აიძულე თავი ყოველთვის ადრე და განსაზღვრულ დროს ადგე.
განსაკუთრებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ.
გაღვიძებისთანავე აღმართე გონება შენი შმრთისაკენ, მოწიწებით გამოისახე პირჯვარი და იფიქრე ჯვარცმულ ღმერთზე - იესო ქრისტეზე - რომელიც ჩვენი ხსნისათვის შეიწირა ჯვარზე.
დაუყოვნებლივ წამოდექი, შეიმოსე და სარეცელზე დიდხანს ნებივრობის უფლებას ნუ მისცემ შენს თავს.
შემოსვისას გახსოვდეს, რომ ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე დგახარ, მოიგონე ადამის დაცემა, რომელმაც ცოდვის გამო დაჰკარგა სამოსელი უმანკოებისა, და შესთხოვე უფალ იესო ქრისტეს, რათა სულიწმინდის მადლით შეგმოსოს.
შემდგომ, დაუყოვნებლივ დაიწყე დილის ლოცვითი კანონის შესრულება. მუხლმოდრეკილმა, ყურადღებით, მოწიწებითა და ღრმა სინანულის განცდით ილოცე, როგორც შეჰფერის ყოვლისშემძლის წინაშე მდგომს. გამოითხოვე მისგან სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, კურთხევა დამდეგი დღისათვის, ასევე ძალა ყოველივე იმის კეთილგანწყობით მიღებისათვის, რის გამოგზავნასა, ან დაშვებასაც იგი ინებებს და გადატანისათვის ყოველგვარი სიმძიმილისა, სიძნელისა, უბედობისა, მღელვარებისა, მწუხარებისა და ხორციელი და სულიერი უძლურებისა, უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარულის გამო.
მიიღე მტკიცე გადაწყვეტილება ყოველივე ღვთისათვის სათნოდ აღასრულო, ყოველივე მიიღო მის მამობრივ ხელთაგან და გამოთქვი განსაკუთრებული მზადყოფნა გააკეთო სწორედ ესა და ეს სიკეთე, ანდა თავი აარიდო სწორედ ამა და ამ ბოროტებას.
ყოველ დილით მეოთხედი საათი მაინც დაუთმე სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ფიქრს (მოკლე განაზრებებს). განსაკუთრებით კი გონებისათვის მიუწვდომელ საიდუმლოებაზე ძე ღმერთის განკაცებისა და მის საშინელ მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სასუფეველზე.
იფიქრე იმაზე, რომ ეს ეს დღე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს შენთვის - და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ისურვებდი გაგეკეთებინა მაშინ, დაუყოვნებლივ რომ წარმდგარიყავი ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე.
მადლობა შესწირე უფალს, რომ დაგიფარა განვლილ ღამეს და რომ ჯერაც ცოცხალი ხარ და არ მომწყდარხარ საკუთარ ცოდვებში. ვინ იცის, რამდენი ადამიანი წარსდგა გასულ ღამეს ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. (იქნებ, სულ ახლოს არის ის დრო, როდესაც შენც იგივე სხვედრი მოგელის.)
ასევე მადლობა შესწირე უფალს იმისათვის, რომ ჯერ კიდევ გაქვს დრო მადლის შეძენისა და სათნოების ქმნისა, და საშუალება სინანულისა და ზეციური დიდების მოხვეჭისა.
ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გსურს იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ტყუილად დაკარგე.
ლოცვისა და საღმრთო ფიქრის შემდეგ, თუკი დრო გაძლევს საშუალებას, იკითხე რაიმე სულისთვის სარგო წიგნი, მაგალითად წმ. დიმიტრის „სულიერი ანბანი“ ან წმ. ტიხონ ზადონელის „საუნჯე სოფლად შეკრებილი“, და იკითხე მანამ, სანამ შენი გული არ მოლბება. საკმარისად იფიქრებ რა ერთ ადგილზე, გააგრძელე კითხვა და ზედმიწევნით დაუკვირდი იმას, რასაც უფალი შენს გულს ეუბნება.
ამის შემდეგ, დაიწყე შენი საქმეების კეთება. დაე, ყოველი შენი საქმიანობა ღვთის სადიდებლად წარემართოს, გახსოვდეს, რომ უფალი ყველგან გხედავს, ხედავს ყველა შენს მოქმედებას, საქმიანობას, გრძნობას, აზრსა თუ სურვილს და უხვად გაჯილდოვებს ყოველი კეთილი საქმისათვის.
