავს, მართებული იქნება, თუკი ფეხს არ ავითრევთ და არ მოვყვებით აქეთ-ექით თვალების ცეცებას, პირდაპირ დაწარბშეუხრელად წარვემართებით ამ გზით სიკვდილამდე,დროდადრო განვახლდებით და სულსა და გონებაში დავიმკვიდრებთ ღვთაებრივ სამოთხეს მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმიდის მეოხებითა და თანამოქმედებით. ოდეს მთელი არსებით შევეთვისებით და დავემოწაფებით, აი,მაშინ, ვისაც ღმერთი გამოარჩევს და რა საქმესაც მიანდობს, იმას აღასრულებინებს და ისე წარმართავს, როგორც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. მაგრამ ჟამითი ჟამად არ ეგების ადამაინებმა თავად ეძებონ საქმე ან რასაც სხვები შესთავაზებენ, იმას დასჯერდნენ, არამედ ხამს მეუფისა ჩვენისა და მაცხოვრის მცნებათა მტკიცედ დაცვა და ღვთის ნებელობის მოლოდინი.
73. ოდეს ყოველგვარ საღმრთო საქმეში რწმენაგამოისობით და სანაქებო გარჯით თავსგამოვიჩენთ და სულიწმიდის მეოხებით სხვა საქმე ან მოღვაწეობა დაგვევალება, წინ ნუ აღვუდგებით, რამეთუ ღმერთი ჩვენგან არც უსაქმურობას ითხოვს და არც მხოლოდ იმას, რომ განუწყვეტლივ ერთსა და იგივე საქმეს ჩავკირკიტებდეთ დასაბამიდან. არამედ სურს სრულყოფილებიას გვაზიაროს თანდათანობით და არა ჩვენი ნება-სურვილით, არამედ თავისი ნებითა და შეწევნით.
74. ვინც შეძლო თავის თავში ჩაეკლა პირადი ნება ყველგან და ყველაფერში ნების გარეშე რჩება. უსულო და უმოქმედო საგანთა გარდა ყველა ცოცხალი ორგანიზმი საკუთარი ნებით მოქმედებს. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება მცენარეებს და მათი ზრდა-განვითარების პროცესზე ვმსჯელობთ, ვერ ვიტყვით, რომ ამ პროცესს მცენარეების ბუნებრივი ნება უდევს საფუძვლად, რადგან ისინი უსულო ორგანიზმები არიან. ყოველ ცოცხალ არსებას ხომ პირადი ნება ბუნებით დაჰყვება. მაშასადამე, ვინცპირად ნება-სურვილს უგულვებელყოფს და ჩაკლავს თავის თავში, ამით რასაკვირველია, სცილდება ბუნებრიობის საზღვრებს, საკუთარ მიდრეკილებებს აღკვეთს და პირადი ნებასურვილისამებრ არ სჩადის არც სიკეთეს, არც ბოროტებას.
75. ვისაც პირადი ნების ჩაკვლის სურვილი ტანჯავს, ღმერთის ნებას უნდა მიენდოს. ნაცვლად პირადი ნებისა, დაჰყვეს ღმერთის ნებას, გულში ჩაინერგოს და ჩაიბეჭდოს. ამასთანავე, დააკვერდეს, იდგამს თუ არა სიღრმეში ფესვებს დანერგილ-დათესილი, და თუ წამოიზარდა ყლორტი სანამყენე, გადაჭრას და დაელოდოს შეეზარდა თუ არა ნამყენი ხეს, შემდეგ იზარდა თუ არა ნამყენი,აყვავდა და გამოიღო თუ არა ტკბილი და გემრიელი ნაყოფი.დათესვამდე და დაფესვიანებამდე მიწის ნოყიერებაა გასათვალისწინებელი, რამეთუ მასზე უნდა აღმოცენდეს საუცხოო და თვალწარმტაცი ნაყოფით დახუნძლული მცენარე.
