ლოცვა ადამიანის სულის თავისუფალი აქტია, ხორცშესხმა იმ სიყვარულისა, რომელიც ადამიანს ოდესღაც ღმერთთან აერთიანებდა. ცოდვით დაცემის შედეგად ამ სიყვარულის ოქროს ჯაჭვი დაირღვა, გაწყდა. ლოცვა არის ადამიანის უწინდელი კავშირის აღდგენა ღვთაებრივ აბსოლუტურ სულთან: იმ კავშირისა, რომელიც პირველქმნილ ადამიანებს გააჩნდათ. ლოცვის წარმოდგენა, მისი აღწერა, ვფიქრობთ, მხოლოდ გარკვეული ალეგორიებითა და სახეებითაა შესაძლებელი. ლოცვის ლოგიკურად განხილვა წარმოუდგენელია, რადგან თავისთავად ლოცვა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ანალიტიკური, გონებითი აზროვნება. აქედან გამომდინარე, თუ ლოცვის ერთგვარი ლოგიკურ-ფილოსოფიური ინტერპრეტაცია გვინდა, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის ზოგიერთ გარეგნულ გამოვლინებაზე, ხოლო ლოცვის სიღრმისეულ არსს ვერასოდეს ჩასწვდება ზედაპირული გონებისმიერი აზროვნება.
ჩვენი ცხოვრება – ვრცელ უდაბნოში მწირობაა. ჭეშმარიტ ქრისტიანს მთელი ქვეყანა უდაბნოდ ეჩვენება. აქ იგი შინაგანად მარტოა, მისი სიტყვები სხვა ადამიანების სულში გამოძახილს ვერ პოულობენ. არშესმენილი, დაღლილი და ხშირად სოფლისგან უარყოფილი, იგი ღმრთისადმი ლოცვაში ჰპოვებს განსვენებას. ლოცვა მას ჭეშმარიტ რწმენას, ჭეშმარიტ დასტურს აძლევს იმისას, რომ ის ამ უკიდეგანო უდაბნოში მარტო არ არის, რომ მასთან ღმერთია.
ლოცვაში ადამიანი განამტკიცებს თავის ძალებს, ლოცვის გარეშე კი იგი უძლურდება და სულიერად კვდება. ამიტომაც ლოცვა შეიძლება შევადაროთ წყაროს წყალს – წმინდა, ცხოველ წყალს. ამა სოფელში ხეტიალით დაღლილი მგზავრი ამ ცხოველმყოფელი წყლით იკლავს თავის სულიერ წყურვილს. მაგრამ ეს უბრალო წყარო არ არის, საიდანაც მხოლოდ თვითონ სვამს წყალს. თუ ადამიანის გულში უწყვეტი ლოცვა მიედინება, უდიდესი სასწაული ხდება: ის თავად იქცევა სხვებისთვის ცხოველმყოფელ წყაროს წყლად.