ნურცერთ საქმეს ნუ დაიწყებ ღვთისადმი ულოცველად, რამეთუ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან ვამბობთ ლოცვის გარეშე, შემდეგში ან ცოდვის შემცველი აღმოჩნდება, ანდა მავნე და ჩვენდა შეუმჩნევლად გვამხელს საქმეთა წყალობით.
თავად უფალმა ბრძანა: „ჩემს გარეშე არარა ძალგიძთ ყოფად არცა ერთი“. მუშაკობისას ყოველთვის კეთილგანწყობილი იყავი და მისი წარმატება უფლის კურთხევას მიანდე. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გიმძიმს, შეასრულე როგორც ეპიტიმია შენი ცოდვებისათვის. სიმდაბლისა და მორჩილების სულით გამსჭვალულმა, შრომის დროს მოკლე ლოცვები წარმოსთქვი, განსაკუთრებით კი იესოს ლოცვა და გაიხსენე იესო, რომელიც საკუთარი ოფლით შოულობდა პურს არსობისა, მუშაობდა რა იოსებთან ერთად. თუკი შენი შრომა წარმატებულია და შენს გულის წადილს ეხმიანება, მადლობა შესწირე უფალს; თუ წარუმატებელი - გახსოვდეს, რომ ესეც ღმერთმა დაუშვა, ღმერთი კი ყოველივეს კეთილად იქმს.
სადილობისას გახსოვდეს, რომ ზეციური მამა გიწვდის თავის ხელს, რათა გამოგკვებოს; ნურასოდეს გამოტოვებ ლოცვას საზრდელის მიღების წინ, ნუ დაივიწყებ მოწყალების საქმეს და გლახაკებსაც უწილადე მცირედი რამ შენი სუფრიდან.
სადილობის შემდეგ ჩათვალე, რომ ერთი იმ ხუთიათასთაგანი ხარ, რომელიც სასწაულებრივად განაძღო იესო ქრისტემ; გულით შესწირე მადლობა უფალს და ევედრე, რომ არ მოგაკლოს ზეციური საზრდო - თავისი სიტყვა და თავისი უწმინდესი სისხლი და ხორცი.
თუ მშვიდი ცხოვრება გსურს, მაშინ მთლიანად მიენდე უფალს. სულის სიმშვიდეს მანამ ვერ ჰპოვენ, სანამ ერთარსება უფალში არ მოიპოვებ მას, გეყვარება რა ის ერთადერთი.
ყოველთვის და ყველაფერში გახსოვდეს უფალი ღმერთი და მისი წმიდა სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი. შეეცადე ყოველივეში ღვთის ნება აღასრულო და მხოლოდ მას ერთადერთს სათნოეყო, ყველაფერი აკეთე და დაითმინე ღვთის გულისათვის. იმაზე კი ნუ ზრუნავ, რომ პატივს მოგაგებდნენ და უყვარდე გარშემომყოფებს, არამედ იმაზე, რომ სათნოეყო უფალს და სინდისი არ გამხელდეს ცოდვებში.
ფხიზლად იყავი საკუთარი თავის მიმართ და ულისთქმებსა და ვნებებს. ნურაფერს მიიჩნევ ნაკლებმნიშვნელოვნად, როდესაც საქმე საუკუნო ხსნას ეხება.
უფლის ხსოვნის ჟამს განამრავლე ლოცვა, რათა უფალმა მოგიხსენოს მაშინ, როდესაც შენ დაივიწყებ მას. დაე, შენი მსწავლელი ყველაფერში უფალი იესო ქრისტე იყოს, რომლის მიმართაც მიაპყრობ რა გონების თვალს, ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს: ამ შემთხვევაში რას იფიქრებდა, იტყოდა ან მოიმოქმედებდა იესო ქრისტე.
იყავი მდაბალი, მშვიდი და მორჩილი. დადუმდი და მოითმინე იესოს დარად. იგი არ მოგცემს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც არ შეგიძლია: ის თავად შეგეწევა ჯვრის ზიდვაში.
ნუ იფიქრებ რაიმე სათნოების შეძენას მწუხარებისა და სულიერი ტკივილების დაუთმენელად.
გამოითხოვე უფლისაგან მადლი, რათა რაც შეიძლება უკეთ აღასრულო მისი ღვთაებრივი ნება, მისი უწმინდესი მცნებები, რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდნენ ისინი.
ღვთის რომელიმე მცნების აღსრულების შემდეგ ელოდე ცდუნებას, რამეთუ სიყვარული ღვთისა, სიძნელეთა გადალახვის გზით განიცდება.