76. ვინც შიშის გამო ღვთის ნებას გადავა, ღმერთი შეუმჩნევლად, ისე რომ მას არ ეცოდინება, თუ როგორ მოხდება ეს (მარკ. 4,27), უსაჩუქრებს თავის ნებას, გულში ჩაუნერგავს, გულის თვალს აუხელს, რათა ამ გზით მაინც შეიცნოს უფალი და უბოძებს კიდეც ძალას ამა თუ იმ ღვაწლის აღსასრულებლად ყოველივე ეს კი, სულიწმიდის მადლით კეთდება, მის გარეშე ხომ არაფერი ხდება. (შდრ. იოანე. 1,3).
77. ოდეს ღვთის იდუმალი და ჩვენთვის ძნელად ამოსაცნობი სწავლებისა თუ მითითებების ერთგულად და მორჩილად აღსრულებას შევუდგებით მთელი ძალისხმევით, მონდომებითა და შემართებით, ვითარცა ჭეშმარიტ მოწაფეებსა და სანდო მეგობრებს ღმერთი აშკარა გამოცხადებით დაგვამწყალობლებს და როგორც ოდესღაც ეჩვენა თავის წმინდა მოცოქულებსა და მოწაფეებს, ასევე გამოეცხადება ყველას, „რომელთა ჰრწმენეს“ (შდრ. იოანე 17,20) მისი სახელით. აი, მაშინ მადლის მეოხებით შევიქმნებით ძენი ღმრთისანი, ვითარცა იტყვის პავლე მოციქული: “რომელნი სულითა ღმრთისათა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრისნი, ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა, და თანამკვიდრ ქრისტესა (რომ. 8,14,17).
78. ვინც ღირს-იქმნა შერწყმოდა უფალს სულიწმიდის მეოხებითა და თანამოქმედებით, გამოუთქმელი მადლი იგემა და პირდაპირ ვიტყვი,აღარ ეძებს დაუმსახურებელ პატივსა და ფუჭ დიდებას კაცთა, არც დროსკარგავს ძვირფასი სამოსლისა თუ ფულის, ოქროსა თუ თვალმარგალიტის ძებნაში, როგორც ამას უჭკუო ადამიანები სჩადიან. რამეთუ წარმავალსა და უმტკიცებს არ ‘შეაპყრობს გულს“(ფსალმ. 61,11), არ ცდილობს მეფეთა და მთავართა - უზენაეს ხელისუფალთა ყურადღების ცენტრში მოექცეს, რამეთუ ისინიც ვნებათა მარწუხებში თრთიან. თავი როდი მოაქვს დიდებულებთან თუ მდიდრებთან სიახლობით, არ ფიქრობს, რომ ეს განსაკუთრებით განადიდებს მის პიროვნებას. აინუნშიაც არ აგდებს და არ ესწრაფვის სახელმოხვეჭილ და ბრწყნივალე ადამიანებთან ურთიერთობას, როგორც მდიდარი არ ინებებს გაღატაკებას და არც ძლევამოსილი და სახელმოხვეჭილი სახელმწიფო მოღვაწე - ამ ქვეყნიდან უსახელო და პატივაყრილი წავიდეს.
79. თუკი ყველა ჩადენილი ცოდვა მიგეტევა, განა ცოტას ნიშნავს ეს - მარტო სინანულისა და აღსარების საიდუმლო,ანდა სპეტაკი ანგელოსური სქემის გადაფარება რად ღირს.რაოდენი სიყვარული, მადლმოსილება, თვინიერებაა იქიდან წამოსული, შენი დამაწყრულებელი, და შენ, ღირსი აურაცხელი ტანჯვა-წამებისა, არა მარტო თავს დააღწევ მათ, არამედ ზეციურ დიდებასა და მეუფებას თანაზიარექმნები. გონებაში ღრმად ჩაიბეჭდე და მარადჟამსგახსოვდეს, ნებსით თუ უნებლიედ უპატივცემულობა არ გამოიჩინო შენი შემოქმედისა და დამბადებლის მიმართ უთვალავ უსჯულოებათა შენდობის წილ, არამედ მთელი შენი მოღვაწეობით განადიდე და პატივდებულ-ჰყავ, რათა ყოველგვარ ხილულ ბიწიერებათაგან განწმენდილ-გაპატიოსნებულს, სანაცვლოდ უფრო მეტი პატივი მოგაგოს და გულლითად მეგობრად გიგულოს.
