არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რატომ განვიცდით დროის უკმარისობას
თანამედროვე ადამიანი დროის მწვავე დეფიციტს განიცდის. გვეჩვენება, რომ დრო სულ უფრო და უფრო სწრაფად მიჰქრის. ღამე დღეს ცვლის, თითქოს დილა ციურ წამწამებს ახელს, საღამო კი მათ მყისიერად ხუჭავს.
ბავშვობაში გვეჩვენება, რომ დღე უჩვეულოდ დიდხანს გრძელდება, რომ მზე ნელა, თითქმის შეუმჩნევლად, უზარმაზარი ხომალდვით მიცურავს ცის უკიდეგანო სივრცეში და ბოლოს, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, მთებს მიღმა ნავსაყუდელს აღწევს – მოვარაყებულ ჰორიზონტს. და აი, ჩამოწვა მწუხრი, როგორც ღამის წინკარი; როგორც შესვენება, რომლის დროსაც დეკორაციები იცვლება. აი, გაიხსნა ღამის კალთა და პირველი ვარსკვლავი ციმციმით ინთება სანთელის მსგავსად ცის ბროლივით გამჭვირვალე სილურჯეში. გადის დრო. ინთება მეორე ვარსკვლავი. შემდეგ კი მთელი ცა ვარსკვლავებით იფარება. თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა ზეცის კიდობანზე ცეცხლანთებული ყვავილები მოაბნია. ცის სილურჯე მკრთალდება. ვარსკვლავები სულ უფრო და უფრო იკრებენ ნათელს დედამიწის ზემოთ. ღამის ეს დასაწყისი ბავშვისათვის გაჭიმულია თითქოსდა მრავალწლიან სივრცეში. თავად დრო კი მას მელოდიური ეჩვენება, – აკვნის სიმღერის ჰანგებივით გაგრძელებული.
ახლა როგორღა აღვიქვამთ იგივე დროს? ის ჩვენ შემცირებული გვეჩვენება, გრაგნილად დახვეული და ზამბარასავით შეკუმშული. დროის უკმარისობა – ეს საუკუნის ქრონიკული დაავადებაა. ჩვენ მისგან ვიხუთებით, როგორც ჟანგბადის უკმარისობისგან. ტექნიკური მიღწევების საუკუნე თითქოს უნდა გვაძლევდეს მეტი საქმის მოსწრების საშუალებას, ვიდრე აქამდე, მაგრამ პირიქით ხდება – ვგრძნობთ, რომ დრო სადღაც იკარგება, ერთგვარად უფსკრულში იჩეხება და უკვე აღარ შეგვიძლია იმ მოცულობის სამუშაო შევასრულოთ, რასაც ადრე ვასრულებდით.
ბევრი იტყვის: „მახსოვს ის დრო, როცა წიგნებს ვკითხულობდით, ერთმანეთს ვსტუმრობდით, ზოგჯერ ორ ცვლაშიც ვმუშაობდით, ახლა კი წიგნის გადასაშლელადაც აღარ გვცალია, ნაცნობებთან ხომ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობთ.”
რაშია საქმე? ნუთუ ქრონიკულადაა დაავადებული თვით ქრონოსი? ვგონებ, ყველაზე ღრმა გააზრება დროის შესახებ შეიძლება ნეტარ ავგუსტინესთან ამოვიკითხოთ მის უკვდავ „აღსარებაში.” იგი მიგვითითებს, რომ არსებობს დროის ორი ათვლა: გარეგანი და შინაგანი. დროის გარეგანი ასპექტი – ეს კალენდარული დროა. რომელსაც გარკვეული ობიექტური ორიენტირი გააჩნია და მიღებულია როგორც ეტალონი. ეს დრო მყარია და უწყვეტი. დროის შინაგანი ასპექტი – ეს არის დრო, რომელსაც ჩვენი სული განიცდის და აფიქსირებს, რიტმითა და თვით ადამიანური ორგანიზმის პროცესებით. ეს დრო სუბიექტურია: იგი ადამიანის მიერ აღიქმება როგორც დროის განუწყვეტელი კუმშვა, როგორც თვით კალენდარული პერიოდის შემცირება.