მცირე დროითაც კი ნუ განლაღდები, არამედ იყავი ყოველთვის შრომასა და მეცადინეობაში. რამეთუ უსაქმური არ არის ადამიანად წოდების ღირსი და უეჭველად დაიღუპება.
დღის მანძილზე ეცადე გამონახო დრო განმარტოებისათვის, იესოს მსგავსად, რომელიც კაცთაგან მოშორებით ლოცულობდა თავისი ზეციური მამის მიმართ.
სულიერი სიმძიმილისა, თუ ლოცვისა და ყველა სხვა კეთილკრძალული საქმიანობისადმი განგრილების ჟამს, ნუ მიატოვებ ღვთივსათნო საქმეებს, - ასე ილოცა სამჯერ უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მისი სული შეწუხებული იყო თვით სიკვდილამდე.
ყოველივე უფალი იესოს სახელით აკეთე და ამრიგად ყოველი შენი საქმე ღვთივსათნო იქნება.
გაექეცი უმცირეს ცოდვებსაც კი, რათა უმცირესიდან უდიდეს და მომაკვდინებელ ცოდვებში არ ჩავარდე.
თუ გსურს არ შეგაწუხონ ბოროტმა გულისთქმებმა, მიიღე დამდაბლება სულიერი და შეჭირვება ხორციელი, არა ერთ რომელიმე დროს, არამედ ყოველ ჟამს და ყოველგვარ საქმეში.
ყოველი ფიქრი, რომელიც ღმერთს განგაშორებს, განსაკუთრებით კი ბილწი, ხორციელი გულისთქმები, რაც შეიძლება სწრაფად განაგდე გულიდან, როგორც განაგდებდი ტანსაცმელზე მოხვედრილ ერთ ნაპერწკალსაც კი.
როდესაც ამგვარი გულისთქმა გეწვევა, გულმოდგინედ წარმოსთქვი ლოცვა: „უფალო შემიწყალე“, ან „უფალო შემეწიე“, ან „უფალო ნუ დამიტევებ მე“ და სხვა ამდაგვარნი.
ცდუნების ჟამს ნუ შეცბუნდები. ვინც ბრძოლის შემთხვევას გიგზავნის, ის გამარჯვების ძალასაც მოგცემს. შეინარჩუნე სულიერი სიმშვიდე და მთელი სასოება ღმერთზე დაამყარე. თუკი უფალი შენთანაა, ვის შეუძლია წინ აღგიდგეს?
გამოითხოვე ღვთისაგან, რომ განგაშოროს ყოველივეს, რაც შენს სიამაყესა და თავმოყვარეობას კვებავს, თუნდაც ეს შენთვის ძალზედ მწარე იყოს.
ისურვე იცხოვრო და მოკვდე მხოლოდ ღვთის გულისათვის და განუყოფლად მას ეკუთვნოდე.
როდესაც ადამიანები რაიმეთი შეურაცხგყოფენ, იფიქრე, რომ უფალმა ეს შენს განსადიდებლად დაუშვა და ამგვარად, უპატიობაში მყოფი შინაგანად უშფოთველი იქნები და დიდებაში.
თუკი საზრდელი და სამოსელი გაქვს, ამითაც კმაყოფილი იყავი იესოს მსგავსად, რომელიც ჩვენს გამო გლახაკ იქმნა.
ნურასოდეს იკამათებ და ნუ მოყვები თავის დაცვასა და მართლებას.
ნურაფერს იტყვი შენი უფროსების ან მოყვასის საწინააღმდეგოს საჭიროების ან ვალდებულების გარეშე.
იყავი გულწრფელი და უბრალო გულით, სიყვარულით მიიღე დარიგება, შენიშვნები და მხილება სხვათაგან, თუნდაც ძალზედ ჭკვიანი იყო.
ნუ იქნები მოძულე, შურიანი და ზედმეტად მკაცრი სიტყვასა და საქმეში.
რაც შენთვის არ გსურს, სხვას ნუ გაუკეთებ და რაც სხვათაგან გსურს შენთვის, უწინ შენ გაუკეთე სხვებს.
თუკი ვინმე გეწვევა, მიაქციე გული შენი ღვთისაკენ და ითხოვე მოგმადლოს სული სიმდაბლისა, მორჩილებისა და ყურადღებისა; იყავი ალერსიანი, თავმდაბალი, ფრთხილი, კეთილგონიერი, ბრმა და ყრუ გარემოებისდა შესაბამისად.