80. რაოდენცა სული სხეულზე სპეტაკია, ეგზომ ჭკვიანი კაცი მთელს ქვეყნიერებაზე ძლევამოსილი. ადამიანო, თვალს ნუ მოგჭრის ამა სოფლის ბრწყნივალება, ნურც ის ჩაგაფიქრებს, თითქოს ეს ყოველივე შენზე უფრო აღმატებულია, არამედ, მადლმოსილება შეინარჩუნე, ჭკუა და ნიჭიერება სულისა ღირსეულად გამოაჩინე და გალობით ადიდე უფალი, რომელმაც ყოველ სულიერზე მეტად პატივდებულ-გქმნა.
81. დავუკვირდეთ, თუვითარ ვადიდებთ უფალს. იმაზე მეტად ხომ ვერ განვადიდებთ, ვითარ ადიდებდა ძე. თუმცა, რამდენადაც ძე ადიდებდა თავის მამას, იმდენადვე იყო განდიდებული თავად ძეც მამისგან. დაე, ჩვენც ბეჯითად აღვასრულოთი იგივე და ამით „მამაი“ ჩვენი განვადიდოთ, „რომელი არს ცათა შინა“ (მათ. 6,9), პატივდებული ამ სახელდებით, და აწ ვადიდოთ ჩვენც თანა დიდებით მით ძისა, რომელი აქუნდა წინაშე მისსა „უწინარეს სოფლის დაბადებისა“(იოანე. 17,5). ეს ჯვარია და აღსასრული ყოველივესი, ვაებანია და საცთუნებელნი, ანდა სხვა ვნებები ქრისტესი, რომელთა დათმენაც მთელი ძალისხმევით ქრისტეს გვამსგავსებს და ვადიდებთი ამით მამასა და ღმერთს, ვითარცა მისი ძენი, კურთხეულნი და თანამდევნი ქრისტესი. (რომ. 8,17).
82. სული, რომელიც ჯერ კიდევ, საბოლოოდ არ დახსნილა ხორციელი მიდრეკილებებისაგან და ხილულ საგანთა ტყვეობისაგან, თვით გრძნობებსა და გულისთქმებშიც კი უძლურია დასძლიოს მოძალებული კაეშანი, განცდა ამაოებისა და ცდუნებანი, იქნება ეს მოვლენილი ეშმაკებისა თუ ადამიანებისგან. მაგრამ ყოფით საგნებზე ზრუნვის მარწუხებში მოქცეული საშინელ მწუხარებაში ვარდება, თუკი ეს ნივთები წაერთვა და მძიმედაც დასნეულდება ამის გამო სხეულზე მიყენებული ჭრილობებისგან.
83. ვინც განიძარცვა სული თვისი მიწიერი სურვილებისა და მისწრაფებებისგან და ღმერთს შეერწყა, იგი გულგრილობას როდი გამოამჟღავნებს მარტოოდენ ფულისა და ყოველდღიურ სახმართა მიმართ, მათ აუღელვებლადაც დასთმობს, თითქოს თავისი კი არა,სხვისი ყოფილიყოს ეს ნივთები და შესაბამისად, სხეულზე მიყენებულ გვემას სიხარულით და მადლიერებით დაითმენს მარადის ღვთაებრივი მოციქულის შემყურე: „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არემედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ“ (2 კორ. 4,16).სხვაგვარად ხომ წარმოუდგენელია სიხარულილთ აიტანო ღვთისგან ბოძებული ტანჯვა. ამისათვის საჭიროა, აგრეთვე, სრულყოფილება გონისა და სიბრძნე სულისა. ვინც განძარცვულია ამათგან, უიმედობისა და უმეცრების წყვდიადში დაბორიალობს და ვერც მოთმინებისა და სიმშვიდისაგან მოფენილ ნათელს იხილავს.
