† წმიდა სილუან ათონელი

გამოკრებილი სწავლებები

თუკი შენს გონებას გულში ლოცვა სურს და არ შეუძლია, მაშინ ბაგეებით ილოცე და გონება ლოცვის სიტყვებს მიაპყარი, როგორც „კიბე“ ამბობს. დროთა განმავლობაში უფალი გულისმიერ ლოცვას მოგანიჭებს გულისსიტყვების გარეშე და იოლად ილოცებ. ზოგიერთებმა გული დაიზიანეს, რადგან ძალდატანებით ცდილობდნენ გონებით ელოცათ გულში, და იქამდე მივიდნენ, რომ შემდეგ ბაგეებითაც აღარ შეეძლოთ ლოცვა. მაგრამ იცოდე სულიერი ცხოვრების წესრიგი: ნიჭები ეძლევა უბრალო, მდაბალ, მორჩილ სულს. ვინც მორჩილი და ყველაფერში თავშეკავებულია – საკვებში, სიტყვებში, მოძრაობებში, მას თვით უფალი ანიჭებს ლოცვას და ის იოლად აღესრულება გულში.

 

უფალს უყვარს ადამიანები, მაგრამ გაჭირვებებს უგზავნის, რომ შეიცნონ თავისი უძლურება და დამდაბლდნენ, და სიმდაბლის გამო მიიღონ სული წმიდა, ხოლო სული წმიდასთან ერთად – ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი სასიხარულოა, ყველაფერი მშვენიერია.

 

თუკი შენ განიკითხავ, დრტვინავ, გიყვარს საკუთარი ნების აღსრულება, მაშინ ბევრსაც რომ ლოცულობდე, შენი სული გაღატაკდება და იტყვი: „დამივიწყა უფალმა“. მაგრამ უფალმა კი არ დაგივიწყა, შენ დაგავიწყდა, რომ გჭირდება დამდაბლება, და ამიტომ არ მკვიდრობს შენს სულში მადლი ღვთისა; ხოლო მდაბალ სულში ის ადვილად შედის და ანიჭებს ღვთაებრივ მშვიდობას და განსვენებას. დედა ღვთისა ყველაზე თავმდაბალი იყო და ამიტომაც განდიდებულია ზეცისგანაც და მიწისგანაც; და ყველა, ვინც დამდაბლდება, განდიდდება ღვთის მიერ და იხილავს უფლის დიდებას.

 

ზოგიერთები მთელი ცხოვრება შრომობენ იმისთვის, რომ გაიგონ რა არის მზეზე, ან მთვარეზე, ან სხვა რაიმე, მაგრამ ამისგან სულისთვის არაა სარგებელი. ხოლო თუკი ვეცდებით გავარკვიოთ, რა არის ადამიანის გულში, დავინახავთ: წმინდანის სულში – ზეციური სასუფეველია, ხოლო ცოდვილის სულში – სიბნელე და ტანჯვა. ამის ცოდნა სასარგებლოა, რადგან ჩვენ მარადიულად ვიქნებით ან სასუფეველში ან ტანჯვაში.

 

უფალი გამუდმებით გვიხმობს თავისკენ: „მოვედით ჩემდა, და მე განგისვენო თქვენ“. ის გვკვებავს თავისი ყოვლადწმიდა ხორცით და სისხლით; ის მოწყალებით გვზრდის თავისი სიტყვით და სული წმიდით. მან გამოგვიცხადა საიდუმლონი. ის ცხოვრობს ჩვენში და ეკლესიის საიდუმლოებში და მიგვიძღვის იქით, სადაც ვიხილავთ მის დიდებას. მაგრამ ამ დიდებას თითოეული იხილავს თავისი სიყვარულის შესაბამისად. ვისაც მეტად უყვარს, ის უფრო ძლიერად ისწრაფის შეყვარებული უფლისაკენ და ამიტომ უფრო მეტად მიუახლოვდება მას; ვისაც ნაკლებად უყვარს, მას ნაკლებად სურს, ხოლო ვისაც არ უყვარს, მას არ სურს და არ ისწრაფის უფლის სახილველად და იქნება მარადიულად წყვდიადში.

 

მორჩილება ადამიანს ამპარტავნებისგან იცავს; მორჩილების გამო ლოცვა გვენიჭება; მორჩილების გამო გვენიჭება სული წმიდის მადლი. აი რატომაა მორჩილება ლოცვასა და მარხვაზე აღმატებული.

 

ამგვარად, მთელი ბრძოლა მიდის სიმდაბლისათვის. მტრები (ეშმაკები) დაეცნენ ამპარტავნებით და ჩვენც მითვე მიგვზიდავენ წარსაწყმედელისკენ. მტრები გვაქებენ, და თუკი სული ქებას შეიწყნარებს, მაშინ მადლი განეშორება, ვიდრე არ მოინანიებს. ასე მთელი ცხოვრება სული სწავლობს ქრისტესმიერ სიმდაბლეს, და ვიდრე სიმდაბლე არ გააჩნია, მუდმივად დატანჯავენ ცუდი აზრები.

ხოლო მდაბალი სული ჰპოვებს განსვენებას და სიმშვიდეს, რომლის შესახებაც ამბობს უფალი (იოან. 14,27).

მარხვა, თავშეკავება, მღვიძარება, დაყუდება და სხვა ღვაწლი გვეხმარებიან, მაგრამ მთავარი ძალა სიმდაბლეშია. მარიამ ეგვიპტელმა მარხვით ერთ წელიწადში ჩამოიხმო თავი, რადგან საკვებიც არ გააჩნდა, მაგრამ გულისსიტყვებს ჩვიდმეტი წელი ებრძოდა.

სიმდაბლეს უცებ ვერ ისწავლი. ამიტომაც ამბობს უფალი: „ისწავლეთ ჩემგან სიმდაბლე და სიმშვიდე“. იმისთვის, რომ ისწავლო, დროა საჭირო. ზოგიერთები მოღვაწეობაში დაბერდნენ, მაგრამ სიმდაბლე კი ვერ ისწავლეს, და ვერ ხვდებიან, რატომ არიან ცუდად, არაა სიმშვიდე და სული ნაღვლიანია.