იფიქრე, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთანაც შენ იმყოფები და საუბრობ.
ნურაფერს იტყვი დაუფიქრებლად. მტკიცედ გახსოვდეს, რომ დრო ცოტაა და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ყოველი უსარგებლო სიტყვისთვის.
საუბარს გარკვეული მიზანი დაუსახე და ეცადე წარმართო იგი სულის ხსნისაკენ.
ჯობია უსმინო, ვიდრე ილაპარაკო. მრავალსიტყვაობისას ცოდვას ვერ გადაურჩები.
გამოითხოვე უფლისაგან მადლი კეთილგონივრული დუმილისა და საუბრისა და ნუ იქნები ცნობისმოყვარე ახალი ამბების მიმართ, რადგან ისინი ართობენ სულს და განაშორებენ ღმერთის ხსოვნას.
თუკი შენი სიტყვებით ვინმეს სარგებლობას მოუტან, დაინახე ამაში მადლი ღვთისა.
მარტო ყოფნისას გამოიკვლიე საკუთარი თავი, ხომ არ გახდი უფრო უარესი, ვიდრე იყავი, ხომ არ ჩავარდი ისეთ ცოდვებში, რომელთაც ადრე არ იქმოდი?
თუკი შესცოდავ, დაუყოვნებლივ ითხოვე ღვთისაგან პატიება სიმდაბლით, შემუსვრილი გულითა და სასოებით მის სახიერებაზე და იჩქარე შეინანო სულიერი მამის წინაშე, რამეთუ ყოველი უნანელი ცოდვა არის სასიკვდილო, რომელზეც წმინდანმაც რომ ითხოვოს სხვისთვის, არ შეისმინება. ამასთან, თუკი არ ნანობ შენს მიერ ჩადენილ ცოდვას, მალევე ჩავარდები მასში ხელმეორედ.
ეცადე ყველას სიკეთე გაუკეთო, როგორც და სადაც კი შეგიძლია და ნუ იფიქრებ იმაზე, დააფასებს თუ არა იგი მას, იქნება თუ არა შენი მადლობელი. და გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც სხვას სიკეთეს გაუკეთებ, არამედ მაშინ, როდესაც ბოროტების ხსოვნის გარეშე გადაიტან შეურაცხყოფას სხვისაგან, განსაკუთრებით კი მისგან, მისაც კეთილს იყოფდი.
თუკი ვინმე ერთ ნათქვამს არ შეისმენს, ნუ აიძულებ ამას კამათის გზით, არამედ თავად ისარგებლე მადლით, რომელიც მან დაკარგა. რამეთუ ირისხველობა დიდ სარგებელს მოგიტანს, მაგრამ თუკი ერთიდან მრავალზე ვრცელდება, ნუ მოითმენ მას და ეძიე სარგებელი არა საკუთარი თავისთვის, არამედ მრავალთათვის. საერთო კეთილდღეობა პირადულზე უპირატესია.
ვახშმობის დროს გაიხსენე იესო ქრიტეს უკანასკნელი მწუხრი და ევედრე, რომ ღირსი გაგხადოს ზეციური მწუხრისა.
დაწოლის წინ გამოსცადე საკუთარი სინდისი, ილოცე, რომ განგინათლდეს გონება საკუთარი ცოდვების შესაცნობად, იფიქრე მათზე, ითოხვე პატიება, აღუთქვი გამოსწორება, ჩამოაყალიბებ რა მკაფიოდ და ზუსტად, თუ რაში და როგორ აპირებ გამოსწორებას.
შემდეგ საკუთარი თავი ღმერთს შეავედრე ისე, თითქოს ამავე ღამეს აპირებდე მის წინაშე წარდგომას; შეავედრე თავო ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს, წმინდანს, რომლის სახელსაც შენ ატარებ.
წარმოიდგინე, რომ შენი საწოლი კუბოა, გადასაფარებელი კი სუდარა.
თუკი ვერ იძინებ, ან ფხიზლობ ღამით, გაიხსენე ის უკანასკნელი ღამე, როდესაც იესო ევედრებოდა ზეციურ მამას თვით სისხლის დათხევამდეც კი.
ილოცე მათთვის, ვინც ღამით მძიმე სნეულებით იტანჯება და სასიკვდილო აგონიაშია, ილოცე მწუხარეთათვის და მიცვალებულთათვის.
ევედრე უფალს, რათა საუკუნო წყვდიადმა არ შთანთქას სული შენი.
თარგმნა მელანია შანავა-ვეფხვაძემ