84. ვისაც ყოველივე გონევრულად განუსჯია, მეცნიერებებში ღრმად განსწავლული ვერასოდეს შესძლებს საღმრთო საიდუმლოებებს ჩასწვდეს და იხილოს, უწინარეს ვნებათაღელვათა და გულისთქმათა დაცხრომისა (შდრ. 1კორ. 3,18), შეურაცხადქმნისა და ამასთანავე, პირად შეხედულებათა და მეცნიერულ ნააზრევთა უგულვებელყოფისა. რამეთუ, ვინც ამგვარად მოიქცევა - მტკიცე რწმენით საღვთო საკითხებში გათვითცნობიერდება. ხოლო შემდგომში მათ კიდეც აითვისებს, რაც გზას გაუხსნის და წარუძღვება ცოცხალ ღმერთთა სასუფევლისკენ. სულიწმიდის მეოხებით ნათელქმნილი (შდრ.იოანი. 16,13) იხილავს და შეიცნობს იმას, რისი ხილვაც და შემეცნებაც სხვას არავის არ ხელეწიფება - შეიქმნება კიდეც ღმრთის შემმეცნებელი (იოანე. 6,45).
85. ბრძენს დამოწაფებულნი ღმრთის შემმეცნებლებს მარადის შერაცხავდნენ შეურაცხადებად, თუმცა სინამდვილეში ცალმხრივი სიბრძნის გესლით მოშხამულნი თავად იყვნენ შეურაცხადნი, რომელნიც ღვთაებრივ მოციქულთა თქმით; „განცოფა ღმერთმან“ (1კორ. 1,20), ხოლო საღვთისმეტყველო ხმამ ამგვარად შერაცხა: „არა არს ესე სიბრძნე ზეგარდმოსრული, არამედ ქუეყანისა, მშვინიერი და საეშმაკო’ (იაკ. 3,15,16). ადამიანები, თუნდაც ღვთაებრივ ნათელში მოხვდნენ, ვერ შემძლებელ არიან საკვირველებათა ხილვისა, ხოლო ამ ნათელში დაბანაკებულთ, რომლებიც კიდეც ხედავენ და შეიმეცნებენ სასწაულებს, ხიბლში ჩავარდნილებად სახელდებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავად იმყოფებიან ხიბლში ღვთაებრივ სიკეთეთაგან განძარცვულნი.
86. მარტოდენ ამის გამო როდი აღემატებიან ამქვენიურ სახილველთა მეტრფეთ საღმრთო მადლს ზიარებულნი და სრულყოფილებით აღბეჭდილნი შემეცნებასა და სიბრძნეში, არამედ იმითაც, რომ დაამწყალობლებს მათ ღვთის მცნებათა გაშინაგანება და ქველმოქმედება, რაკიღა კიდეც შეისმინეს, კიდეც გაითავისეს და კიდეც ირწმუნეს. ის ადამიანები, რომლებიც სულიწმიდით არ მოქმედებენ, (შდრ. რომ. 8,4), წყვდიადში დაძრწიან, (შდრ. იოანე 12.35), არც ის უწყიან, საით წავიდნენ (შდრ. იოანე 11.10) და ასეთებისთვის ღვთის მცნებები რისი მაქნისია? სულიწმიდის ჭეშმარიტი განბრძნობილება ოდესმე მაინც ხომ მსწრაფლ წარსტაცებს მათ მოძალადე ამპარტავნებას. აი, მაშინ, არა ფარისევლურად და თავმომწონედ, არამედ გულწრფელად, ღვთის ნებას მიყურადებულნი და დამორჩილებულნი სულიერ ქარიზმას თანაზიარექმნებიან. მაგრამ, თუ ვერაფრითვერ შეძლეს ამ ადამიანების ამა სოფლის სიამეთაგან ჩამოცილება, მათი გულების უგრძნობელობისა და სიბეცით შეძრულნი, აცრემლდებიან, მიაშურებენ თავ-თავიანთ სენაკებსა და დღედაღამ ილოცებენ მათ გადასარჩენად. რამეთუ სხვა რა მიზეზით შეიძლება დანაღვლიანდეს ის, ვინც ღმერთს შეერწყა უწყვეტად და უთვალავი სიკეთით აღივსო.
