სქიიღუმენი საბა (ერობაში ნიკოლოზი) დაიბადა ყუბანში მართლმორწმუნე გლეხის ოჯახში. ბერული ცხოვრების სურვილი მან ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა, მაგრამ მისი განხორციელების შესაძლებლობა ღმერთმა მაშინვე როდი მისცა. მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც კვლავ გაიხსნა ტაძრები და სასულიერო სასწავლებლები, მათ შორის, წმიდა სამების სერგის ლავრაც, ნიკოლოზს თავისი მისწრაფების აღსრულების შესაძლებლობა მიეცა. 48 წლის ასაკში მან მოსკოვის სასულიერო სემინარიაში დაიწყო სწავლა. 1948 წელს, სწავლის დამთავრებისთანავე ლავრის ძმობაში მიიღეს. იმავე წლის ოქტომბერში იგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა საბა - ღირსი საბა სტოროჟელის პატივსაცემად. 1952 წელს იგი მღვდელმონაზვნად აკურთხეს. 1955 წლიდან უწმიდესი პატრიარქის, ალექსი I ბრძანებით გადაყვანილი იქნა ფსკოვო-პეჩორის მონასტერში და 1957 წლამდე მისი კეთილმოწესე იყო. 1958 წელს იგი იღუმენის ხარისხში აიყვანეს და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვეს. სამი წლის განმავლობაში იგი რამდენიმე ტაძრის წინამძღვარი იყო, 1960 წელს კი იღუმენი საბა პეჩორის ლავრას დაუბრუნდა. 1973 წელს სავანის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ალიპის (ვორონოვი) მიერ შემოსილი იქნა სქემით; ამჯერად მას წმიდა საბა განწმედილის სახელი უწოდეს.
ხუცესის მთელი ცხოვრება ღვთისა და ადამიანების განუწყვეტელი მსახურება იყო. მას იცნობდნენ, როგორც შესანიშნავ მოძღვარს, რომელსაც შეეძლო, ენუგეშებინა და გაემხნევებინა ადამიანები. ამასთან ერთად, მამა საბა იყო ღვთის სიტყვის დაუღალავი მქადაგებელი, სულიერი მწერალი, რომელიც მარტივი, მისაწვდომი ენით განუმარტავდა ადამიანებს წმიდა მამათა სწავლებებს ცხოვნების შესახებ. მაგრამ ხალხს ყველაზე მეტად იზიდავდა მისი, როგორც გასაოცარი მქადაგებლის, ადამიანთა მწუხარებისა და გასაჭირის ჟამს ღვთის წინაშე თავმდაბალი, მაგრამ კადნიერი შუამდგომლის სახელი. შემონახულია სულიერი შვილების მოგონებები მისი სასწაულებრივი ლოცვითი შემწეობის შესახებ.
70-იანი წლების დასასრულს ხუცესს ძლიერ შეერყა ჯანმრთელობა. 1980 წლის 26 ივლისს იგი ეზიარა, არქიმანდრიტმა გაბრიელმა (სტრებლიუჩენკო) კი სულთამბრძოლის ლოცვა წაუკითხა, რის შემდეგაც მან სული უფალს მიაბარა.