ღმრთის მაძიებელი ადამიანები თავისდაუნებურად მიილტვიან იმისკენ, ვის გულშიც ლოცვაა დამკვიდრებული. თუნდაც რომ დამალოს ქრისტიანმა თავისი სულიერი საქმიანობა და საერთოდ არ ილაპარაკოს სულიერ თემებზე, თუ მის გულში ჭეშმარიტი სინანულის ლოცვა მიედინება, მისგან გამოდის რაღაც სულიერი ნათელი. ამ საკვირველ ნათელს თუმცა ხორციელი თვალით ვერ ვიხილავთ, მაგრამ ყველას შეუძლია შეიგრძნოს იგი – ყველას, ვინც ღმერთს ეძებს. ამიტომაცაა, რომ მრავალი უბრალო მონოზონი და ერისკაციც კი, რომელიც გარეგნულად არაფრით განირჩევა სხვებისგან: არც განათლებით, არც მჭევრმეტყველებით, არც დიდი ცოდნით, – მაგნიტივით იზიდავს ადამიანთა სულებს. მორწმუნეები გარს ეხვევიან ასეთ მლოცველებს, მიილტვიან მათკენ სულიერი წყურვილის მოსაკლავად, რადგანაც ამ წყურვილს ვერ იკლავენ ვერც ამასოფლიური სიბრძნით, ვერც საერო განათლებით, ვერც ფუჭი ტკბობით, ვერც წუთიერი სიხარულით. ის, ვის გულშიც ღრმა, განუწყვეტელი ლოცვა მოქმედებს, სულიერ წყაროდ იქცევა მორწმუნეთათვის და მის გარშემო ცხოვრების სიმძიმით, მწუხარებებით, წინააღმდეგობებით დამაშვრალი ადამიანები თავიანთი სულის ნუგეშს ჰპოვებენ, განიმტკიცებენ თავიანთ ძალებს. ამიტომაც თითოეულმა მღვდელმა, პირველ ყოვლისა, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ საკუთარ გულში ლოცვა დაამკვიდროს, და უნდა იზრუნოს უფრო მეტი მონდომებით, ვიდრე გარეგნული საღვთისმეტყველო ცოდნის მოპოვებაზე. თუ მწყემსს შინაგანი ლოცვა არ აქვს, მისი ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ცოდნა მკვდარია და მისთვის არ გაიხსნება ადამიანის გული; მის მოძღვრულ დარიგებებს ადამიანი მიიღებს მხოლოდ გარეგნულად, ცივი გონებით. სიცივისგან სიცივე მოედინება. ჩვენი გულის სიცივეს არ შეუძლია ცეცხლი აღაგზნოს ადამიანთა გულებში. ამიტომ, ვფიქრობთ, მოძღვრის უმთავრესი მოვალეობა ის არის, რომ მან თავისი სამწყსოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის ილოცოს, განუწყვეტელად იმეოროს გულში იესოს ლოცვა ან სხვა ლოცვები, რომლებიც შინაგანად ახლოს არიან მის სულთან.
იესოს ლოცვა ყველაზე მაღალი და ყოვლისმომცველი ლოცვაა, მაგრამ თუ ადამიანს სურვილი აქვს, შეუძლია სხვა მოკლე ლოცვა აირჩიოს, მაგალითად, ფსალმუნის რომელიმე მუხლი. ზოგიერთები განუწყვეტლივ კითხულობენ "მამაო ჩვენოს", არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ორ სიტყვას წარმოთქვამენ: "უფალო, შემიწყალე!" მაგრამ, ამასთან ერთად, მათი გული მუდამ ღმერთისკენაა მიმართული. ერთი სიტყვით, აქ არ არსებობს რაიმე ურყევი და შეუცვლელი კანონი: როგორც შენს სულს სურს, ისე ილოცე. წმიდა თეოფანე დაყუდებული ამბობდა, რომ თუ ადამიანი ლოცვის კანონს ასრულებს და მისი გული გაიხსნება ლოცვის რომელიმე სიტყვების წარმოთქმისას, გამოეხმაურება ამ სიტყვებს განსაკუთრებული სიძლიერით, ასეთ შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ ლოცვის გაგრძელება, არამედ ამ სიტყვებზევე უნდა შევჩერდეთ და საშუალება მივცეთ გულს, კარგად "გამოძღეს". როდის "გამოძღება", ამას ადამიანი თვითონვე იგრძნობს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია გააგრძელოს ლოცვა.
ამქვეყნად მრავალი ფასეულობა არსებობს და ისინი ხანდახან გვავიწყებენ ლოცვას. მაგრამ გადის დრო და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფასეულობები ნაგვად და მტვრად იქცევა, და რომ ერთადერთი ფასეულობა, რომელიც შეიძლება მოიპოვოს ადამიანმა – ეს არის ლოცვა. მართლაც, თუ გონების თვალს გადავავლებთ მთელ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ჩვენი სულის ჭეშმარიტ სიცოცხლეს მხოლოდ და მხოლოდ ის რამდენიმე წამი წარმოადგენდა, როდესაც ჩვენ ლოცვაში ვიყავით. მაგალითად, ლოცვას სასწაულთმოქმედი ხატის წინ, ან შინაგან ლოცვას, რომლის დროსაც ჩვენს გულს მადლი შეეხო, ჩვენ აღვიქვამთ, როგორც ჭეშმარიტ სიცოცხლეს, ყველაფერ დანარჩენს კი ამასთან შედარებით – როგორც ბუნდოვან სიზმარს.