87. უწინაც ყოფილან და ამჟამადაც არსებობენ ჩვენს შორის ვნებათუქმნელი, წმიდა და ღვთაებრივი ნათელით მოსილი ადამიანები, დახსნილნი ამა სოფლის რვალთაგან ყოველგვარი ბიწისა თუ ვნებათაღელვის აღხოცვით (შდრ. კოლას. მიმართ 3,5). ისინი არამც და არამც არ დაუშვებენ არა მარტო იმას, რომ თავად მოიმოქმედონ სისაძაგლე, არამედ ოდეს სხვებშიაც შემჩნევენ ამგვარ მიდრეკიდებებს, მათ ამრეზით ეპყრობიან. მათი გამოცნობა არ გაუჭირდებოდათ ეჭვის თვალით მზირალ ადამიანებსაც კი, ღვთის სიტყვას ურწმუნოდ რომ ეკიდებიან და უნდობლად შესცქერიან სულიწმიდის სიბრძნით განბრძნობილ სარმრთო საქმეთა თაყვანისმცემლებს. დაე, კეთილგონივრულად განჩხრიკონ სარმრთო წერილი, ყოველდღიურად მათთვის წაკითხული და ნაგალობები, ვინძლო საღმრთო წერილის ცოდნას ისინი ღვთის აღთქმისა და სიკეთით დამწყალობლებაში დაერწმუნებინა. მაგრამ, რაკიღა თავდაჯერებულობისა და უგულისყურობის გამოისობით დაცარიელებული არიან და სიკეთისგან ღმრთის თანაზიართ და მისით განბრძნობილთ დაუჯერებელ ხრიკებში აბამენ.
88. რაში მდგომარეობს არსი იმისა, რაც ჩადებულია საღმრთო სიტყვაწყობილებაში, რომელიც მთელს საღმრთო წერილში იქადაგება, თუმცაღა ჩვენთვის, მკითხველთათვის, ამოუცნობია? ძე ღვთისა ხომ იმად იქცა ძედ კაცისად, რომ ჩვენ ადამიანები, ღვთის შვილებად ვექციეთ, ჩვენი მოდგმა იმ მადლს აზიარა, რაც მისთივს იყო ბუნებრივი, ხელმეორედ დაგვბადა სულიწმიდით და მეყვსეულად წარგვიძღვა ცათა სასუფევლისკენ, უფრო სწორედ, წყალობა მოიღო ჩვენზედა, სასუფეველი ცათაი თავად ჩვენშივე რომ დამკვიდრებულიყო (შდრ. ლუკ. 17,21), რათა ჩვენ მასში შეღწევის მარტოდენ იმედით როდი გვეარსება, არამედ უკვე მკვიდრქმნილთ გვეღაღადა: „ცხორებაი ჩუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“ (კოლას. მიმართ 3.3).