ეს ამოცანა ძნელი გადასაჭრელია, ამიტომ ჩვენ ალბათობის სფეროში შევდივართ, თითქოს მოდელირებას ვახდენთ. ადამიანი მოუკლებლად იღებს გარედან ინფორმაციის ნაკადს. ეს ინფორმაცია არ ქრება, იგი მის მეხსიერებაში გადაინახება ჩვენთვის შეუცნობელი რაღაც კოდით. ყოველი ინფორმაცია თავის ადგილს მოითხოვს მეხსიერების ანალებში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში ყოველთვის ხდება გარეგანი ინფორმაციის დამუშავება. ფსიქიკა რომ თავისი ღერძის გარშემო მოტრიალე სფეროს შევადაროთ, მაშინ ბავშვის ეს სფერო ინფორმაციისაგან ნაკლებად დამძიმებულია და უფრო ჩქარა მოძრაობს. ამიტომ დრო მას სუბიექტურად უფრო ხანგრძლივი ეჩვენება. შემდეგ ეს სფერო, როცა ინფორმაციით ივსება, თითქოს მძიმდება, მოძრაობა თანდათან ნელდება და ამას ადამიანი სუბიქტურად აღიქვამს როგორც თავისი დროის შემცირებას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან უხეში სქემაა, მაგრამ ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას დროის მათემატიკურ ფორმულაზე, რომლის ამოღებაც უსასრულობის ფესვიდან ჯერ ვერავინ შეძლო. ჩვენ მხოლოდ ანალიზის გადმოცემა გვსურს.
ცოდნა – ეს ორლესური მახვილია. ერთი მხრივ ჩვენ ვეყრდნობით ცოდნას, მეორე მხრივ კი ინფორმაციის ნაკადი ფსიქიკას ტვირთავს და თვით დროს გვართმევს. უფრო მეტიც, ზედმეტის ცოდნა ზედაპირული ხდება, იგი ცოდნაში, როგორც პოტენციალურად გამოსაყენებელ ინფორმაციაში, არ გადადის, არამედ ნალექად, მკვდარ ბალასტად იქცევა და ჩვენს ქვეცნობიერებაში ისე დევს, როგორც გემის ტრიუმში.
რატომ მიდიოდნენ ასკეტები უდაბნოში ან იკეტებოდნენ თავიანთ სენაკებში, როგორც სარკოფაგებში და, ამასთან, მხოლოდ უკიდურესად საჭირო ნივთები მიჰქონდათ თან? – რათა გარეგანი ინფორმაციისაგან გამოთიშულიყვნენ. უფრო ზუსტად – მინიმუმამდე დაეყვანათ ის. მათი აზრი დახვეწილი და გამჭოლი ხდებოდა, ლოცვა კი განსაკუთრებულ სიღრმეს იძენდა. სულ მცირე ნივთიც კი, რომელიც ადამიანს აქვს, მის სულში გარკვეულ სივრცეს იკავებს. მან ის უნდა შეინახოს, მასზე იზრუნოს. ზოგადად რომ ვთქვათ, ის თავისი სულის ნაწილად უნდა აქციოს. სწორედ ასეა, ნივთები არა მხოლოდ სახლის სივრცეს იკავებენ, არამედ სულის სივრცესაც, ანუ აზრებსა და გრძნობებს. ისინი, აგრეთვე, ამცირებენ სულის მიერ განცდილ დროის მონაკვეთს. თითქოსდა მას შთანთქავენ. ამიტომაა, როცა ნივთებისაგან ვთავისუფლდებით ან გარემოებას ვიცვლით, ვგრძნობთ, თუ როგორ იზრდება სულიერი თავისუფლების პოტენციალი.
სულიერი ცხოვრება თავის თავში უნდა მოიცავდეს დროისათვის ბრძოლას. გარეგან დროსთან მიმართებაში დიდი მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრობასა და საქმეებში წესრიგს. თუ საქმეებში ქაოსია, მაშინ მათ გაცილებით მეტი დრო მიაქვთ, ვიდრე ეს აუცილებელია. ადამიანმა აგრეთვე უნდა შეამციროს საკუთარი მოთხოვნილებები – მშვინვიერი და ხორციელი; მაშინ ბევრი საზრუნავი თავისთავად განქარდება. რაც შეეხება შინაგან დროს, აქ უკვე საჭიროა მკაცრი ფილტრაციის გამოყენება, რათა შემოსული ინფორმაცია დავარეგულიროთ. გარდა ამისა, ადამიანმა უნდა ისწავლოს გარკვეული დროით მარტოდ დარჩენა, პირისპირ საკუთარ სულთან. ჩვენი თვალები, ყურები და ენა ხშირად ჭურჭლის ბზარად გვევლინება, საიდანაც შიგთავსი გამოედინება. ამას კი შინაგან დაცარიელებამდე მივყავართ. ამიტომ ქრისტიანული ასკეზა შინაგან გრძნობებზე კონტროლს მოითხოვს და აგრეთვე იმ ნიჭზე, რომელსაც „სიტყვა” ეწოდება.
მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, შეფუთვა, დახარისხება და განთავსება მეხსიერების უზარმაზარ საწყისებში ფსიქიკური ენერგიის უწყვეტ ხარჯვას მოითხოვს.
თუკი ყველა სახის ინფორმაცია: სახეობითი, სიტყვიერი და ა.შ. ემოციურის ჩათვლით, გარკვეულ ზღვარს აღემატება, მაშინ იგი, როგორც ძალას აღმატებული სამუშაო, ადამიანის ფსიქიკას გამოფიტავს. დაარღვევს წონასწორობას მექანიკურ და შემოქმედებით მეხსიერებებს შორის. ადამიანი დიდი რაოდენობით საკვებს ნთქავს და ამით თავის სხეულს უძლურს და მოთენთილს ხდის. ქორმუცელას კუნთები თანდათან სიმსივნესა და ქონში გადადიან. ამის მსგავსია ფსიქიკური სიმსივნეც, როცა მეხსიერება თითქოსდა სამშვინველის გაბერილ მუცლად იქცევა.
ენერგიის გაცილებით მეტ პოტენციალს ფლობს ადამიანის სული – სამშვინელის თვალი. ინფორმაციის ნაკადის მოჭარბებისას სამშვინველი ართმევს მას ენერგიას და ამით თითქოს მას შთანთქავს. სამშვინველი, როგორც აგრესორი, სულისაგან იტაცებს მის შინაგან სივრცეს და მის ძალებს იწოვს – როგორც ვამპირი წოვს თავისი მსხვერპლის სისხლს. სული უძლური და სნეული ხდება. ხოლო თუ ეს მდგომარეობა წლობით გრძელდება, მაშინ, შეიძლება ითქვას, იგი პასალიტიკად იქცევა, რომელსაც უკვე აღარც თავისი მდგომარეობა ახსოვს და ვეღარც ტკივილს განიცდის.
თუ ვეცდებით ჩვენი სულის ნამდვილი მდგომარეობის გარკვევას, მაშინ დავინახავთ, რომ ეს არის მთვლემარე მდგომარეობა. შიგადაშიგ მოკლევადიანი გამოღვიძებებით და ღრმა ძილით, ძილში კი დროის შეგრძნება იკარგება.
მარადისობისაგან გამორთული დრო, მართლაც სიზმარივით გადის. ქრისტიანული ასკეტიზმი – ეს სულის რეანიმაციაა. ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ სამშვინელის სივრცე ნაკვალევისაგან, გამოსახულებებისა და გარეგანი აჩრდილებისაგან და მივცეთ სულს ის, რაც მას სამეფო წარმოშობის უფლებით ეკუთვნის. მაშინ ადამიანი დროის ახალ მოცულობას შეიცნობს; ტვირთისაგან გათავისუფლების ისეთ სიმსუბუქეს იგრძნობს, რაც მისთვის აქამდე უცნობია და იმ სიხარულის მსგავს განცდაში აღმოჩნდება, რომელიც ბავშვობაში არაერთხელ გამოუცდია, შემდეგ კი დაკარგა და დაივიწყა.
ასკეტიზმი თავის თავში სინანულს შეიცავს, ვნებებთან ბრძოლას და ხუთივე გრძნობაზე კონტროლს. ღირსი მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: „ვინც ხუთ გრძნობას ფლობს, ის მთელ ქვეყნიერებას ფლობს.” ჩვენ დავსძენთ: რადგან დაუნდობელ ბრძოლაში იგი ამ გრძნობებს უმორჩილებს იმას, ვინც ქვეყანა შექმნა – დროისა და მარადისობის შემოქმედს.