ლოცვა – ეს ადამიანის მიერ მოპოვებული უძვირფასესი განძია; ლოცვა წყაროა, ხოლო წყაროში ძვირფასი ქვებისა და ლითონების პოვნას დიდი შრომა სჭირდება. იქ ისინი ყველას დასანახად როდი აწყვია, არამედ მათ მაგარი ქანებიდან იღებენ. ამიტომაცაა, რომ ლოცვა განუწყვეტელ დაძაბულ შრომას მოითხოვს. მაგრამ ოქროსა და ალმასის ის პატარა ნაწილაკები, რომლებიც მძიმე ლოცვითი ღვაწლით მოვიპოვეთ, უკვე სამუდამოდ იქცევიან ჩვენი გულის კუთვნილებად. ისინი ინახებიან სადღაც, გულის შინაგან სიღრმეში, – ისე, რომ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ მათ. მაგრამ დადგება დრო და ჩვენი სული სწორედ იმ ძალებით დაიწყებს სიცოცხლეს, რომლებიც ლოცვისას მოვიპოვეთ. ლოცვის გარეშე ადამიანი გლახაკი ხდება. მან შეიძლება დაკარგოს ყველაფერი – და კარგავს კიდეც. არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რაც სამუდამოდ დარჩება ჩვენთან: ან ის მიგვატოვებს ჩვენ, ან ჩვენ – მას. მხოლოდ ლოცვაა ადამიანის გულის ერთადერთი ხელშეუვალი საკუთრება. როცა ადამიანი შორეულ მოგზაურობაში მიდის, მას თან მიაქვს კვერთხი, რომელსაც გზაში უნდა დაეყრდნოს. და ლოცვაც თითქოს ერთგვარი სულიერი საყრდენია. ის შესამჩნევად გვიმსუბუქებს მოგზაურობის სიმძიმეს, ძნელად შესასრულებელ საქმეებს, ჩვენთვის მოულოდნელად, ადვილად შესასრულებელს ხდის. და პირიქით: თუ ადამიანი ლოცვის გარეშე, მხოლოდ საკუთარ ძალასა და უნარზე მინდობილი, ხელს მიჰყოფს თუნდაც სულ უბრალო საქმეს, მის წინაშე ჩნდება სრულიად მოულოდნელი და გადაულახავი დაბრკოლებები.
ლოცვა ყველა სათნოების ფესვია. ყველა ჭეშმარიტი სათნოება საღმრთო მადლის მიერ გვენიჭება, საღმრთო მადლის გარეშე ვერანაირი საქმე ვერ აცხოვნებს ადამიანს. ჭეშმარიტ სათნოებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიპოვებთ, თუ საკუთარ გულში სულიწმიდის მადლის მოქმედებას მივცემთ ადგილს. ამ სათნოებებს ჩვენ ლოცვაში გამოვითხოვთ ღმერთისგან და ლოცვითვე ვინარჩუნებთ. ასე რომ, ლოცვა კიდეც კრებს და კიდეც ინახავს.