89. ნათლისღება ჩვენს ნებელობასა და შინაგან სწრაფვას როდი აქარწყლებს, არამედ მისი წყალობით სატანას განვაგდებთ და იგი უკვე უძლური ხდება იმბრძანებლოს ჩვენზე ჩვენი ნება-სურვილის წინააღმდეგ. ნათლისღებისთანავე აღვასრულებთ პირად ნებას: ან შევუდგეთ ხალისით იმის მცნებებს, ვისგანაც ნათელვიღეთ, ქრისტეს, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა და მისი მითითებული გზით ვიდოდეთ, ანდა მხარნაქცევნი კვლავ დაუძინებელ და მოსისხლე მტერს - სატანას მივუბრუნდეთ.
90. წმინდა ნათლისღების შემდგომ, ვისაც მდაბალი გულისთქმანი აღეძვრის და ცოდვაში ჩავარდება, წმინდა ნათლისღების წმიდა საშოთაგან მოსწყდება, ვითარცა უთქვამს დავითს; „უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოთაგან“ (ფსალმ. 57,4), რამეთუ ვერ გარდაისახება ვერცერთი ჩვენთაგანი სხვად და ვერც იმ ბუნებას შეიცვლის რაგვარადაც ქმნილა. მაგრამ კეთილქმნული ღმერთისგან, (უვარგისი ღმერთს არაფერი შეუქმნია)უცვალებელი ბუნებით, აგებულებითა და არსებით, იმგვარად ქმილა, რომ თავისუფალი ნება რასაც მოააზრებინებს, იმასვე ანატრებინებს და აღასრულებინებს კიდეც - გინდ ცუდი იყოს, გინდ - კარგი. ვითარცა მახვილი ნახმარი ხან ბოროტად, ხანაც სასიკეთოდ სახეს არ იცვლის, ბუნებით კვლავ რკინად რჩება, ასევეა ადამიანიც, - ისე მოიქცევა და იმასვე ჩაიდენს, როგორც ნათქვამია, რასაც ფიქრობს და რაც სწადია, ოღონდ ბუნება როდი ეცვლება.
91. ვერც ის ცხონდება, ვინც ერთგზის გაუწვდის დახმარების ხელს გაჭირვებაში მყოფს და ცეცხლში დაინთქმის ისიც, ვისაც თუნდაც ერთი ადამიანი აუგდია აბუჩად. რამეთუ „მშიოდა და მეცით მე ჭამადი“(მათ. 25,35) ნათქვამია მხოლოდ ერთგზისი შემთხვევის მიმართ კი არა, ან ერთ დღეზე,არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგვახსენებს თავს სხვადასხვაგვარად განცხადებული“მეცით მე ჭამადი, მასუთ , შემმოსეთ“ და ამისი მსგავსი მიმართვანი მარტოოდენ ერთჯერად საქმეზე როდი მიუთითებენ, არამედ მარადიულზე და ყველაფერზე განურჩევლად. ქრისტემ, მეუფემან და ღმერთმან ჩვენმან თავის მონებს ხომ ამგვარი შეწევნა აღგვითქვა.
92. როგორ ათავსებს ზოგიერთი ქრისტეს მხოლოდ ერთ გლახაკში, როდესაც იგი გაუნყოფლად განიყოფება და თითოეულ გლახაკშია ცალ-ცალკე? აბა, წარმოვიდგინოთ ასი გლახაკი ერთ ქრისტედ (შდრ. 1კორ. 1,13), და ვინც ოთხმოცდაცხრამეტ გლახაკს უბოძებს, ერთ ობოლს, მხოლოდ ერთადერთს გამოლანძღავს, სცემს და პანღურისკვრით გააგდებს, იცი თუ არა, რომ, თავად ქრისტეს ექცევა ასე, რომელმაც არაერთხელ თქვა, მუდამ ამბობს და კვლავაც იტყვის მომავალში:“რავდენი უყავთ ერთსა ამას მციერთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“(მათ. 25.40).
93. ვინც რამდენსამე გაჭირვებულს გაუწოდა დახმარების ხელი, შეეძლო კი დახმარებოდა სხვებსაც, დაეპურებინა და დაეწყრულებინა მრავალნი, იგი ქრისტეს მიერ გასამართლდება ვითარცა კაცი, რომელმაც ქრისტეს არ მიაწოდაწყალი. რამეთუ ქრისტეა ჩასახლებული განურჩევლად ყვალაში, თითოეულ იმ მათხოვარშიც კი, რომელთაც ჩვენ საზრდელს მივაწვდით.
94. ის, ვინც ყოველ გაჭირვებულს ყოველგვარი სარჩო-საბადებლით მოამარაგებს და ხვალისთვისაც შესძლებს, რომ იგივე მოიმოქმედოს, მაგრამ ძმათაგან ზოგიერთს აითვალწუნებს და მოიძულებს იმ ზომამდეც კი, რომ შიმშილით წყურვილით და სიცივით სულს ამოხდის, თვით ის შეუძაგებია და გარე-მიუქცევია პირი იმისგან, ვინც თქვა;“რაოდენი უყავთ ერთსა ამასმციერეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მათ. 25,40).
95. ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ყველაფერს, მათხოვართა და გლახაკთა სახელზე გაცემულს, უფალს მივაგებთ, რომელმაც სამართლიანად თქვა; „იგი მე მიყავთ“. იმ დროს კი, როდესაც მოყვასის მიმართ თანაგრძნობასა და თანალმობას არ ვიჩენთ, უსამართლოდ და ანგარებით ვექცევით, განვაქიქებთ და ვჩაგრავთ, შევიძულებთ კიდეც, უფალი გვეუბნება: „მე ნუ მიყოფთ“. მარტოოდენ სიძულვილიც საკმარისია ჩვენს განსასჯელად, რამეთუ, თუნდაც ერთი ადამიანის შეძულებით თავად იესო ქრისტეს მოვიძულებთ და მოვიძაგებთ.
96. უფალმა იმად ინება გარდასახვა თითოეულ გლახად და ყოველი გლახაკიც იმად მიიმგვანა, რომ მორწმუნეთაგან არცერთს ხელი არ აღემართა ძმაზე, არამედ კაცად-კაცადს უფალში თავისი ძმა შეეცნო და ეგზომ მდაბლად და კნინად შეერაცხა თავი თვისი ძმასთან შედარებით, ვითარცა იოტისოდენას დამბადებელთან მიმართებაში, მიეღო იგი, პატივი მიეგო და მზადყოფილიყო თავგანწირვისთვის, რამეთუ ქრისტემ და ღმერთმა სისხლი დაღვარა ჩვენს გადასარჩენად.
97. ვინც ახლობელზე ისე იზრუნებს, როგორცსაკუთარ თაზე (შდრ. ლუკ. 10,26,27), მხოლოდერთი დღისგანმავლობაში როდი უნდა მოიქცეს ასე, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე (შდრ. მათ. 5,42). ისიც,ვინც აღთქმას დადებს, რომ პირველსავე მთხოვნელს დაეხმარება, ასე უნდა იქცეოდეს ბოლომდე, ყველას წინაშე. სხვებისაგან სიკეთის მსურველი თავადაც ხომ სულ იმის ცდაში უნდა იყოს, რომ მათაც სიკეთის წილ სიკეთე მიაგოს (მათ. 7,13).