ლოცვა სულის ფრთებია. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: "რა უნდა მოვიმოქმედოთ, როცა მტრები გარს გვერტყმიან და თითოეულ ნაბიჯზე ათასნაირი საფრთხე გვემუქრება?" და განაგრძობს: "ამაღლდი მიწიდან და შენი მტრები უღონონი გახდებიან და საფრთხენი განქარდებიან. ათასი მახეც რომ დაუგო ჩიტს, თუ იგი ჰაერში დაფრინავს, მახეები მას ვერაფერს დააკლებენ. ასევე შენ, ადამიანო, თუ გულითა და გონებით მიწაზე დახოხავ, მაშინ მტრები შენს გარშემო არიან, შენი გზა მახეებითაა მოფენილი და უამრავი საფრთხე გემუქრება. შენც ამაღლდი მიწიდან და ყველანაირი საფრთხე შეიმუსრება". მაგრამ როგორ უნდა ავმაღლდეთ მიწიდან? ამაღლება მხოლოდ ლოცვითაა შესაძლებელი. ამიტომაც ვამბობთ, რომ ლოცვა სულის ფრთებია, რომლებიც ადამიანს მტრებზე აღამაღლებენ.
ლოცვას უწოდებენ სულიერი სფეროების მიმოქცევას. თუ რას ნიშნავს ეს – ამის მიხვედრა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამ განსაზღვრების არსი კი შემდეგია: გულწრფელი სინანულით აღვლენილ ლოცვას განუწყვეტლად გადაჰყავს ადამიანი ზეციური ეკლესიისადმი დამოკიდებულების სულ ახალ და ახალ მდგომარეობაში. ჭეშმარიტი სინანულისმიერი ლოცვა ადამიანს ანიჭებს მისთვის სრულიად უცნობ ნათელ სულიერ ძალებს. ერთხელ ერთმა ბერმა, რომელიც მოულოდნელად შევიდა ღირსი იოანე მოკლეს სენაკში, დაინახა, რომ მას თავის სარეცელზე ეძინა, სასთუმალთან კი მფარველი ანგელოზი ედგა. საერთოდ ეს წმიდა მამა – აბბა იოანე – მონოზვნებს შორის იმით გამოირჩეოდა, რომ მუდმივად ლოცვაში იყო ჩაძირული. მას ხშირად ავიწყდებოდა თავისი ხელსაქმე და სხვა ადამიანები. ხანდახან ისეთ მდგომარეობას ეწეოდა ხოლმე, თითქოს მთლიანად მიეტოვებინოს მიწიერი სამყარო და სხვა სამყაროში გადასულიყოს – ზეციურში, ანგელოზებრივში. ერთხელ მასთან ერთი მეაქლემე მივიდა, რომელიც მონოზვნების ხელსაქმეს აგროვებდა (აბბა იოანე კალათებს წნავდა), ალექსანდრიაში მიჰქონდა და იქ ყიდდა, აღებული ფულით კი მამებისთვის პურსა და სურსათს ყიდულობდა. მეაქლემემ ბერს კარზე დაუკაკუნა და როდესაც ის გამოვიდა, უთხრა:
– მზად გაქვს, მამაო, კალათები?
– კი, ახლავე გამოგიტან, – უპასუხა ბერმა, შევიდა სენაკში და ყველაფერი დაავიწყდა – მეაქლემეც და კალათებიც. რაღაც სულიერ აღმაფრენაში იმყოფებოდა: ეს იყო განსაკუთრებული ჭვრეტითი მდგომარეობა. მეაქლემე დიდხანს ელოდა და შემდეგ ისევ დაუკაკუნა. აბბა იოანე კვლავ გამოვიდა და თითქმის იგივე დიალოგი განმეორდა:
– მამაო, კალათებს ველოდები.
– შემინდე, ახლავე გამოვიტან.
და ეს ღმერთშემოსილი კაცი შებრუნდა თავის სენაკში და ისევ დაავიწყდა ყველაფერი, ლოცვაში ჩაიძირა. მოთმინებით ელოდება მეაქლემე, რაკი სიყვარულის გრძნობითაა მისდამი განმსჭვალული, და ბოლოს მესამედაც უკაკუნებს. ისმის კვლავ იგივე სიტყვა-პასუხი:
– მამაო, გამოიტანე კალათები.
– კარგი, გამოვიტან.