98. ის, ვინც მოყვასს ისე უყურებს, როგორც საკუთარ თავს, ნუთუ დაუშვებს, რომ იმაზე მეტი ჰქონდეს, ვიდრე მოყვასს აბადია. ძუნწს ხომ საკუთრივ ვერაფერს გააგდებინებ ხელიდან, ვიდრე არ გაღატაკდება და მოყვასთან გათანაბრებული მაშინღა აღმოჩნდება მეუფის მცნებათა ზედმიწევნით აღმასრულებელი. შესაბამისად, ვისაც სურს გასცეს ყოველივე, თუნდაც შემორჩენილი ერთი ობოლო, ანდა პურის ნატეხი, ვერაფერს შემატებს მთხოვნელს, ანუ ვერ გაუკეთებს იმას მოყვასს, რაც თავად სურს, რომ სხვამ მიაგოს (შდრ. მათ. 7,12). ამგვარად ის, ვინც ყოველ ღარიბსა და ღატაკს აჭმევდა, ასმევდა, მოსავდა, სხვა საქმეებშიც ეხმარებოდა, მაგრამ სძულდა მხოლოდ ერთი და არად აგდებდა, ქრისტე ღმერთისგან შეირაცხება არარაობად, თავად დახარბებული და ხახამშრალიც.
99. შესაძლოა ეს ბევრს შეუძლებლად ეჩვენოს და ასეთები საკუთარ თავებს კიდეც ღირსეულ კურთხევას აძლევენ: განა ვინმეს ძალუძს ყოველივე ისე აღასრულოს, რომ ყველა ასიამოვნოს, საწყაული აღუვსოს და არავინ დარჩეს უკმაყოფილო. დაე, მათ ისმინონ პავლე მოციქულის ხმამარლად და ნათლად წარმოთქმული სიტყვები: „რამეთუ სიყვარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ ერთი იგი ყოველთათვის მოკუდა, ყოველივე სამე მოწყდეს“ (2 კორ. 5,14).
100. როგორც ზოგადი მცნებები მასში შემავალი ცალკეული კერძო მცნებების ერთობლიობაა, ზოგადი სიქველეებიც ყოველ კერძო ქველმოქმედებას მოიცავს.ვინც მთელი ავლა-დიდება გაყიდა, ღარიბებს დაუნაწილა, თავადაც ხომ გაღარიბდა, მაგრამ ერთბაშად შეიქმნა ყველა კერძო აღთქმათა აღმსრულებელი. აღარც იმის საჭიროება ექნება, მთხოვნელს მისცეს და არც თავს აარიდებს იმას, ვისაც მისგან სურს ისესხოს (შდრ. მათ. 5,42). ამგვარად, გამუდმებით შვიდჯერადი აღვლენილი ლოცვის აღმსრულებელმა გარდაამეტა ყოველგვარ აღთქმას ლოცვისას და აღარ საჭიროებს დღეში შვიდგზის ადიდოს უფალი (შდრ. ფსალმ. 11.164), „მწუხრს, დილეულ და სამხრად“ (შდრ. ფსალმ. 54,17). რამეთუ მასში დასრულებული სახითაა ყველა ის ლოცვა, რომელსაც ჩვენ აღვავლენთ გარკვეულ დროსა და საათებში განაწესისამებრ და ვგალობთ კიდეც. შესაბამისად ვინც შეგნებულად დაეუფლა კაცთათვის ბოძებულ საღმრთო მეცნიერებას (შდრ. ფსალმ. 93.10),ვისაც წმინდაწერილი თავიდან ბოლომდე განუჩხრეკია და ყოველი საკითხავიდან იმკის სიკეთეს, ხომ აღარასოდეს მოისურვებს წიგნებს ჩაუჯდეს. ანდა რატომ მიოქცევა ასე საღმრთო წერილში დაწერილის სულში აღმბეჭდავი, დაფარულ იდუმალებათა დამაუნჯებელი, როცა თავად არის სხვებისათვის სულმოუთქმელად წასაკითხი წიგნი, მფლობელი ღვთის ახალ თუ ძველ საიდუმლოებათა (მათ. 13,52), რაც ჩაწერილია მასში ღვთის თითითვე (გამოსვ. 31,18).ვინაც ყოველივე განასრულა და ღმერთში აღესრულა საყოველთაო საქმენი მისნი (დაბ. 2.2).
ძველბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა
თბილისი, 1992 წ.