და აი, წმიდა იოანე, შებრუნებული თავის შინაგან სენაკში (სენაკი, ჩვეულებრივ, ორი განყოფილებისგან შედგებოდა: პირველი ლოცვისთვის იყო განკუთვნილი, მეორე კი, რაღაც საკუჭნაოს მსგავსი, – ხელსაქმისთვის), განუწყვეტლივ იმეორებს ამ სიტყვებს: "კალათი, აქლემი; კალათი, აქლემი", – რომ აღარ დაავიწყდეს კალათების გამოტანა მეაქლემისთვის.
ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ღრმა ლოცვა ჰქონდათ ძველ მოღვაწე მამებს. ისინი სულიერ სამყაროსთან უფრო ახლოს იმყოფებოდნენ, ვიდრე მიწიერთან. თითქოს ძალიან მსუბუქად ეხებოდნენ მიწიერ სამყაროს – მხოლოდ ფეხის ტერფებით, ცხოვრებით კი სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ – უხილავ, სულიერ სამყაროში. ამიტომაც ჭეშმარიტი სინანულისმიერი ლოცვა მიმოაქცევს სულიერ სფეროებს, ანუ სულიერ სამყაროს სულ სხვანაირს ხდის ჩვენთან დამოკიდებულებაში.
ლოცვა – ესაა თაყვანისცემა ღმრთისა. იოანეს სახარებაში ნათქვამია, რომ ღმერთი ეძიებს თავის თაყვანისმცემლებს "სულითა და ჭეშმარიტებითა"(იოან. 4, 23). ხოლო ასეთი თაყვანისცემა – "სულითა და ჭეშმარიტებითა" – არის განუწყვეტელი გულითადი ლოცვა, ადამიანების თვალთახედვას მოშორებული. ამგვარი ლოცვა აღვიძებს ჩვენს მიძინებულ სულს – ჩვენივე ვნებების მიერ მომკვდარს, გახევებულსა და დამარხულს.
ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ხშირ შემთხვევაში, სული კი არა, სამშვინველია; რასაც განვიცდით – მშვინვიერი განცდებია. ხანდახან ვდგავართ ტაძარში, ვლოცულობთ, ჩვენში შემოდის ერთგვარი სიხარული. მაგრამ, აი, გამოვდივართ ტაძრიდან, ვუახლოვდებით ავტობუსის გაჩერებას და ჩვენი სიხარულიც ქრება – თითქოს არც კი არსებულიყოს. რას ნიშნავს ეს? საქმე ის არის, რომ ჩვენ განვიცადეთ არა სულიერი, არამედ მშვინვიერი სიხარული. ნამდვილი სულიერი სიხარული სრულიად განსხვავდება ყველანაირი სხვა სიხარულისგან. ის თითქოს გამჭვირვალეა, ნათელმოსილი, და სულ სხვაგვარად აღიქმება: როგორც ახალი სიცოცხლე, როგორც რაღაც არნახული, უცხო, და ამავე დროს ძალიან ნაცნობი – თითქოს დიდი ხნის წინ დაკარგული და ახლა კვლავ ნაპოვნი, გაცოცხლებული ჩვენს გულებში.
მადლმოსილი ლოცვის აღწერა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ იგი აღიქმება, როგორც სულის აღდგომა სხეულის აღდგომამდე. მადლმოსილი ლოცვაა სწორედ ადამიანის მიერ ღმრთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. მაგრამ ასეთი ლოცვა მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, დაძაბული შრომის ფასად მოგვეცემა, და მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ ლოცვითი შრომის, არამედ, მთელი ცხოვრების ფასად: ანუ ჩვენი ცხოვრება უნდა შეესაბამებოდეს ლოცვას. აქ მიმდინარეობს ორმხრივი პროცესი: ლოცვა გვეხმარება ღმრთის მცნებების აღსრულებაში, ღმრთის მცნებების აღსრულება კი – ლოცვაში. მადლმოსილი ლოცვა იქცევა ღმრთის განუწყვეტელ თაყვანისცემად "სულითა და ჭეშმარიტებითა", ხოლო ადამიანი – ზეციური მამის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად: სწორედ ისეთ თაყვანისმცემლად, როგორსაც ეძიებს ღმერთი.